მისტერ სმიტი ქუთაისში მიდის

მისტერ სმიტი ქუთაისში მიდის

ქუთაისი, საქართველო – გასულ ხუთშაბათს სამ საათზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ თბილისიდან, რომელიც საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის კომერციული და კულტურული ცენტრია, პარლამენტის ახალ შენობამდე (სტადიონის ზომის, ლითონის ბადეში მოქცეული ნიჟარის ფორმის ნაგებობამდე) მიმეღწია. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ, თბილისის შემდეგ მეორე დიდ ქალაქში, რომელიც დასავლეთით, 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პარლამენტის ოფიციალური გადატანა, რაც შარშან ზაფხულში გამოცხადდა, სავარაუდოდ წელს განხორციელდება, შესაძლოა შემდეგ თვეშიც. აღნიშნული ნაბიჯი, თითქოს დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის, თბილისის ინფრასტრუქტურის განტვირთვის, ქუთაისის ეკონომიკის განმტკიცების და ქვეყნის ამ ორი ისტორიული ნაწილის სიმბოლური დაკავშირებისთვის შემუშავდა. მაგრამ, როგორც ჩანს ის კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს ისედაც სუსტ საკანონმდებლო ხელისუფლებას, მაშინ როდესაც ქვეყანა საარჩევნო არასტაბილურობის ფაზაში შედის. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც საქართველოში პირველად ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა შეიძლება მოჰყვეს, მომავალ წელს იგეგმება.

ბოლივიამ, მიანმამ, ნიგერიამ და სხვა ქვეყნებმა ხელისუფლების ერთი ან მეტი შტო დედაქალაქიდან გადაიტანეს, თავად დედაქალაქს შეუცვალეს ადგილი ან ერთზე მეტი დედაქალაქი შექმნეს. ეს ცვლილებები ხშირად ბიუროკრატიულ და ლოჯისტიკურ კოშმარებს უკავშირდებოდა, ისევე როგორც პოლიტიკურ დაძაბულობას პროვინციებს შორის. ზოგჯერ, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ეჭვობენ, ასეთი ნაბიჯი შეგნებული პოლიტიკური ფანდია ხოლმე და ქვეყნის რომელიმე ერთი რეგიონის, ხელისუფლების გარკვეული შტოს ან პოლიტიკური ოპოზიციის შესუსტებას ისახავს მიზნად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, ქართველების უმრავლესობა ამ ნაბიჯს თითქმის კოლექტიური გაკვირვებით შეხვდა – ის მხოლოდ 51%-მა მოიწონა. რატომ? ზოგიერთი მოწინააღმდეგე რესურსების ფუჭ ხარჯვას ასახელებს, სხვებს კი თბილისს და ქუთაისს შორის მოგზაურობის პრაქტიკული პრობლემა აწუხებს. დღეს ამ ორ ქალაქს აკავშირებს მომქანცველი ექვსაათიანი გზა მატარებლით ან სახიფათო საავტომობილო გზა, ორმხრივი მაგისტრალი. ეს მაგისტრალი სავსეა დიდი სიჩქარით მოძრავი საბარგო მანქანებით, რომელთაც სასოფლო აღჭურვილობა გადააქვთ და მოხეტიალე ძროხებით. (მთავრობა ქუთაისში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე და თბილისს და ქუთაისს შორის ფრენების ორგანიზებაზე მუშაობს).

სხვა კრიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის უკან უღირსი განზრახვებია. ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას პარლამენტი მოშორებით, დასავლეთით გადააქვს, რათა კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქციოს საკანონმდებლო ორგანო და ხელი შეუშალოს სახალხო სამპროტესტო გამოსვლებს, ისეთებს, როგორებიც ბოლო წლებში, თბილსის ცენტრში, პარლამენტის წინ დროდადრო იმართებოდა. თავად სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა, მას შემდეგ, რაც მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტი შტურმით აიღეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის ბოლოს 1990 წელს, ჩილეს მთავრობამ პარლამენტი ქვეყნის კომერციული, კულტურული და სახელისუფლებო ეპიცენტრიდან 100 მილის მოშორებით, ვალპარაისოში გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ვალპარაისოს ეკონომიკის მხარდაჭერის მხრივ სასარგებლო აღმოჩნდა, დღეს, ოცწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, მას დიდწილად შეცდომად მიიჩნევენ.

პიტერ საიაველისმა, Wake Forest University-ს ლათინო-ამერიკული კვლევების პროგრამის დირექტორმა, გასულ კვირას სანტიაგოდან სატელეფონო საუბრის დროს მითხრა, რომ ჩილეს პარლამენტის გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით უმნიშვნელო შედეგი მოჰყვა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გაზარდა არაეფექტურობა იმით, რომ გაიზარდა სატრანსპორტო ხარჯები დეპუტატების მოგზაურობით სანტიაგოს და ვალპარაისოს შორის და დრო ფუჭად იხარჯებოდა.

„პარლამენტის დანარჩენი ხელისუფლებისგან მოცილებით, არაოფიციალური პოლიტიკის ფორუმი გაუქმდა“, დასძინა მან. ამან დაასუსტა პარლამენტი. „თუკი დეპუტატები ვერ ახერხებენ, მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლას ასეთი წინადადებით - „მოდით კანონის ეს ნაწილი განვიხილოთ“, ამის შედეგი ის არის, რომ ისინი ნაკლებად გავლენიანები ხდებიან“.

საქართველოში, სადაც ამ საარჩევნო წელს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს, რთულია პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება საეჭვოდ არ მოგეჩვენოს. რთულია იმის დანახვაც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ეს ნაბიჯი საქართველოს მერყევ დემოკრატიას იმის განვითარებაში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება: ინსტიტუტების გაძლიერება და უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა მთავრობაში.
foreignpress.ge