ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბური ფერმერი დააინტერესოს ინვესტიციების განხორციელებით საქართველოში და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სამხრეთაფრიკელ ფერმერთა პირველი კონგრესი, რომელსაც 23 აპრილს თბილისში სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია” მასპინძლობდა. ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებების ფონზე, თანამემამულეებს ის ფერმერებიც ეპატიჟებიან, რომლებმაც უკვე წარმატებით მოიკიდეს ფეხი საქართველოში. რა სარგებლობა მოაქვთ ერთმანეთისთვის ბურებს და საქართველოს?
”მე მიყვარს საქართველო”, გვეუბნება 25 წლის სალკ კრუგერი, სამხრეთაფრიკელი ფერმერი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ცხოვრობს საქართველოში, უკვე საქართველოს მოქალაქეა და გარდაბნის რაიონში ათას ჰექტარ მიწას ფლობს:
”არასოდეს მიფიქრია სხვა ქვეყანაში გადასვლაზე... მაგრამ როცა ეს შესაძლებლობა გამოჩნდა და საქართველოში ჩამოვედი სიტუაციის გასაცნობად, აქაური ხალხი მომეწონა ძალიან. აქაურები ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ მათ ბევრი რამ აქვთ კიდევ სასწავლი. ჩვენ მათ გამოცდილებას გავუზიარებთ და 2-3 წელიწადში ისინიც შეძლებენ, რომ ეს ქვეყანა აგრარულ ქვეყნად აქციონ.”
ეს დაცული ქვეყანაა. შეგიძლია ბევრ რამეში დააბანდო ფული. შეგიძლია ჩამოხვიდე შვილებით და ბავშვების მომავალზე იზრუნო ...
საკუთრებაში არსებული ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან სალკ კრუგერი წელს ამერიკული სიმინდის პირველი მოსავლის მიღებას მხოლოდ 160 ჰექტრიდან გეგმავს და უკვე იცის, რომ ამ პროცესში პირველ ეტაპზე 5 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. საკუთარ წარმატებულ გამოცდილებაზე 25 წლის ფერმერმა ორშაბათს კონგრესზე შეკრებილ დაახლოებით 70 თანამემამულესაც დაწვრილებით მოუთხრო და უთხრა, რომ აქ მათ ბევრი კარგი შესაძლებლობა ელოდება.
თუკი სასურველ მიწის ნაკვეთს შეარჩევს, საქართველოში შესაძლოა მეუღლესა და 2 შვილთან ერთად გადმოსახლდეს სამხრეთაფრიკელი ფერმერი ჰაიდი ხრაილენი. შეკითხვაზე, რა იზიდავს მას საქართველოსკენ, ფერმერი ქალი ასე პასუხობს:
ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 25-მა სამხრეთაფრიკელმა ფერმერმა მოიკიდა ფეხი - ისინი ბურები, სამხრეთ აფრიკაში გადასახლებული ჰოლანდიელი გლეხების შთამომავლები არიან. აქვე ვთქვათ, რომ ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ”ბურ” გლეხს ნიშნავს. სიმინდის მოყვანის გარდა, საქართველოში ჩამოსულ ბურებს ძირითადად მევენახეობა და მეღვინეობა აინტერესებთ.
სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში სამხრეთაფრიკელი ფერმერების მოპატიჟების პროცესი 2010 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას ინიციატივით დაიწყო და შედეგებით კმაყოფილება მან არაერთხელ გამოხატა ორშაბათსაც, კონგრესის მიმდინარეობის ფარგლებში:
”საქართველოს ეკონომიკაში უკვე შემოსულია რამდენიმე მილიონი ლარი და ველოდებით, რომ შემოვა კიდევ რამდენიმე ათეული - თუ არა ასეული -მილიონი ლარი მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ასაქმებს საქართველოს მოსახლეობას. დღესდღეობით უკვე არის ათობით ადამიანი დასაქმებული საქართველოს რეგიონებში სწორედ ამ პროექტის მიერ შემოტანილი თანხებით.”
როგორც პაპუნა დავითაია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ინვესტიციებთან ერთად ბურებს საქართველოში უნიკალური ფერმერული გამოცდილებაც შემოაქვთ, რაც აუცილებლად გამოადგებათ ჩვენს ფერმერებს.
თუმცა ამ აზრს მაინცდამაინც არ იზიარებენ აგრარულ სექტორში დასაქმებული სოფლად მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძირითად პრობლემებად არა საქმის უცოდინრობას, არამედ უსახსრობასა და არასაკმარის მიწის ნაკვეთებს ასახელებენ. დიდი ფართობები და ბევრი ფული რომ მისცე, ქართველი კაციც მშვენივრად აამოქმედებს შემოსავლიან ფერმებს, - ამბობს ჩვენთან საუბარში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე, რომლის პოლიტიკური ძალაც იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი სამხრეთაფრიკელი ფერმერების მოწვევის მიმართ. პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან ვეფხვაძეს უშუალოდ ბურების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სამხრეთაფრიკელი ფერმერები ვერ ააღორძინებენ სოფლის მეურნეობას საქართველოში და რომ დარგის პრობლემები ბევრად უფრო ღრმა სისტემური მიდგომით უნდა აღმოიფხვრას:
”...კმაყოფილი ვიქნებით, რომ ბურების მიერ ქართულ მიწაზე მოყვანილ პომიდორს შევჭამთ. კი, ბატონო, გასაგებია - სასურსათო ბაზრის კუთხით რაღაც დამატებითი პროდუქტი გაჩნდება... მაგრამ სხვა პრობლემაა სოფლად და, პირველ რიგში, სწორედ ამ პრობლემას სჭირდება მიხედვა, რაზეც დღეს, სამწუხაროდ, არავინ არ ფიქრობს. საჭიროა კოოპერაციის გაძლიერება და მხარდაჭერა; საჭიროა გარკვეული სამოტივაციო სისტემის შექმნა იმისთვის, რომ მცირე ნაკვეთები გაერთიანდეს უფრო მომგებიან დიდ ფართობებად.”
ასეა თუ ისე, საქართველოში ბურების მოპატიჟების პროცესი გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მიწის ნაკვეთებს ძირითადად აჭარაში და კახეთში ყიდულობენ.