აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ტაბიძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მისი დაკრძალვის დღეს, 4 მარტს, სათაურით „გაუხსნელი საქმე და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები“ presage.tv უკვე წერდა. მაშინ, ჯერ კიდევ უცნობი იყო ის დეტალები, რომელიც ჭირისუფალს 24 წლის ბიჭის საფლავამდე მიტანისას გადახდა.
სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც სოფელ ოდიშიდან ზუგდიდის ე.წ. საჯვაროს სასაფლაომდე მიემართებოდა, პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ოპერატიულ ავტომანქანებთან ერთად იმ „ტაქსებით“ მიაცილებდნენ, რომლის საჭეებთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები ისხდნენ. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან კი თანამშრომლების დიდი ოდენობით მობილიზება შეინიშნებოდა, ხოლო წინამდებარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ბუჩქებიდან ვითარებას შს სამინისტროს 4 ვიდეოკამერა „აკონტროლებდა“.
სწორედ ეს იყო ის ერთადერთი ცენტრალური გზა, სადაც ცხედარი სასაფლაომდე უნდა გაეტარებინათ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს იმ მიზეზის დადგენა, რის გამოც ბადრი ტაბიძის უკანასკნელ გზას ჭირისუფალთან ერთად პოლიცია ასე „გულდათუთქული“ მიუყვებოდა -სამართალდამცავები ყველა მეთოდით ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ სამმართველოს შენობის წინ ცხედრის დასვენების ფაქტი, რომელიც ტაბიძის ოჯახს ჰქონდა განზრახული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ „თადარიგი“ დილიდანვე დაიჭირა და სოფელ ოდიშში „პრევენციული ღონისძიების ფარგლებში“ ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ლამის, მთელი სოფელი დააშინა, პროტესტის გამოხატვის მოლოდინი მაინც არსებობდა.
პარალელურად, პოლიცია ჭირისუფალთან „გარიგებასაც“ აწარმოებდა, ცხედრის გასასვენებლად სოხუმის ქუჩის ნაცვლად შემოვლითი და „მიხვეულ-მოხვეული“ გზებით „სარგებლობას სთავაზობდა.“
ბადრი ტაბიძის დედა, ქეთი გადელია ამბობს, რომ პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვის შემთხვევაში კი, ძალოვანები მასიური დაპატიმრებებითა და ოჯახის განადგურებით იმუქრებოდნენ. მისი თქმით, „განეიტრალების“ ოპერაციას თავად ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ლევან ქირია ხელმძღვანელობდა.
სწორედ სხვისი შვილების პოლიციის ძალადობისგან დაცვა გახდა იმის მიზეზი, რომ ქეთი გადელიამ საკუთარი შვილის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის გამოხატვა გადაიფიქრა. თუმცა ეს გრძნობა შვილმოკლულ დედას ბუნებრივია, არ განელებია და მიზეზების გარკვევას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. ქეთი გადელია სამართლის საძებნელად ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით ჩასვლასაც გეგმავს. ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას შეეცდება და დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შვილის მკვლელების დასჯაში დაეხმარება.
მანამდე კი, ტაბიძის ოჯახი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოლოდინშია, რომლის შედეგები ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გამოაქვეყნოს. ამ შინაარსის წერილის მიღებას ქეთი გადელია 17 აპრილს უშედეგოდ ელოდებოდა. სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თითქოს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ „ვარდისფერ ლაქასა“ და ბადრი ტაბიძის სისხლის ანალიზს შორის არსებული იდენტურობა უნდა განესაზღვრა, ზუგდიდის პოლიციაში 13 აპრილს მიიღეს, მაგრამ გამოძიება დაზარალებული მხარისათვის მის გადაცემას არ ჩქარობს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო შედეგის გადმოცემის ზუსტი თარიღი უცნობია ტაბიძეების ადვოკატისთვისაც. ლონდა შამუგია presage.tv-სთან საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ადვოკატი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
დაზარალებული ოჯახისათვის გამოძიების ამ მუხლით მიმდინარეობა მკვლელობის ვერსიაში პოლიციის მონაწილეობის შესახებ არსებულ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს, ვინაიდან ბადრი ტაბიძე ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში თავის ქალის უმძიმესი ტრავმებით შეიყვანეს, რის შედეგადაც იგი 29 მარტს გარდაიცვალა.
ზუგდიდის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეანიმატოლოგი სულხან ორჟონია presage.tv-სთან ბადრი ტაბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით პაციენტის გარდაცვალება ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო.
სულხან ორჟონია, რეანიმატოლოგი: „ბადრი ტაბიძე კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. თავის ქალაში დიდი ზომის ეპიდურული ჰემატომა აღმოჩნდა. ნეიროქირურგმა საწრაფო ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვითი სუნთქვის აპარატზე 27 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგი მკურნალობისათვის ტრაქეოსტომული მილის გამოყენებით, პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. დავაზუსტებ, რომ პაციენტის მდგომარეობა შემოსვლიდან გარდაცვალების მომენტამდე იყო უკიდურესად მძიმე.
მას ჰქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, დაჟეჟილობით, შეშუპებით და ეპიდურული ჰემატომით, მაგრამ თუ რით იყო გამოწვეული ეს დაზიანებები, მე ვერ გეტყვით, ეს უკვე სხვა ინსტანციის საქმეა. ოპერაცია გაკეთდა ტრეპანაციითა და ჰემატომის ევაკუაციით. რაც შეეხება ტაბიძის ოჯახის ეჭვს, პაციენტის გაგუდვას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ასეთი რამ არ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ კლინიკაში“.
ექიმების ვერსიას დღემდე არ ეთანხმება გარდაცვლილის დედა. ქეთი გადელია, დარწმუნებულია, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ძალისხმევით დღითიდღე უმჯობესდებოდა. გარდაცვალების მიზეზად კი იგი გაგუდვას ასახელებს, რომელიც პოლიციის მონაწილეობით, ან მისი უშუალო დაკვეთით განხორციელდა. მისი თქმით, მკვლელმა დრო მაშინ შეარჩია, როცა პალატაში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ქეთი გადელია ამბობს, რომ მისი გაგუდვა ტრაქეოსტომული მილიდან მკვლელს არ გაუჭირდებოდა, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ბადრი ტაბიძე არ ალაპარაკებულიყო.
„ჩემი შვილი კონტაქტს ცდილობდა. ბოლო დღეებში საკვების ყლაპვაც შეძლო, ყველაფერი ესმოდა და ყველას ცნობდა. ვთხოვდი, ენიშნებინა მიმიკით, ან მოქმედებით დაედასტურებინა ის, რომ მის უბედურებაში პოლიცია მონაწილეობდა. ამის გაგონებაზე მან უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ხელის მუშტების დაბერვით დამეთანხმა“, -აცხადებს ქეთი გადელია.
გარდაცვლილის ოჯახის ვერსიით ბადრი ტაბიძისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ის გაურკვეველი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები, რომელიც პოლიციელებმა თავში მრავალჯერადი დარტყმით განახორციელეს. ტაბიძის დედის მონათხრობით, ახალი წლის დღეს ბადრი ტაბიძე სოფელ ოდიშში დეიდას სტუმრობდა. შექეიფებულმა ახალგაზრდამ საღამოს 8 საათისათვის ძმის ოჯახის მონახულება გადაწყვიტა და ზუგდიდის გზას ფეხით გაუყვა. მას დეიდა გაეკიდა, რომელიც შინ დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა ნასვამი ბიჭი არ დაემორჩილა და სვლა გააგრძელა. ცოტა ხანში მას ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდი-ჩხოროწყუს ცენტრალურ ტრასაზე აჩერებენ, „პიკაპში“ სვამენ და სამმართველოში გადაჰყავთ. იქ კი, სასტიკად სცემენ, მის სიკვდილში რწმუნდებიან, ცხედარი უკან მიაქვთ და იმავე გზაზე აგდებენ.
საღამოს 8 საათისათვის კი უგონო მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სოფელ გრიგოლიშის საჯარო სკოლის მანდატური, ზამირა როგავა პოულობს და პოლიციასა და საპატრულო სამსახურს ატყობინებს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მიდის და ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავთ. სამედიცინო დაწესებულებაში მას, როგორც უცხო მამაკაცს არეგისტრირებენ და მძიმე ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმები პაციენტის ქურთუკის ჯიბეში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ხურდა ფულს პოულობენ. მოწმობაში მხოლოდ გალის რაიონის სოფელი აჩიგვარაა მითითებული, სადაც დაიბადა, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, თბილისი, ნუცუბის პლატოზე მდებარე დევნილთა კომპაქტური ცენტრის მისამართი არსად ჩანს.
ექიმები პოლიციას პაციენტის ოჯახის პოვნას უშედეგოდ სთხოვენ. ტაბიძის ნათესავები მომხდარის შესახებ ცნობას მხოლოდ მეორე დღეს, პოლიციიდან განხორციელებული ზარის საშუალებით ღებულობენ. რამდენიმე საათში პოლიციის გამომძიებელი ოჯახის წევრებს ბადრი ტაბიძის პასპორტს ხელწერილით გადასცემს. საერთაშორისო პასპორტში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართთან ერთად ახლო ნათესავებისა და ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები დევს. ტაბიძეები პოლიციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ვინაობის შესახებ ცნობის მიუხედავად ოჯახთან არდაკავშირების მიზეზების გარკვევას ცდილობენ. პასუხად, პოლიცია მათ „უმადურებად“ იხსენიებს და აცხადებს „მადლობის მაგიერია, პასპორტი და ხურდა ფული შევუნახეთო.“
შემთხვევის ღამეს ბადრი ტაბიძის ცნობილი ვინაობა, პასპორტისა და შიგთავსში არსებული სატელეფონო ნომრების გადამალვა გახდა პოლიციის წინააღმდეგ ტაბიძეების მთავარი „სამხილი.“ გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ მომხდარით პოლიცია ისე დაიბნა, რომ ფაქტობრივად გარდაცვლილი ბიჭის გზის პირას დაგდებამდე მის ქურთუკში საერთაშორისო პასპორტის ჩადება დაავიწყდათ.
შვილის დაღუპვით გამოწვეული უბედურების შემდეგ ტაბიძეები ახალი უბედურების წინაშეც აღმოჩნდნენ. ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში ბადრი ტაბიძის მკურნალობის საფასურის 24 201 ლარის გადახდა მათ უპირობოდ მოუწევთ.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ახალაია ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებულ იმ შესაძლო შეღავათზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ოჯახს თანხის დაფარვა ეტაპობრივად შეეძლება. ახალაიას განმარტებით, პაციენტი არ ფლობდა ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და არც მისი ასაკი იძლეოდა გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას.
ქეთი გადელია ამბობს, რომ დავალიანების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამ რაოდენობით თანხის გადახდას იგი წარმოუდგენლად მიიჩნევს. სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი ტაბიძეებს შვილის გარდაცვალებამდე აღუდგათ და შემწეობის თანხასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეღავათებს ისინი აგვისტოს თვიდან მიიღებენ, თუმცა გამორიცხავენ, რომ დავალიანების დაფარვაზე იგი რაიმე გავლენას იქონიებს.
ქეთი გადელიამ მკურნალობისათვის საჭირო თანხების მისღებად შვილის სიცოცხლეშივე მიმართა თბილისის მერიასა და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, თუმცა ყველა უწყებიდან უარყოფითი პასუხი მიიღო.
ქეთი გადელია: „ჩემი შვილს რომ ეცოცხლა, თავდაუზოგავად ვიმუშავებდი, ვითხოვდი, შევაკოწიწებდი და საავადმყოფოში მივიტანდი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მუშაობას ვერ შევძლებ, სიცოცხლე არ მინდა და ვისი ხათრით ვაკეთო რამე. ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე წამართვეს და უკვე სულერთია ჩემთვის, ვინ რას დამაკისრებს“.