გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განსახილველად მიიღო. საია "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის იმ მუხლს ასაჩივრებს, რომელიც ძალოვან უწყებებს ინტერნეტ ურთიერთობებზე მონიტორინგის უფლებას სასამართლოს ნებართვის გარეშე აძლევს. კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ საქართველოში ყველა პირადი ინტერნეტ ურთიერთობის კონტროლი სასამართლოს ნებართვით ხორციელდება.
საია მიიჩნევს, რომ "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მეშვიდე მუხლი კონსტიტუციის იმ მუხლთანაა შეუსაბამო, რომელიც ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს.
"ამ მუხლში ჩამოთვლილია ოპერატიული - სამძებრო საქმიანობის სხვადასხვა სახეები, მათ შორის სატელეფონო მოსმენა, ფარული მიყურადება, ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა-გადაღება და სხვა; და მითითებულია, რომ ეს ღონისძიებები სასამართლოს ნებართვით უნდა განხორციელდეს.
"გარდა ზემოჩამოთვლილი ღონისძიებებისა, კანონში კიდევ ერთი ოპერატიული - სამძებრო საქმიანობაა აღნიშნული. ის დახურული ინტერნეტ ურთიერთობის მონიტორინგს შეეხება. თუმცა, კანონში ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ამგვარი ურთიერთობის მონიტორინგი სასამართლოს ნებართვით უნდა ხორციელდებოდეს, არ არსებობს. შესაბამისად, ეს ღონისძიება სასმართლოს ნებართვის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20-ე მუხლს, რომლითაც ყოველი მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაა გარანტირებული. ამ უფლების შეზღუდვა სასამართლოს ბრძანებით, ან გადაუდებელი აუცილებლობითაა ნებადართული. ამგვარი ჩანაწერი კი "ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის იმ მუხლში, რომელიც დახურული ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგს ეხება, არ არსებობს.
"ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მოთხოვნაა, რომ დახურული ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება დაედოს", - ამბობს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე.
როგორც ამ კანონპროექტის ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოში ყველა სახის პირადი ინტერნეტმიმოწერის კონტროლი სასამართლოს ნებართვით ხორციელდება:
"სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერც ერთი ძალოვანი უწყება მოქალაქის პირად ინტერნეტ მიმოწერას ვერ დააკვირდება. "ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის მეშვიდე მუხლი არ ეხება პირად მიმოწერებს.
"ეს კანონი იყენებს ორ ტერმინს, ინტერნეტურთიერთობების "დაკვირვებასა" და "მონაწილეობას". "დაკვირვება" გულისხმობს ღია ტიპის ურთიერთობების, ფორუმებზე, თუ სოციალური ქსელების ღია ჯგუფებში მიმოწერის მონიტორინგს. ამგვარი მიმოწერის მონიტორინგი შეუძლია არა მხოლოდ ძალოვან უწყებას, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება. ბუნებრივია, ეს სასამართლოს ნებართვას არ საჭიროებს.
"რაც შეეხება ინტერნეტურთიერთობებში "მონაწილეობას", ეს გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ორი ან მეტი პირი დახურულ ჯგუფში საუბრობს და იწვევს სხვა პირსაც, რომელიც სინამდვილეში შსს-ს თანამშრომელია. ის მოიპოვებს მოსაუბრეების ნდობას და ამის შედეგად საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
"კანონის მიხედვით, ამგვარ მონაწილეობას სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება. რაც შეეხება პრივატული მიმოწერების კონტროლს, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ხდება სასამართლოს სანქციის გარეშე", - ამბობს ანჯაფარიძე.
საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე კანონის მთავარ ხარვეზად სწორედ იმას მიიჩნევს, რომ ის მუხლი, რომელიც ინტერნეტ ურთიერთობების მონიტორინგს ეხება, ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
"ამ მუხლის ორგვარად ინტერპრეტაციაა შესაძლებელი: პირველი - ის უფლებას აძლევს შსს-ს აგენტს, დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ინტერნეტურთიერთობაში ნებისმიერ პირთან შევიდეს, მოიპოვოს მისი ნდობა და ამ გზით მიიღოს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში შსს-ს თანამშრომელს პირი თავისივე ნებით აძლევს ინფორმაციას და შესაბამისად, ინტერნეტურთიერთობაში ამგვარ მონაწილეობას სასამართლოს ნებართვა არ სჭირდება.
"თუმცა, ეს მუხლი სხვანაირი ინტერპრეტაციის საშუალებასაც იძლევა და მან, შესაძლოა, ძალოვანი უწყება უფლებამოსილი გახადოს, სასამართლოს ნებართვის გარეშე პირის პირადი მიმოწერების შესახებ ინფორმაციაც მიიღოს. ეს ორი რამ კანონის სადავო მუხლში მკაფიოდ გამიჯნული არ არის", - ამბობს გიორგი გოცირიძე.
მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ამგვარი ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, კანონის მიხედვით, მკაცრად გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, ძალოვანი უწყების გარდა არავინ იცის, როგორ ხდება ამ მუხლის რეალობაში იმპლემენტაცია.
ინტერნეტის სპეციალისტი დოდი ხარხელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან პირადი მიმოწერის კონტროლი ტექნიკურად პრაქტიკულად შეუძლებელია:
"ტექნიკურად ძალიან რთულია ისეთი პირადი ინტერნეტ მიმოწერის კონტროლი, რომელიც "ფეისბუკის", "ჯიმეილის" ან "სკაიპის" მეშვეობით ხორციელდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე ქართული ძალოვანი უწყება ზემოჩამოთვლილ კომპანიებს კონკრეტული პირის პირადი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მოსთხოვს, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ზემოჩამოთვლილმა კომპანიებმა ეს ინფორმაცია გასცენ. ამგვარ საკითხებში "ფეისბუკი", "გუგლი", "სკაიპი" არც ერთი ქვეყნის სამინისტროებთან არ თანამშრომლობს.
"ერთადერთი გზა, რომლითაც ვინმეს ჩვენი პირადი მიმოწერის კონტროლი შეეძლება, ჩვენს კომპიუტერებში სპეციალური პროგრამების დაინსტალირებაა. იმისთვის, რომ ვინმემ ამგვარი პროგრამა დააინსტალიროს, ჩვენს კომპიუტერზე მას ფიზიკურად ხელი უნდა მიუწვდებოდეს. თუმცა, ამგვარი პროგრამის დაყენება ვირუსული პროგრამების მეშვეობითაც შესაძლებელია. ეს პროგრამა იმეილებით იგზავნება და თუკი მომხმარებელი მას დააინსტალირებს, პროგრამის გამომგზავნს ჩვენს პაროლსა და შესაბამისად, ჩვენს პირად მიმოწერებზე ხელმისაწვდომობა დისტანციურად, კომპიუტერთან უშუალო შეხების გარეშეც ექნება", - ამბობს დოდი ხარხელი.
მისივე თქმით, ყველაზე უსაფრთხო, პირადი მიმოწერის დაცულობის მხრივ, უცხოურ სერვერებზე მიბმული საიტებია:
"კანონის მიხედვით, ადგილობრივი პროვაიდერი ვალდებულია, ძალოვან უწყებას მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინფორმაცია მიაწოდოს. მაგალითად, "კავკასუს ონლაინს" სრული წვდომა აქვს ისეთ ინფორმაციაზე, პირად მიმოწერებზე, რომელსაც პირი ამ პროვაიდერზე მიბმული იმეილსისტემიდან ახორციელებს. თუკი მას ძალოვანი უწყება ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას მოსთხოვს, "კავკასუს ონლაინი" ვალდებულია, გასცეს ინფორმაცია. ბუნებრივია, ამგვარი ვალდებულება ქართული ძალოვანი უწყებების წინაშე უცხოურ სერვერებსა და პროვაიდერებს არ აქვთ. შესაბამისად, ყველაზე დაცული და უსაფრთხო მაინც ისეთი საიტებია, როგორიცაა "ჯიმეილი", "ფეისბუკი", "სკაიპი" და ა.შ.", - ამბობს დოდი ხარხელი.