მაია ფანჯიკიძის ტრადიციულ ბრიფინგზე მისულ ჟურნალისტებს ის ვიდეომასალა უჩვენეს, რომელიც დარეჯან პატაშურის დროებით ადგილსამყოფელთან არის გადაღებული და რომელზეც კარგად ჩანს, როგორ მეთვალყურეობენ უცნობი პირები აღნიშნულ ტერიტორიას.
დარეჯან პატაშურის განცხადებით, როდესაც მან „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბთან მჭიდრო კონტაქტი დაამყარა, დაურეკეს და უთხრეს, რომ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციიდან ელაპარაკებიან. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს, იოცნებე, იოცნებეო!“ ,- ცინიკურად მიმართეს მას.
აღდგომის დღეებში „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრები გავიდნენ გიორგი ტატუაშვილის საფლავზე. აქვე იყვნენ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ჯარისკაცები. როგორც მათ განაცხადეს, მათი მისია იყო, პატივი მიეგოთ გიორგი ტატუაშვილის ხსოვნისათვის და გაერკვიათ, ოჯახს რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც ქალბატონმა დარეჯანმა უპასუხა, რომ მისი ერთადერთი პრობლემა ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება იყო. დარეჯან პატაშურმა მტკიცედ გამოუცხადა მათ თავისი „ქართულ ოცნებაში“ შესვლის გადაწყვეტილება.
ორიოდე დღეში დარეჯან ტატუაშვილი და მარნეულის შტაბის უფროსი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იყვნენ პარტიის ყრილობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს, ტატუაშვილების ოჯახში მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ( 2 ქალი და ერთი მამაკაცი - თამთა ტატუშვილის განცხადებით, იგი იცნობს ორ მათგანს - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს ნატა ასლამაზიშვილს და მამაკაცს, გვარად ბუჩუკურს), რომლებმაც ავტომანქანაში ჩაისვეს დარეჯანის არასრულწლოვანი(14 წლის) შვილი რომიკო ტატუაშვილი, ემუქრებოდნენ დაჭერით და კატეგორიულად ითხოვდნენ ეთქვა, სად იყო დედამისი. ბავშვი შეშინდა. არასრულწლოვანი მანქანიდან მხოლოდ მეზობლების აქტიური ჩარევის შემდეგ გადმოუშვეს.
დედა- შვილი ტატუაშვილები ამ ამბავს დედის, დარეჯან პატაშურის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ.