სემეკის ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა პრობლემები შეუქმნა როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მეწარმეებს. ახალ აბონენტს სასიცოცხლოდ აუცილებელი წყაროების (გაზი, დენი, წყალი) სახლში შეყვანის უფლების მოპოვება 3000 ლარამდე უჯდება. გაცილებით დიდი თანხა და რთული ვითარებაა მეწარმეების შემთხვევაში. აქ თანხა ათეული ათასი ლარით განისაზღვრება.
ამგვარი მაღალი ტარიფი მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყება-განვითარებას ძლიერ აფერხებს. გამოდის, რომ დამწყებმა მეწარმემ უარი უნდა თქვას აუცილებელ კომუნალურ საშუალებებზე და უწყლო, უშუქო და უგაზო ბიზნესი წამოიწყოს.
მეწარმეების ნაწილი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის კომპანიებში დარეგისტრირების მაღალ საფასურს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს ტარიფები მათი ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორებია.
“თელასის” მაღალი გადასახადის შემდეგ პრეტენზიების თბილისის წყლის კომპანიის მიმართ ისმის. “თელასში” გამანაწილებელზე მიერთება 1200-დან ნახევარ მილიონამდე ლარი ღირს, რაც მათ ბიზნესის წარმოებაში ხელს უშლის.
დღეს კი მომხმარებელთა ნაწილი ახლადაშენებულ ობიექტებში წყლის შეყვანის მაღალ გადასახადს აპროტესტებს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალ აბონენტად დადგომის გადასახადი 1500-დან 26 500 ლარამდე მერყეობს. რა გათვლებს ემყარება კომუნალური მომსახურების კომპანიებისთვის გადასახდელი მაღალი ტარიფები?
თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში პრეტენზიების საპასუხოდ განმარტავენ, რომ კომპანია წყლის შეყვანას არ ახდენს და მხოლოდ ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება ხდება. მათივე განაცხადებით, ამ პროცესს სემეკის სპეციალური დადგენილება არეგულირებს.
ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ტარიფებს სემეკ-ის სპეციალური დადგენილება არეგულირებს და ღირებულება ობიექტზე წყლის შეყვანისთვის საჭირო ყველა სამუშაოს მოიცავს. მისივე განმარტებით, დადგენილების მიღებამდე თავად ბიზნესმენს უწევდა ყველა სამუშაოს ორგანიზება და დაფინანსება, რაც გურამ ჩალაგაშვილის მტკიცებით, ჯამში დასახელებულ ტარიფებს 2-3-ჯერ და ზოგჯერ 5-ჯერ აჭარბებდა.
“დღეს კი სიტუაცია შეიცვალა და ახალ აბონენტად დარეგისტრირება პირს 1 500 ლარი დაუჯდება, ხოლო მრავალსართულიან კორპუსებში, ანუ სადაც სასმელი წყლის წარმადობა დიდია და ა.შ. ახალ აბონენტად დარეგისტრირება 26 500 ლარი ეღირება. არადა, აქამდე ეს პროცესი მშენებელს, საშუალოდ, 100 ათასიდან 150 ათას ლარამდე უჯდებოდა”, - აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.
ახალი წესის მიხედვით ახალი აბონენტი თავდაპირველად იხდის თანხის ნახევარს. ამის შემდეგ კომპანია ვალდებულია, რომ ყველა სამუშაო 45 დღის ვადაში დაასრულოს და პირიც ახალ აბონენტად დაარეგისტრიროს.
“იმ შემთხვევაში თუ ვადებით დაირღვა, ანუ 45 დღეში ვერ მოასწრო კომპანიამ ყველა პროცედურის შესრულება, მაშინ ახალი აბონენტი დარჩენილ 750 ლარს აღარ გადაიხდის, კომპანია კი ვალდებული იქნება, რომ სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს”, - აცხადებს ჩალაგაშვილი.
რაც შეეხება “თელასს”, იქ მეწარმეთა პრეტენზიებზე განაცხადეს, რომ ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მსხვილ საწარმოს მოუწევს, მცირე ბიზნესისთვის კი ეს თანხა, საშუალოდ, 12 ათას ლარამდეა.
სემეკში აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ ქსელებზე მიერთების საფასური კომპანიების მიერ მიწოდებული ხარჯების მიხედვით განისაზღვრა. უფრო მეტიც, როგორც მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, მათ კომპანიების მიერ მიწოდებული ხარჯები თითქმის გაანახევრეს და ყველაზე ოპტიმალური საფასური დაადგინეს, თუმცა მომხმარებლისთვის აღნიშნული ოპტიმალური ტარიფი მაინც ძალიან მაღალია.