ფიქრები საქართველოზე

ფიქრები საქართველოზე

 

საქართველოს ელჩი აპროტესტებს იმას, თუ როგორ წარმოაჩენს მის ქვეყანას თომას დე ვაალი 

თომას დე ვაალის სტატია „როგორ გვიხსნის გოგოლი პოსტსაბჭოთა ქვეყნების არსს“ (How Gogol Explains the Post-Soviet World, 2012 წლის მარტი/აპრილი) სავსეა შესანიშნავი მეტაფორებით და ლიტერატურული ანალოგიებით. თანამედროვე რუსეთის შედარება გოგოლის „რევიზორთან“, ძალიან ადეკვატურია. თუმცა სტატია, მართლაც შესანიშნავი იქნებოდა, თუკი მასში მეტი ყურადღება დაეთმობოდა რეალურ დეტალებს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე.

დე ვაალი საბჭოთა კავშირს უწოდებს „მონოლითს“, რომლის ერთიანი ისტორია თხუთმეტ ისტორიად გაიყო მას შემდეგ, რაც ის 15 ცალკეულ სახელმწიფოდ დაიშალა. მაგრამ ეს მცდარი მოსკოვისეული შეხედულებაა. ჩემს ქვეყანას, ისევე როგორც საბჭოთა იმპერიის სხვა ტუსაღ ქვეყნებს, თავისი ისტორია აქვს და ის თითქმის სამ ათასწლეულს ითვლის. დიახ, ჩვენ გვქონდა უცხოელების ბატონობის პერიოდები – მათ შორის უკანასკნელი 1921 წელს, ბოლშევიკების ინტერვენცია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ქართველებმა, ისევე როგორც ჩვენმა დატყვევებულმა თანამოძმეებმა სომხებმა, აზერბაიჯანლებმა, ესტონელებმა, ლატვიელებმა, ლიტველებმა და სხვებმა, პირველი შესაძლებლობისთანავე თავისუფლება ავირჩიეთ. საბჭოთა კავშირს შეიძლება ხალხთა საპყრობილე, ხოლო მათი გათვალისწინებით ვისაც ნაკლებად გაუმართლა, სასაფლაოც კი უწოდო. მაგრამ ის მონოლითი არ ყოფილა.

ამას ავტორი მეორე შეცდომამდე მიჰყავს. დოსტოევსკისთან ანალოგიის მცდელობისას, ის ამტკიცებს, რომ თხუთმეტივე ეს რესპუბლიკა („გარდა რუსეთისა“) „მამის მკვლელი“ იყო; მათ „მოკლეს რუსი მამა იმისთვის, რომ თავისუფლება მიეღოთ“. შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. საბჭოთა კავშირი მოკლეს რუსმა ბორის ელცინმა, უკრაინელმა ლეონიდ კრავჩუკმა და ბელორუსმა სტანისლავ შუშკევიჩმა, რომლებმაც 1991 წლის დეკმებერში ბელოვეჟის შეთანხმება გააფორმეს. უფრო ზოგადად კი საბჭოთა კავშირი მისმა წინააღმდეგობრიობამ და არაკომპეტენტურობამ მოკლა და არა ქართველებმა ან რომელიმე სხვა „მოსუვენარმა ერმა“, როგორც ჩვენ მაშინ გვახასიათებდნენ.

შემდეგ თომას დე ვაალი ამტკიცებს, რომ ქართულ არისტოკრატიას, ეკლესიას და კომუნისტ ლიდერებს რუსეთთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდათ, რის გამოც გაყრა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში, სხვა ქვეყნებს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩვენგან განსხვავებით სახელმწიფოებრიობის შექმნა, ბევრად უფრო გაუჭირდათ. რუსეთმა საქართველოს შენარჩუნებისთვის საკუთარი გავლენის სფეროში (მათ შორის 2008 წლის ომის დროს, რომელიც, როგორც ამას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებდა, ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის დაბლოკვას ისახავდა მიზნად) უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. თუმცა ეს რუსეთის მისწრაფებებს ასახავს და არა ჩვენსას.

არასწორია ისიც, თითქოს რუსეთის და საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში, საქართველოს მასთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდა. მეფის რუსეთის დროს, ერთ წარმატებულ ქართველ არისტოკრატზე, 10 რეპრესირებული მოდიოდა, მთელი ჩვენი სამეფო ოჯახის ჩათვლით. რუსებმა გააუქმეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც გადაურჩა არაბების, მონღოლების, თურქების და სპარსების ბატონობას. თითოეულ ქართველ კომუნისტზე, რომელიც საბჭოთა იერარქიაში მსახურობდა, ათობით ათასი გულაგში განადგურებული ქართველი მოდიოდა.

ავტორი საუბრობს ასევე იმ გაცვეთილ იდეაზე, თითქოს საქართველოს „სტალინის კომპლექსი“ აქვს. დიახ, სამწუხაროდ ცნობილი იოსებ ჯუღაშვილი პატარა ქართულ ქალაქ გორში დაიბადა. მაგრამ მთელი ზრდასრული ცხოვრება ბოლშევიზმის საქმეს და არა საქართველოს მიუძღვნა. სხვა ერებს (მათ შორის ქართველებს) ის უკიდურესად მკაცრად ეპყრობოდა: მთელი ძალით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ველიკორუსია“ (და გარკვეული თვალსაზრისით, შოვინისტი), რომელმაც თავისი პროვინციული წარმომავლობა გადალახა. სტალინი დღეს რუსეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე საქართველოში.

დე ვაალს უფლება აქვს არ დაეთანხმოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, და მე პირველი ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ გახსნილი ვართ საქმიანი კრიტიკისთვის. მაგრამ ის ამცირებს იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს: კურუფციასთან და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, ასევე ბიზნესისთვის საუკეთესო კლიმატის შექმნას მისი რეგულირების ზომებითა და გამჭვირვალობით და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა კონსენსუსის გარეშე, ხელისუფლების უკიდურესი თვითდაჯერებულობით საკუთარ სიმართლეში.

შემიძლია მხოლოდ ავღნიშო, რომ ჩემი მთავრობა მთელი მისი მმართველობის პერიოდში სარგებლობს დემოკრატიული მანდატით. მე არ ვიცი, არცერთი სხვა ისეთი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ღრმა რეფორმები მთელი საზოგადოების თანხმობით განახორციელა. ჩემი ქვეყნის ლიდერები ამაყობენ იმით, რომ ერთ რიგში დგანან ისეთი ლიდერების გვერდით, როგორებიც არიან კონრად ადენაუერი, მარაგრეტ ტეტჩერი, რონალდ რეიგანი, და მზად არიან მოისმინონ ისტორიის განაჩენი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლსაც ჩვენ მივსდევთ.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვაალის სტატია საინტერესოა და ადგილებში ინფორმატიულიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაქტები არ უნდა ეწირებოდეს ლიტერატურულ პატივმოყვარეობას. 


გიორგი ბადრიძე,

საქართველოს ელჩი,

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო


თომას დე ვაალის პასუხი:

ელჩ გიორგი ბადრიძის წერილი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, დილემის წინაშე მაყენებს. ჩემი სტატია ტრადიციულ პოლიტიკურ ანალიზს არ წარმოადგენდა, არამედ იმის მცდელობა იყო, რომ ლიტერატურული გზებით გამომეხატა ერთგვარი სიღმისეული სინამდვილე სამ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაზე. მე შემეძლო უფრო დეტალური ანალიტიკური პასუხი გამეცა და აღმენიშნა ის არც თუ სამაგალითო რეალიები და მანკიერი შედეგები თანამედროვე ქართული ელიტის რეფორმებისა, რომლებსაც მე, მიუხედავად ბადრიძის მტკიცებისა, ვაფასებ, განსაკუთრებით კი იმ ქართულ რეფორმებს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული. მაგრამ ეს არ იქნებოდა ჩემი თავდაპირველი სტატიის სულისკვეთების ადეკვატური.

ნება მომეცით კვლავ გავიმეორო, რომ დღევანდელი ქართული ელიტის პროგრამის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ „რეფორმები“ ხორციელდება შესაბამისი შეკავების და საპირწონეთა დემოკრატიული სისტემის არარსებობის პირობებში – იმ მიზნით, რომ ეს რეფორმები „შეუქცევადი“ გახდეს – არის ის, რასაც აღიარებდა მე-19 საუკუნის ნებისმიერი ჭეშმარიტი რუსი ან ქართველი რადიკალი და რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს დოსტოევსკის ნაწარმოებები.

იმას, თუ როგორ განვითარდება ეს ისტორია საქართველოში, ჩვენ ვნახავთ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მიმდინარე საარჩევნო ციკლი დასრულდება. თუმცა, როგორც მე დავწერე, დღეს სახეზეა, ყველაზე ცოტა, გამაფრთხილებელი ნიშნები იმისა, რომ დემოკრატია მსხვერპლად ეწირება უტოპიურ მიზნებს. აი, თუნდაც ეს ერთი მაგალითი: შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან მოჰყვა ის, რომ დღეს ქართული ციხეები გადავსებულია, თანაც ბევრი პატიმრის ციხეში ჩასმა საერთოდ არ იყო საჭირო. შარშან, პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე საქართველომ რუსეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. აქ არ შემიძლია დოსტოევსკის არ დავეთანხმო, რომელიც წერდა, რომ საზოგადოების ცივილიზებულობის ხარისხის განსჯა მისი ციხეებით შეიძლება.
foreignpress.ge