იმ დროს, როდესაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე საუბრობს, კლინიკების მფლობელი სადაზღვევო კომპანიები ტარიფების გაზრდას აპირებენ. ფაქტია, რომ ეს გაღატაკებულ მოსახლეობას სულაც არ მოეწონება და პასუხს აუცილებლად მთავრობისაგან მოითხოვენ. და რას იზამს ამ დროს ზურაბ ჭიაბერაშვილი?
ჯერჯერობით კი ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს უწყების ახალ სტრატეგიას აცნობს. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს ჯანდაცვის მთავარი ამოცანა დაზღვეული ადამიანების რიცხვის გაზრდაა.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რაც ახალი საავამდყოფოების აშენებაში და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაში გამოიხატება.
“ექთნებსა და ექიმებს, მთავრობის მიერ დაწყებული ჯანდაცვის რეფორიმის წყალობით, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამუშოა ადგილები შეექმნათ და საშუალება მიეცათ, უკეთესად ემსახურონ მოქალაქეებს”, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
2006 წლამდე ქვეყანაში დაზღვეული მხოლოდ 40 ათასი ადამიანი იყო; 2012 წლის ბოლოს კი, დაზღვეული თითქმის ყველა მეორე მოქალაქე იქნება.
“ეს იქნება დიდი გარდატეხა ასობით ათასი მოქალაქისთვის. ჯანდაცვის სფეროს სადაზღვევო პრინციპებზე გადაყვანა საშუალებას მოგვცემს, ბევრმა ადამიანმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. სექტემბრიდან პენსიონერებს სადაზღვევო პაკეტი გაეზრდებათ. ასევე სექტემბრიდან მოხდება 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვების დაზღვევაც”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
თუმცა, დაზღვევასთან დაკავშირებით ახალბედა მინისტრს დიდი პრეტენზიებიც გაუჩნდა, მაგრამ რადგანაც “ჯერ სულ ახალია”, ამ ეტაპზე რისხვის დატეხისგან თავს იკავებს.
“ზუსტად ვიცი, იმის გამო, რომ კონკრეტულ სადაზღვევოს ჰქონდა კლინიკის დავალიანება, დაზღვევის მქონე ადამიანი კლინიკამ უკან დააბრუნა. მე ჯერ ახალი ვარ და ძალიან ბრაზიანად არ შეიძლება გამოვიყურებოდე, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ამაზე უფრო მძიმე რეაქციები მექნება, ვიდრე ახლა მაქვს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა გურჯაანში, ექიმებთან შეხვედრის დროს.
“მეორე რაც არის, თვითონ სამედიცინო მომსახურების ხარისხია. კონკრეტულ დაავადებებს აქვს თავისი პროცენტი, როცა შემთხვევები ფატალური შედეგით სრულდება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კარგი ინფორმირება ჩვენი საზოგადოებისა, სად არის ასეთი შემთხვევა და სად ჰქონდა ადგილი ექიმის ან ექთნის შეცდომას.
არ შეიძლება ყველა ასეთი შემთხვევა ვაქციოთ ექიმების წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობად. ჩვენ ახლა გადავალთ სისტემაზე, რომელშიც ყოველგვარი მედიააჟიოტაჟის გარეშე იქნება საჯარიმო სანქციები”, - აღნიშნა მინისტრმა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინეს.
მოკლედ, სადაზღვევო კომპანიები, რომელთა უმრავლესობა უკვე საავადმყოფოების მფლობელებადაც მოგვევლინენ, ბოლო რამდენიმე დღეა ყურადღებით აკვირდებოდნენ ახლადმოვლენილი მინისტრის გამონათქვამებს და ბოლოს გადაწყვიტეს კლინიკებში ფასები შეცვალონ. რა თქმა უნდა, “შეცვლა” ამ შემთხვევაში გაძვირებას გულისხმობს, რამეთუ ჯანდაცვის სისტემაში განუწყვეტლივ ყველაფერი ძვირდება.
სადაზღვევოების ნაწილი ახალ სამედიცინო კლინიკებში საფასო პოლიტიკის გადახედვაზე მართლაც ფიქრობს. “იმედი ელში”, რომელმაც კლინიკები აჭარასა და კახეთში გახსნა, აცხადებენ, რომ არსებული დატვირთვით კმაყოფილები არიან. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განმარტებით, ჯერჯერობით ფასები შეცვლილი არ არის, თუმცა ამ ეტაპზე განხილვები მიმდინარეობს და კომპანია ეცდება, ტარიფების შეცვლის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ განხორციელდეს.
“არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” კახეთში ორი კლინიკა გახსნა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და კლინიკები ყოველდღიურად საშუალოდ 150-300 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურებიან. მისივე თქმით, ფასები კლინიკებში ჯერჯერობით შენარჩუნებულია, თუმცა მათი ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც კლინიკების მუშაობის საწყისი ეტაპი შეჯამდება.
რამდენად მოეწონება ეს ყველაფერი ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას და შემდეგ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ მინისტრს, ამას ძალიან მალე დავინახავთ...