ქართველ ადვოკატებს საათობით, ხშირად მთელი დღის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა იმისთვის, რომ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი მოინახულონ. გაუთავებელ რიგებში დგომა ადვოკატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიერ, 10 ივნისს გამოცემული N89 ბრძანების შემდეგ უწევთ, რომლის თანახმად “დამცველს/ადვოკატს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ შესვლაზე შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფ ერთ მსჯავრდებულს/პატიმარს, ხოლო სხვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, დაიცვას მსჯავრდებულთან/პატიმართან შეხვედრის რიგში მდგომ დამცველთა/ადვოკატთა რიგითობა“.
დღეს პრესა.გე გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში ესაუბრა რიგში მდგომ ადვოკატებს და ბრემენის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარეს, ერიკ იოსტერს, რომელიც გლდანის N8 საპყრობილესთან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ზაზა ხატიაშვილთან ერთად მივიდა.
აქვე ერთ–ერთმა ძალიან ცნობილმა ადვოკატმა, თავის დაცვის ქვეშ მყოფის მონაყოლზე დაყრდნობით გვიამბო საპყრობილეში არსებული ვითარების ირგვლივ; პრესა.გე ადვოკატის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ასახელებს, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს უხდის:
“ღამის ათი საათის შემდეგ შედიან პატიმრებთან, იმ დროს, როდესაც შუქები ქვრება, რომ ისინი კარგად სცემონ და გარეთ ხმა არ გამოვიდეს. საპყრობილის ახლადდანიშნული დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე სპეცრაზმთან ერთად (დაახლოებით ასი კაცის თანხლებით) შედის პატიმრებთან; მათ სცემენ; ე.წ. კარანტინში სისხლის გუბეები დგას. პატიმრები ამბობენ, “როგორც ჩანს, ჩვენთან შემოსვლამდე პატიმრებს რაღაცას ასმევენ, რადგან იმხელა სიამოვნებას გვრით ეს ცემის ფაქტი, რომ შემდეგ დგანან და იცინიანო. არ ვიცი ასე სადამდე შეიძლება გაგრძელდეს.
საპყრობილის ყოფილი დირექტორის, თამაზ მელაძის დამცველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მუხაძესთან შედარებით მელაძე მონაგონია, აქ ისეთი ვითარებაა პატიმრების ცემა–წამების კუთხით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან შევიტყვე, რომ ამ წუთისთვის 20–დღიან “კარცერში“ ჩასმული ჰყავთ გიორგი ვატიკაძე, რომელიც ისეა ნაცემი, რომ სახე გადაგლეჯილი აქვს“.
სახალხო დამცველის ოფისი ციხეებში მონიტორინგს ახორციელებს. პრესა.გე დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ჰქონდათ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ ადგილზე გაერკვევიან და კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ.
ადვოკატები შეშფოთებულები არიან, რადგან გაუთავებელ რიგებში დგომის გამო, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებს ვეღარ იცავენ. მათ ახლა ფაქტიურად ჯერ თავიანთი უფლებებისთვის უწევთ ბრძოლა. ადვოკატი ჯუმბერ ლეჟავა დაახლოებით 200–კაციან რიგში იდგა, როცა მას პრესა.გე–ს მკითხველისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:
“ის, რაც ახლა აქ ხდება, არის ადვოკატის წინასწარ განზრახული წამება, რომ მან სამართლებრივად ვერ უზრუნველყოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაცვა. მთელი დღის განმავლობაში, ამდენი ყაყანისა და ხმაურის შემდეგ, შიგნით შეღწევა, რომც შეძლოს, რანაირად უნდა დაიცვას ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები?! აი, ხომ ხედავთ?! აქ 3 სარკმელია. ამ პატარა ოთახში დგანან პატიმრის ოჯახის წევრები, პროკურორები და ადვოკატები ერთად. ესაა აურზაური სალხინეთში, მიშა სააკაშვილის პირობებში“.
ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა ხათუნა კალმახელიძის N89 ბრძანებას უწოდებს ადვოკატების საწინააღმდეგო სამართლებრივ აქტს:
“ესაა კანონსაწინააღმდეგო, შენიღბული ფორმით გამოცემული ბრძანება, ვითომდა იმისთვის, რომ რიგითობა იყოს დაცული და სინამდვილეში ეს ჩვენს საწინააღმდეგოდაა მიმართული, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალოს ჩვენს საქმიანობაში. ეს ბრძანება გასაჩივრებულია, მაგრამ ჯერჯერობით ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ამბოხება უნდა მოვაწყოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა მოწესრიგდეს?! აი, ნახეთ – პატიმრის ოჯახის წევრები, ადვოკატები, გამომძიებლები ერთმანეთში ვართ არეულები; ვითომ ცალ–ცალკე სარკმელია, მაგრამ
ფაქტიურად ერთად ვდგავართ, ადგილი აღარ არის, ერთმანეთს ვახრჩობთ. ეს არის საშინელება“.
ვაჟა მოსიაშვილი, ადვოკატი: “აქ მთელ დღეს ვკარგავთ იმისთვის, რომ ვნახოთ ერთი პატიმარი. მეორე პატიმარი რომ ინახულო, უნდა გამოხვიდე,რიგში ხელახლა დადგე, საშვი აიღო, რის შემდეგაც ხელახლა უნდა გაგჩხრიკონ და შემდეგ, შენი დაცვის ქვეშ მყოფთან დალაპარაკებას ან მოასწრებ და ან ვერა. ეს ყველაფერი მოქმედებს საქმეზე, ნერვებზე... შეხედეთ რა ამბავია. ხალხი დილის ხუთზე მოდის, რომ რიგში ჩაეწეროს. შეშვება ათზე იწყება“.
ადვოკატებთან საუბარი გვიწევდა საშინელი ხმაურის ფონზე, სივიწროვეში. როგორც მათ გვითხრეს, რიგების მხრივ მერვე საპრობილე გამონაკლისი არ არის, ყველა საპყრობილესთან ასეთი ვითარებააო.
ადვოკატი ქეთი ბექაური, მერვე საპყრობილესთან არსბეულ რიგში იყო 140–ე:
“რიგში 140–ე ვარ, მაგრამ აქ მხოლოდ ჩემი პრობლემა არ დგას, მთლიანად ადვოკატთა კორპუსის პრობლემა დგას – ჩვენი უფლებები ილახება და ფეხქვეშ ითელება, რადგან ამ რეალობიდან გამომდინარე, ადვოკატს ფაქტიურად თავისი თავის დაცვა უწევს და მერე უნდა დაიცვას განსასჯელის, ბრალდებულის თუ მსჯავრდბეულის ინტერესები. ეს ყველაფერი ხდება ხელოვნურად; ამას აკეთებს სააკაშვილი და მისი გუნდი, ვინაიდან მათ ხელს არ აძლევთ საქართველოს ჰყავდეს ადვოკატთა ძლიერი არმია.
ეს რიგი გამოწვეულია კალმახელიძის მიერ გამოცემული N89–ე ბრძანებით, რომლის მიხედვით ადვოკატებს ერთ შესვლაზე მხოლოდ ერთი პატიმრის მონახულების უფლება მიეცათ. ადრე ეს იყო შეუზღუდავი, რადგან ადმინისტრაციული შენობა ისეა მოწყობილი, რომ ოთახების რაოდენობა საკმარისია და დროს ვიგებდით – ერთ შესვლაზე რამდენიმე პატიმარს ვნახულობდით. ახლა მეორე პატიმრის სანახავად გარეთ გამოვდივართ, რაც ამ გაუთავებელ რიგს და პრობლემებს იწვევს“.
ადვოკატი ირმა შალამბერიძე ჩვენი იქ ყოფნისას რიგში ხელმეორედ ჩადგა – “დღეს დილას აქ, რომ მოვედი, 9–ს აკლდა 20 წუთი და რიგში 30–ე ვიყავი. ახლა პირველის ხუთი წუთია და მეორე პატიმრის სანახავად რიგში ხელმეორედ უნდა ჩავდგე“.
მარიკა სვანიძე, ადვოკატი: “მოხდა შეთანხმება, რომ აღმკვეთი ღონისძიების ფორმას შემიცვლიან არასაპატიმროთი; ვადა გამდის. სპეციალურად ამთხვევენ შაბათ–კვირას; პატიმრის თანხმობის გარეშე ხომ არ გვაქვს გასაჩივრების უფლება?! აი, ასეთ რიგში უნდა დავდგე და ალბათ შესვლას ვერც მოვასწრებ, რადგან ორ საათზე ვადა გამდის და ეს რიგი ორ საათამდე არ მომიწევს“.
ბრემენის ადვოკატთა პალატის თავმჯდომარე, ერიკ იოსტერი თითქმის ერთი კვირაა საქართველოში იმყოფება და ადვოკატების ირგვლივ არსებულ ვითარებას ეცნობა. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა გვითხრა, მას შემდეგ, რაც ერიკ იოსტერმა რამდენიმე ათეული ადვოკატისგან შეიტყო, თუ როგორ პირობებში უწვეთ მუშაობა ქართველ ადვოკატებს და როგორ სდევნიან მათ, გადაწყვიტა შესაძლერლობის ფარგლებში ყველაფერი თავის თვალით ენახა.
ერიკ იოსტერი: “ნებისმიერი ადვოკატი რომ დაუყოვნებლივ უნდა შეხვდეს თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, ეს საერთო, ევროპული სტანდარტია. ვხედავ რომ აქ ეს სტანდარტი აბსოლუტურად უგულებელყოფილია. მე მოვედი აქ, რომ ვნახო რაც ხდება. ცხადია, როცა უკან დავბრუნდები, ამ ყველაფერს ევროპულ ორგანიზაციებში ვიტყვი. რთულად მისაღწევი იქნება, მაგრამ ბოლობოლო, როგორც წესი, რეზულტატს მივიღებთ“.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ დასავლელ კოლეგებთან ყინული გასალღობი იყო, რადგან აქედან მიწოდებული ინფორმაციით ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მისი წევრები იყვნენ ყველაზე დაცულები:
“როდესაც ჩვენს დასავლელ კოლეგებთან უშუალოდ მიწევს შეხვედრა და იმის ახსნა, რომ აქ ადვოკატებს დევნიან, თავად ჩამოდიან და ნახულობენ რა დღეშია ადვოკატთა კორპუსი. რამდენიმე ადვოკატზე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მივმართე. ხშირი კონსულტაციები მაქვს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან და დარწმუნებუკი ვარ, ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ამ თვის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში მიიღებს ძალიან ქმედით ზომებს იმისთვის, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსი იყოს დაცული და არ ხდებოდეს ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნა.
ადვოკატთა კორპუსი იდევნება მხოლოდ იმის გამო რომ ერთადერთი ის არ შეეგუა იმ სიბინძურეს, რაც საქართველოში ხდება. ამ ხელისუფლებას ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამხელენ ადამიანების წამებაში, დევნაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გამომდინარე აქედან, ამ კორპუსის განადგურება იქცა ამ ხელისუფლების იდეაფიქსად“.
როგორც ზაზა ხატიაშვილმა გვითხრა, ხათუნა კალმახელიძის მიერ 10 ივნისს გამოცემული ბრძანება N89, რის გამოც ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების დაცვას ფაქტიურად ვეღარ ახორციელებენ, საქართველოს მთავრობაში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს და ახლა პასუხს ელოდებიან.