ინაშვილის სარჩელის მთავარი მოთხოვნაა მორალური ზიანის ანაზღაურება - მოსარჩელე სასამართლოს სთხოვს გია მასალკინს დაეკისროს იმავე მედია-საშუალებით, მისივე გაკეთებული განცხადების უარყოფა, „შავრაზმელობასთან“ დაკავშირებით, რომელიც მან დააფიქსირა 2012 წლის 31 მარტს, „ტვ25“-ის ეთერში.
2012 წლის 31 მარტს “ობიექტივის“ ღამის გადაცემაში, რომელსაც ირმა ინაშვილი უძღვებოდა და რომელიც ბათუმიდან, კერძოდ, რეგიონალური ტელეარხ „ტვ25“-ის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში 00.30 წუთიდან გადაიცემოდა, გია მასალკინი გადაცემის დაწყებიდან 24-ე წუთზე ტელეფონით ჩაერთო და განაცხადა: “...ობიექტივი ძალიან სასირცხვილო საქმეს აკეთებს, შავრაზმული გადაცემა ობიექტივი“.
ამ დროს სტუდიაში ირმა ინაშვილს სტუმრად მოწვეული ჰყავდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე. საუბარი ეხებოდა თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში დაგეგმილი „აზიზიეს მეჩეთის“ აშენების მიზანშეწონილობისა და ამავე საკითხზე 31 მარტს, მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
„ობიექტივის“ 31 მარტის ზემოხსენებული გადაცემა დიდი აურ-ზაურის - სახალხო დამცველის, ცალკეულ პოლიტიკოსთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციების განცხადებების საფუძველი გახდა. ისინი გია მასალკინის მიმართ მურმან დუმბაძის გამონათქვამმა აღაშფოთა, მაგრამ „ობიექტივის“ „შავრაზმელობაზე“ არაფერი უთქვამთ.
ერთადერთი ადამიანი, ვინც „შავრაზმელობაზე“ კომენტარი გააკეთა, მანანა კობახიძე გახლდათ, რომელიც ახლახანს აირჩიეს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ. მანანა კობახიძის განმარტებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გია მასალკინს, როგორც საჯარო პირს თმენის ვალდებულება აკისრია და სასურველია მსგავსი უსაფუძვლო კომენტარებისგან თავი შეიკავოს.
„ობიექტივში“ პარტიული კუთვნილებისა და განსხვავებული აზრის მიუხედავად ყველას ეძლევა საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ჩემთვის შავრაზმელობა მეფის რუსეთთან და ყოველგვარი ეროვნულის დათრგუნვასთან ასოცირდება და გაუგებარია, როდესაც „ობიექტივს“ შავრაზმული უწოდა, რა ჰქონდა მხედველობაში მასალკინს“, – ამგვარი განცხადება მანანა კობახიძემ 2012 წლის 5 აპრილს, მედია-კავშირ „ობეიქტივის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გია მასალკინს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოუწევს კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა, იმის დასადასტურებლად, რომ „ობიექტივი“ არის „შავრაზმული“ გადაცემა, ან მან საჯაროდ უნდა უარყოს მისივე განცხადება.
„მედია-კავშირ „ობიექტივს“ „ტვ25“-ს (რომელიც აჭარისა და გურიის რეგიონში მაუწყებლობს) მაყურებელთან ერთად უყურებს ინტერნეტმაყურებელი და ქუთაისის „თეთრი რადიოსა“ და რადიო 105.0-ის მეშვეობით უსმენს თბილისი და კახეთის ნაწილი. ამავდროულად, „ობიექტივს“ უყურებენ უცხოეთში, სატელიტისა და ინტერნეტის მეშვეობით და ასევე, საქართველოში უყურებენ ის ადამიანები, რომლებსაც სატელიტური თეფშები აქვთ. გია მასალკინმა შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად მედია-კავშირ „ობიექტივს“, იმის გამო, რომ მან მედია-კავშირ „ობიექტივს“ უწოდა შავრაზმული მედია-საშუალება.
შავრაზმელობა ქართულ ცნობიერაბაში ასოცირდება: დამპყრობის ინტერესების გამტარებელ, ქართული ენის მდევნელ, სეპარატიზმისა და ერთა შორის სიძულვილის გამღვივებელ ძალასთან. მასალკინმა გარდა იმისა, რომ გაავრცელა შეურაცხმყოფელი სიტყვები მედია-კავშირ „ობიექტივის“ მიმართ, ამასთანავე მისი ფრაზები შავრაზმელობის იარლიყის მიკერებით არის მედია-კავშირ „ობიექტივის“ ავტორიტეტის შელახვა. მან ან უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენ „შავრაზმელები“ ვართ, ან იმავე მედიასაშუალებით, ანუ „ტვ25“-ის ეთერით უნდა უარყოს მისივე განცხადება, ჩვენს მედიასაშუალებასთან მიმართებაში“, - ამბობს ირმა ინაშვილი.
19 აპრილს გაზეთ „ბათუმელების“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ გია მასალკინთან, სათაურით - „გია მასალკინი სკანდალის შემდეგ“, რომელშიც ჟურნალისტი ნათია ზოიძე კითხვას „ობიექტივთან“ დაკავშირებითაც უსვამს:
- „ტვ-25“ უშვებს დიდ შეცდომას, რომ ეს შავრაზმული გადაცემა გადის ეთერში“ - ეს თქვენი სიტყვებია. რა გაგებით გამოიყენეთ ტერმინი „შავრაზმული“, რამდენად თავსდება ეს განცხადება პოლიტიკოსის მედიასთან ურთიერთობის კორექტულობის სივრცეში, მით უფრო, როცა თქვენი პარტიის ლიდერები მიდიან ამ გადაცემაში და პასუხობენ კითხვებს?
გიას მასალკინი: შავრაზმელობა ეს არის სინომიმი ქსენოფობიურობისა. ეს იყო მიმდინარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელიც სხვა ეროვნებას განიხილავდა, როგორც მტერს. რუსეთი ასეთად აღიქვამდა ებრაელებს. ეს გადაცემა მე შევაფასე, როგორც შავრაზმული. მეორედ რომ მქონდეს შანსი, მე ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ გადაცემების ნაწილი არ მომწონს, მაგრამ ხანდახან წინ წამოწევენ იმ საკითხებს, რომელიც მაინტერესებს და ვუყურებ“.
არის თუ არა ეს მისივე განცხადების უარყოფა და ნანობს თუ არა გია მასალკინი 31 მარტს სატელეფონო ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას, ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გახდება ცნობილი.