„ნარკოტესტირება პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაიაროს“

„ნარკოტესტირება პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაიაროს“

გუშინ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილს შეხვდნენ. ამ შეხვედრაზე ახალგაზრდები დაინტერესდნენ დასვამს თუ არა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ პარლამენტში ხელისუფლების წარმომადგენელთა ნარკოტესტირების საკითხს. ამ კითხვით გია ცაგარეიშვილს მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სტეფნიშვილმა მიმართა, რომლის თქმით, „აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბოლო დროს გავრცელებულ კადრებში უმაღლესი თანამდებობის პირები უხერხულ მდგომარეობაში იხილა“. 

აღსანიშნავია, რომ ფრაქციის წევრებმა აღნიშნული საკითხი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე დასვეს, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ინიციატივა უარყო. საუბარი იყო ყველა მაღალი თანამდებობის პირის მიერ თმის ღერის გამოყენებით ნარკოტესტის გავლაზე. Presage.tv ამ საკითხზე დეპუტატ გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.

გია ცაგარეიშვილი: ეს ინიციატივა ორი წლის წინ ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გახმოვანდა. გახსოვთ ალბათ, შემდეგ იგი კვიტაშვილთან ერთად იყო აუდიენციაზე სააკაშვილთან. იქვე ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი მაგალითს მისცემდა სხვებს და  პირველი ჩაიტარებდა ნარკოტესტირებას თმის ღერის გამოყენებით. ეს არის ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა, ან იყო თუ არა ადამიანი ნარკოტიკის მომხმარებელი. თმაში ნარკოტიკის კვალი რჩება წელიწადზე მეტ ხანს. ეს კრიმინალისტიკაში აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ერთი ადამიანის ტესტირება 100 ლარამდე ჯდება.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ინიციატივის თანახმად, ეს თანხა უნდა გაეღო თავად იმ საჯარო მოხელეს, ვინც გაივლიდა ნარკოშემოწმებას, და არა სახელმწიფო ბიუჯეტს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ეს შემოწმებები სახელმწიფოს ძვირი დაუჯდებოდა, არის სიცრუე.

მაგრამ, თუ არ ვცდები, ხელისუფლების არგუმენტი ამ შემთხვევაში სწორედ ეს იყო, რომ ამ ნარკოტესტირების ჩასატარებლად სახელმწიფოს სახსრები არ ჰქონდა...

- დიახ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, თანხა უნდა გაეღოთ თავად საჯარო მოხელეებს. ამიტომ ეს იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზი. თავად ამ თემაზე საუბარიც სააკაშვილის მხრიდან იყო პიარის ნაწილი, რადგან, როგორც კი ეს შეხვედრა დასრულდა, მან საერთოდ დაივიწყა აღნიშნული ინიციატივა. მე ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ძალიან დიდი პრობლემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ ითქვა ამ ინიციატივაზე უარი.

საქართველოს პარლამენტში მოხვედრამდე თითოეული დეპუტატი გადის სტანდარტულ ნარკოლოგიურ შემოწმებას. რით განსხვავდება ეს შემოწმება თმის ღერით ტესტირებისგან, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვდა?

- მე ორჯერ მაქვს ეს ტესტი ჩაბარებული, ვინაიდან უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. ეს არის  ვალდებულება და პარლამენტის დეპუტატი მანდატის ათვისების წინ თუ არ მიიტანს ამ ტესტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იგი დეპუტატის უფლებამოსილებას არ დაადასტურებს. ამდენად, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ცეესკომ დაადატუროს, რომ დეპუტატს აქვს უფლება გახდეს მომავალი პარლამენტის წევრი. ეს ყველაფერი ხდება არჩევნების დასრულების შემდეგ და ყველა დეპუტატმა ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შეასრულოს.

ახლა გეტყვით, რით განსხვავდება ეს შემოწმება თმის ღერით ტესტირებისგან. ჩვეულებრივი ნარკოლოგიური შემოწმების დროს (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვებისთვის) ბარდება შარდი. შარდში კი ნარკოტიკის კვალი რჩება ძალიან ცოტა ხნით. მე არ ვარ ანატომი, ან ექიმი, მაგრამ ეს საკითხი ჩემს პროფესიასთან მეტნაკლებად ახლოს არის და ვიცი ეს ტექნოლოგია. ნარკოტიკული საშუალება შარდიდან იდევნება შლაკებთან ერთად და დაახლოებით ერთ კვირაში მის კვალს ვეღარ აღმოაჩენთ, როგორი ძლიერმოქმედიც არ უნდა იყოს ეს ნარკოტიკი. თმაში კი ნარკოტიკის (და არა მხოლოდ ნარკოტიკის, არამედ ნებისმიერი ნივთიერების კვალი, რომელიც უცხო სხეულია ორგანიზმისთვის) კვალი რჩება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში. უფრო მეტსაც გეტყვით, კრიმინალისტიკაში გამოიყენება ეს მეთოდი, როდესაც ხდება გვამის ექსგუმაცია.

პირველ რიგში, რასაც კრიმინალისტები სწავლობენ, ეს არის თმის ღერი და ფრჩხილები, რადგან თმაში და ფრჩხილებში რჩება ყველა იმ ნივთიერების კვალი, რომელიც შეიძლება ადამიანის დაღუპვის მიზეზი გამხდარიყო. ამდენად, ფრჩხილები და თმა არის ადამიანის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსაკვლევი ობიექტი. სწორედ ამიტომ არის აქცენტი გაკეთებული თმის ღერზე. რაც უფრო ძლიერმოქმედია ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო დიდ ხანს რჩება იგი თმის ღერში.

გამოდის, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლებამ ამგვარი ტიპის გამოკვლევაზე უარი თქვა?

- დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი.

რატომ დაისვა ეს საკითხი დღეს, ანუ რამ განაპირობა ამ თემის აქტუალიზაცია?

- არსებობს უამრავი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. ამგვარი ინფორმაციები სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ხოლმე. ყველაფერ ამას რომ წერტილი დაესვას, ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გზა - მიდი და ჩააბარე თმის ღერი. ამით ეს ინსინუაციები დასრულდება. ახალგაზრდებს აქვთ სრული უფლება დასვან ნებისმიერი სახის შეკითხვა, მათ შორის ამგვარიც. მე მგონი ჩვენდა სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება არ გვყავს, რომლის წესიერებაში ამ მიმართულებით ეჭვს ვერ შეიტან.  

ახალგაზრდებს გაუჩნდათ ეჭვი და ეს ეჭვი რომ გაქარწყლდეს, საჭიროა ყველა უმაღლესი თანამდებობის პირმა ჩააბაროს ნარკოტესტი. მე არ ვამბობ, რომ უბნის ინსპექტორის და მასწავლებლის დონეზე დავიწყოთ ყველა საჯარო მოხელის შემოწმება, მაგრამ ეს შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს და ა.შ. და რაც მთავარია, პირველ რიგში ნარკოტესტირება უნდა ჩაუტარდეს მიხეილ სააკაშვილს. მაგალითის მიმცემი სწორედ ის უნდა იყოს.

დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქვენთან შეხვედრის დროს პარლამენტში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- დიახ, ეს სიმართლეა.

როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრის გამო იყო ეს გაკეთებული?

- ეს უნდა ჰკითხოთ აპარატის უფროსს და დაცვის უფროსს, რომელთა მითითებითაც ეს ადამიანები სამი საათის განმავლობაში ყარაულობდნენ ამ ახალგაზრდებს. მანდატურის სამსახური სრული შემადგენლობით იყო მობილიზებული. საინტერესოა, რა ეგონათ, რომ ეს ახალგაზრდები ნუგზარ წიკლაურს ოთახში შეუვარდებოდნენ? ჩვენ და მათ შორის ეს ახალგაზრდებიც განვსხვავდებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, პრიმატებივით მაგიდებზე არ დავრბივართ და რევოლუციებს არ ვაწყობთ. ჩვენ ძალიან მალე მოვაწყობთ საარჩევნო რევოლუციას და ამას ვპირდებით წიკლაურსაც, კუბლაშვილსაც და ყველა ჩემს მეზობელს, რომლის ოთახიც ამ სართულზეა განთავსებული. ასე რომ, წყნარად იყვნენ, ჩვენგან მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა. მე სრული უფლება მქონდა ეს ადამიანები მომეპატიჟებინა პარლამენტში. უბრალოდ ეს ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მაისურებით იყვნენ და ეტყობა სწორედ ეს მოხვდათ გულზე ამ ბატონებს. მე უბრალოდ მათგან არავინ შემხვედრია კორიდორში, თორემ ვაჩუქებდი ასეთ მაისურებს, თუმცა ისინი ამის ღირსები არც არიან.