არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსებმა გლეხებთან გადაინაცვლეს. ჯერჯერობით უფრო ოპოზიცია აქტიურობს, ათასგვარი დაპირებებით და 20-30-ლარიანი დახმარებით დატვირთული ხელისუფლება კი რეგიონებში მოგვიანებით გადაინაცვლებს. სოფლად გაკრეფილ ოპოზიციას კი იმაზე უარესი სურათი დახვდა, ვიდრე უკანასკნელი არჩევნების დროს (ანუ როცა ოპოზიცია უკანასკნელად ეწვია სოფელს).
პარტია ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შიდა ბაზრის მოთხოვნა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მხოლოდ 12%-ითაა უზრუნველყოფილი.
“საქართველოს მოსახლეობის 50%-მდე დღეს სოფლად ცხოვრობს, 40% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თვითონ მონაწილეობს, თუმცა შიდა ბაზრის მოთხოვნა ადგილობრივი პროდუქციით მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება”, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე აზრით, საჭიროა, შეიქმნას ცენტრები, სადაც სოფლის მოსახლეობა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას მიიღებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობა მკვეთრად უნდა გაიზარდოს, საირიგაციო სისტემები მოწესრიგდეს და დიზელის საწვავი გაიაფდეს.
სანამ ეს ყველაფერი მოწესრიგდება, მანამდე სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში პერმანენტულად მცირდება. თუკი 1996 წელს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 33,15% იყო, 2003 წელს 19,30%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2009 წელს სულაც 8,29%-მდე. ამ დროს კი სოფლად ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 53%, ხოლო მეურნეობაში 48%-ია დასაქმებული.
სოფლის მეურნეობის უდიდესი ნაწილი 0,5-დან 1 ჰა-მდე მიწის საკარმიდამო ნაკვეთზე მოყვანილი შიდა მოხმარებისთვის წარმოებულ კიტრს, პომიდორს, ბაღჩეულს, ციტრუსს, ვაშლს, ყურძენს და თხილს შეუდგენს. კანტი-კუნტად არსებული მცირერიცხოვანი ფერმერული მეურნეობები, ღვთის ანაბარად არის მიგდებული, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე.
სოფლის მეურნეობის დაცემა განსაკუთრებით 2005 წლიდან შეინიშნება. საქართველოში სავარგულების მხოლოდ მესამედი მუშავდება. თუ 90-იანი წლების დასაწყისში 800 ათასი ჰექტარი მიწა იხვნებოდა, ამჯერად ქვეყანა 300 ათასამდე ჰექტარს თუ ამუშავებს. გლეხები მიწების დაუმუშავებლობის, მიზეზად სოფლის მეურნეობის არარენტაბელობას ასახელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გაძვირებული საწვავის ფონზე, მიწის დამუშავება, მოსავლის მოვლა იმდენად ძვირი ჯდება, რომ თვითღირებულებასაც ძლივს ანაზღაურებს.
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი საერთოდ აღარ არსებობს. საკვები კულტურები თითქმით აღარ ითესება, ასევე აღარ იწარმოება თამბაქო და აბრეშუმი. რაც შეეხება ხორბალს, თუ წინა წლებში ეს კულტურა 150-200 ათას ჰექტარზე ითესებოდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 50-55 ათას ჰექტრამდეა დასული. შესაბამისად, ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტი მხოლოდ 8%-ს თუ შეადგენს. ბოსტნეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 60-70%-ია, როცა ეს მონაცემები 100%-ზე ქვევით არ ჩამოდიოდა. ოფიციალური სტატისტიკით, დაუმუშავებელია მიწების 30%, მაგრამ ეს მაჩვენებელი რეალურად ბევრად მეტია და დაახლოებით 60%-ს აღწევს.
სწორედ ამიტომ საქართველოში ბოსტნეულის იმპორტმა რეკორდები მოხსნა. 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, კარტოფილის იმპორტი - 19,4-ჯერ გაიზარდა (თანხობრივ მოცულობაში). 2010 წელს ქვეყანაში 713 ათასი დოლარის კარტოფილი შემოვიდა, 2011 წელს კი 13,852 მილიონი დოლარის კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. საქართველოში კარტოფილის იმპორტი, ძირითადად, თურქეთიდან ხორციელდება.
ასევე, 1,4-ჯერ გაიზარდა პომიდვრის იმპორტი. 2011 წელს 6,711 მილიონი დოლარის პამიდორი შემოვიდა, 2010 წელს კი - 4,645 მილიონი დოლარს. პომიდორი საქართველოში თურქეთიდან და მცირე ნაწილი ირანიდან შემოდის.
1,2-ჯერ გაიზარდა ხახვის იმპორტი (2011 წელი - 16,2 მილიონი დოლარი, 2010 წელი - 13,660 მილიონი დოლარი). საქართველოში ეს პროდუქცია თურქეთიდან, ასევე, ჩინეთიდან შემოდის. 3,4-ჯერ გაიზარდა სტაფილოს იმპორტი (2011 წელი - 2,18 მილიონი დოლარი, 2010 წელი - 627 ათასი დოლარი), 1,6-ჯერ კიტრის იმპორტი (2011 წელი - 3,4 მილიონი დოლარი, 2010 წელი - 2,01 მილიონი დოლარი).
მთავრობის წევრთა ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, 3-ჯერ გაიზარდა სიმინდის იმპორტი. 2011 წელს ქვეყანაში 11,7 მილიონი დოლარის სიმინდი შემოვიდა, 2010 წელს კი, ამ მარცვლეულის იმპორტმა 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამავე დროს, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა სიმინდის ექსპორტი. კერძოდ, თუ 2010 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 2,650 მილიონი დოლარის სიმინდი გავიდა, ეს მაჩვენებელი 2011 წელს 2,6-ჯერ შემცირდა და 994 ათასი დოლარი შეადგინა. უფრო მეტიც, იანვარ-თებერვალში სიმინდის იმპორტმა ექსპორტს 291 ათასი დოლარით გადააჭარბა. კერძოდ, აღნიშნულ 2 თვეს, მხოლოდ 709 ათასი დოლარის სიმინდია ექსპორტირებული. ქართული სიმინდი 2011 წელს სულ სამი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ბაზარზე გავიდა. საექსპორტო ბაზრებს შორის ლიდერია სომხეთი, რომელზეც სიმინდის ექსპორტის 70 პროცენტზე მეტი მოდის.