როცა სახელისუფლებო ორგანოები და ნაცმოძრაობასთან ასოცირებული ოლიგარქების ბიზნესი ყველანაირად ძარცვავს და არჩევანს არ უტოვებს მოსახლეობას, ამ ადამიანებმაც უნდა შეძლონ რაიმეს დაპირისპირება მათთვის. მაგალითად, ცუდი არ იქნებოდა 1 მაისიდან წამოგვეწყო ბოიკოტირების კამპანია ლოზუნგით “მე აღარ ვუყურებ რუსთავი-2, იმედს და საზოგადოებრივ მაუწყებელს, არ ვსვავ “ნატახტარსა” და “ზედაზხენს” (ნატახტარი-თურქებისაა უკვე და ზედაზენი-ჩვენი ძარცვით გამდიდრებული ჩოჩელების და მათ უკან მდგომი დიდი ჩინოვნიკების –მათ მაგივრად ოპოზიციონერებმა და ხალხმაც “ყაზბეგი” დავლიოთ – უფრო ხარისხიანიცაა, ქართულ საქმეს ხმარდება და მის უკან ნაღდი პატრიოტები დგანან).
კახპა დედამთილს რძალი არ გაუბოზდება
უკვე 4 თვეზე მეტია ქართველ ნაციონალთა ლიდერები და მათი დამქაში ტელევიზიები წამდაუწუმ იმეორებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ ყალბდება არჩევნები რუსეთში როგორც საპარლამენტო, ისე - საპრეზიდენტო დონეზე. არჩევნების გაყალბების ქართველმა დიდოსტატებმა, ცხადია, კარგად იციან ის ძველი და ახალი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით ისინი წლებია, რაც აყალბებენ არჩევნებს. რუსეთში არჩევნები მართლაც გაყალბდა, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ეს ხდება საქართველოში. ამიტომ, როცა სხვის თვალში ბეწვს ხედავ და საკუთარში - დირესაც ვერა, ეს ახლომხედველობასთან ერთად უზნეობაზე და სიცრუეზე მეტყველებს.
არ განმეორდეს 1999 წლის საარჩევნო ისტორიები
გახსოვთ, ალბათ, 1999 წლის არჩევნების წინ როგორ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში: ერთმანეთს “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” დაუპირისპირდნენ ედუარდ შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირი” (სადაც მნიშვნელოვან როლს ჟვანია და სააკაშვილი ასრულებდნენ) და ასლან აბაშიძის “აღორძინება”. დაპირისპირება იყო საკმაოდ მწვავე და ხანდახან კუთხურ ხასიათსაც კი იღებდა. შევარდნაძე ქართველ ხალხს აფრთხილებდა,რომ “მოდის შავბნელი ძალა”, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულისაკენ დააბრუნებს და ხელს შეუწყობს სეპარატიზმის და კუთხურობის გაღრმავებას ქვეყანაში. შევარდნაძეს არც აბაშიძე ჩამორჩებოდა მწვავე გამოსვლებით. ორივე ძალამ შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათ გარდა სხვა აღარავინ გავიდოდა პარლამენტში (არადა, “მრეწველებს” მაშინ კარგი გუნდი ჰყავდათ, ერთ ბლოკში იყვნენ ედპ და რესპუბლიკელები – მესამე გზა).
გაყალბებული არჩევნების შემდეგ კი „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“ ისე დაუტკბა ერთმანეთს, ისე გადაინაწილეს თანამდებობები, რომ ძველი დაპირისპირება მირაჟივით გაქრა და ვარდების რევოლუციამდე ორივე ძალა ერთად იყო.
ვშიშობ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იგივე არ განმეორდეს საქართველოში – ნაციონალები და „ქართული ოცნების“ კოალიციის ზოგიერთი წევრი არ ჩაეხუტნონ ერთმანეთს. ივანიშვილმა ეს არანაირად არ უნდა დაუშვას.
რას უდრის ერთმანეთზე მიბმული წყალი + ნაგავი?
ქართულ მოსახლეობას ძალზე მძიმე ტვირთად აწევს (პოლიტიკოსებივით) წყლისა და ნაგვის გადასახადის ერთმანეთზე მიბმა, იგი ნამდვილი სატანჯველია ოჯახებისთვის. მოგეხსენებათ, მარტში დარიგდა 20–ლარიანი დენის ვაუჩერები, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ამას ჩემი ოჯახის მაგალითზე მოგახსენებთ: ყველამ იცის, რომ ახალწლებზე ადამიანები უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ჩემს ოჯახს იანვარში მოუვიდა 31 ლარის გადასახადი ელექტროენერგიაზე, თებერვალში, როცა დღე იმატებს, მოგვივიდა უკვე 46 ლარის გადასახადი (ანუ 15 ლარით მეტი), მარტში კი – 36 ლარი (5 ლარით მეტი) - არადა იგივენაირად ვხმარობდით ელექტროენერგიას, გასათბობად გაზს ვიყენებდით. აპრილის დასაწყისში კვლავ 30 ლარი მოგვივიდა, ანუ დაუბრუნდა –საახალწლო მაჩვენებელს. სინამდვილეში, თებერვალ-მარტში ჩვენ 20 ლარით მეტი გადაგვახდევინეს, ანუ ის 20–ლარიანი ვაუჩერი მთავრობამ კი არ გვაჩუქა, ჩვენივე ფულითაა გადახდილი და ეს ყველაფერი ხელისუფლებამ სათავისოდ მიიწერა. ამიტომ, ფორმულა ასეთი გამოვიდა: წყალი + ნაგავი (ერთმანეთზე მიბმული) = სააკაშვილი + უგულავას.
ამათ არც ცოცხლები ანაღვლებთ, არც – მკვდრები
ხალხის კულტურის დონე იმითაც განისაზღვრება, თუ როგორ უვლის იგი სასაფლაოებს და სასმელ წყაროებს.
ბზობის წინა დღეს და აღდგომას მუხათგვერდის სასაფლაოზე ავდივარ ხოლმე სიდედრ-სიმამრისთვის პატივის მისაგებად, ხოლო მეორე დღეს ხაშურში მივდივარ მშობლების საფლავზე.
20 წელზე მეტია მუხათგვერდის სასაფლაო ნელ-ნელა პარტახდება და ინგრევა. ხალხი მანქანით უმრავლეს ადგილას ვეღარ ახერხებს ახლობლების საფლავებამდე მისვლას. გზა ფაქტიურად აღარ არსებობს “გმირების მემორიალის” ზემოთ. არადა, წვიმაში და ცუდ ამინდში ხალხი წამების ფასად ახერხებს საფლავებამდე მისვლას და იქ წითელი კვერცხის გადაგორებას. მერია სასაფლაოს დირექტორების მოხსნის გარდა არაფერს აკეთებს. გზებზე ხრამებია გაჩენილი და მანქანებს აზიანებს.
მართალია, მიცვალებულები არჩევნებში ხმას არ აძლევენ (თუმცა ნაციონალთა სიებში ხვდებიან გასაყალბებლად), მაგრამ მუხათგვერდში დაკრძალულ 200 ათასზე მეტ მიცვალებულს ჭირისუფლები ჰყავს და ისინი ხმას ნამდვილად არ მიცემენ ხელისუფლებას.
პუტინი და ვეფხვზე დადგმული სპექტაკლი
ამას წინათ რუსმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს და გამოაქვეყნეს მასალა, სადაც პრეზიდენტი პუტინი წინასწარ სპექტაკლის დადგმაში ამხილეს, როცა მან თითქოს, შემთხვევით, ნადირობისას, შეძლო გზად შემხვედრი ვეფხვის განეიტრალება. თურმე ის ვეფხვი უსურიიდან ჩამოუყვანიათ წინასწარ და წამლით დაუძინებიათ, მერე კი მონტაჟის მეშვეობით კამერამ ყველაფერი ნამდვილს მიამსგავსა. (ეს სიუჟეტი მაშინვე მოგვახარეს “ჩვენმა” სამთავრობო არხებმა). ნათქვამია, ყვავმა ყვავს დასციანო. ასეთი სპექტაკლების დადგმაში არა მგონია ვინმე შეედრებოდეს ჩვენს მთავარ ხელისუფალსა და მამა-მარჩენალს.
საკუთარი შვილი ყველა კაცმა თვითონ უნდა შექმნას
2004 წელს ვარდების ხელისუფლებამ გააუქმა საქართველოს უშიშროების აკადემია. ამის შემდეგ სისტემაში კადრების დეფიციტი დაიწყო - ლაპარაკია პროფესიონალ კადრებზე და არა ქუჩიდან ნაცნობობით და ერთგულების ნიშნით მოყვანილ ხალხზე. თურმე ჩვენ უშიშროების მუშაკებს ამერიკელები და სხვა ჩვენი მეგობრები მოგვიმზადებენ. არადა, კანონია: საკუთარი უშიშროება და აგენტურა ყველა ქვეყანამ თავად უნდა შექმნას და გამოზარდოს, როგორც კაცმა - საკუთარი შვილი. როცა ეს გააცნობიერეს, მერე დაიწყეს რაღაც კურსების ორგანიზება მოდულის შენობაში, თუმცა სად – რამდენიმეთვიანი კურსები და სად – აკადემიის დამთავრება! თავის დროზე ასევე გააუქმეს თავდაცვის აკადემიაც, მაგრამ მიხვდნენ შეცდომას და კვლავ აღადგინეს. ასევე უნდა აღდგეს უშიშროების აკადემიაც. უცხო ქვეყანაში მომზადებული აგენტები და მუშაკები საქართველოს არ გამოადგება.
იახტკლუბი ერევანში
როგორც მითხრეს, თურმე ერევანში საკმაოდ სოლიდური იახტკლუბი ყოფილა. იკითხავთ ალბათ, სად ერევანი (ერეკლე) და სად საზღვაო იახტკლუბიო? სომხები წინ იყურებიან, როგორც ჩანს: თადარიგს იჭერენ, როცა მათ ზღვაზე გასასვლელი (ცხადია, აქ კასპიის ზღვა არ იგულისხმება – შავ ზღვაზეა ლაპარაკი, თუმცა ვინ იცის...) ექნებათ, იახტკლუბი აქტიურ ფუნქციონირებას დაიწყებს, მანამდე კი ჯერ აუზში წყალი არ უსხიათ.
1200 კალორიით მეტი
იაპონიაში, ოკინავაზე, არის ამერიკული დიდი სამხედრო ბაზა. დასვენების დღეებში ამერიკელი ჯარისკაცები დროსტარებას არ იკლებენ და სიმთვრალეში ხშირად დანაშაულსაც სჩადიან, მათ შორის, ხანდახან – მკვლელობებს. ასეთი შემთხვევის დროს დამნაშავე ამერიკელ ჯარისკაცს იაპონიის სამართალდამცველებს არ გადასცემენ და აშშ-ში ასამართლებენ. თუ მოხდა სასწაული და დამნაშავე ამერიკელი ჯარისკაცი იაპონურ ციხეში აღმოჩნდება (ეს ათასში ერთხელ ხდება), ამერიკელ პატიმარს სპეციალური სახელშეკრულებო მუხლით უნდა აძლიონ 1200 კალორიით მეტი საკვები, ვიდრე იაპონელ პატიმარს (წარმოიდგინეთ რა მოხდება ჩვენთან – შეიძლება ასეთ დამნაშავე ამერიკელს ქალებიც მიართვან ცალკე კამერაში). ამერიკელი ყველგან ამერიკელი უნდა იყოს!