„უცხოეთი ისე მოიქცევა, როგორი რეაქციაც ქართველ ხალხს ექნება არჩევნების შემდეგ“

„უცხოეთი ისე მოიქცევა, როგორი რეაქციაც ქართველ ხალხს ექნება არჩევნების შემდეგ“

 

 

საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, თითქოს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეპატი დაიწყო. ამერიკა საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, უსაფრთხოებაში, ნატოსთან ურთიერთობაში, მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ქვეყანას. სამაგიეროდ,  საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიან და დემოკრატიულ პროცესებს ელოდება. როგორ გაგრძელდება ეს შეთანხმება, დაარღვევს თუ არა ქართული მხარე თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის მიცემულ პირობას, რას ნიშნავს დასავლეთის მიმართ ბოლო დროს გამკაცრებული ტონი და რა გზა შეიძლება აირჩიოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. როგორი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით რუსეთის როლი და სინამდვილეში რა შედის ამერიკის ინტერესებში, ამ თემებზე ექსპერტი კახი კახიშვილი გვესაუბრება.

- შეერთებული შტატების ინტერესში არ შედის ხელისუფლების რადიკალურად, ერთ დღეში ცვლილება. ვფიქრობ, რომ ამერიკელების ინტერესში ხელისუფლების ეტაპობრივად ჩანაცვლება შედის. რაც იმას ნიშნავს, რომ დროში გაწერილი პროცესი იქნება. ამიტომ ვვარაუდობ, რომ 2012 წლიდან არჩევნების შემდეგ პარლამენტი უკვე ასეთი ერთმართული და ერთპარტიული აღარ იქნება. მაგრამ,  ვფიქრობ, რომ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება უმრავლესობით. ასე,  ეტაპობრივად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით, 2014  წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, რაღაც ეტაპობრივი ცვლილებები მოხდება და დემოკრატიის კუთხით შედარებით გაუმჯობესდება მდგომარეობა. თუ გავაანალიზებთ ობამას და სააკაშვილის შეხვედრას, თუ გავაანალიზებთ იგივე ამერიკელების  შეფასებას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისინი  ცალსახად არ საუბრობენ იმაზე, რომ რთული ვითარებაა, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა ადგას კარგ გზას, მაგრამ არის რაღაც  პრობლემები. აქედან გამომდინარე,  ისინი რომ უარყოფითად აფასებენ სააკაშვილის მმართველობას, არ ჩანს მათი საუბრებიდან.

თუმცა ამერიკელი სენატორების განცხადებებირომ საქართველოში არის დემოკრატიის კრიზისირომ არჩევნებზეა დამოკიდებულიბევრი რამ და საქართველოში აშშ- მომავალი ელჩის განცხადებები ნიშნავს თუ არა იმასრომ აშშ ბევრად კრიტიკულია დღევანდელისაქართველოს ხელისუფლების მიმართ ვიდრე ოდესმე?

- ამ ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა თქვა ობამამ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ობამას სააკაშვილთან შეხვედრამდე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმისათვის, რომ გარკვეული პოზიციები გამოეხატა ამ შეხვედრის დროს, ან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერეციაზე. მან განაცხადა, რომ „თქვენ რჩებით დემოკრატიის შუქურად და მოდელად რეგიონში“. საქართველოში რომ ძალზე ბევრი პრობლემაა დემოკრატიის კუთხით, ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი და ამერიკელებისთვისაც. მაგრამ ისინი დღეს ვერ ლაპარაკობენ ამ პრობლემებზე, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მათი გეგმების ჩაშლაზე იქნება ლაპარაკი.

პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ სამი რევოლუცია განხორციელდა, საიდანაც ორმა  კრახი განიცადა. დღეს მათ რომ  საქართველოში რევოლუციის კრახზე ილაპარაკონ, გამოდის, რომ თვითონვე ეწინააღმდეგებიან მათივე სცენარით განხორციელებული რევოლუციების გეგმებს, რაც ცუდი მაგალითი იქნება იგივე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რადგან, როგორც ჩანს, ანალოგიური ცვლილებების განხორციელებას აპირებენ ჩვენს რეგიონში. დღეს რომ სააკაშვილის მთავრობის კრიტიკა დაიწყონ, არაფერი აღარ გამოუვათ, არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში.

აშშ ვიზუალურად ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად არის, მართალია არის პრობლემები, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, აზერბაიჯანს, სომხეთს და რუსეთს ვგულისხმობ, დემოკრატიის კუთხით უკეთესი მდგომარეობაა. მიუხედავად ამისა, იგივე  პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლებით, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ რეგიონში. ამავდროულად, აშშ-მ ძალიან კარგად იცის, რა პრობლემებია ქვეყანაში, უბრალოდ, სხვა საკითხია, რამდენად აწყობთ ამ პრობლემებზე საუბარი.

ვერ ვიტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად ისე ასახავს პრობლემებს, რეალურად როგორი მაჩვენებლებიც არის ქვეყანაში. შერჩევითი შეფასებები კეთდება და ძალიან კარგად ვიცით, რომ პრინციპში ამერიკელები უფრო იმ კუთხით გამოდიან, რა კუთხითაც თვითონ აწყობთ ეს ხელისუფლება ქვეყანაში. მათ დღესაც და გუშინაც აწყობდათ სააკაშვილის ხელისუფლება, იმიტომ, რომ საერთაშორისო არენაზე  საქართველო პრობლემას არ უქმნიდა. ამავდროულად, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველაზე დიდი კონტიგენტი ერაყში ჩვენია და ასე თუ ისე, სააკაშვილის საგარეო პოლიტიკით კმაყოფილები არიან.

ამერიკას ორი მოტივი აქვს საიმისოდ, რომ ხმამაღლა არ განაცხადოს როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს საქართველოს დემოკრატიის კუთხით. პირველი მოტივია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა მოხდა მათი მხარდაჭერით. მეორე მოტივი არის ის, რომ ასეთი ხელისუფლების ცვლილებები როგორც ჩანს, მათ კიდევ აქვთ დაგეგმილი სხვადასხვა ქვეყნებში და არ უნდათ შექმნან პრეცედენტი, რომ აი, საქართველოს მაგალითმაც არ გაამართლა. ეს იქნება თავისებური მუხრუჭი სხვა ქვეყნებში ანალოგიური ცვლილებებისა.

თუმცა იგივე დემოკრატიის კუთხით არანაკლები პრობლემები შეიძლება შეიქმნასთუკი  სააკაშვილი დარჩება ხელისუფლებაში დაუმრავლესობით ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვა ...

- ესეც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური იქნება არჩევნების მერე ხალხი. ის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს არსად წასვლას და ხელისუფლების რეალურად გადაბარებას, თვითონაც არაერთხელ უთქვამთ როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ისე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს.

როგორ ჩატარდება არჩევნები, რა დოზით იქნება შესამჩნევი დარღვევები და რამდენად რეზონანსული გახდება ეს დარღვევები, მოსახლეობის აქტიურობას ვგულისხმობ, შესაბამისი დოზით იქნება ამერიკის განცხადებებიც. თუ ჩვენი მოსახლეობა აქტიური არ იქნება და იმდენად არ გააპროტესტებს არჩევნების შედეგებს, ცხადია ამერიკელებიც არ ჩაერევიან. ისინი დააკვირდებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს რაც გახდება ინდიკატორი, რა დონის კრიტიკულ დასკვნას დადებენ არჩევნებთან დაკავშირებით.

თუმცა არის საკმაოდ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, კოალიციას ვგულისხმობდა შეიძლება არჩევნების შედეგები არ იყოს ისეთი,როგორიც გვქონდა აქამდეშესაძლოა, ეს პროტესტის  მუხტიც საკმაოდ მაღალი იყოს.

- ამიტომ ვთქვი, რომ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნებიან პოლიტიკური სუბიექტები და ხალხი. ზუსტად აქედან გამომდინარე იქნება ის შედეგები და შეფასებები, რომელიც დაიდება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ იმ ორგანიზაციების მხრიდანაც, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს.

 ჩვენთვის ხომ ცნობილია, რომ ისინი ფრთხილობენ და ძირითადად დასკვნებს არჩევნების მონიტორინგის შესახებ დებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უჩვენებს, რა დონის დასკვნა უნდა დაიდოს. თუ დაინახავენ, რომ არჩევნების შემდეგ არც ისეთი აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება არჩევნების გაპროტესტების კუთხით, რა თქმა უნდა, ისინი არ გახდიან თავიანთ დასკვნას იმის საფუძველს, რომ შემდგომში მოსახლეობა რადიკალიზაციისკენ მიმართოს არჩევნების გაყალბების მიზეზით.

თუ ხალხმა არ დაიწყო აქტიური ბრძოლა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და ჩვეულებრივად შედგა საპარლამენტო სხდომა, ამერიკა და ეუთო რომ არ დაიწყებს იმის წერას, რომ გინდა თუ არა არჩევნები გაყალბდა და არ ცნოთ ხალხო ეს არჩევნებიო, ეს ასე არ მოხდება.

რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდებამაგრამ იმ შემთხვევაშიც კითუ  საპროტესტო  მუხტი იქნება საკმაოდ მაღალისააკაშვილი არ აპირებსდათმოს ძალაუფლებაასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს დასავლეთის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტებიარსებობს თუ არაშესაბამისი მეთოდებითუნდაც დაფინანსების შეწყვეტა?

- დასავლეთს რომ შეუძლია იგივე დაფინანსების წყაროები შეუზღუდოს, გამოაშკარავოს ჩვენი ხელისუფლების ანგარიშები უცხოეთის ბანკებში, ეს ცხადია. მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გახადონ საჯარო, რაც დღესაც იციან, მაგრამ საჯაროს არ ხდიან. ეს ბერკეტები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დარტყმა მიაყენონ ხელისუფლებას.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო  ეკონომიკურად ისე არ არის განვითარებული, რომ თვითკმარი ეკონომიკა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, იგივე უცხოეთის დახმარებაზე ვართ დამოკიდებული. ეს დახმარებაც თუ  შეწყდა და ეს იქნა პოლიტიკური აქტი, დავუშვათ, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ეს დიდ პრობლემას შეუქმნის ხელისუფლებას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენად მძიმე იქნება დასკვნა, ისევ და ისევ, ხალხსა და პოლიტიკურ სუბიექტებზეა დამოკიდებული. რაღაც პრობლემების მიუხედავად თუ პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოიწონეს არჩევნების შედეგები, გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მყოფ პარტიებზე აქტიური არ იქნება.

ბოლო დროს საკმაოდ მკვეთრი განცხადებები მოვისმინეთ სააკაშვილის მხრიდან დასავლეთისიგივე ელჩების და დიპლომატებისმიმართროდესაც დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები ისმისსააკაშვილი ამას „თავდახრილი“ არ ისმენსუტევს კიდეც დათითქოს, ვექტორების შეცვლის გზავნილებიც ისმის-ხოლმე მის გამოსვლებშირა შეიძლება მოხდესთუ დასავლეთი არ აღიარებსსააკაშვილის პარტიის გამარჯვებას ამ არჩევნებშირამდენად დასაშვებად მიიჩნევთრომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოასააკაშვილმადასავლეთის ვექტორიდან სხვა ვექტორისკენ გადაინაცვლოსბოლო დროს საკმაოდ ხშირად ახსენებს აღმოსავლეთის მიმართულებას....

- ასეთი მიმართულება არსებობს, მაგრამ ეს კატასტროფული იქნება, როგორც სააკაშვილისთვის ისე თითოეული ჩვენთაგანისათვის. დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილისთვის სრული შოკი იყო ობამას პრეზიდენტობის პერიოდში რომ ობამასთან ოფიციალური შეხვედრა მხოლოდ ერთხელ შედგა, დანარჩენ შემთხვევებში კი, ეს იყო შეხვედრები სამიტების დროს. ბუშის დროს უფრო აქტიური იყო მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ და ეს მდგომარეობა რომ შეიცვალა, სააკაშვილის იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე, მან ძალიან მტკივნეულად აღიქვა.

მტკივნეულად აღიქვა შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან „ფეისბუქში“ გაკეთებული განცხადება და კრიტიკული დასკვნები. ის ვერ იტანს კრიტიკას. ამავე დროს, არ არის ისეთი ძლიერი დიპლომატი, რომ დამალოს თავისი განწყობა და ზოგჯერ, უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე უნდა საუბრობდეს. რაც გამოჩნდა კიდეც.

თვითონ სააკაშვილმა და  მისი გუნდის წევრმაც კარგად იციან, რომ საქართველო ბელორუსია ვერ გახდება. საქართველო საით უნდა წავიდეს, რომელი აღმოსავლეთისკენ?

რუსეთის მთავრობა რომ არ აპირებს მასთან თანამშრომლობას ეს ცხადია, რუსებს რაც უნდოდათ ის მიიღეს.

ბელორუსიისგან განსხვავებით, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზეა განვითარებული და თვითკმარი ეკონომიკა მაინც აქვს, თავისი ხალხის გამოსაკვებად, საქართველოს ამისი შესაძლებლობაც არ აქვს. როგორც კი უცხოეთისგან დაფინანსება და დახმარება  შეუწყდება, ის ვერც მაღალ ხელფასებს გასცემს, რითაც ამხელა საჯარო აპარატს ინარჩუნებს და სანაცვლოდ მხარდაჭერას იღებს, ვერც იმ თავის ჩინოვნიკებს შეინარჩუნებს, რომლებიც პირველი კლასით ფრენას და კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეულები. აქედან გამომდინარე,  უფულობა ძალზე დიდ პრობლემას წარმოქმნის სააკაშვილის გარემოცვაში, რაც ისევ და ისევ შიდა კონფლიქტით დამთავრდება. ფულის გამო ოჯახში ჩნდება პრობლემა და სახელმწიფოში, შიდა აპარატში, სადაც ხალხი მიჩვეული იყო კარგ ცხოვრებას, სანაცვლოდ კი სააკაშვილის გულშემატკივრები და მხარდამჭერები იყვნენ, პრობლემები გარდაუვალია.

სწორედ უფულობის გამო დაიწყება თვითნგრევის პროცესი, რასაც ზოგიერთი მოქალაქეც შეეწირება, იმიტომ, რომ ვიდრე ეს პროცესი დაიწყება, მაქსიმალურად დაიწყება ისევ და ისევ ხალხისგან ფულის ამოქაჩვა, რაც ძალიან მძიმე გადასატანი იქნება.

როდესაც პოლიტიკური პროცესების შეფასებები კეთდებაექსპერტები ვარაუდობენრომ საქართველოს ხელისუფალი იქნება ის,ვისზედაც დადებს ფსონს ამერიკა და რუსეთი შეთანხმებულადრას ნიშნავს ეს და როგორი უნდა იყოს ლიდერირომელიც ერთნაირადმისაღები იქნება რუსეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც?

- ვფიქრობ რომ, ყველა ხელისუფლებას აქვს თავისი ეტაპები და რესურსები რამდენ ხანს შეუძლია მართოს სახელმწიფო. ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოწურა ქვეყნის მართვის თავისი შესაძლებლობები, ეს უკვე ცხადია და ამიტომაც დავდივართ ერთსა და იმავე წრეზე.

ვგულისხმობ ყველა რეფორმას, რაც განხორციელდა 2003 წლის შემდეგ - ის, რომ სხვა განწყობა აქვს მოსახლეობას ინსტიტუციების მიმართ, ხალხი შეაჩვიეს  გადასახადების გადახდას, ხალხს კანონის შიში გაუჩნდა, ეს ეტაპი ამოწურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორც ჩანს, უფრო მეტ დემოკრატიის ხარისხში ისინი ვეღარ გადადიან. ამიტომ არის, რომ ყველა მმართველს და ყველა ადამიანს თავისი რესურსი აქვს.

რაც შეეხება შეთანხმებულ კანდიდატურას, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საქართველოს მოსახლეობისთვის რომელიმე კანდიდატი იქნება მისაღები და არ იქნება იმდენად იმიჯშელახული უცხოელებისთვის, ეს უკვე გარანტია იქნება, რომ უცხოელები მას მხარს დაუჭერენ. მთავარია, უცხოელებმა არ იგრძნონ საფრთხე იმისა, რომ ამ კანდიდატის მოსვლით შესაძლოა, მათ შეექმნათ პრობლემები. ის, რომ რომელიმე უცხოელი ფიქრობს ხალხზე, ან ხალხის მდგომარეობაზე, ამ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ პირველ რიგში, ნებისმიერი მისია და ნებისმიერი საელჩო, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და მერე იმ ხალხის, უცხოელები და ამერიკელები ჩვენი ხალხის გულისთვის თავს არ მოიკლავენ.

რაც შეეხება რუსეთს, მან ყველაფერი მიიღო რაც სურდა და ახლა ძალიანაც კარგ პოზიციაშია - ახლა არავის აღარ ელაპარაკება. აქედან ეუბნებიან, რომ რუსეთთან სალაპარაკო არაფერი აქვთ, ვიდრე ის არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მაგრამ რუსეთი ამ პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, რადგან საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილის დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწია და რაკი მეტი არაფერი არ აინტერესებს, სალაპარაკოც არაფერია.

ძალიან კომფორტულად გრძნობს რუსეთი თავს. იქაურ ბიზნესმენებს ყველაფერი ნაყიდი აქვთ საქართველოში, თითქმის ყველა სტრატეგიულ ობიექტს ფლობენ. თუ ყველაფერი მომეცი, რაც მჭირდებოდა, ნუ დამელაპარაკები, რა პრობლემაა...  

გამოდისრომ  სააკაშვილი რუსეთს აწყობსაწყობს სააკაშვილის მმართველობა  და შესაძლოა, მან მხარიც კი დაუჭიროს სააკაშვილს?შეიძლება ასეთი ვერსიის დაშვება?

- ფაქტია, რომ სააკაშვილი რუსეთს აწყობს. რაც რუსეთს სჭირდებოდა საქართველოსგან, ეს არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა, რაც შეძლო კიდევაც. ამის გარდა, ვთქვათ, რა არ მიჰყიდა სააკაშვილმა რუსეთს ისეთი, რაც მას უნდოდა?- ყველაფერი შეუსრულა და ტერირორიებიც აღიარეს.

ახლა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მოჩვენებითია და არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის სააკაშვილი რაიმე პრობლემას  წარმოადგენს. ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რაც ჰქონდა რუსეთს ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით - მიღწეულია.

სხვა საკითხია, რომ რუსეთს სხვა პრეზიდენტთან უკვე მოუწევს საუბარი. დღეს თუ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ სააკაშვილთან და მის მთავრობასთან საერთოდ არაფერზე  ვილაპარაკებთო, მაგრამ საქართველოში ხელისუფლება თუ შეიცვალა, მაშინ ხომ მოუწევთ ლაპარაკი?!

თუ ეს მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდება, კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე და ის, რომ მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებდათ. ეს არ აწყობთ, რადგან ახლა ძალზე კომფორტულად არიან. პრინციპში, უვიზო რეჟიმიც არ არის, არც ქართველები არ აწუხებენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შეაწუხებდნენ კარგი ურთიერთობის შემთხვევაში.

რუსეთს  ტერიტორიები აინტერესებდა თუ საქართველოს ნატოში შესვლა იყო პრობლემა?

- საქართველო ნატოში ვერ შევიდოდა, ეგ რუსეთმაც ძალიან კარგად იცოდა და თვითონ საქართველოს ხელისუფლებამაც. ნატოში შესვლა არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ალიანსში გაწევრიანება. ნატოში შესვლამდე საჭიროა ძალიან ბევრი, ძირეული რეფორმის ჩატარება, რომელის გარეშე უბრალოდ, ქვეყანა ნატოში ვერ შევიდოდა. აქედან გამომდინარე, არც საქართველოს მთავრობა არ აპირებდა ამ რეფორმების გატარებას, მე ვგულისხმობ სასამართლო დამოუკიდებლობას, მედიის დამოუკიდებლობას, დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

რუსეთიც და ნატოც ხომ ხედავდა, რა დონეზე განხორციელდა რეფორმები. ის, რომ ჩვენ ნატოში ოდესღაც გავწევრიანდებით არის ძალიან დიდი დროის პერსპექტივა.

სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა, NDI-ს აქვს ასეთი კითხვა, დაუჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციურ პარტიას, რომელიც აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ დაგვიბრუნებენ აფხაზეთს? - ზოგიერთმა განაცხადა, არ დავუჭერთო. ჩემთვის იცით რა არის მთავარი, დაბრუნდეს ტერიტორიები და ხალხმა იცხოვროს საფრთხის გარეშე. ეს ნატოში იქნება თუ ნატოს გარეშე, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებაში ჩაწერილიარომ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ყველასვინც არის ევროკავშირის მოქალაქედა ათი წელი ცხოვრობს საქართველოშიეს ჩანაწერი ხომ არ იძლევა საშუალებასრომ რუსეთმა შემოაგდოს სხვა კანდიდატურა თუნდაცებრალიძის მსგავსი...

- ეს ინიციატივა მიმაჩნია აბსურდელად, იცით როგორ გამოგვდის ბოლო პერიოდში? ამას წინათ მოვისმინე ვეფხვაძის განცხადება, იმიტომ გავაკეთეთ ამის ინიცირება, რომ ევროპისკენ მივდივართო და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს ვაძლევთ პასიურ საარჩევნო უფლებასო.

პროვინციიდან რომ ჩამოვა ადამიანი ქალაქში და თავის დასამკვიდრებლად  მეტისმეტად გასვეტდება, ასე გამოგვდის. ცოტა რთულია, წარმოვიდგინოთ იგივე საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა, მოდი რაკი ევროკავშირის წევრები ვართ, გერმანიის მოქალაქეებმა იყარონ კენჭი საფრანგეთის პარლამენტშიო, ეს ხომ აბსურდია. არ შეიძლება იდეები პროვინციალიზმში არ უნდა გადაგივიდეს. თუ ევროპაზეა საუბარი და ევროპაში ინტეგრაცია გვსურს, გვინდა მარტო იმიტომ, რომ ევროპაში დემოკრატიული ღირებულებები ჩვენზე მეტია. თუ ევროპელობა გვინდა, იმაზე კი არ უნდა  ვიფიქროთ, ვის რა უფლება მივანიჭოთ, არამედ იმაზე, რომ ქვეყანაში რეალურად არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც სამწუხაროდ, ახლა არ არსებობს.

ხომ არ შეიძლება იყოს ისეთი ჩანაფიქრირომ ივანიშვილის საპირწონედ შემოაგდონ სხვა კანდიდატურა?

- ის, რომ ხელისუფლება შეეცდება ძალიან ბევრი ცენტრის შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არევნებამდე, მე ამის შესახებ დავწერე კიდეც. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ფართო გაერთიანება ოპოზიციური სპექტრისა, აუცილებლად შეიქმნება ძალიან ბევრი ცენტრი, რომელიც იქნება მხოლოდ იმაზე ორიენტირებული, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველის ხმები გახლიჩოს.

არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს რომელიმე ქართველი, ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი და განაცხადოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისარგებლოს პასიური საარჩევნო უფლებით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არის ძალიან დიდი ნონსენსი. ვერ ამიხსნია  რატომ მივიღეთ საქართველოში დაბადებული ხალხის დახარისხების კანონი. თუ ადამიანი ქვეყნის პატრიოტია, მაგრამ იძულებულია, საიმისოდ, რომ გამოკვებოს ოჯახი, ბიზნესი ჰქონდეს რუსეთში, იმას რატომ არ შეიძლება ჰქონდეს პასიური საარჩევნო უფლება და ადამიანს, რომელიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეა და არ არის პატრიოტულად განწყობილი, იმას შეიძლება ჰქონდეს პასიური საარჩევნო  უფლება. ეს იმდენად აბსურდული წინადადებებია, მხოლოდ საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოსთვის არის ძალიან დიდი სამართებლივი ნონსენსი. ასეთი რამ არც არავის არ ჰქონია, იდეაშიც არ არსებობს ასეთი ჩანაწერი და ალბათ, არც იარსებებს.

კიდევ ვამბობ, ადამიანი რომ ევროპკავშირის ქვეყნის მოქალაქეა, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჩვენი ქვეყნის პატრიოტი იქნება. ზუსტად ამიტომ არის განსაზღვრული „კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მოქალაქეობის საკითხის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ზუსტად ამ მოქალაქეობიდან გამომდინარე ხდება შემდგომში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება.

თუ ეს ცვლილება განხორციელდა, მაშინ, გამოდის, რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეობასაც არ ექნება ის ფასი და სტატუსი, რაც თავის დროზე კანონმდებელმა ჩადო და რისთვისაც სხვათაშორის, ბევრი ქვეყანა დღემდე იბრძვის.

ყველა, მათ შორის ევროკავშირი ორიენტირებულია თავის მოქალაქეებზე. ის, რომ ევროპის საბჭომ ერთიანი კონსტიტუცია ვერ მიიღო ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ორიენტირებულია, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და შემდგომ უკვე გაერთიანებული ევროპის ინტერესებზე. ჩვენ რატომ მოგვდის ისე, რომ სხვის ინტერესებზე ვფიქრობთ და ბოლოში გვახსენდება ჩვენი ხალხის ინტერესები, უბრალოდ არ მესმის.