ფულის გაუფასურება მუდმივი პროცესია

ფულის გაუფასურება მუდმივი პროცესია

1971 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი ოქროსთან მიმართებაში თითქმის 40-ჯერ გაუფასურდა. დევალვაცია ეხება არა მხოლოდ ძირითად ვალუტებს, არამედ ზოგადად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ფულის ნიშანს. ასე რომ მთელს მსოფლიოში იძულებული არიან ე.წ. ინფლაციური გადასახადი გადაიხადონ. ამიტომაც, ტყუილად როდი გაიგონებთ ფულთან მიმართებაში გამოთქმას “ეს ქაღალდი”. ფულის ფასი ხომ თანდათანობით ჩვეულებრივი ქაღალდისას უახლოვდება. მაგრამ ფული მაინც არსებობს, იარსებებს და ყველასათვის სასურველიც იქნება.


საქმე ისაა, რომ თანამედროვე ფული სახელმწიფოს სრულ მონოპოლიაში იმყოფება. ადამიანებს უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვთ და იძულებული არიან სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულის ერთეული გამოიყენონ. სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს ფასები დააწესონ და ანგარიშსწორება ადგილობრივ ვალუტაში აწარმოონ. ცხადია, გარკვეული ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტებშიც ხდება, მაგალითად, ჩვენში ძალიან პოპულარულია აშშ დოლარი, უფრო ნაკლებად ევრო, მაგრამ ოფიციალურად ლარის გარდა ყველაფერს “პირობითი ერთეული” ეწოდება.


თუ სახელმწიფო გარკვეული ანგარიშსწორების უცხოურ ვალუტაში წარმოების გაკონტროლებას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ, თავად სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება, ნებისმიერ ქვეყანაში, მხოლოდ ადგილობრივ ვალუტაშია შესაძლებელი. თანამედროვე სამყაროში გადასახადები უკვე დიდი ხანია ძირეულ როლს ასრულებს ბიუჯეტის შევსებასა და მისი დეფიციტის დაფინანსებაში. აქ კი ადგილობრივ ვალუტას სრული და საფუძვლიანი მონოპოლია აქვს.


გასული საუკუნის დასაწყისში ეკონომიკური თეორია ფულის ღირებულების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი ჩაკეტილი წრე იქმნებოდა. ფულის მსყიდველობითუნარიანობა ხომ მოთხოვნილებითა და წინადადებით განისაზღვრება. მაგრამ ეს ხდება არა თავად ფულის სასარგებლოობიდან, არამედ მსყიდველობითუნარიანობიდან გამომდინარე. ეს ჩაკეტილი წრე ლუდვიგ ფონ მიზესმა “ფულის რეგრესიის თეორემის” მეშვეობით გაარღვია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფულზე მოთხოვნილება არა “დღევანდელი”, არამედ “გუშინდელი” მსყიდველობითუნარინობით განისაზღვრება. საერთოდ, ეს შეიძლება ითქვას არა მარტო ფულის, არამედ საერთოდ, ნებისმიერი ფასეულობების შესახებ.


მიზესის თეორემას ბევრი ეკონომისტი ფულთან მიმართებაში უფრო მარტივად იყენებს და აღნიშნავს, რომ ფულს დღეს იყენებენ იმიტომ, რომ იყენებდნენ გუშინ, გუშინწინ და ასე შემდეგ შეიძლება “გადაახვიო” იმ პერიოდამდე, როცა გაჩნდა სასაქონლე ფული, ანუ, ბარტერულ გაცვლამდე. მაშინ, როცა ფული მისი სასარგებლოობიდან გამომდინარე ფასდებოდა. გამოდის, რომ “ფულის რეგრესიის თეორემა” მისი წარმოშობის ისტორიაა, მხოლოდ შეტრიალებული.


საერთოდ, როცა ფულის წარმოშობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს ის ეტაპი, როცა ქაღალდის ფული ოქროთი და ვერცხლით იყო გამყარებული. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სახელმწიფოს მანქანის გარდა ფულის არსებობას ხელს იმ პერიოდიდან შემორჩენილი ფასეულობების ნარჩენებიც უწყობს.


თავის დროზე ქაღალდის ფულზე გადასვლის არაერთი მცდელობა კრახით დასრულდა. ამ საკითხში ნოვატორები ჩინელი იმპერატორები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 900 წლით ადრე ცდილობდნენ ამ ნოვაციის დანერგვას. თავის მემუარებში მარკო პოლო მონღოლი მმართველის კუბლაი ხანის ქაღალდის ფულსაც აღწერს. მეცამეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში მცდელობებს ჩინეთის მიღმაც მიმართეს. მაგალითად, 1294 წელს ირანში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც ახალ ქაღალდის ფულს, სახელად “ჩაო” არ გამოიყენებდა. მიუხედავად ამისა, მცდელობა 2 თვეში კრახით დასრულდა. იგივე მოხდა შუამდინარეთშიც. პირველი ნამდვილი ბანკნოტები კი სტოკჰოლმში 1661 წელს გამოუშვეს.


როგორც ხედავთ, ფულს მართლაც დიდი ისტორია აქვს. და, შეიძლება ითქვას, მთელი ამ ისტორიის განმავლობაში შეინიშნებოდა მისი დევალვაცია. ასე რომ, ეს პრობლემა სწორედ რომ ისტორიულად და შეუქცევადად შეიძლება ჩაითვალოს.