26 მაისი ხარაჩოებში

26 მაისი ხარაჩოებში

ეს ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული და კარგად ჩანს, რომ ქუთაისის ჯერარნახული პარლამენტის შენობას დამთავრებამდე ძალიან ბევრი უკლია. შენობას არა აქვს არც სახურავი, არც კარ-ფანჯარა და, როგორც ჩანს, არანაირი კომუნიკაცია.

მიუხედავად ამისა, 26 მაისს პარლამენტის სხდომა ამ შენობაში გაიმართება. ასეთია პრეზიდენტის დაპირება და საპარლამენტო უმრავლესობას აზრად არ მოსვლია, რომ მისთვის რაიმე წინააღმდეგობა გაეწია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი რეგლამენტსაც კი ცვლის იმისთვის, რომ 26 მაისს ხარაჩოებში სხდომის ჩატარება შეძლოს.

როგორც მშენებლები ამბობენ, ამ შენობის დასრულებას 24 საათიან სამუშაო პირობებშიც კი ერთ თვეზე გაცილებით მეტი სჭირდება. თანაც ეს, რაც გარედან ჩანს. შიგნით კი, როგორც მშენებლები ამბობენ, გაცილებით მძიმე სურათი იქნება.

საპარლამენტო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტთან უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე სააკაშვილს ამ თემაზეც ულაპარაკია და მოუთხოვია, რომ მისი დაპირება, რომელიც 26 მაისს სხდომის ქუთაისის პარლამენტში ჩატარებას ეხება, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ისე, პრეზიდენტმა ქვეყნის გამთლიანების პირობაც დადო, თანაც, მინიმუმ, ორჯერ, პრეზიდენტის ორივე ინაუგურაციისას და იქნებ, პარლამენტის სხდომის ქუთაისში ჩატარების პირობის შესრულებას ამ პირობის შესრულება სჯობდა. ან თუნდაც იმ პირობის, - რომ, რგორც მიხეილლ სააკაშვილმა თქვა მთავრობის წევრები და მათ შორის პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეების მსგავსად იცხოვრებდნენ და საკუთარ თავს არანაირ განსაკუთრებულ პრივილეგიებს მიანიჭებდნენ.

მაგრამ სააკაშვილს ქვეყნისთვის ამაზე მნიშვნელოვნად 26 მაისს სხდომის ქუთაისის პარლამენტში ჩატარება მიაჩნია და უმრავლესობაც მზად არის, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, თუნდაც საკუთარ ღირსებად, საკუთარ პრეზიდენტს ეს სურვილი შეუსრულონ.

ის, რომ ერთ თვეში ამ შენობის დამთავრება შეუძლებელი იქნება, ცხადია და უმრავლესობასაც ძალიან კარგად ესმის. ამიტომაც გადაუწყვეტიათ, რომ როგორმე სხდომათა დარბაზი დაამთავრონ ისე, რომ წვიმიანი ამინდი რომ იყოს, არ დასველდნენ. მაგრამ დარბაზში რადიოფიცირების იმ სისტემის გაყვანას, რაც დღევანდელ პარლამენტშია, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და ცხადია, დაუმთავრებელ შენობაში მისი გაყვანა ვერანაირად ვერ მოხერხდება. ამიტომაც სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოძრავი მიკროფონით სარგებლობა მოუწევთ.

მართალია, ეს დეპუტატებს გარკვეულ უხერხულობას შეუქმნის, მაგრამ პრეზიდენტს სათქმელი მაინც ექნება, ჩვენს მტრებს ეგონათ, სხდომას ვერ ჩავატარებდით, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვერ მივართვითო.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ სესიაზე, როდესაც რეგლამენტში იმ ცვლილების შეტანის საკითხი იხილებოდა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, პარლამენტის სხდომა ქუთაისში მაისშივე გამართოს, ჯონდი ბაღათურია ამ ინიციატივას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა და ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ „ერთი კაცის ახირების გამო პარლამენტი რეზინის შტამპად არ ქცეულიყო“. მერე კი ისიც თქვა, სხდომის ჩატარება იმად მაინც ღირს, რომ იქ ჟურნალისტები წამოვლენ და საკუთარი თვალით ნახავენ, ეს მშენებლობა რა ეტაპზეა და იქ რა კეთდებაო.

ჟურნალისტებისთვის კი, (რა თქმა უნდა, არა ნაციონალური ტელერხების ჟურნალისტებისთვის) როგორც ჩანს, მართლაც საინტერესო სამუშაო იქნება.