საქართველოს მთავრობაში არავის აზრად არ მოსვლია, რომ "ჩეკს" ქართულად ქვითარი ჰქვია
ე.წ. "ჩეკების" გათამაშების სერვისი, რომელსაც ქართულად ქვითრების გათამაშება ჰქვია (რატომღაც საქართველოს მთავრობაში არავის აზრად არ მოსვლია ამ აქციისთვის ქართული სახელი შეერჩია) და ქვეყნის პირველი პირისგან "რევოლუციად" ფასდება, არსებობის მესამე დღესვე სერიოზული შეფერხებით მუშაობს. ქვითრების გადამოწმება სპეციალურ ვებ-გვერდზე აბსოლუტურად შეუძლებელია. ხარვეზია მომსახურების სიზუსტის მხრივაც და ადვილი შესაძლებელია, მოთამაშეს "მოგებული" თანხა მორიგი გადამოწმებისას "მოგების გარეშედ" ჩაეთვალოს.
ახალი ტიპის გათამაშება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისთვის ახალი დროის რევოლუციური ნაბიჯია. პრეზიდენტის შეფასებით, დღეს საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგადასახადო სისტემა იქმნება. "გუშინწინ შემოვიდა ლატარია გადასახადებზე. რევოლუცია მოხდა. ბოლო სამი დღეა, ხდება საქართველოში რევოლუცია. ყველა ითხოვს "ჩეკებს" ყველგან. ადრე ხომ სირცხვილი იყო, როგორ შეიძლებოდა ქართველს ქართველისთვის "ჩეკი" მოეთხოვა? შეიცვალა დრო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროექტის ორგანიზატორების პირველი შეფასებით კი, ქვითრების გათამაშებით საქართველოში ქვითრის გამოწერის კულტურა დაინერგება.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ "უპრეცედენტოდ" წოდებული გათამაშება 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ქვითრით, მომხმარებელი წამახალისებელი გათამაშების მონაწილე ხდება. თამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებები.
გათამაშება ტარდება ყოველდღე, 18 აპრილის დილის 10 საათიდან, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყოველდღე მილიონამდე ქვითარია გათამაშებაში. 20 აპრილის მონაცემით, რომელიც შუადღის საათებში შემოწმდა, 2500-მდე ადამიანის მოგება დაფიქსირდა.
რაც შეეხება სერვისით სარგებლობისას არსებულ შეზღუდვას, ქვითრების გათამაშების ცხელ ხაზზე განმარტავენ, რომ ვებ-გვერდი გადაიტვირთა, რადგან ქვითარს უამრავი ადამიანი ამოწმებს.
"მომხმარებელს შეუძლია სხვა ალტერნატიული საშუალება გამოიყენოს, თუნდაც მობილური ტელეფონი. საიტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და, შესაძლოა, გადატვირთვა ამას გამოეწვია. შეგიძლიათ, რამდენიმე საათში ისევ სცადოთ", - ასე პასუხობს "რეზონანსის" შეკითხვას ცხელი ხაზის ოპერატორი.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა ანალოგიური განმარტებით, ვებ-გვერდზე ძალიან ბევრი მომხმარებელია შემოსული, რამაც შეზღუდვა გამოიწვია.
"მილიონი "ჩეკი" გადამოწმდა. გუშინდელი მონაცემით, რომელიც შუადღის საათებში შემოწმდა, 2500-მდე ადამიანმა მოიგო. 10-100 ლარამდე პრიზები გათამაშდა. ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს. საიტზე მცირე შეფერხების დროს მოთამაშეს შეუძლია, რომ მობილურითაც ისარგებლოს.
დღის განმავლობაში რამდენიმე ასეულ ათასობით "ჩეკი" მოწმდება. რაც შეეხება უზუსტობას, ვფიქრობთ, ეს მომხმარებლის მიერ დაშვებული შეცდომაა. შესაძლებელია, კოდი არასწორად შეიყვანეს, სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ", - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურმა, მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის შეიმუშავა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი: გათამაშების მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ცცც.კთ.პუ-ზე, მოცემული სპეციალური ფორმით, მობილური ოპერატორებიდან ("ჯეოსელი", "მაგთი") 72003-ის აკრეფით და მოცემულ ველებში შესაბამისი კოდების შეყვანით და ასევე, ქვითრის მომგებიანობა შესაძლებელია შემოწმდეს სწრაფი გადახდის აპარატებით (ეის ზფნ და ტწმფ).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.
გათამაშების პროცესში მომხმარებლის მართლაც აქტიურობს და ამას შემოსავლების სამსახურის მიერ დასახელებული ციფრიც ცხადყოფს. თუმცა, საეჭვოა, დიდხანს გასტანოს მოგების მსურველთა აქტიურობამ, თუ სერვისის მუშაობისას დაშვებული ხარვეზი დროულად არ გამოსწორდება. ყველაზე მეტ დისკომფორტს კი მოთამაშეს, ვებ-გვერდის შეზღუდულ მუშაობასთან ერთად, დაშვებული უზუსტობა უქმნის.
"გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ქვითრის გადამოწმებას, მაგრამ ვერ მოვახერხე, ყველა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა. ძველი ქვითრები ახლაც შენახული მაქვს, რომ მოგვიანებით მაინც გადავამოწმო.
ჩემ გარშემო ძალიან ბევრმა მიიღო გათამაშებაში მონაწილეობა, მაგრამ მინიმალური თანხაც არავის მოუგია. ისედაც მძიმე ყოფითი პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად ხელისუფლებამ შესანიშნავი ხერხი გამოიყენა. სადაც უნდა იყო, ახლა ყველგან "ჩეკებზეა" საუბარი, მოგების ჟინით შეპყრობილი, გაჭირვებული ადამიანები გამოწერილ "ჩეკს" ხელიდან არ აგდებენ. არ ვიცი, სანამ ეყოფათ გამძლეობა", - ამბობს თეა მამისაშვილი, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე.
"ქვითარი პირველად რომ შევამოწმე 20-ლარიანი მოგება დაფიქსირდა. შესაბამისი თანხის მოთხოვნისას მითხრეს, რომ ქვითარი მოგების გარეშეა. ხელმეორედ გადავამოწმე და მართლაც უიღბლო "ჩეკი" აღმოჩნდა. მესმის, რომ უამრავი ადამიანი მონაწილეობს და ბევრი ვერ მოიგებს, მაგრამ გათამაშების პირველივე დღეებში დაშვებული უზუსტობა მომხმარებლებს უიმედო მდგომარეობაში გვაყენებს. სიმართლე გითხრათ, მოსახლეობა ამით ბევრს ვერას გამორჩება და გათამაშებაც გაჭირვებულებისთვის გადაგდებული მორიგი სატყუარაა", - ამბობს ირმა სტეფანია, გათამაშების უკმაყოფილო მონაწილე.