ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი.აბიტურიენტებმა არჩევანი გააკეთეს და პრიორიტეტული სპეციალობებიც გამოიკვეთა. ისევე როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებები სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. ზოგადად კი წლევანდელ გამოცდებზე კონკურსი პრაქტიკულად არ იქნება. მისაღები ადგილების რაოდენოა მუდმივად მატულობს და აბიტურიენტთა რაოდენობას გაუტოლდა.
შემოდგომით სტუდენტთა ახალ კონტინგენტს 55 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი მიიღებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37000-მდე აბიტურიენტი გავა. უმაღლესი სასწავლებლების მიერ კი ახალი კონტინგენტის მისაღებად სულ, გამოყოფილია 35 000 ადგილი. ესე იგი კონკურსი თითქმის არ არის.
ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი აბიტურინტებისთვის პრიორიტეტულია, ამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ბუნებრივად მიიჩნევს.
„დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანში ასეა - სამართალსა და ბიზნესზე ყოველთვის უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე საინჟინროსა თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჰყავს მსურველი ამავე მიმართულებებს კერძო სასწავლებელში, ყველაფერს მაინც ფასი განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, კერძო სასწავლებლში უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე სახელმწიფოში“, -აცხადებს თევზაძე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე დიდი კონკურსი ეკონომიკის მიმართულებაზეა. აქ 400 ვაკანტურ ადგილზე 1322 განაცხადია. კონკურსია ტურიზმის ფაკულტეტზეც - 300 ადგილზე 1460 განაცხადი, და სამართალზე - 450 ადგილზე 1445 განაცხადი.
ტექნიკურ უნივერსიტეტში კი ყველაზე მაღალი კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბიზნესის ადმინისტრირებასა და არქიტექტურაზეა. აგრარულ უნივერსიტეტში აგრონომია, კვების პროდუქტების ტექნოლოგიები, მევენახეობა-მეღვინეობა, ვეტერინარია-მეცხოველეობა, სატყეო საქმეა პოპულარული ჯამში 200 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული და 392 განაცხადია შესული.
სამედიცინო უნივერსიტეტში დიდი კონკურსია დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებაზე, სადაც 450 ადგილია გამოყოფილი და ნომერ პირველ სასურველ უმაღლეს სასწავლებლად და მიმართულებად 1070 აბიტურიენტს აქვს მითითებული. კონკურსია ფარმაციაზეც - 170 ადგილზე 291 განაცხადია შეტანილი და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე -150 ადგილზე 205 განაცხადი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისთვის (ფიზიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია), ასევე სოციალური მეცნიერებებისთვის (პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, გამოყენებითი ფსიქოლოგია), ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის, ხელოვნებისთვის - მთლიანად 900 ადგილია გამოყოფილი, ჩამოთვილლი მიმათულებებიდან ნომერ პირველ სასურველად კი 1566 აბიტურიენტისთვის არის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსია ბიზნესის ადმინისტრირებაზე. აქ 350 ადგილზე 1455 განაცხადია შეატანილი.
არც ერთ მიმართულებაზე კონკურსი არ არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ მისაღები ადგილების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსურველთა განაცხადებისა.
თბილისის თავისუფალ უნივერისტეტში კონკურსია ყველა ფაკულტეტზე. ბიზნესის ადმინისტრირებაზე 80 ადგილზე 638 განაცხადია შეტანილი, საერთაშორისო ურთიერთობებზე 36 ადგილისთვის 176 აბიტურიენტი იბრძოლებს, სამართალმცოდნეობის 40 ადგილისთვის - 137 კაცი, კომპიუტერულ მეცნიერებებზე კი 32 ადგილზე 242 განცხადია.
ქუთაისის უნივერსიტეტში კონკურსი მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებაზე - 50 ადგილზე 70 განაცხადი.
ბათუმის უნივერსიტეტში კონკურსი საზღვაო ნავიგაციებზეა -100 ადგილზე - 245 განაცხადი.
ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს კერძო სასწავლებელში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონკურსი არც ერთ მიმართულებაზე არ არის. იგივე ითქმის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტზეც.