სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხისმგებლო და პოპულისტური უწოდეს, მაგრამ ეს თემა აქტუალობას არ კარგავს და presage.tv იმასაც წერდა, რომ ამ თემით ნატოს წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.
დღეს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს იმ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფება, გაესაუბრა მის წევრებს და მათი მხრიდან მუქარის ობიექტიც გახდა. Presage.tv-ს რესპონდენტი გახლავთ „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ მოცრაძე, რომელიც მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში 7-დან 10 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა ზუგდიდის რაიონის სოფლებში და საკუთარი თვალით ნახა 15 შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ერთ სახლში ცხოვრობს.
თამარ მოცრაძე: ტარდებოდა კვლევა საზოგადოებრივი განწყობების მონიტორინგი. ძირითადი დატვირთვა იყო სოციალურ და პოლიტიკურ განწყობებზე, ანუ კითხვარი იყო როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ პრობლემებზე, ამასთანავე იყო ანონიმური. მოგვიწია სამეგრელოს რეგიონში წასვლა. ერთ-ერთი სოფელი, სადაც მოგვიწია ჩასვლა, არის სოფელი შამგონა, რომელიც არის აფხაზეთის საზღვართან. სოფელში შესვლისთანავე დაგვხვდნენ მესაზღვრეები, რომლებმაც შეგვიმოწმეს საბუთები, ასევე გაარკვიეს, ვინ რჩებოდა, რა კვლევა ტარდებოდა, ჩემი საბუთები განსაკუთრებულად შეამოწმეს, რადგან მე ვრჩებოდი ადგილზე. ამის შემდეგ მძღოლმა ჩვეულებრივად დამტოვა შამგონაში, სადაც რამდენიმე რესპონდენტთან მივედი.
ერთ-ერთი სახლში შემხვდა ახალგაზრდა სტომატოლოგი მამაკაცი, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობდა. კითხვარში მოცემულია სკალა, სადაც არის სავარაუდო პასუხები - „ვეთანხმები“, „არ ვეთანხმები“, „სრულიად ვეთანხმები“, „სრულიად არ ვეთანხმები“ და „მიჭირს პასუხის გაცემა“. ერთ-ერთ საკითხად იყო ასეთი წინადადება - „სამეგრელოში არსებული ბანდფორმირებები ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია.“ ამ წინადადებას ან უნდა დათანხმებოდა რესპონდენტი, ან არა.
სანამ რესპონდენტი ამ კითხვაზე პასუხს გამცემდა, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვიდა ჯერ ერთი მამაკაცი სამხედრო ფორმაში, „კალაშნიკოვით“ ხელში, შემდეგ მას მოჰყვა მეორე, მესამე და ა.შ. სულ, რაც დავითვალე მეორე სართულიდან 15 იარაღიანი მამაკაცი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა ფხიზელ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ სამი მათგანი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიცი, ნასვამები იყვნენ, თუ რამე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათი მხრიდან აგრესია არ ყოფილა - იყო სიცილი და ირონიული დამოკიდებულება.
ამ ადამიანებს გამოეყო ერთ-ერთი, რომელიც ნამდვილად არ იყო მეგრელი. ამას იმიტომ ვამბობ ასე დაბეჯითებით, რომ ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში მომიწია მუშაობა და უკვე ვხვდებოდი ვინ იყო მეგრელი და ვინ - არა. ამ პიროვნებამ მითხრა - როგორც ჩანს, არ ვართ ფანტაზიის ნაყოფი და შეგიძლია გააგრძელოო. მის ამ ნათქვამს ღიმილით შევხვდი და გავაგრძელე გამოკითხვა. ეს ადამიანები მიხდნენ, რომ ეს არ იყო მიკერძოებული კითხვარი, იყო აბსოლუტურად ობიექტური და იქ ვერავინ გაარკვევდა, ეს ვინმეს დაკვეთით იყო თუ არა. ეს ადამიანი, რომელიც როგორც ვხვდები იყო მეთაური, დარჩა ოთახში, დანარჩენები კი გვერდით ოთახში გავიდნენ.
როდესაც კითხვარი დავამთავრე, ეს ადამიანი გამესაუბრა, მკითხა მთავრობიდან ვიყავი თუ საიდან. როდესაც ვუთხარი, რომ ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციიდან ვიყავი, თითქოს ცოტა ნდობა გაუჩნდა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით მიყურებდა. შემდეგ მითხრა, ამდენს რომ მუშაობ იქნებ მიირთვაო რამე და გამიყვანა გვერდით ოთახში, სადაც უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი და დანარჩენი პირები სადილობდნენ. როდესაც ჩვენ შევედით, ისინი გავიდნენ ოთახიდან.
ამ „მეთაურმა“ მკითხა - არ გეშინია რამე რომ შეგემთხვეს, დედიკომ და მამიკომ ასეთი პატარა გოგო როგორ გამოგიშვესო. მისი მხრიდან რაღაცნაირი ირონიული და სარკასტული დამოკიდებულება იყო, მაგრამ როდესაც ნახა, რომ არც მეშინოდა და არც ვინმეს გამოგზავნილი ვიყავი, ოთახიდან გამოსვლისას „კალაშნიკოვი“ დამადო მხარზე, მადლობა გადამიხადა და მითხრა, - გაგიმართლა, რადგან შენ არ იცი ეზოში რომ გახვალ, რამდენ გვამზე გადაივლიო.
როგორი ტიპაჟები იყვნენ და ძირითადად რა ასაკის იყვნენ ეს ადამიანები?
- „მეთაური“ 35 წელზე მეტის არ იქნებოდა. სხვათა შორის, ამ ადამიანმა მითხრა ექვსი წელია ცოლ-შვილი არ მინახავს, რაც ამ ამბავში ჩავერთე, რუსეთში გავუშვიო. საერთოდ, ამ ადამიანებთან არ მქონია იმაზე საუბარი, თუ რას აკეთებდნენ ისინი იქ. თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რამდენიმე მათგანი იყო ცოტა უფრო ასაკოვანი და ჰქონდათ ტიპიური რეციდივისტების სახეები და ნაომარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. დანარჩენები, დაახლოებით 10 კაცი მაინც, იყვნენ ახალგაზრდები, რომელთა ასაკი ალბათ, არ აღემატებოდა 25 წელს და, რომლებიც საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყვნენ იქ და რას აკეთებდნენ.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ამბავმა ასე ჩაიარა, რომ ამ „მეთაურმა“ გამომაცილა და ის სიტყვები მითხრა, რაც ზემოთ მოგახსენეთ.
აქვე აღვნიშნავ, როდესაც ამ ოჯახიდან გამოვედი და შემდეგ რესპონდენტთან შევედი, იქ აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ქალბატონი, რომელთან საუბარიც გამიგრძელდა. ამ დროს სახლში შემოვიდა მისი ვაჟი, რომელიც მობილური ტელეფონით მეგრულად საუბრობდა. მართალია მეგრული არ ვიცი, მაგრამ მივხვდი, რომ საუბარი იყო ჩემზე და როდესაც დავინტერესდი რა ხდებოდა, ამ ბიჭმა მიპასუხა, რომ მესაზღვრეები, რომლებმაც სოფელში შესვლისას ჩემი მონაცემები ჩაიწერეს, მეძებდნენ. ისინი სამხედრო ე.წ. „პიკაპის“ ტიპის მანქანით იყვნენ და როგორც მივხვდი, იმიტომ მეძებდნენ, რომ ნახეს იმ სახლში რომ შევედი, სადაც ეს შეიარაღებული ფორმირება დამხვდა. როგორც ჩანს, გაუკვირდათ იქიდან როგორ გამოვედი.
მეორე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ჩავედი. ერთ-ერთ ოჯახში, სადაც გამოკითხვისთვის შევედი, სუფრა იყო გაშლილი და გაირკვა, რომ სამშობიაროდან შვილიშვილის გამოყვანას ელოდნენ. ამ ოჯახში იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომლის სეგმენტიც ძალიან მჭირდებოდა და მას კითხვარის შევსება ვთხოვე, რაზეც უარი მივიღე. როდესაც ამ სახლიდან გამოვედი, ეს ბიჭი გამომყვა და მკითხა - გაინტერესებს კითხვარი რატომ არ შეგივსეო? მე თანხმობა განვუცხადე. მან კი მითხრა, - კითხვა რომ გქონდა ბანდფორმირებებზე, მე ამ ფორმირებების წევრი ვარო. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა დამაინტერესა, მით უმეტეს, მან რაღაც ისეთი სიამაყით მითხრა ეს, რომ თითქოს, რაღაც პრივილეგია ჰქონდა.
მე დავინტერესდი, რას აკეთებენ ასეთი ფორმირების წევრები. მან მიპასუხა - თბილისში „სპეცნაზი“ ხომ გყავთ და ჩვენც ასეთივე ვართო. მე ვუპასუხე, „სპეცნაზი სამეგრელოს რეგიონსაც ეყოლება-მეთქი, რაზეც მან მითხრა, რომ „სპეცნაზისგან“ განსხვავებით, ეს დაჯგუფებები სჯიან ისეთ ადამიანებს, ვინც რამეს დააშავებს, ანუ ვინც რამე ისეთს იტყვის, რაც მათ არ აწყობთ. მე ჩავეძიე, მაინც რა არ აწყობდათ მათ, მაგრამ ამაზე საუბარს მან თავი აარიდა და ამიტომ, ეს კითხვა აღარ გავუმეორე, რათა სულ არ შეეწყვიტა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი ძალიან გულახდილად საუბრობდა ამ ყველაფერზე და, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ აშკარად სულელი იყო.
ამ ადამიანმა, რომელიც გამეცნო სახელით გიგა, მანქანით ტარება შემომთავაზა, რაზეც უარი ვუთხარი, მაგრამ დაახლოებით 50 მეტრის გამოვლის შემდეგ, იგი დამეწია, მაქანა გამიჩერა და ჩაჯდომა მთხოვა. მე ჩავჯექი და მინდა გითხრათ, რომ მანქანის უკანა სავარძელი სავსე იყო „კალაშნიკოვის“ მარკის ავტომატებით და სხვადასხვა ტიპის იარაღით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავიდან მეგონა, ეს ადამიანი შამგონადან აჰყვა ჩვენს მანქანას და იმ პირების დავალებით მოქმედებდა, ვინც მე იქ ვნახე. ეს ეჭვი იმანაც გამიძლიერა, რომ ეს ბიჭი შემომყვა იმ სახლში, სადაც გამოკითხვისთვის შევედი, მაგრამ შემდეგ დავწრმუნდი, რომ იგი არავის დავალებით მოქმედებდა. ეს ადამიანი მალევე გავიდა ამ სახლიდან, დამელოდა, სანამ მე გამოკითხვას ჩავატარებდი და შემდეგ სახლამდე მიმიყვანა.
გზაში მან მობილურ ტელეფონში დამათვალიერებინა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილნი იყვნენ შეიარაღებული პირები. ეს ფოტოები ძალიან ჰგავდა ხარება და გოგიას ცნობილ ფოტოს, სადაც ისინი ბუნების წიაღში იარაღასხმულები არიან გადაღებული. ეს ადამიანებიც ბუნებაში იყვნენ გადაღებული, სამხედრო ფორმითა და შეიარაღებით და ამასთანავე, ძალიან ამაყი სახეებით. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვიცანი ის „მეთაური“, რომელიც სოფელ შამგონაში შემხვდა რესპონდენტის სახლში.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ბიჭმა რამდენიმე რესპონდენტთან მიმიყვანა, გარეთ დამელოდა, სანამ იქ გამოკითხვას ჩავატარებდი, მაგრამ როდესაც ბოლო რესპონდენტისგან გამოვედი, იგი აღარ დამხვდა. მე დავურეკე ჩემს მძღოლს, ვუთხარი, რომ გეგმა შევასრულე და ვთხოვე იქიდან წამოვეყვანე. სანამ ჩემს მძღოლს ველოდებოდი, ველოსიპედით მოვიდა პატარა ბიჭი, რომელმაც მითხრა - აქ რომ წითელი მანქანით ბიჭი გელოდებოდა, დაგიბარა, ბავშვი გამოიყვანეს სამშობიაროდან და ამიტომ ვეღარ დაგელოდეო და ტელეფონის ნომერი გთხოვაო. თავიდან არ ვაპირებდი ტელეფონის ნომრის გამხელას, მაგრამ შემდეგ მივეცი ამ ბავშვს ჩემი ნომერი.
ორი დღის შემდეგ, როდესაც უკვე სენაკში ვიყავი, გიგამ დამირეკა, მომიკითხა და შემდეგ მკითხა, ძალიან დაღლილი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე - საბედნიეროდ შენზე დამღლელი სამუშაო არ მაქვს-მეთქი. მან კი მითხრა - ამით სულ არ ვიღლებით, სულ რაღაც 15 წუთი გვჭირდება, რომ ვიღაცეები დავაშინოთ და გავაჩუმოთო. ხუმრობით ვუთხარი, „კალაშნიკოვის“ აწყობას ხომ მაინც მასწავლი-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, მე თვითონაც არ ვიციო.
თქვენი მონაყოლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ცოტა მოსულელო პიროვნება იყო, რასაც ალბათ, ვერ ვიტყვით იმ მეთაურზე, რომელიც სოფელ შამგონაში ნახეთ. საინტერესოა, კიდევ რა გითხრათ იმ მეთაურმა?
- ეს ადამიანი ძირითადად ცდილობდა ჩემს დაშინებას, რადგან მაინც თვლიდა, რომ ვიღაცის გაგზავნილი ვიყავი იქ და სურდა გამოვეტეხე, ვინ ვიყავი და ვისი დავალებით ვმოქმედებდი. ბოლოს მან დაიჯერა, რომ სრულიად მიუკერძოებული ვიყავი, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ სახლიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი.
როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ჩამოვიდნენ ეს ადამიანები მეორე სართულიდან და მოგცეს საშუალება, რომ ისინი გენახათ?
- მე მგონია, ისინი ფიქრობდნენ, რომ იქიდან ამ ინფორმაციას ვერ გამოვიტანდი, ანუ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი.
ადგილობრივ მაცხოვრებლებთან თუ გქონდათ მომხდართან დაკავშირებით საუბარი?
- უბრალოდ, ეთიკა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ამ სახლიდან გამოსვლის შემდეგ ვინმესთან ამ თემაზე მესაუბრა. თუმცა, შამგონაში გამოკითხვისას გავიცანი ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება, ეს იყო ასაკოვანი მამაკაცი, პედაგოგი, რომელმაც ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადამიანმა მას შემდეგ, რაც იგი გამოვკითხე, გამომაცილა და წამიყვანა არა იმ მხარეს, სადაც ის შეიარაღებული ადამიანები ცხოვრობდნენ, არამედ მეორე მხარეს, რადგან როგორც ჩანს, მან მაშინ ჯერ არ იცოდა, რომ მე ის ადამიანები უკვე ნანახი მყავდა და იფიქრა, რომ ამარიდა მათთან შეხვედრას.
ამ ადამიანმა შემდეგ დამირეკა, აღდგომა მომილოცა და როდესაც ვკითხე, რა ხდებოდა შამგონაში, მან მიპასუხა - შენ ჩემზე უკეთ გცოდნია აქ რა ხდებაო. როგორც ჩანს, ჩემი წამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ მე ის შეიარაღებული პიროვნებები ვნახე.
შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა?
- მოსახლეობის განწყობა შეიძლება გამოვხატოთ ორი სიტყვით - უდიდესი შიში. ადამიანი გიყურებს თვალებში, მოსდის ცრემლები და როდესაც ეკითხები, რა არის ის სამი პრობლემა, რაც მის ოჯახს აწუხებს, გპასუხობს, რომ შია და არ მუშაობს, მაგრამ როდესაც ეკითხები, ეთანხმება თუ არა იმ კურსს, რაც ქვეყანას აქვს აღებული, გპასუხობს, რომ კურსი სწორია, რომ ენდობა პრეზიდენტს, ენდობა პარლამენტს და ა.შ. მაგრამ როდესაც თვალებში უყურებ, ამას ფსიქოლოგობაც არ სჭირდება, აშკარაა, რომ ამ ადამიანებს ეშინიათ. ეს არ ხდება მხოლოდ ზუგდიდში.
ანალოგიური სიტუაციაა ფოთშიც, თუმცა იქ მეტნაკლებად უფრო გულახდილია მოსახლეობა, აღიარებს, რომ ბევრი რამე კეთდება, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი გასაკეთებელია და ა.შ.