ჩამორეიტინგებული საბანკო სისტემა და არაადეკვატური ეროვნული ბანკი

ჩამორეიტინგებული საბანკო სისტემა და არაადეკვატური ეროვნული ბანკი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორმა 142 ქვეყანას შორის 104-ე ადგილი დაიკავა. საბანკო კრედიტების გაცემის სიმარტივით კი ქვეყანა 79-ე ადგილზეა. ეს მონაცემები ძალიან ემწვავათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. ბოლო წლებია ადგილობრივს თუ უცხოელს დღენიადაგ საქართველოს საბანკო სისტემის უნიკალურობაზე ესაუბრებიან და შედეგად სამარცხვინო რეიტინგი დაიმსახურეს.

ეროვნულ ბანკში აღნიშნულ რეიტინგთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა ხშირად რეალობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და გაკვირვებას იწვევს საერთაშორისო ანალიტიკურ ჯგუფებშიც.

“როდესაც საუბარია საბანკო სისტემის მდგრადობაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ კრიზისის დროსაც კი არ დამდგარა რომელიმე ქართული ბანკისათვის ფინანსური დახმარების საჭიროება. მეტიც: 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დღეებშიც ბანკებს საკმარისი ლიკვიდობა გააჩნდათ იმისათვის, რომ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე დაეკმაყოფილებინათ დეპოზიტების გატანის მასშტაბური მოთხოვნა”, - აცხადებენ ბანკში.

რაც შეეხება კრედიტების ხელმისაწვდომობის თემას, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2011 წელს ძალაში შევიდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სესხის უზრუვნელყოფის სახეები და საშუალებები (განსაკუთრებით მოძრავი ქონების ნაწილში) და შესაბამისად უფრო მეტი კლიენტისთვის გახდა სესხი ხელმისაწვდომი.

ქადაგიძის უწყებას ისღა დარჩენია თავი იმართლოს. თუმცა, ეროვნული ბანკი ამ საქმეშიც მოიკოჭლებს. საქმე ისაა, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში სულ 150 ქვეყანა ხვდება. ის ერთ-ერთი უსერიოზულესი კვლევაა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზუსტ დიაგნოზს სვამს. ამ დროს კი სებ-ში ასეთ კომპეტენტურ კვლევას ეჭვქვეშ აყენებენ და “რეალობასთან აბსოლუტურად შეუსაბამო”-ს უწოდებენ.

სამაგიეროდ, ქართველი ექსპერტები “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” შეფასებებს ეთანხმებიან. “საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად უსწრებს. მოსახლეობა გადახდისუუნაროა. რისკების მაჩვენებელი მაღალია. ბანკები ეკონომიკისაგან მოწყვეტილია. ამას ისიც ამტკიცებს, რომ 2011 წელს საბანკო სექტორის მოგებამ 350 მილიონზე მეტო ლარი შეადგინა. ეკონომიკის დანარჩენი დარგები კი მოგების გაცილებით დაბალ მარჟაზე არიან ორიენტირებულნი”, - აღნიშნა ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ.

რაც შეეხება კრედიტების ხელმისაწვდომობას, მისი აზრით, მეწარმეთათვის კრედიტები მეტისმეტად ძვირია, რაც ბაზარზე მოთამაშეების კონკურენტუნარიანობის განვითარებას უშლის ხელს.  “იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს, მას იაფი ფინანსური რესურსები სჭირდება”, - აღნიშნა ლექვინაძემ.

საქართველოს ერივნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის, 16-ის საწესდებო კაპიტალი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის შექმნილი და ორი უცხოური ბანკის ფილიალია გახსნილი.

ეკონომიკის ექსპერტს სოსო არჩვაძე სწორედ ბანკების რაოდენობა ეზედმეტება. იგი თვლის, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაკროეკონომიკური კუთხით შორს არის მოწინავე პოზიციებისაგან:

“ქვეყანაში საბანკო აქტივების ზრდა დაბალია. საბანკო სექტორის გამსხვილება უნდა გაგრძელდეს. 19 ბანკი, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობისა და ბანკების რესურსებიდან გამომდინარე, ბევრია.

მოსახლეობა ბანკში, ძირითადად, სამომხმარებლო სესხისთვის მიდის. სტატისტიკის თანახმად, აგრარული დანიშნულებისთვის აღებული სესხების რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე - იპოთეკისა და გირავნობისთვის აღებული სესხები.  მოსახლეობა სესხებს იმისთვის კი არ იღებს, რომ მიწა დაამუშავოს, არამედ იმისთვის, რომ იმკურნალოს ან გადაუდებელი პრობლემები მოაგვაროს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია და საბანკო სექტორის სიჯანსაღე - დაბალი”, - ამბობს სოსო არჩვაძე.