33 წლის პატიმარი კვდება და ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ჯიუტად არ იძლევა

33 წლის პატიმარი კვდება და ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ჯიუტად არ იძლევა

 

ადვოკატი მამუკა ნოზაძე ექსპერტიზის ბიუროში არსებულ განუკითხაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იქ მომუშავე ექსპერტები მიკერძოებულები არიან, ხელისუფლების ნებას მონურად ასრულებენ და როცა საქმე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნის მომზადებას ეხება, დროულად მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზაზე იძლევიან დასკვნებს.

ნოზაძეს მაგალითად დაბა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი 33 წლის ზაქარია ქიტიაშვილის საქმე მოჰყავს და ამბობს, რომ მომაკვდავი პატიმრის შესახებ დასკვნის არგაცემა ხელისუფლების პირდაპირი მითითებით ხდება.

„ექსპერტიზის ბიუროს არაერთხელ დავუკავშირდი, მაგრამ დასკვნას დღემდე არ გვაძლევენ. წინა ორშაბათს საჩივარი შევიტანე და მოვუწოდე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ, მაგრამ დასკვნას კვლავ არ წერენ. 24 აპრილს ადმინისტრაციულ საჩივარს წარვადგენ, სახალხო დამცველს და პროკურატურასაც მივმართავ და თუ ამასაც არ მოჰყვება რეაგირება, სასამართლოში სარჩელს შევიტან. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და დასკვნას ალბათ, იმ დროს დაწერენ, ქიტიაშვილი ცოცხალი, რომ აღარ იქნება. ექსპერტიზის ბიუროს უფროსი ამ შემთხვევაში დამნაშავეა, რადგან მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ სრულდება. ეს არის უფლებამოსილების გადამეტების აშკარა ფაქტი“, - უთხრა presage.tv-ს მამუკა ნოზაძემ.

მიმდინარე წლის 29 მარტს ჩვენს ვებგვერდზე წერილი სათაურით - „მორიგი მომაკვდავი პატიმარი ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია“, იმ იმედით გამოვაქვეყნეთ, რომ შესაძლოა, ამას დადებითი შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყვის ხოლმე, „ნურას უკაცრავად“ - ყურიც არავინ შეიბერტყა, მომკვდავი პატიმრის ოჯახს დასკვნას კვლავ არ აძლევენ.

29 მარტს გამოქვეყნებულ წერილზე მუშაობისას ტელეფონით დავუკავშირდით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთ-ერთ წარმომადგენელს, ზურაბ გრიგოლაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჩაუტარდა ექსპერტიზა მსჯავრდებულ ქიტიაშვილს. დავინტერესდით იყო თუ არა მზად ექსპრტიზის დასკვნა, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ - „ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მობრძანდეს პატიმრის და, ან ადვოკატი მამუკა ნოზაძე. მათ მივცემთ ინფორმაციას. კარგად ბრძანდებოდეთ“.

დაბა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი 33 წლის ზაქარია ქიტიაშვილი 2006 წელს დააკავეს. დაკავებამდე ჯანმრთელი იყო, ციხეში ტუბერკულოზით დაავაადა (რაზეც მოწმობს სამედიცინო დპოკუმენტაცია) და ახლა სიკვდილს ებრძვის. მამუკა ნოზაძის განმარტებით, ის, არც სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაჰყავთ და აღარც წამლებს აძლევენ. მსჯავრდებული ოჯახის წევრებს სთხოვს, რომ მასთან პაემანზე აღარ მივიდნენ, რადგან სპეციალურად შეხვედრისთვის განკუთვნილ ოთახში სხვისი დახმარებით მისვლაც კი აღარ შეუძლია.

ადვოკატი და პატიმრის ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს დასკვნის არებას, მაშინ, როცა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელსეკრულება 17 იანვარს გააფორმეს და შესაბამისი ტანხაც გადაიხადეს. დასკვნა 30 სამუშაო დღეში უნდა მომზადებულიყო და გაცემულიყო.