„ჯერ გამოსაკვლევია, ვინ იყვნენ მუჰაჯირები და აფხაზეთიდან წავიდნენ ისინი თურქეთში, თუ ჩრდილოეთ კავკასიიდან?!“ - აცხადებს Presage.tv-სთან საუბარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.
მუჰაჯირების დაბრუნების საკითხი აფხაზეთში პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე. ამ თემასთან დაკავშირებით ქართველ ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი დაბრუნება მკვდარი იდეაა, რადგან ისინი უკვე გათურქებულნი არიან და საკუთარ მომავალს თურქეთში ხედავენ. ამის მიუხედავად, აფხაზეთის ყველა დე ფაქტო პრეზიდენტი მუჰაჯირების დაბრუნებაზე ამყარებდა იმედებს. არძინბამ ეს ვერ მოახერხა, თუმცა ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, ქართველების წინააღმდეგ ომში მონაწილეობას იღებდნენ თურქი აფხაზებიც.
მართალია, დაახლოებით, - 20-30 ადამიანი, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა რაოდენობას, არამედ ხარისხს. ხარისხი კი მათ არ დაეწუნებოდათ - ყველა მათგანი ყოფილი სამხედრო ან ჟანდარმერიის სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი გახლდათ.
არავისთვის უცნობი არ არის, რომ სწორედ მუჰაჯირთა თემამ შეიწირა ბაღაფში, რომელსაც მათი მეშვეობით აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესება სურდა. ამ მიზნით ბაღაფშმა არაერთხელ დააპირა თურქეთში მოსალაპარაკებლად წასვლა, მაგრამ რუსეთისგან ბარიერებს აწყდებოდა. ბოლოს, როგორც მამუკა არეშიძე აცხადებს, ბაღაფში ვითომ სამკურნალოდ მაინც წავიდა თურქეთში და შეხვდა მუჰაჯირების შთამომავლებს, მაგრამ მათი გზავნილი იყო, რომ აფხაზეთს რუსეთისგან დისტანცირება უნდა მოეხდინა. ამით ბაღაფშის ბედი გადაწყდა. იგი მოულოდნელად დაიღუპა.
აფხაზეთიდან დევნილი მწერალი გურამ ოდიშარია Presage.tv-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ ომის შემდეგ უკვე, კარგა ხანია, აფხაზები თურქეთიდან მუჰაჯირების შთამომავალთა დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, ძალიან ცოტა მათგანი დაბრუნდა. მეტიც, დაბრუნებულთაგან ზოგიერთმა ისევ დატოვა აფხაზეთი. ამიტომ, გურამ ოდიშარიას თქმით, ჯერჯერობით, მან აფხაზეთში დამბრუნებელი მუჰაჯირები ვერ ნახა.
თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების ზუსტი ოდენობა უცნობია, რადგან თურქეთში მათი აღწერა არ განხორციელებულა. თავად აფხაზების მონაცემებით, მათი რაოდენობა 200 000-დან 300 000-მდეა, რაც დადასტურებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუჰაჯირობამ, ანუ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის ოსმალეთის იმპერიაში იძულებითმა აყრამ, აბაზები, აბაძეხები, ბჟედუღები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ჩერქეზები, უბიხები, ჩეჩნები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, აფხაზები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები მოიცვა, მართლაც, მათ შორის აფხაზების შთამომავალთა რიცხვი არც ისე კოლოსალური უნდა იყოს.
მუჰაჯირებისა და ზოგადად აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით Presage.tv გია გვაზავას ესაუბრა. მისი თქმით, ცალკეა გამოსაკვლევი, თუ ვინ იყვნენ მუჰაჯირები და საიდან წავიდნენ ისინი თურქეთში.
„მუჰაჯირთა უმრავლესობა არ ყოფილა აფხაზი. ნაწილი ლაზები იყვნენ, ანუ იგივე ქართველები, ნაწილი - აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, ნაწილი კი მთიელები, რომლებიც თავის დროზე ჩამოსახლდნენ და, რომლებიც მოგვიანებით ზუსტად ჩერქეზულ დიასპორას შეუერთდნენ. ეს მოხდა მთიელთა ომის დამთავრების შემდეგ, 1864 წელს, ასევე, 1872-ში, 1878-ში. რა თქმა უნდა, რუსებს აწყობდათ ლაზების გადასახლება. მათთვის სულერთი იყო, ვის გადაასახლებდნენ, ოღონდ მკვიდრი მოსახლეობა აეყარათ. ასე რომ, მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, არიან აფხაზებიც და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებიც“, - აცხადებს გია გვაზავა.
ამასთან, არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი პირობების შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა, მუჰაჯირთა შთამომავლები აფხაზეთში დაბრუნდნენ.
„რატომაც არა, დაბრუნდებიან, მაგრამ, თუ პირობებს არ შეუქმნიან, არა მგონია, ძალიან სურდეთ, აფხაზეთში გამოქცევა. რაც შეეხება იმას, მუჰაჯირთა დაბრუნება ხელს შეუშლის თუ არა აფხაზთა და ქართველთა დაახლოებას, მიმაჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, ქართულმა მხარემ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს დევნილების დაბრუნებაზე. ჩვენ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ და, თუკი ვინმე გამოთქვამს სურვილს და დაუმტკიცებს აფხაზეთისა და საქართველოს მთავრობას, რომ ამ მიწის მკვიდრია და აფხაზეთში დაბრუნება სურს, შეიძლება, მათი საკითხი განიხილონ. ეს არ არის პრობლემა,“ - აცხადებს გია გვაზავა.
რაც შეეხება აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას, მისი თქმით, მართალია, აფხაზეთში ბიზნესი მარტო აფხაზებისთვისაა, მაგრამ ეს ყველაფერი რუსული ფულით ფინანსდება, და არა მარტო რუსული ფულით.
აფხაზეთში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით კი გია გვაზავას საკუთარი ხედვა აქვს. მისი თქმით, აქამდე კლანები იყოფდნენ აფხაზეთს, დღეს კი აფხაზეთს წესრიგი სჭირდება. ანქვაბზე თავდასხმის საქმეში იგი პროფესიონალების ხელს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ თავდასხმა სწორედ კლანურმა ჯგუფებმა განახორციელეს. ამის თქმის საფუძველს გია გვაზავას ისიც აძლევს, რომ პროფესიონალები შვიდჯერ წარუმატებელ თავდასხმას ვერ განახორციელებდნენ.
„ანქვაბი ისე დაცული პიროვნება არ ყოფილა, რომ მასზე შვიდჯერ თავდასხმა უშედეგოდ დასრულებულიყო. როგორც ჩანს, ამას შედარებით არაპროფესიონალები აკეთებდნენ. აფხაზეთის შესახებ თავად რუსი ექსპერტების მოსაზრებებს თუ დააკვირდებით, ისინი ძალიან ნეგატიურად აფასებენ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას. ლაპარაკობენ, რომ ეს არის კლანური რეგიონი, სადაც რუსები იჩაგრებიან, იჩაგრებიან სხვა ეროვნებები და, ფაქტობრივად, ეს არის აფხაზური აპარტეიდი. სინამდვილეში, ეს მართლაც ასეა. ანქვაბი იმდენად გონიერი ადამიანია, რომ მას ესმის, თუკი ასე გაგრძელდება, აფხაზეთზე, როგორც ჩამოყალიბებულ სუბიექტზე, საუბარი ძნელი იქნება. ამიტომაც რუსებსაც აწყობდათ მისი კანდიდატურა, როგორც წესრიგის მომთხოვნი ადამიანის“.
მისი თქმით, მართალია, ანქვაბზე თავდასხმის ექვსი შემთხვევა არ გახსნილა, მაგრამ, როგორც ჩანს, აქამდე მისი პრემიერ-მინისტრობა ამ საქმეების გასახსნელად საკმარისი არ იყო. ახლა კი, როდესაც იგი პრეზიდენტი გახდა და სამართალდამცავი ორგანოებიც მეტ-ნაკლებად გაწმინდა, შესაძლოა, რუსული დაზვერვის, „ფეესბეს“ დახმარებითაც მიაკვლიეს დამნაშავეებს.
„მე ვიცნობდი ზოგიერთ მათგანს, ისინი ისეთ ფიგურებს არ წარმოადგენდნენ... ასლამბეი კჩაჩი, რომელმაც თავი მოიკლა, თავის დროზე პოლიციის სერჟანტი იყო, მოგვიანებით მინისტრი გახდა. ალბათ, მიხვდა, რომ ეს დაპირისპირება მისთვის ძალიან რთულად დამთავრდებოდა და ასეთ უკიდურეს ხერხს მიმართა, ეს უკვე მისი არჩევანი იყო. რა თქმა უნდა, სამართლებრივ ქვეყნაში დამნაშავეც და უდანაშაულოც თავის სიმართლეს სასამართლოში უნდა ამტკიცებდეს, მაგრამ, ალბათ, ამ ადამიანებმა იცოდნენ, რაც მოელოდათ და გადაწყვიტეს, ამ გზით დაემთავრებინათ სიცოცხლე. აფხაზურ ციხეებში წამების ფაქტებს კი ვერავინ გამორიცხავს“.
გია გვაზავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა, კორუფცია აფხაზეთში მაინც მოდებულია და აფხაზეთში კლანური დაპირისპირება თუ დაყოფა რუსულ კლანებსა და იმ ფულის გათეთრებას უკავშირდება, რომელიც რუსეთიდან მოდის. იქ მთავარია, თუ ვინ არის იმ მაგიდასთან უფრო ახლოს, საიდანაც ეს ფული ნაწილდება.
„აფხაზურ ელიტაში, რომელიც სავსებით მარიონეტულია, მოსკოვიდან წამოსული ულუფის გაყოფა მიმდინარეობს, ულუფის ნაწილი კი ისევ უბრუნდება რუსებს. იქ ბევრი შრეა. ყველაფერი გამობმულია რუსეთის პოლიტიკაზე, თურქეთის პოლიტიკაზე და ა.შ. აფხაზეთში მთავარია, თუ რა ძალები მოექცევიან სათავეში. გახსოვთ ალბათ, წლების წინ აფხაზეთში თურქული გავლენა ჭარბობდა, ახლა რუსულმა იძალა და თურქების განდევნა დაიწყეს, რამდენიმე კაცი მოკლეს კიდეც. თავის დროზე, იქ ისლამური დინებაც შევიდა. ახლა კი მიმდინარეობს ურთიერთბრძოლა. ვნახოთ, რომელი მათგანი გაიმარჯვებს“.