საერთაშორისო ორგანიზაციებში ჰგონიათ, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარს აღწევს. სინამდვილეში კი ვითარება ეგზომ განსხვავებულია. ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 700 ლარია, ხოლო რეალურად მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს მიუწვდება ხელი 700-ლარიან ან უფრო მაღალ ანაზღაურებაზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საშუალო ხელფასის მოცულობით, რომელიც 603 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საქართველო მსოფლიოში 59-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლდოვას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებს.
რეიტინგის ლიდერი კი ლუქსემბურგია 4089 დოლარით. პირველ ათეულში ასევე შედიან ნორვეგია, ავსტრია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი და სამხრეთ კორეა. რუსეთში ეს მაჩვენებელი 1215 დოლარს შეადგენს და 37-ე ადგილზეა. კვლევა 72 ქვეყანაში ჩატარდა. ღარიბი სახელმწიფოები მასში ვერ მოხვდნენ.
ამ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ისედაც არასახარბიელოა, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას რეალური მონაცემები რომ ჰქონოდათ, კიდევ უფრო სავალალო შედეგი დაფიქსირდებოდა. არავინ იცის შსო-მ რა მონაცემებით იხელმძღვანელა, როდესაც საქართველოში საშუალო ხელფასის ოდენობას განსაზღვრავდა, რადგან თვით “საქსტატის” მონაცემებითაც კი ჩვენთან საშუალო ხელფასი 704 ლარია. სინამდვილეში კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემიც გაბერილია, რამეთუ ასეთი მაღალი ანაზღაურება დასაქმებულთა უმნიშვნელო რაოდენობას აქვს.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სრულიად არასერიოზულად აფასებს იმ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში საშუალო ხელფასი 603 აშშ დოლარია. ექსპერტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 59-ე ადგილს იკავებს.
ხუხაშვილის მოსაზრებით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, ეს რიცხვი მანიპულაციის გზითაა მიღებული და არასერიოზულ სტატისტიკას ეფუძნება.
“ეს აბსოლუტურად არასერიოზულია, რადგან საშუალო შემოსავალი მოსახლეობისგან იანგარიშება. უმუშევრობის იმ დონის ქვეყანაში, როგორიც საქართველოშია და იმ ხელფასების გათვალისწინებით, რაც საჯარო თუ კერძო სექტორშია, 603 დოლარი ყოვლად წარმოუდგენელი რიცხვია და არაფერზე მეტყველებს. მაშინ, როცა ქვეყნის 70 პროცენტი თავს უმუშევრად მიიჩნევს, ასეთი საუბარი ძლიერ არასერიოზულია”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისი აზრით, საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ძირითადად, “პროპაგანდასა და არარეალურ ვითარებაზე” მუშაობს. სამსახური მონაცემებს საერთაშორისო ექსპერტებს აწვდის, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი შეიძლება კალკულაციით იყოს დაკავებული. შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს ეფუძნება.
რაც შეეხება იმას, რომ შესაბამისი კვლევა მსოფლიოს 72 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც ღარიბი სახელმწიფოები ვერ მოხვდნენ, ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებამ შედეგი კიდევ ერთ ვირტუალურ რეიტინგში მოიპოვა.
“ვულოცავ ხელისუფლებას. მან შედეგი ვირტუალური კეთილდღეობის კიდევ ერთ რეიტინგში მოიპოვა, მაგრამ ამას დამშეულ მოსახლეობას ვერ აჭმევ”, - აღნიშნა ექსპერტმა სააგენტო “მედიანიუსთან” საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სულ რაღაც 630 ათასია დაქირავებით დასაქმებული. მათგან კი 700 ლარზე მეტი ხელფასი, დაახლოებით 210 ათას ადამიანს აქვს, 700 ლარზე ნაკლები ხელფასი კი - 420 ათას ადამიანს. გამოდის, რომ 700 ლარზე მაღალი ხელფასი ქვეყნის მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს აქვს. ამ მიმართულებით, სტატისტიკის სამსახურს გამოკვლევა 2006 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია.