„ჯარისკაცებთან ერთად ვირთხებიც ცხოვრობდნენ. ვირთხები ანადგურებდნენ გვამებს, ცოცხლებს კი ხან ხელზე და ხან ცხვირზე კბენდნენ. სამხედრო შტაბში ეშინოდათ, რომ დაიწყებოდა შავი ჭირი და მტერი დაიკავებდა თავდაცვით პოზიციებს და ამიტომ, ყოველ მოკლულ ვირთხაზე ჯილდო დააწესეს. ჯარისკაცები ვირთხებს ესროდნენ და კუდებს აჭრიდნენ, დამამტკიცებელი საბუთი რომ ქონოდათ, საღამოს კი , ვირთხის კუდების საქმესთან დაკავშირებით გამოყოფილ სპეციალურ რწმუნებულს აბარებდნენ, რომელიც კუდებს ითვლიდა და ამბობდა, თუ ვინ რამდენი გამოიმუშავა, მაგრამ ფული არ მოსულა, რადგან არც ყოფილა გამოყოფილი. ჯარისკაცებთან ერთად, ტილებიც ცხოვრობდნენ. ხანდახან, როცა მტერს ჩაუსაფრდებოდნენ, ესმოდათ როგორ იქექებოდა მოწინააღმდეგე, ხვდებოდნენ, სად იმალებოდა მტერი და იმ მიმართულებით ხსნიდნენ ცეცხლს, ისროდნენ ყუმბარებს, მაგრამ არც ტილები და არც მტერი არ კლებულობდა.“ (პატრიკ ოურჟედნიკი. „ევროპეანა. მეოცე საუკუნის მოკლე ისტორია“)
ბავშვობაში სახლობანა ყველას გვითამაშია. ყოველ შემთხვევაში – უმრავლესობას მაინც: “შენ ვითომ–ვითომ დედა ხარ და მე ვითომ–ვითომ - მამა”, თუ “მამის” როლზე ვინმე არ გვთანხმდებოდა (პრინციპში, მართლა ძალიან მოსაწყენი იყო... ძირითადად, დეკორატიული ბუჩქის როლი უნდა შეგესრულებინა. ოღონდ ბუჩქისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად გადაადგილებისთვისაც მზად უნდა ყოფილიყავი), მაშინ “ვითომ–ვითომ დედა და ვითომ–ვითომ შვილები” ვრჩებოდით. ახლა ზუსტად ვერც ვიხსენებ რა მოგვწონდა ამ თამაშში; მით უმეტეს მიძნელდება გასული საუკუნის “შავ-ბნელი” 80-იანების ფოტოგრაფიული სიზუსტით აღდგენა, რომელშიც ჩვენი ბავშვობა იმ წლებთან ერთად ფილმიდან ამოჭრილი უვარგისი კადრებივით ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. მაგრამ ვინაიდან არასდროს არაფერი იკარგება, ხოლო მე დიდ პატივს ვცემ ფიზიკას და სულაც არ ვეთანხმები ბრწყინვალე სტივენს (ჰოუკინგს) სამყაროს სპონტანური წარმოშობის თეორიაში, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბავშვობა ხელახლა ვიპოვე. ძალიან არასპონტანურად. უფრო მეტიც! სულაც არ დამჭირვებია ჯოზეფ ნიდჰამის დარი კვლევების ჩატარება, რომ მეთქვა: ჩვენი, ყველას ბავშვობა აქვეა... მთავარია, გწამდეთ „რაციონალური“ კრეატული, ეროვნებით – ქართველი ღმერთისა, სახელად „პირწიგნაკი“ ანუ “Facebook”, და თქვენ უკვე იქ ხართ! საოცნებო ბავშვობაში, განზომილებაში სადაც “ვითომ–ვითომ” ყველაფერი მოსულა.
დიახ, ჩემი სახლი, ჩემი სახელმწიფოა. ეს უკანასკნელი კი - ჩემი ციხესიმაგრე. ოღონდ, სულ მეჩვენება, რომ “მითიური” სამშობლო სადღაც განზე დარჩა... დიდი-დიდი, სიზმარში-კანონებისა და ლოგიკის საწინააღმდეგოდ-გაუჩინარებული ნივთივით ვიპოვო ზოგჯერ. ან იმ უცხო, გაბრდღვიალებულ ქალაქში - თბილისი რომ ქვია, შემოდგომა-ზამთრისპირას გაძარცვულ “ალიხე-მალიხე-სალიხე” ხეებზე ქარში მოფრიალე ფერადმა ერთჯერადმა პარკებმა მომაგონოს რაღაც.... მაგრამ ძნელი და ცოტა არ იყოს, უხამსიც კია, ბედნიერება იმას დაარქვა, რაც მხოლოდ შენთვის გინდა... მით უმეტეს, როცა ბავშვობაში ვერც ბედნიერებას აცნობიერებ და ვერც უხამსობას...
ბავშვობასთან ხელახლა ზიარების ეს არცთუ ორიგინალური აზრი განსაკუთრებით მაშინ განმიმტკიცა, როცა ასეთ ნიუსს წავაწყდი: “სოციალურ ქსელ Facebook”-ში, დღეს პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევნები იწყება. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, სოციალურ ქსელში ვირტუალური არჩევნები მომხმარებელთა თხოვნით იწყება. ვირტუალური არჩევნების გამარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთ სამუშაო დღეს გაატარებს. გასულ წელს სოციალურ ქსელში გამართულ არჩევნებში ირაკლი ღლონტმა გაიმარჯვა. ის 2011 წელის 14 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ყველა შეხვედრას დაესწრო.”
დიახ, მომხმარებელთა თხოვნით! თან-რეგულარულად!
ძალიან მაგარია! ისეთი მაგარი, ამას ჩემი ფანტაზიაც ვერ გაწვდებოდა. მძიმე ბავშვობის ბრალია. წარმოიდგენდით ოდესმე მისდგომოდით რომელიმე მაღალჩინოსანს და გეთხოვათ, „შენ ვითომ–ვითომ უფლისწული ხარ, მე ვითომ–ვითომ–მზეთუნახავი, მოდი სახელმწიფობანა ვითამაშოთ“ (რა ვიცოდით მაშინ, ამ „ვითომ-ვითომ“–ს რომ ვირტუალობა ერქვა), იმასაც მოწყალედ გაეღიმა თქვენთვის და დაგთანხმებოდათ?!
საერთოდ მე გავლენათა აპოლოგეტი ვარ და სულაც არ მეშინია “პიროვნული რყევების”. იმ ნეტარხსენებულ ქსელში ინფანტილური ფობიების ისეთი მრავალფეროვნება მინახავს-სიახლის შიში, მოძველების შიში და ყველაზე სასაცილოც, პიროვნულობის დაკარგვის შიში, ეს უკანასკნელი კი მორალური დეფექტი მგონია, რომ ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტს ასეთი გაბედული პროექტისთვის ერთდროულად მივანიჭოთ პოლიტიკური კონტრაცეპტივის და ახალი საიენტოლოგიის საპატიო ორდენის ტიტული.
ეჭვიც არ მეპარება – ვირტუალური არჩევნების მსურველებმაც და პარლამენტმაც, თავმჯდომარის „თამადობით“, იმ იშვიათ სრულყოფილებას მიაღწიეს, როცა დარწმუნებული ხარ, თუ შეიცვლები, აუცილებლად უკეთესისკენ. ამიტომაც „თავის გაყადრების სტრატეგია“ აბსოლუტურად მოტივირებული და გამართლებულია. რაც მთავარია, იმ კაცისთვის, რომელიც “სულ ზის ფეისბუკებზე და სხვადასხვა ინტერნეტსაიტებზე და სულ კითხულობს განსხვავებულ აზრებს” (მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან) სახლობანას თამაში არასდროს ხდება მოსაწყენი. პირიქით, “ხალხი ჩემს სტილს ჯონ კენედისას ადარებს, მაგრამ ჩემთვის უფრო ახლოს ათათურქია, ან ბენ-გურიონი ან შარლ დე გოლი, ადამიანები, რომლებმაც ნაციონალური სახელმწიფოები შექმნეს”. ჰოდა ჩვენი ხან კენედი და ხანაც შარლ დე გოლ–ათათურქ–ბენ–გურიონისთვის პროექტი „სახლობანა“ ერთგვარი სასპენსია, თავისი ნამდვილი მხურვალებით, ადიულტერის ქმედებით და ნაღდი ვესტერნის ნაყოფიერი პულსირებით. თუმცა, მიზანსცენა რომ „სიყალბისგან“ იქნას დაცული მაყურებელი–მომხმარებელი ვირტუალურად (და, ამდენად, დადასტურებულად) შეუცვლელი „დედის“ როლს ირგებს, რომელიც ნამდვილი „მანდილოსანივით“ ღირსეულად უფასებს ამაგს ოჯახზე გადაყოლილ „მამას“ და ქალური მძვინვარებით დასცინის „დაბოღმილებს“.
მოდი და ნუ დაიბოღმები... „სახლობანას“ თამაში ყველას უნდა. თუ ბედის ნებიერაც ხარ და ამ თამაშში არავირტუალური ფულიც გადაგიხადეს, ნამდვილი „კარნავალური ხმაური და მძვინვარება“ მაშინ იწყება.არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ბანაკში ხარ. სტრუქტურული სხვაობა მინორიზებულია. მთავარია, აზრის, სტილის და გემოვნების დენდის ან დენდალოსის ციტირების ინდექსი (რაც თავის თავში ავტომატურად გულისხმობს პირთა ამოცნობის 72 მეთოდს) და ე.წ. არისტოკრატულ სპორტში – მათი წრის გარდა (მარტივად, გარე–წრები) დანარჩენი კაცობრიობა ან ბაიყუშია, ან ჩერჩეტი–თანრიგის ქონას. მართალია, ზოგჯერ ეჭვი (არ ვიცი, რამდენად გონივრული) მიჩნდება ხოლმე ამ აზრის პრესტიჟულობაში, მაგრამ როგორც კი ჩემი მეორე ბავშვობის განზომილებაში, ანუ ფბ–ს გვერზე შევდივარ ეჭვის ნატამალიც არ მრჩება...
მართლაც, როგორ შეიძლება “ჩერჩეტი” უწოდო ადამიან(ებ)ს, რომელსაც (მაგალითად) ათასიდან ხუთიათასამდე (ნულების ჩამოკლება შინაარსს არ ცვლის) “ფრენდი” ყავს (აქ “ფირმა” თუ აბორიგენ “გლამურნებსა” და “გოიმებს” შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ იპოვით) და ყველას დასანახად დილის ჰიგიენიური პროცედურების აღწერით დაწყებული, ღამის ქოთნის ჩადგმითა თუ უძილობისგან თავის დასაღწევად მიღებული „პროზაიკით” (ან მისი კრეატიულად მიგნებული ალტერნატიული საშუალებით) დამთავრებული “ძალიან ადამიანური” სტატუსებით “სოციალურად” აქტიურობს?! მით უმეტეს, ვერ ვუწოდებ “ბაიყუშს” მათ ფრენდებს, რომლებიც “ლაიკ”-ო-მანიით შეპყრობილები (სულ მგონია, ამ დროს სახეზე აფრიკული ვნებიანი გამომეტყველება აქვთ) მართლაც შესაშური “ფრენდული” თავგანწირვით იწონებენ და იწონებენ ყველაფერს. შეხვდებით უფრო დახვეწილებსაც – ზედმიწევნით რომ იცავენ პროტოკოლს და ეტიკეტს, კეთილები, ჰუმანურები და მორალურად მდგრადები არიან, ოღონდ იქამდე, სანამ მათ სოციალურად მაღალი სტატუსის უსაფრთხოების ღვედის ცვეთა კრიტიკულ ნიშნულს არ უხალოვდება.
შეიძლება ითქვას, რომ მეორე ბავშვობაში ქართველებმა სოციალური სნობიზმი წარმატებულად დავძლიეთ. მართლა რა გულის ამაჩუყებელია მაუსის გაწვდენაზე გყავდეს “ნაღები საზოგადოების” რჩეულები და ფბ-ს “კუხნაში” ეჭუკჭუკებოდე (თუ საჭიროა – საქმესაც ურჩევდე და საქმიანობასაც!) მათ, ვისთანაც არასდროს გღირსებია მეგობრობა? მე ასეთ დროს ყოველთვის ცრემლი მერევა. არა იმდენად მათი “მეგობრობის”, რამდენადაც “თანასწორობისა და სიტყვის თავისუფლების” იმ პრიმიტიული გაგების გამო, რაც ასე თვალშისაცემია ქართულ ინტერნეტ–სივრცეში.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს? დაკრიორეა სახეზეა. მე მაინც ის „ბნელი“ პირველი ბავშვობის სივრცე მერჩივნა მეორეს. ნაზი გრძნობების ბრალია. მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად გულუბრყვილოდ ოპტიმისტად ვრჩები – დარწმუნებული ვარ, პათოლოგიური მდგომარეობით ცნობიერების ამაღლება, ანუ მატურაციაც შეგვიძლია. ამიტომაც, სოციალური ორგია რისი ორგიაა აზრის ფილტრი თუ გამოიყენე ან კიდევ უარესი - კრიტიციზმის (ძალიან გავს ეს სიტყვა კრეტინიზმს) ვექტორები გაჩნდა?! ყოველთვის მშურდა ანაზდად იმპროვიზირებული ზნეობრივი არსებების. იმათიც, “სულ რომ კიდიათ სხვისი” აზრი და ამით გამხნევებულები შესანიშნავად ახერხებენ ენდოგენურ/ეგზოგენური დეპრესიების კომუფლაჟს. ეს ძირითადად საკუთარი თუ სხვისი გენეტალიების გაუთავებელ “თავისუფალ” ვერბალურ ონანიზმში ვლინდება ხოლმე. არა, მე მესმის, რომ ეს იმ ბნელი საბჭოთა ჭაობებიდან დეზოქსირიბონუკლეინმჟავას რთულ ბუნებრივ ნაერთს წამოყოლილი მელანქოლიის გათავისუფლებაა პოსტ-ჰომო სოვეტიკუსებში, თუმცა, ცივილიზაციის ამ კანონიერ შვილთა სავიზიტო ბარათს “ძალათი თავისუფალი” ადამიანის ბეჭედი უფრო აზის... პირველი ბავშვობის “ძალად კაი გოგო-ბიჭები”, მეორე ბავშვობის “ძალად თავისუფლებმა” ჩაანაცვლეს.
რაც თავი მახსოვს, კომუნიკაციის და ზოგადად, ურთიერთობის ეკოლოგია ჩვენთვის “ფილოსოფიური ქვის” მოძიების ტოლფასი იყო. მართალია, თითო ასეთ ქვას ყოველი ქართველის ოჯახში თუ არა, გულში მაინც ნახავთ, მაგრამ მაინც ეჭვი მღრღნის – სანამ ამ ქვას გულზე არ დაგვადებენ, მანამდე ვერ გავთავისუფლდებით ჰიპერტროფირებული “საჯაროობის” ვნებისგან. თუმცა, გადარჩენის შანსი მაინც რჩება. “ზეციური საქართველოს” კარიბჭესთან მოდარაჯე “დაცვა-მამაოები” მართლმადიდებელ ენთუზიასტებთან ერთად ქანცგამწყდარნი შრომობენ ქართული სულისა და სულიერების გადასარჩენად. არ ვიცი, კირკეგორის დროს ეშმაკი ნამდვილად იყო თუ არა პოლიგრაფიულ საღებავში ჩასახლებული, მაგრამ სოციალურ ქსელებში მართლმადიდებლური გვერდების, კომენტარების თუ ფოტოების ნახვისას, ყოველ ჯერზე ისეთი შეძრწუნება მიპყრობს, რომ სუიციდური საშიშროების თავიდან ასაცილებელი პროფილაქტიკა მჭირდება. ფბ–ზე გამოგორებული სააღდგომო კვერცხების თუ პასკების იმედად, მიტევების დღეს (“მეგობრებო და არამეგობრებო! ყველას პატიებას გთხოვთ, თუ ოდესმე თქვენთვის მიწყენინებია!”-სტატუსებით, იაპონიაზე ქალწულობის ინსტიტუტის დარღვევისთვის თავსდატეხილი “საღვთო” სასჯელის “ლოგიკურობის” გამართლებებით და ა.შ. და ა.შ), უზუსტესად ვიცი, მიწიერს ნაკლებად და, ზეციურ საქართველოს ნამდვილად დავიმკვიდრებთ.
ასეა, უიღბლო რომ დაიბადები, არც პირველ და არც მეორე ბავშვობაში არ გიმართლებს. მაგრამ უმადური ნამდვილად არ ვარ. ის, რაც პირველს ნაკლულს ხდიდა, მეორეში ჭარბადაა: პოლიტიკური თრომბების ნაირსახეობა, ალტერანტიული პოლიტცენტრები, რელიგიური “მამები”, ჟურნალისტიკის “დედები” და მთელი ჩვენი “მამიდა-ბიძა-ბიცოლების” გენდერულ სასწორზე მისხლით აწონილი დათრენინგებული კულტურული დესანტი...
მე, მაგალითად, ვხედავ განსხვავებას... აი, მიშა წავა თავის “პაჩკა=პაჩკა დოლარებით” მოქეიფე “სვეცკობასთან” ერთად და მოვა ბიძინა (ცხადია, ივანიშვილი). ბიუჯეტსაც ეშველება და ნანატრი კულტურული რევოლუციის ტორნადოც დატრიალდება. არა უშავს, თუ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ, რომ “კულტურას ღვთაებრივი დასაბამი აქვს-მისი არქეტიპი ღმერთშია” და მაინცდამიანც ნურც იმაზე გავამახვილებთ ყუარდღებას, რომ “წინა თაობის სასიცოცხლო ციკლის გამეორება, იზოლაციასთან არის დაკავშირებული” (ზ.კ.) მთავარი ხომ მართლაც ისა არის, რომ როგორმე მიშა&კომპანია წავიდეს? მანამდე კი, კეთილი ვინებოთ და, თავი შევიკავოთ უპასუხოდ დარჩენილი, ჰაერში მოფართხალე კითხვების დასმისგან... ვაცადოთ ბოლომდე.
ისე, სხვების არ ვიცი და მე ეს “ბოლომდე დაცდა“, ცუდად მაქვს დაცდილი. ერთი, რომ არ ვიცი “ბოლო” სადაა და მეორე – იქ, სადაც კითხვები ჩნდება პერსონის მიმართ, რომელიც მომავალში, მაგრამ მაინც, გვპირდება ჩვენი სასიცოცხლო არეალის შეცვლას, პატიოსანი მოქალაქის მიერ პასუხები უნდა გაეცეს. მაგრამ ვხვდები, აქაც ჩემი არასწორი აღზრდის შედეგია საკითხის ასე დასმა...
თუმცა, მეც ვიცვლები და უკვე ვხედავ, შემოდგომის ერთ თბილ და მყუდრო საღამოს პოლიციის ჰიმნით აღშფოთებული ფეისბუკელი “ფრენდები” როგორ ამოვისუნთქავთ შვებით და გვერდით მოდგმულ ჭიქა ყავაზე მონიტორს მიღმა მორცხვი, მაგრამ კულტურული ღიმილით ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით დავადგინოთ “ქალი თუ ზმანი, მნიშვნელობა არ აქვს. ორმაგი ფასი დაადე ბერას ნახმარს”, რამდენია ეს „ვითომ–ვითომ“ ორმაგი ფასი?