„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მივიდა, თუმცა მას პოლიციის შენობაში არავინ დახვდა.
წულუკიანის განცხადებით, 27 მარტს, კახა მიქაიას დაკავების შემდეგ, მან ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში სამმართველოს უფროსის, ლევან ქირიას სახელზე განცხადება შეიტანა და როგორც მიქაიას დაკავების თვითმხილველი მისი დაკითხვა მოითხოვა.
წულუკიანის თქმით, ქირიას მიერ გაკეთებული ჩვენება პოლიციისთვის საინტერესო და აუცილებელი იქნებოდა.
წულუკიანის განცხადებითვე, მას თბილისში რამდენჯერმე დაურეკა გამომძიებელმა, გოგიტა ქობალიამ, რომელიც მიქაიას სასამართლო პროცესზე პოლიციას წარმოადგენდა და წულუკიანი დღეს, 12 საათისთვის დაკითხვაზე დაიბარა.
„მიქაიას უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოვხატე და მისი უკანონო დაკავების წინააღმდეგი ვიყავი. ამასთან დაკავშირებით, მოვითხოვე ჩემი ახნა-განმარტება მოესმინა ლევან ქირიას და განცხადება შევიტანე. ამ განცხადების პასუხად, დამიკავშირდა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, გოგიტა ქობალია და მთხოვა ჩამოვსულიყავი ზუგდიდში, რათა პოლიციისთვის ახსნა-განმარტება მიმეცა. მე ჩამოვედი, როგორც კანონმორჩილი მოქალქე, თუმცა ქირია პოლიციის შენობაში იმალება და ქობალია ტელეფონს არ პასუხობს. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სამეგრელში კანონი არაა დაცული. კანონს უნდა იცავდეს პოლიცია, მაგრამ პოლიცია მხოლოდ ხალხის უკანონო დაკავებისთვის გამოიყენება“,-განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „თავისუფალი დმეოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ლასანია და კახა მიქაია მხარდაჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ.