კორპორაციის კრახი საქართველოში

კორპორაციის კრახი საქართველოში

ადრინდელ წერილში („რანი არიან ლიბერასტები და როგორ იბრძვიან ისინი ქართველების წინააღმდეგ“იხ. http://www.presage.tv/?m=blogs&BAID=18&BID=225) შევეცადე დამეხასიათებინა „ვარდების რევოოლუციის“ ე.წ. ლიბერასტული პარადიგმა – ერი–სახელმწიფოს ნაცვლად ერი–კორპორაციის შექმნა. პოსტრევოლუციურ პრაქტიკაში ეს პარადიგმა „მოდერნიზებული“ იქნა; ერის “კორპორაციად გაფორმება” ჟვანიას განადგურების შემდეგ უარყვეს და უზურპატორთა კერძო კორპორაცია შექმნეს; მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ კერძო კორპორაციის კლიენტად გადააქციეს, იღბლიანი უმცირესობა – კორპორაციის პერსონალად დაიქირავეს და მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ, გამორჩეულ ოლიგარქებს ერგოთ კორპორაციის „აქციონერ –პატრონთა“ პატივი.

2007 წლის ნოემბრის კრიზისის შემდგომ საქართველოს პოლიტიკურმა სისტემამ ოლიგარქიული ავტოკრატიის სახე საბოლოოდ მიიღო. 2008 წლის საარჩევნო ფარსისა და აგვისტოს საბედისწერო ომის შემდგომ უკვე ცალსახად შეიძლება მტკიცება, რომ ქვეყნის მმართველობის სისტემა ოლიგარქიული ავტოკრატიაა, ეკონომიკური სისტემა კი ასევე ოლიგარქიული მონოპოლიზმი; ავტოკრატია და მონოპოლიზმი გულდასმით ინიღბება, დემოკრატიად და თავისუფალ ბაზრად საღდება; მოჩვენებითი დემოკრატიულობა ახალი სულაც არ არის, თუმცა ინდუსტრიული ეპოქის ავტოკრატიებისაგან დღევანდელი სისტემა ერთი არსებითი და ახალი ნიშნით – პოსტმოდერნული მირაჟებითაც გამოირჩევა. კორპორაცია „სიზმარს“ თესავს და ყველაზე ინტენსიურად მასიური მოხმარებისათვის ზმანებებს აწარმოებს, როგორც ლელა კურდღელაშვილმა აღნიშნა (იხ. „სიზმრის“ ეპოქა http://www.presage.tv/?m=politics&AID=10139):

„იმდენი ასეთი სიმულაცია და ფანტაზმა ვნახეთ, დაწყებული რევოლუციიდან დასრულებული, ვთქვათ, „ლაზიკით“ და თუნდაც ინოვაციური მთავრობის სხდომებით სახურავებსა და შუაგულ ვენახებში, რომ რეალობის შეგრძნება ყველამ ერთად დავკარგეთ და ახლა ყველა ერთად დავფარფატებთ „მიშას“ სამყაროში, სადაც რაღაც პროექტები საპნის ბუშტებივით ჩნდებიან და სკდებიან, რაღაც იწყება და არ მთავრდება, ორთქლდება და იწელება ყველაფერი. ტელეეკრანებიდან ყველაზე თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურას უწოდებს იმ სისტემას, რაც აქაურებს დიდი ხანია დერჟინსკის „ენკავედეს“ აგონებთ. მსოფლიო რეიტინგებში ქვეყანა ეკონომიკურად და ბიზნესის განვითარების კუთხით მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ერთი მესამედი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სულს ღაფავს.“

ოლიგარქიული წყობის, ავტოკრატიის და იმავდროულად, პოსტმოდერნული ფანტაზმებით გაჯერებულ ყოფაში „ზედმეტი ადამიანებისათვის“, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ, დაბეჩავების, სხვისი ხელის შემყურეობის, რაც ნარკოტიკული დამოკიდებულების მსგავსად კორპორაციის წყალობაზე ავადმყოფურ დამოკიდებულობას გულისხმობს და მუდმივი დეპრესია ახლავს თან, არსებობის სხვა მოდუსი აღარ მოიძებნება.

პოსტმოდერნული კორპორაცია შინ და გარეთ ნიშანს იძლევა, რომ სახელმწიფოს ვითომ დემოკრატიის კანონებით მართავს; მაგრამ თვალსაჩინოა, რომ სინამდვილეში რაიმე მმართველობით გადაწყვეტილებას ან მის შედეგს ოლიგარქია მნიშვნელობას არ ანიჭებს. მთავარია არა გადაწყვეტილება და მისი შედეგი, არამედ აღსაქმელად გავრცელებული ინფორმაცია; ზუსტად ასევე - აზრი ენიჭება არა რაიმე ფაქტს, არამედ ნიშანს, სიმბოლოს, ამ ფაქტის პუბლიკისათვის წარდგენის ”ხელოვნებას”.

ვითარება ძალიან წააგავს მერაბ მამარდაშვილის მიერ აღწერილ საბჭოურ, მიღმიურ სამყაროს. მაშინ იდეოლოგიური ზმანებები მართავდა რეალობას, თუმცა დღეს პოსტმოდერნია, ყველა იდეოლოგია მოკვდა და ღირებულებებისაგან დაცლილი კორპორაციული სული – მბრძანებლობისა და სიმდიდრის მოხვეჭის დაუოკებელი ვნება გაბატონდა.

კორპორაციული პარადიგმის ერთ–ერთი შემოქმედი, აწ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ჰიპოსტაზში მოვლენილი, ცნობილი ლიბერასტი და ახალი ყაიდის „მუცლით მეზღაპრე“ ზ. ჭიაბერაშვილი კორპორაციის წარმატებულობისათვის ჯერ კიდევ რევოლუციამდელ 2000 წელს (იხ. ზ. ჭიაბერაშვილი. ”წინ ილია ჭავჭავაძისაკენ!” „დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში“ #6. 2000წ.) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობის „გახვევას უვიცობის საბურველში“, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ხალხურად – „დაბოლებას“.

უვიცობის საბურველის შექმნა ორი გზითაა შესაძლებელი – ინფორმაციის უკიდურესი შეზღუდვით და ტოტალური ცენზურის შემოღებით, რაც დღევანდელ საინფორმაციო ერაში შეუძლებელია; ამიტომ კორპორაციამ პოსტმოდერნის აპრობირებული გზა აირჩია – ყოვლის წამლეკი დეზინფორმაციული ნაკადი: კორპორაციის ყალბი წარმატებულობის, თავსმოხვეული უალტერნატივობისა და უძლეველობის შესახებ („მიშა მაგარია“) ცრუ ინფორმაციის უწყვეტი, ყოვლის მომცველი და გაუგონრად ინტენსიური ტირაჟირება, სპამის ნამდვილი ოკეანე, გნებავთ გაუვალი კვამლი და ნისლი, რომელშიც არა მხოლოდ გახვეულია, არამედ ფსკერამდე ჩაძირული და ჩამხვრჩალია კორპორაციის ყოველი კლიენტი. დეზინფორმაციის ამ ოკეანესა თუ ნისლში შეუძლებელი ხდება ღირებული ინფორმაციის მოძიება, რადგან სიმართლე უბრალოდ წალეკილია ათასჯერ მეტი ტყუილით. მეტიც – სიყალბის და ზმანებების ამ ოკეანეში სიმართლესაც აღარ აქვს საზრისი. იგი ყოვლისმომცველი სიცრუის კონტრაპუნქტის როლს თამაშობს და მხოლოდ მის უკეთ აქცენტირებას ახდენს;

კორპორაციის კლიენტებისათვის აღქმადი რეალობა მთლიანად მოდელირებულია და კლიენტების მასას, რომელზეც აღზევდა ეს ახალი ლიბერასტული ოლიგარქია, მიზეზ–შედეგობრივი კავშირების, ანდა ღირებულებითი ორიენტირების აღმოჩენა კორპორაციის ე.წ. პოლიტიკაში აღარ ძალუძს. ადამიანი ნელ–ნელა ეჩვევა აზრს, რომ კორპორაციისათვის ყველაფერი, მათ შორის – ლოგიკის ელემენტარული კანონების დარღვევაც, დასაშვებია და რაც მთავარია, მათი ნებისმიერი, თუნდაც ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული ნაბიჯი (მაგ: რუსეთთან ომი, ყველაფერი ღირებულის გამყიდველობა ან ლიკვიდირება, თუნდაც პარლამენტის თბილისიდან გაძევება და რუსთაველზე მისი შენობის გაყიდვა, შუშის ხიდი, შლოპანცები, ველოსიპედი, ანბანის კოშკი და მის გვერდზე ჭაჭის თაუერი, დიადი ლაზიკა, კიდევ უამრავი სხვა და სხვა და ა.შ. უსასრულოდ) გამართლებული და „ლეგიტიმურია“; არა აქვს მნიშვნელობა რას და როგორ გადაწყვეტს კორპორაცია – მთავარია ვერავინ შეიტანოს ეჭვი, რომ რაც გადაწყდა, ეს ასეც უნდა იყოს და იქნება, რადგან უზენაესია მათი ნება.

კორპორაციის ძალაუფლების პოსტმოდერნული ლეგიტიმურობა, კლასიკურისაგან განსხვავებით, არც ლეგალურობას, არც ტრადიციასა და არც ქარიზმას არ ეფუძნება, არამედ „უვიცობის საბურველში გახვეულ“, მახვეწარ კლიენტებად ქცეულ, ფსევდო სახელმწიფოს ფსევდო მოქალაქეთა ილუზორულ წარმოდგენას, რომ კორპორაცია ყოვლისშემძლე და უძლეველია, ანუ ლეგიტიმურობის სიმბოლოა – „მიშა მაგარია“. ხოლო ერთადერთი რაზეც ოცნება ნებადართულია, ეს „გაუმჯობესებული მიშაა“.

საყოველთაო ილუზიას ამყარებს ნებისმიერის, ვისაც ეჭვი შეაქვს კორპორაციის ლეგიტიმურობაში, დათრგუნვა, მოშთობა და ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როცა „საპროცესო გარიგება“ ერთადერთი გამოსავალია ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად. ეს გარიგება კი კლიენტის მხრივ თავსმოხვეული სიცრუის და არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ეფუძნება. კორპორაციისათვის ყველა, ვინც რაიმე უფლებას ითხოვს, იმთავითვე დამნაშავეა, ხოლო ვინც გაბედავს და უფლებისათვის ხელსაც გამოიღებს, აუცილებლად დაისჯება, ანდა, თუ გაუმართლა – ამ ბრძოლას საპროცესო გარიგებით დაასრულებს.

ცხადია, ასეთი „საპროცესო გარიგება“ არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ წარმოებაში არსებობს, ის ტოტალურია – კორპორაციასა და ხელგაწვდილ კლიენტად ქცეულ მოქალაქეს შორის ურთიერთობას სწორედ ამგვარი „საპროცესო გარიგება“ განაპირობებს. ეს გარიგება სავალდებულოა, რომ მაგ. პენსია, სოციალური დახმარება, თუ გაგიმართლა რაიმე სამსახური, თუ არადა – სამადლო ლუკმა მოიპოვო; ხოლო გარიგების მთავრი პირობა კორპორაციის წინაშე საკუთარი უფლებების, ე.ი. მოქალაქეობის უარყოფა და სრული პიროვნული კაპიტულაციაა. საკუთარ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებზე, მათ შორის ყოველგვარ არჩევანზე უარი და იმ სიცრუის, რომ „მიშა მაგარია“, დემონსტრაციული აღიარება ფიზიკური არსებობის და კორპორაციის კლენტის სტატუსის სანაცვლოდ – აი, კლიენტსა და კორპორაციას შორის დადებული გარიგების შინაარსი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ – კორპორაცია რეს-პუბლიკა (საჯარო საქმე) აღარ არის; გარდა იმისა, რომ მას არა აქვს ერი–სახელმწიფოს, საჯარო საქმისათვის მოწოდებული ინსტიტუტები, მას აგრეთვე არ ჰყავს არც მოქალაქეები და არც საჯარო სამართალი გააჩნია. სახელმწიფო ინსტიტუტებს კოპორაციულად ორგანიზებული ოლიგარქია ანაცვლებს, რომლის უზენაესი ნება პატრიმონიალური ბიუროკრატიის - ახალი ნომენკლატურის მეშვეობით ხორციელდება; მოქალაქეების მაგივრობას ოლიგარქიის მორჩილი კლიენტები სწევენ, იოლად სამართავად ისინი უვიცობის საბურველში უნდა იყვნენ გახვეულნი; საჯარო სამართლის ნაცვლად არსებობენ კორპორაციული წესები, რომელიც ოლიგარქთა უფლებებსა და მათი კლიენტების უუფლებობას ემყარება; ფორმალური, დაწერილი კანონები ოლიგარქიის ნებით წამდაუწუმ და უსისტემოდ იცვლება, ეს ხაზს უსვამს, რომ ნორმების – საჯარო ქცევის წესების დაცვა არ არის სავალდებულო ოლიგარქებისათვის, კანონმდებლობა მხოლოდ კლიენტებისათვის იწერება და ერთდროულად პატრონ–კლიენტური ურთიერთობების როგორც შენიღბვას, ასევე მათ განმტკიცებას ემსახურება.

პოსტმოდერნული სპამის ნისლში კორპორაცია თავს სახელმწიფოდ, ოლიგარქიას და მის მსახურ ნომენკლატურას დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებად, კლიენტებს მოქალაქეებად, ხოლო კორპორაციულ ძალადობას სამართლის აღსრულებად წარმოგვიდგენს; რეალურად კი უფლებებსა და სამართალზე დამყარებული კავშირი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის პატრონ–კლიენტელური ურთიერთობებით ნაცვლდება; როცა ეს ურთიერთობები საყოველთაო, სტაბილურ და უალტერნატივო ხასიათს იძენს, ნელ–ნელა აზრს კარგავს სამოქალაქო ცხოვრებაზე ოცნებაც კი. მართლაც, როცა აღარ არის მოქალაქე - არ იქნება არც სამოქალაქო და არც პოლიტიკური ცხოვრება.

 სწორედ ასეთი იყო ივანიშვილის გამოჩენამდე მთელი პოლიტიკური ურთიერთობების კონტექსტიც – ყველა ოპოზიციურმა ე.წ. პარტიამ ან სამარცხვინო „საპროცესო გარიგებით“ დაასრულა უბადრუკი არსებობისათვის ბრძოლა ანდაც სრული მარგინალიზაციისათვის, ხოლო ყველაზე შეურიგებლემბა კი კორპორაციის „უძლეველობის“ სადემონსტრაციო საზარბაზნე ხორცის როლისათვის გაწირა თავი.

+++++++++

ივანიშვილის გამოჩენა, რომელიც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, სხვა არაფერია, თუ არა მოქალაქის ასპარეზზე გამოსვლა, რაც ამბოხად და კორპორაციაზე ღია თავდასხმად აღიქმება. აღმოჩნდა, რომ სპამის ნისლსა და უსახურ კლიენტთა მასაში არის კორპორაციისაგან სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც აქვს ნამდვილი მოქალაქეობის ამბიციაც და საკმარისი საშუალებებიც, რათა უფლებები მოითხოვოს.

ოლიგარქებმა იმთავითვე ტანით იგრძნეს, რომ ივანიშვილს, დათრგუნული, კლიენტებად ქცეული, თუნდაც მარგინალიზებული, ან გადაქელილი წინამორბედებისაგან განსხვავებით, ძალაც შესწვევს ქადილისა: მას შეუძლია საკუთარი მოქალაქეობის დემონსტრირებით დეზინფორმაციული წარღვნა შეაჩეროს და უვიცობის საბურველი, კვამლი და ნისლი გაფანტოს; საკუთარი ულევი სიმდიდრის გამოყენებით მას ძალუძას კორპორაციის კლანჭებისაგან ნარკოტიკულ დამოკიდებულებამდე დაცემული კლიენტების გამოხსნაც, დახსნილ ადამიანთა კვლავ მოქალქეებად აღზევება და მათი დარაზმვაც, საჯარო სივრცეში სამოქალაქო უფლებების და თავისუფალი არჩევანის რწმენის დაბრუნებაც, რასაც გარდაუვლად მოჰყვება კორპორაციის კრახი.

ამ მომაკვდინებელი საფრთხის თავიდან აცილება ისე ადვილი აღარ არის, როგორც 26 მაისის „შაბაშის“ მოწყობა; ივანიშვილთან გამკლავება დათრუნვა–დაბოლების ჩვეული მეთოდებით ძალზე რთულია, ალბათ შეუძლებელიც კი. მასთან არც „საპროცესო გარიგება“ შედგება, არც მისი მარგინალიზებაა იოლი და არც ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებით მისი გადაქელვა.

ცხადია, რომ ოქტომბრის შემდგომ კორპორაციისათვის კრიზისული ციებ–ცხელების ჟამმა მოაწია.

++++++++

ივანიშვილის უდიდესი რესურსი სწორედ ის არის, რომ იგი პირად სარგებელს არ ეძიებს. პოლიტიკაში მისი ჩართვა თავიდან ბოლომდე სწორედ მოქალაქეობრივი ღირსების საქმეა. ერთი ღირესული და შემძლე ქართველი მოქალაქის გამოჩენითაც კი თურმე შეიძლება ეჭვს ქვეშ დადგეს კორპორაციის სიმყარე, მისი მთავარი საყრდენი – ე.წ. პოლიტიკოსთა პირად გამორჩენაზე ორიენტირება, უწესობად და უხამსობად იქცეს პოლიტიკაში გაბატონებული მერკანტილური ინტერესები, საჯაროდ „გაბანძდეს“ ოლიგარქების ბინძური „კორპორაციული სული“.

ამასთან დაკავშირებით კორპორაციამდელი, შევარდნაძის დროინდელი „ბნელი“ წარსულიდან ერთი ისტორია მახსენდება. აი, ეს ისტორიაც:

90–იანი წლების ბოლოს, კახეთში, სოფლის ყოფილ, ნახევრად დანგრეულ კლუბში, ერთ–ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, პარლამენტის დეპუტატობის ოპოზიციურად განწყობილი კანდიდატი თანასოფლელებს საკუთარ „პროგრამას“ უკითხავდა. ცოტა ხანში დარბაზიდან წამოძახილით შეწყვეტინეს: „დაიცა ბჯო, ე რასაცა კითხულობ, მერამდენედ გვესმის და გავიგეთ, რო ე დემოკრატია კარგი ყოფილა, შევარდნაძე და „მოქალაქეთა კავშირი“ კიდენა – ცუდი; რო აგირჩიოთ, შენ ერთი ეგ გვითხარ – ამ გაჭირებულ ხალხსა, გვეშელება რამე ჩვენა?“ დეპუტატობის კანდიდატმა სათვალე მოიხსნა, ნაწერი ფურცლები გვერდზე გადადო, დარბაზს თვალი გადაავლო და „ალალად“ უპასუხა: „თქვენა? აბა, თქვენა მამაზეციერიც რო ვეღარ გიშველით, არ იცით განა? მაგრამა, ხმა უნდა მამცეთ და ამირჩიოთ, ეგება მე მაინც მეშველოს, განა თქვენიანი არა ვარ მეცა?“. მოეწონათ თანასოფლელებს ამ კაცის გულწრფელეობა, იფიქრეს – ისევ ჩვენიანს ეშველოს, ეგა ჯობიაო და მისცეს ხმა. თუმცა, საბოლოოდ, იმ არჩევნებში, უფრო „მარიფათიანმა“ სხვისიანმა გაიმარჯვა.

სწორედ ეს იყო ის, რამაც ”კორპორაციული სულის” აღზევებას დაუდო სათავე და საბოლოო ჯამში ”მარიფათიანებს” საშუალება მისცა გაეთამაშებინათ რევოლუცია და შედეგად ძალაუფლების განაწილებას მოღებოდა ბოლო, რეს-პუბლიკა კი კორპორაციად ქცეულიყო;

ივანიშვილის გამოჩენამდე პარტიებად წოდებული (ყველა ოპოზიციური პარტია სინამდვილეში პოლიტიკური კლიენტელაა, ანუ - ლიდერის გავლენაზე დამოკიდებული, გარკვეული სარგებლის მოიმედედ მის გარშემო შემოკრებილი ჯგუფი) პოლიტიკური ჯგუფების მოტივაციები დიდად არ განსხვავდებოდა იმ კახელის „წინასაარჩევნო სტრატეგიისაგან“. მაგრამ ცხადია, რომ ივანიშვილი, იმ კახელისა და თუნდაც მისსავე კოალიციაში შემავალი კლიენტელისაგან განსხვავებით, საკუთარი თავის საშველად არ მოსულა პოლიტიკაში. კორპორაციასთან გარიგება და სურვილისამებრ პოლიტიკური სარგებლის მიღება მას ძალზე მარტივად შეეძლო – განა ვინ ეტყოდა მას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ დამფინანსებელს, უარს რამდენიმე მანდატზე? თუნდაც პარლამენტის მანდატების ნახევარზეც კი?

ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, რომ ივანიშვილის მიზანი და მოტივაცია არა კორპორაციისაგან წილის მიღება, არამედ ამ კორპორაციის, როგორც სისტემის, დამხობაა.

მოტივაციასთან ერთად ივანიშვილის, როგორც უნიკალურად წარმატებული ადამიანის ურყევი რეპუტაცია ასევე მომაკვდინებელი საფრთხეა კორპორაციისათვის. იგი სიტყვებს ჰაერში არ ისვრის და რადგან დაიქადნა, რომ კორპორაციას დაამარცხებს, სწორედ ეს რეპუტაცია დაიდო მისი მხრიდან ფსონად. ეს ხუმრობა აღარ არის, იგი უკან აღარ და ვეღარც დაიხევს და ყოველგვარი „საპროცესო გარიგება“ იმთავითვე გამორიცხულია.

ივანიშვილის ხელთ არის ასევე საკმარისი მატერიალური საშუალებებიც, რომ დანაქადნები სინამდვილედ აქციოს.

ამ არგუმენტების გარდა კორპორაციისათვის უჩვეულოა ისიც, რომ ივანიშვილის არსენალში ფიზიკურ ძალას, რიცხვით სიმრავლესა და „მიშა მოვედის“ ძახილს თავიდანვე ადგილი არა აქვს, ახლა უკვე „ჩხუბი მორევაზე“ აღარ არის, საქმე „მორევამდე“ მოწინააღმდეგის წახდენაზეა; ხოლო ზონდერებს, რომლებსაც ხელები მუდამ ექავებათ, რბევა და საკბილო შემოაკლდებათ, „მაგარი მიშა“ იძულებული იქნება უსაქმოდ დარჩენილები გამარჯვებების ფუჭი დაპირებებით კვებოს.

„მაგარ მიშას“ გამარჯვებების დემონსტრირება მუდმივ რეჟიმში სჭირდება. ღმერთმა ნუ ქნას წაიფორთხიალოს, თორემ სწორედ მის წინააღმდეგ ამხედრდება „კორპორაციული სული“ და მერე ვინ იცის, მშიერი ზონდერების ლუკმად ვინ იქცევა?

ისიც ცხადია, რომ კორპორაცია, რომელიც კლიენტებზე ბატონობს, ყველაზე მეტად სწორედ მოქალაქეებს უფრთხის და ყოველმხრივ უნდა ეცადოს, არ დაუშვას შეპყრობილი კლიენტურის დახსნა, მოქალაქეობის ისევ დაბრუნება, ხოლო ამისათვის გზიდან უნდა ჩამოიშოროს პირი, რომელიც მოქალაქეობას სრულად განასახირებს და ამიტომაც, პირველი მოქალაქეა.

+++++++++

პირველი მოქალაქის - ივანიშვილის და კორპორაციის საბედისწერო დაპირისპირების საწყისი აქტი მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის უკანონოდ ჩამორთმევა იყო. ეს გახლდათ კორპორაციის ლამის ინსტიქტური რეაქცია – თავი დაეცვა ამბოხებული მოქალაქისაგან და საერთოდ, მოქალაქეობის იდეისაგან, რომელიც განასახიერა და გააცოცხლა ივანიშვილმა.

კორპორაციული ძალადობის ფორმალურ კანონიერებად წარმოდგენა და ივანიშვილის სამოქალაქო ველიდან განდევნა პრინციპულად შეუძლებელია, ამიტომ კორპორაციის ”სამართალწარმოება” ამ მიმართულებით აშკარა აბსურდის ხასიათს იძენს.

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხმა ძირამდე გააშიშვლა და სწორედაც აბსურდამდე მიიყვანა წინააღმდეგობა ნამდვილ სამართალსა და კორპორაციის ”მრუდედ წაკითხულ” კანონებს შორის. აღმოჩნდა, რომ ისეთი კვალიფიციური დაწესებულება, როგორიცაა სამოქალაქო რეესტრი, კორპორაციის ხელში უძლურია შავით თეთრზე დაწერილი სწორედ წაიკითხოს და იძულებულია არამც თუ იმ სამართალწარმოების, რისთვისაცაა მოწოდებული, არამედ ელემენტარული წერა-კითხვის უცოდინარობა იკისროს, რათა კორპორაციის ძალადობა როგორმე გამართლდეს.

აბსურდია, როცა იმთავითვე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიიღო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მოტივით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

უფრო მეტად აბსურდია, როცა სამოქალაქო რეესტრის დასკვნა ფაქტიურად შეუძლებლად აცხადებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ნატურალიზაციას. ნატურალიზაცია თავად განმარტების ძალით არის არა მარტო აპატრიდის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის მიღება მოქალაქედ. მართალია, კონსტიტუცია ამბობს, რომ ”საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე”, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის ნატურალიზაციის აკრძალვას. კონსტიტუციის ამ წინადადებაში გამოყენებულია სიტყვა ”იყოს”, რაც ნატურალიზაციის შემთხვევაში სხვას არაფერს ნიშნავს, რომ როცა პირი გახდება საქართველოს მოქალაქე, მას ეკრძალება სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ამდენად, როცა იგი ნატურალიზაციის თხოვნით მიმართავს სახელმწიფოს, იმთავითვე იღებს ვალდებულებას დატოვოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს ასეც არის გათვალისწინებული მოქმედი სამართლით და ასახულიცაა ნატურალიზაციის თხოვნის პრეზიდენტის ბრძანებულებით ფორმალიზებულ ბლანკშიც. სწორედ ეს ბლანკი შეავსო ივანიშვილმა და ამით ზედმიწევნით დაიცვა კიდეც კანონის მოთხოვნაც.

აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო რეესტრს ამ ბლანკის სწორედ წაკითხვაც კი არ ძალუძს, რაც დაუჯერებელია და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ არა სამართალი, არამედ სამართლის უკუღმა წაკითხვა ყოფილა კორპორაციის ნამდვილი წესი.

აქ არსებითია, რომ მოქალაქეობა სამართლებრივ კავშირს ნიშნავს პირსა და სახელმწიფოს შორის. კორპორაცია სახელმწიფო არ არის და ასეთ სამართლებრივ კავშირს არ ცნობს. მას არ ჰყავს სრულუფლებიანი მოქალაქეები და მხოლოდ ”საპროცესო გარიგებით” ”დათრეული” კლიენტები სჭირდება. მისი ”სამართალი” კი მხოლოდ კლიენტებს ეხება და არა მოქალაქეებს. თუ ნამდვილი მოქალაქე უფლებებს და სამართლის ძალით სტატუსის დამკვიდრებას მოითხოვს, კორპორაცია სრულიად უძლურია, სამართლის გამრუდების გარდა აღარაფერი აქვს დარჩენილი და რაც მთავარია, ეს არა ჩვეულებრივ, არამედ უკვე ზღვარს გადასული აბსურდის სახეს იღებს.

ეს დემონსტრაციული აბსურდულობა არა მხოლოდ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე პასუხს, არამედ მთლიანად ივანიშვილთან, როგორც ნამდვილ და პირველ მოქალაქესთან, კორპორაციის ურთიერთობას ეხება. სწორედ მრუდე სამართლისა და აბსურდის ნათელი ილუსტრაციაა ცვლილებებიც პარტიების შესახებ კანონში, რომლითაც წარუმატებლად სცადეს აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა. ბოლომდე არ გაუვიდათ და უკან დახევა მოუხდათ.

კორპორაციის აბსურდამდე მისული უკუღმართობა შინ და გარეთ აშკარავდება, ისევე, როგორც მათი ”სამართალშემოქმედების” მწვალებლებლური ხასიათი. განა სამართლის მწვალებლობა არაა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის აბსურდული ჩიხით განპირობებული და საერთაშორისო ზეწოლით ნაკარნახები ნაბიჯი - კონსტიტუციაში მოქალაქესა და არა მოქალაქეს შორის ზღვარის წაშლის შესახებ?

ბევრი ვეცადე, მაგრამ ამ საკონსტიტუციო ცვლილების ოფიციალური ტექსტი ვერ მოვიპოვე. მართალია, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის“ თაობაზე (იხ.http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=606&info_id=34711), მაგრამ თავად კონსტიტუციური კანონის პროექტი ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა.

თავისთავად ესეც აბსურდია, რომ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილების ოფიციალური ტექსტი, რომელიც კონსტიტუციისვე ძალით საჯაროდ უნდა განვიხილოთ, ხელმიუწვდომელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ტექსტი სულაც არ არსებობს და მთავარი სამართალ-მწვალებლის - პალიკოს ტვინში ახლა იბადება. ის, რაც ქრისტიან დემოკრატების ინიციირებულ პროექტად პრესამ გამოაქვეყნა, მართლაც გასაოცარია, რადგან ასეთი საკონსტიტუციო ნორმა სრულიად უპრეცენდენტოა კონსტიტუციური სამართლის მსოფლიო პრაქტიკაში.

აი, შეხედეთ და დატკბით: ”პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა" (იხ.http://ghn.ge/news-63936.html).

ამ ნორმით არა მოქალაქეს თურმე პარლამენტის წევრობა შეუძლია. ამით უგულებყოფილია სახელმწიფო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი, რომლის თანახმად მხოლოდ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მის უფლება-ვალდებულებებში გამოიხატება, გააჩნია პოლიტიკური უფლებებიც; სხვაგვარად, თუკი პოლიტიკური უფლებები ექნა მოქალაქეობრივი ვალდებულებებისაგან თავისუფალ პირს, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა წარმოუდგენელია. თუკი წაიშლება ზღვარი მოქალაქესა და არა მოქალაქეს შორის, სუვერენიტეტის ხელშეუხებლობისათვის ამას ანალოგიური შედეგები ექნება, როგორც, ვთქვათ, ფიზიკური, ტერიტორიული საზღვრების წაშლას.

ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილების ეს აბსურდული პროექტი, რომელიც ირიბად სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმას ნიშნავს, თავდაყირა დააყენებს პოლიტიკური უფლებების მომწესრიგებელ მთელს კანონმდებლობასაც, მათ შორის მოქალაქისა და უცხოელის სტატუსების მარეგულირებელ კანონებს, საარჩევნო კანონმდებლობას, პარტიების პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ნორმებსა და ა. შ.

თუ კორპორაციას არ სურს მთლიანად დაინთქას ამ სამართალ–მწვალებლობის მორევში და მსოფლიო მასშტაბის, თითით საჩვენებელ მასხარად არ გაიხადოს თავი, ბევრი წვალების შემდეგ შეუძლია ასეთ სავარაუდო გამოსავალს მიაგნოს: კონსტიტუციით დააკანონოს, რომ ევროკავშირის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წელი ცხოვრობს საქართველოში, მისი ნების გამოხატვის შემთხვევაში, იმავდროულად ავტომატურად გახდება საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ასეთი გამოსავალი იმის აღიარებაც იქნება, რომ ივანიშვილს, რომელსაც კანონით ჰქონდა ნატურალიზების ყველა საფუძველი და მოქალაქეობის მიღება მაინც არ აღირსეს, კონსტიტუციით მიანიჭებენ მოქალაქეობის მაღალ პატივს.

და საბოლოოდ მაინც რა გამოდის? ”მიშა მაგარიას” ნაცვლად კორპორაციის დანარჩენ ოლიგარქებსაც და იმ ნეტარ მორწმუნეთაც, რომლებსაც კორპორაციისა „სწამთ, რადგან აბსურდია“, ხელთ ოდენ”მიშა ლაყეა“ ანდაც „მიშა ყეყეჩია” შერჩებათ?

ასეა: მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოში კორპორაციის კრიზისს და საბოლოოდ კი მის კრახს მოასწავებს.