სააკაშვილი დევნილები როგორც უმოკლეს ვადაში “დაასახლა, ასევე სარეკორდო დროში “ასაქმებს”. მართალია, კვირაში ორჯერ დასახლება-დასაქმების მოთხოვნით დევნილთა აქციები იმართება, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დევნილთა დასაქმების არანაირი პროგრამა არ გააჩნია.
“დანაპირები დევნილთა დასაქმების შესახებ სრულდება”, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ორიოდე დღის წინათ გააკეთა.პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაფერი მოიმოქმედა, რათა ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა დაასაქმოს.
“ჩვენი დაპირება, რომ ოკუპანტების მიერ გამოყრილი ხალხიუნდა დასაქმდეს, ხორციელდება. ლიახვის ხეობიდან საუკეთესო ხალხია. მართლაც საცოდაობა იქნება ამ ხალხის გაცდენა. მათ იციანმუშაობა და შრომის ყადრი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამა დევნილებისთვის უმოკლეს ვადებში ააშენა სახლები, სასწავლო ობიექტები, გაიყვანა ელექტროსისტემა, აამოქმედა სხვადასხვა სოციალური პროგრამები.
“ეს ბედოვლათები შემოდგებიან მთებზე და იქიდან თვალებდაჭყეტილები იყურებიან. ერთი ქარხანა გაიხსნა, მეორე გაიხსნა, ხალხი ხელფასებს იღებს, სახლები ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე მაგათ ოფიცრებს აქვთ რუსეთში. ალბათ ფიქრობენ თავისთვის... თუმცა, სულაც არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ჩვენზე. მოშორდნენ აქაურობას და თავი დაგვანებონ.
დევნილების დასაქმებაზე საუბრობენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც. სუბელიანის უწყებაში ირწმუნებიან, რომ “ყველა ახალ საწარმოში დევნილების დასაქმება პრიორიტეტულია და ეს მომავალშიც ასე იქნება”.
განსხვავებული პოზიცია აქვს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის, რომლის თქმით, დევნილების დიდი ნაწილი დღესაც თვითდასაქმებითაა დაკავებული და სახელმწიფოს არანაირი პროგრამა ამ მიმართულებით არ გააჩნია.
“როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ დანაპირები დევნილთა დასაქმების შესახებ სრულდება, არის მორიგი ტყუილი. სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი პროგრამა არ აქვს. სააკაშვილს ამ ტყუილით სურს, სადღცა სხვაგან მცხოვრებ დევნილებს მიაწვდინოს ხმა, რომ, აი, მე ჯერ აქ დავასაქმებ დევნილებს და შემდეგ თქვენამდეც მოვალ, მაგრამ ეს არის ტყუილი. დღესაც, ისევე როგორც ადრე, დევნილების დიდი ნაწილი თავს თვითდასაქმებით ირჩენს”, - დასძინა ზაქარეიშვილმა.
დევნილთა დასაქმებისა და დასახლების კუთხით რომ რთული ვითარებაა, ეს იმ პერმანენტულ აქციებშიც ჩანს, რომელიც კვირაში ორჯერ მაინც ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებასთან (ძირითადად კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან) იმართება.
მორიგი ასეთი აქცია სუბელიანის უწყებასთან გუშინაც გაიმართა. აქციაზე ორი ძირითადი მოთხოვნა იყო - გამოსახლებული დევნილები დაკმაყოფილდნენ თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართებით, ხოლო იმ დევნილებს, რომლებიც ჯერ არ გამოუსახლებიათ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდეთ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები ერთი კვირის განმავლობაშიარ დაკმაყოფილდება, შემდგომში უკვე საპროტესტო აქციები გაიმართება მინისტრის, კობა სუბელიანის გადაყენების მოთხოვნით.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ეხმაურებიან სამინისტროდან. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა გულუამ განაცხადა, აღნიშნული პარტიების მიერ დაყენებული მოთხოვნები არარეალური და არაობიექტურია, ხოლო დევნილთა ის კატეგორია, რომელიც აქციში მონაწილეობდა, არიან ადამიანები, რომლებიც არალეგალურად, უკანონოდ ცხოვრობდნენ სხვის საკუთრებაში.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ”კონსერვატორები” და “ხალხის პარტიის” წარმომადგენლები დევნილებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.