საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას იხილავს, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. ამ ცვლილების თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილისთვის ქონებრივი დეკლარაციის შევსება სავალდებულო აღარ იქნება.
მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ისედაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები და ეჭვები ჩინოვნიკების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ საკანონმდებლო პაკეტმა დამატებით გააჩინა კითხვის ნიშნები. ინიციატივის ავტორი დეპუტატი ზვიად კუკავაა, რომელსაც presage.tv აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.
ზვიად კუკავა აცხადებს, რომ საჯარო მოხელეები ორი სახის დეკლარაციას ავსებენ. ერთი არის ჩვეულებრივი ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც ყოველწლიურად შემოსავლების სამსახურში ავსებენ და იტოვებენ. მეორე არის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირები ავსებენ და საჯარო სამსახურის ბიუროში აგზავნიან. „ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ კანონში გაწერილია იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც ამ მეორე დეკლარაციის წარდგენა ევალებათ. ესენი არიან მინისტრები, დეპუტატები, ასევე სამინისტროებში დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ა.შ. მათი ჩამონათვალი ასევე მოცემული პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებაში.
კუკავა ხაზს უსვამს, რომ დეკლარაციები, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიუროში ივსება არის გამჭვირვალე, საჯარო და ამ სამსახურის ვებ-გვერდზე ნებისმიერი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის ნახვა არის შესაძლებელი.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ზვიად კუკავას თქმით, ესენი არიან ჩვეულებრივი რიგითი საჯარო მოსამსახურეები. მაგალითად, პარლამენტში აპარატის თანამშრომლები, სამინისტროებში წამყვანი სპეციალისტები და ა.შ.
„ეს ადამიანებიც ყოველწლიურად ავსებენ დეკლარაციებს, მაგრამ მათი დეკლარაციები შედის შემოსავლების სამსახურში, ფაქტოვრივად, იქ არქივში თაროზე იდება. არანაირი საგადასახადო მიზანი ამას არ აქვს, ასევე არც გამჭვირვალეობას უწყობს ხელს, რადგან განსხვავებით იმ დეკლარაციებისგან, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ამდენად, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი ფორმალობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფორმალობის გაუქმება არის შესაძლებელი. ამდენად, ჩვეულებრივი საჯარო მოსამსახურეები ყოველწლიური დეკლარაციის შევსებისაგან განთავისუფლდებიან.
რაც შეეხება თანამდებობის პირებს, იმ თანამდებობებზე მომუშავე პირები, რომლებზეც მუშაობა კორუფციული თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია, ჩვეულებრივად გააგრძელებენ თანამდებობის პირთა ყოველწლიური დეკლარაციების შედგენას და ეს დეკლარაციები, როგორც აქამდე, იქნება ღია და საჯარო“, - აცხადებს ზვიად კუკავა.
Presage.tv-ს კითხვაზე, თუკი აქამდე ჩვეულებრივი საჯარო მოხელეების მიერ ქონებრივი დეკლარაციების შევსება იყო საჭირო, ახლა რატომ გაქრა ეს საჭიროება და რატომ გადაწყდა კანონში ამ ცვლილების შეტანა, ზვიად კუკავა პასუხობს, რომ ეს არის ცაგარეიშვილის კითხვა, ანუ გიორგი ცაგარეიშვილი სვამს ხოლმე ამგვარ კითხვებს.
„რა თქმა უნდა, როდესაც თავიდან ეს ნორმა იქნა მიღებული, ამას ჰქონდა ინოვაციური ხასიათი, ითვალისწინებდა ასე ვთქვათ, დიდ ყურადღებას საჯარო სექტორის მიმართ. საჭირო იყო ყველა საჯარო პირის ქონების გაკონტროლება, მისი საგადასახადო სამსახურში დაფიქსირება, მაგრამ რეალურად სიტუაცია ასეთია - როგორც მოგახსენეთ, ამას არც საგადასახადო მიზანი აქვს და არც გამჭვირვალობას აზიანებს. ეს ის თანამდებობებია, რომლებსაც კორუფციული თვალსაზრისით, არც ერთ ქვეყანაში მაღალი რისკის შემცველობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ეს ნორმა იქნეს ამოღებული და ამ ვალდებულებისგან საჯარო მოხელეთა გარკვეული ნაწილი განთავისუფლდეს“, - აცხადებს ზვიად კუკავა presage.tv-სთან საუბარში.
უხერხული კითხვების დამსმელ გია ცაგარეიშვილს კი ამგვარი საკანონმდებლო ცვლილება მაინცდამაინც არჩევნების წინ საეჭვოდ ეჩვენება. იგი აცხადებს, რომ ეს ცვლილება არანაირად არ შეუწყობს ხელს საჯარო მოხელეების საზოგადოების წინაშე ვალდებულებას.
„საერთოდ, რაც არის უხერხული ამ კედლებში, ყველაფერს ცაგარეიშვილის სახელი ჰქვია. ეს ადამიანები მიჩვეულები არიან უსიტყვო მონობას. მე კი ეს არ შემიძლია და იმისთვის ვარ ამ პარლამენტში მოვლენილი საზოგადოების და ჩემი ამომრჩევლის მიერ, რომ დავსვა უხერხული კითხვები. რას ფიქრობს ბატონი კუკავა, ეს საერთოდ არ მადარდებს და არც ის მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე მისი არქიფო სეთური, მისი მამა-მარჩენალი მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბდა ასეთი ტენდენცია, რომ რამდენიმე დეპუტატი ლავაშებივით აცხობს კანონს კანონზე. ესენი არიან კუკავა, ანჯაფარიძე, კუბლაშვილი, თაქთაქიშვილი და ა.შ. უამრავი საკანონმდებლო ცვლილება ამ ჯგუფის მიერ არის შემუშავებული. ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები სადღაც სხვაგან იწერება, უბრალოდ ეს ადამიანები შემდეგ ხელს აწერენ ამ კანონპროექტებს. მაგალითად, კანონპროექტები იწერება იუსტიციის სამინისტროში ადეიშვილის გუნდის მიერ, რომელიც სპეციალიზირებულია ამ მიმართულებით მუშაობაზე. ცაგარეიშვილის თქმით, ასეთივე სიტუაცია იყო წინა მოწვევის პარლამანეტში, უბრალოდ იქ სხვა ოთხეული წერდა ამ კანონებს.
ზვიად კუკავას მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, - „მე კი არ შევამცირებდი იმ პირთა წრეს, ვისაც დეკლარაციების შევსების ვალდებულება ეკისრება, არამედ გავზრდიდი მას. რა თქმა უნდა, ისიც აღძრავს გარკვეულ ეჭვებს, თუ რატომ ხდება ეს მაინცდამაინც არჩევნების წინ. აპარატში არიან რიგით თანამშრომლები, რომლებზეც მე მგონი ისედაც არ ვრცელდებოდა ამ დეკლარაციის შევსების ვალდებულება, მაგრამ პარლამენტის აპარატში მუშაობენ დეპარტამენტების თავმჯდომარები და მათი მოადგილეები, რომელთა სახელფასო განაკვეთი ფაქტობრივად უტოლდება პარლამენტის წევრების სახელფასო განაკვეთს. ასე რომ, ეს ყველაფერი შესაბამის დეკლარაციაში აღნუსხული უნდა იყოს. აქ ხომ მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლებზე არ არის საუბარი, საქმე ეხება ზოგადად საჯარო მოხელეებს.