3 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა და ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევით ახსნა. „საჰაერო მიმოსვლის ფარგლებში საქართველო „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რადგანაც რუსეთი არღვევს იმ წესებსა და კანონებს, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო. მათ შორის არღვევს საქართველოს ტერიტორიებს ცის მიმართებაში“, - აღნიშნა ქობალიამ.
მანვე განმარტა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ფრენები საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული.
„ღია ცის“ ხელშეკრულებიდან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა და საქართველოს ამ ნაბიჯს ეგოისტური უწოდა.
„საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი ამტკიცებს მის მზადყოფნას, „ეგოისტური“ გეგმების განხორციელებას შესწიროს ყველაფერი, მათ შორის სრულიად ევროპის კონტინეტური უსაფრთხოება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში კი რუსეთს ტყუილში ადანაშაულებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ლავროვის ამ განცხადების კომენტირებისას განაცხადა:
„რუსულმა მხარემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ჩვენ ხელშეკრულებიდან არ გამოვდივართ, ჩვენ დროებით ვაჩერებთ მის მოქმედებას. ეს მრავალმხრივი შეთანხმებაა, რომლის მე-4 მუხლიც რუსეთის მხრიდან უკვე 2 წელია, ირღვევა. ჩვენ ვცადეთ, გვეთხოვა, შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ შეაჩერა საქართველომ ხელშეკრულების მოქმედება იმ ვადით, ვიდრე რუსეთი დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებს. სწორედ ამ დრომდე ვერ იფრენს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე“.
ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი მართლაც არღვევს „ღია ცის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ლოგიკურად თვლიან. მაგრამ ცოტა უხერხულად მიაჩნიათ, რომ ერთის მხრივ რუსეთს თითქოს ურთიერთობების გაუმჯობესებას ვთავაზობთ, მეორეს მხრივ კი გარკვეულწილად ნაბიჯებს ესკალაციისკენ ვდგამთ.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ქრისტიანულ- დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე, ვაჟა ლორთქიფანიძეგანმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება და ის ქვეყნები, რომლებიც ამ ხელშეკრულებას მიუერთდებიან, აძლევენ ერთმანეთს უფლებას, რომ მათ ტერიტორიაზე იფრინონ თვითმფრინავებმა და აწარმოონ გადაღებები. აქ საუბარი არ არის სამგზავრო თვითმფრინავებზე. ეს არის საჰაერო ხომალდები, რომლებიც სადამკვირვებლო სამუშაოებს ასრულებენ და შეუძლიათ აეროტოპული გადაღებებიც აწარმოონ. ლორთქიფანიძის თქმით, ღია ცა სწორედ ამას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისგან და სადამკვირვებლო თვითმფრინავებს შეუძლიათ იფრინონ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და გადაიღონ, რაც სურთ. თუმცა ლორთქიფანიძე აქვე აღნიშნავს, ხელშეკრულება თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ერთი და იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს. ამიტომ, აქედან რომელიმე ერთი ქვეყნისთვის უარის თქმა, ხელშეკრულების პრინციპის დარღვევაა.
„ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის შემთხვევაში სპეციფიკურ გარემოებებთან გვაქვს საქმე. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჯერ ერთი, რუსეთმა თვითონ დაარღვია ყოველგვარი საერთაშორისო ხელშეკრულებები, როდესაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მეორეც, რუსეთმა რამდენჯერმე გააპროტესტა ასეთი სადამკვირვებლო ფრენები აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა დაიმუქრა კიდეც, რომ თუ კიდევ დაინახავდნენ საქართველოს სადამკვირვებლო თვითმფრინავებს, მათ ჩამოაგდებდნენ. რუსეთის ახსნა ასეთი იყო, რომ ეს ორი მისი მეგობარი სახელმწიფოა და რუსეთი ამ სახელმწიფოების ინტერესებს დაიცავს. ჩემი აზრით, რუსეთის ეს საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რადგან იგი საქართველოს არ აძლევს უფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე გადაიფრინოს და გადაღებები აწარმოოს. ამ დროს კი თვითონ უნდა მოვიდეს და ჩვენს ტერიტორიაზე აწარმოოს გადაღებები“, - აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე ფრენის აკრძალვით კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და საერთაშორისო ხელშეკრულებები. რუსეთი ფორმალურად თავს იმით იმართლებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან ამ ხელშეკრულების წევრი ქვეყნები და ამიტომ საქართველოს არ აქვს უფლება მათ თავზე იფრინოს. მაგრამ ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია და ეწინააღმდეგება თავად ამ ხელშეკრულების პრინციპებსაც.
მართალია ვაჟა ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ლოგიკას მოკლებული არ არის.
„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, მიმაჩნია, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა სრულიად არალოგიკურია, რადგან რუსეთთან გავხსენით საჰაერო მიმოსვლა, ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი და ამ დროს ვწყვეტთ ხელშეკრულებას. ხუციშვილის აზრით, ერთი ხელით ვთავაზობთ დიალოგს და მეორე ხელით ჩვენვე ვბლოკავთ ამ დიალოგს.
„საქართველოს ხელისუფლება მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მზვერავი საჰაერო ხომალდების გადმოფრენა, დაკვირვება. წმინდა სამხედრო ტექნიკურ მიზეზებს იმოწმებენ, როდესაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებზე საუბრობენ. შეიძლება ამაში მართლაც არის რაიმე მიზეზი, მაგრამ მე მაგალითად სხვანაირად ვაფასებ ამას. მე ვხედავ, რომ როდესაც ხელისუფლების მხრიდან ხდება რაიმე პოზიტიური ინიციატივა, მაგალითად უვიზო რეჟიმის შემოღება, ამას აუცილებლად მოჰყვება ასეთი ნეგატიური ინიციატივა, იმისათვის, რომ ეს გაბათილდეს, ანუ არავინ ეს სერიოზულად არ მიიღოს და ვიღაცას არ მოეჩვენოს, რომ ჩვენ მართლა დიალოგს ვიწყებთ“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი presage.tv-სთან საუბარში.
მისი თქმით პრობლემა მართლაც არსებობს და ეს არის საკითხი, უნდა დავუშვათ თუ არა თავისუფალი ფრენები იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ პრობლემა წყდება მოლაპარაკების გზით და არა ამ მოლაპარაკების შეწყვეტით. ყოველ შემთხვევაში, ეს მოითხოვს გარკვეულ კომუნიკაციის რეჟიმს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს. ხუციშვილის თქმით, ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, რომ მეორე მხარე ჩვენ მოგვატყუებს, გადაგვაგდებს. ასეთ ვითარებაში კი ძალიან საეჭვოა, რომ შენი ინტერესები გაატარო და რაიმე საშენო გააკეთებინო მეორე მხარეს.
გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახმელეთო ტერიტორიას, ასევე მათ საჰაერო სივრცესაც რუსეთი ექცევა, როგორც თავის საკუთრებას და ძალიან სწორია, რომ საქართველომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
„რუსეთი მართლა ისე იქცევა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის ოკუპირებული ტერიტორია, მაგრამ ქცევის წესი ასეთი აქვს. თუმცა რამდენად სწორი გამოსავალია ის, რომ ნაცვლად საკითხის ასე დაყენებისა, რომ ყველა მხარემ კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოხვიდე. ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ შეიძლება რუსეთს უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ. როდესაც ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოდიხარ, მეორე მხარეს უკვე კარტ-ბლანშს აძლევ, აძლევ საშუალებას ნებისმიერი ქმედება ჩაიდინოს და სათქმელად ექნება, შენ ხომ ცალმხრივად გამოხვედი ხელშეკრულებიდან და ჩემგან რაღას მოითხოვო“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.