მთავრობამ კიდევ ერთი ბიზნესისთვის გაიმეტა ფიქსირებული გადასახდი. სოლარიუმებს სულ მალე 70 ლარს დააჯერებენ. შესაბამისი დამატება “სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ” მთავრობის დადგენილებაში შედის.
აქამდე ამ ტიპის მომსახურების იბიექტებიდან ფიქსირებული გადასახადით მხოლოდ სილამაზის სალონების მეპატრონეები სარგებლობდნენ. აქ თითო სკამზე თვეში 50 ლარია გადასახდელი, ხოლო მანიკურისა და პედიკურის ერთ მაგიდაზე კი - 30 ლარი.
ახლა კი მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიქსირებული გადასახადის გადახდა, სოლარიუმის მომსახურებაზეც შეიძლება. კერძოდ, სოლარიუმის ერთ კაბინაზე ფიქსირებული გადასახადი თვეში 70 ლარი იქნება. ეს დადგენილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება დამტკიცებული.
მთავრობა ერთი ხელით მცირე მეწარმეებს საგადასახადო სტრუქტურას რომ უმარტივებს, მეორე ხელით ჯარიმებს უწესებს. ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც თონეებისა და სილამაზის სალონების მეპატრონეები ფიქსირებულზე გადაიყვანეს და მაშინვე საჯარიმო სანქციები შეიმუშავეს. “საგადასახადო კოდექსში” უკვე ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებისთვის ჯარიმები წესდება.
კანონპროექტის მიხედვით, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი შეუჩერდებათ და ამ სტატუსით საქმიანობას მაინც გააგრძელებენ.
თონეები და სილამაზის სალონები 200 ლარით დაჯარიმდებინ, იმ შემთხვევაშიც თუ თონეების მეპატრონეები ახალ თონეებს, ხოლო სილამაზის სალონების მეპატრონეები ახალ სკამებს თუ მაგიდების, საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე დაამატებენ.
მიმდინარე კვირა საგადასახადო კოდექსში ძირეული ცვლილებების კვირაა. კოდექსს ემატება ახალ-ახალი მუხლები, რომელიც როგორც მთავრობა ამტკიცებს ახალი საგადასახადო შეღავათების დასაბამი გახდება, რაც გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს.
კოდექსში, რომელიც გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, გადამხდელებისთვის საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია მოხდება. შეღავათები, ძირითადად, დღგ-სა და იმპორტის გადასახადზე აისახება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილებით შესაძლებელი ხდება შეთანხმების გაფორმება საგადასახადო ორგანოსა და სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე პირს შორის. ამ შეთანხმების გაფორმება პირს მომავალ საგადასახადო პერიოდში დასადეკლარირებელ საგადასახადო ვალდებულებს შეუმცირებს.
ამავე სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს ახალ ცვილილებებში სასწრაფო ცვლილების შეტანა მოუწია. საქმე ეხებოდა არაყსა და ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზური განაკვეთების ზრდის შესახებ ინფორმაციას. პარლამენტში შეტანილი ინიციატივების პაკეტის მიხედვით, ორივე მიმართულებით აქციზი ძვირდებოდა.
კემულარიამ თქმით, “არც არაყზე და არც ბუნებრივი აირის კონდესანტზე აქციზის განაკვეთების გაზრდა არ იგეგმება და ეს საკითხი მთავრობას არც განუხილავს”.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის ცხრილში კი, აქციზის განაკვეთად 1 ლიტრ არაყზე 3 ლარის ნაცვლად, 5 ლარია მითითებული, ხოლო ბუნებრივი აირის კონდესანტზე, 1000 კბ_მ-ზე 80 ლარის ნაცვლად, 1 ტონაზე - 120 ლარი.
“ეს ალბათ ტექნიკური ხარვეზია, რაც გასწორდება”, - ირწმუნება რუსუდან კემულარია.