მითიური ქალაქ ლაზიკას აშენება რეალური მსჯელობის საგანი გახდა. ჩვენი საზოგადოების ნაწილს მიხეილ სააკაშვილის იდეების, რაოდენ უტოპიურიც უნდა იყოს, სჯერა. მეორე ნაწილი კი რეალობას საღად აფასებს და როცა უკვე არსებული ქალაქების უმეტესობაში უამრავი პრობლემა არსებობს, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული მოსახლეობის დაბალი მატერიალური შესაძლებლობებით, ახალი, ნახევარმილიონიანი (როგორც სააკაშვილმა განაცხადა) ქალაქის აშენება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურა ეჩვენება. მით უმეტეს, გაუგებარია, ვინ უნდა იყოს ის ნახევარი მილიონი მოსახლე, რომელიც ლაზიკაში იცხოვრებს, ან რა იქნება მათი შემოსვალის წყარო.
ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ლაზიკის მშენებლობის წინააღმდეგ არსებობს არის ის, რომ ჭაობის ამოშრობის შედეგად (ლაზიკა რომ კოლხეთის დაბლობზე აშენდეს, ამისთვის იქ ჭაობი უნდა ამოაშრონ) სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დავდგებით. ამაზე გარემოს დამცველები მუდმივად საუბრობენ, მაგრამ როგორც იტყვიან „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ყველაფერ ამის ფონზე გარემოს დაცვის მინისტრი გოგაა ხაჩიძე (რომელსაც ბუნებრივ რესურსები ისე ააფცქვნეს, რომ ვერც გაიგო) აცხადებს, რომ ლაზიკას მშენებლობა არანაირ ეკოლოგიურ პრობლემებს არ გამოიწვევს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მშენებლობის დაწყებამდე შესაბამისი ტექნიკით მოხდება ჭაობის დაშრობა, რადგან კოლხეთის დაბლობი ტრადიციულად ჭაობიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად ურბანიზაციის პროცესი იწვევს ეკოლოგიურ ცვლილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქები აღარ უნდა ავაშენოთ.
ხაჩიძის ამ განცხადებას გარემოსდამცველები არასერიოზულს უწოდებენ. Presage.tv „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარეს რუსუდან სიმონიძეს და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატოს ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ მათთან საუბრისას გამოიკვეთა ერთი საინტერესო გარემოება. კერძოდ, გარემოსდამცველები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ითხოვენ ზუსტი ადგილის მითითებას, თუ სად უნდა აშენდეს ლაზიკა, მაგრამ პასუხს ვერ ღებულობენ. აქ შეიძლება ორი ვერსია განვიხილოთ, ან ხელისუფლება ასაიდუმლოებს ტერიტორიას, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, ან უბრალოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან.
„მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კითხვაზე, კონკრეტულად სად უნდა აშენდეს ლაზიკა ასეთი პასუხი მიიღეს - „ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთან დაცული არ არისო“. ამდენად, ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც შეიძლება ლაზიკის მშენებლობამ შექმნას, სიმონიძის განცხადებით, თუკი ის აშენდება ჭარბტენიან ტერიტორიაზე, რომელიც დაცულია „რამსარის“ კონვენციით, თავისთავად ცხადია, არაერთი პრობლემა შეიქმნება. „ჯერ ერთი, ჩვენ კონვენციის მხარე ვართ და კონვენციასთან უხერხულობა შეიქმნება. მეორეც, ჭაობი იმისთვის არის, რომ მას აქვს თავისი ძალიან დიდი მოვალეობა. ჭაობი არის მტკნარი წყლის საბადო და ითვლება წყლის ფილტრად. ამდენად, არ შეიძლება მისი დაშრობა, მით უმეტეს, როდესაც ის შესაბამისი კონვენციით არის დაცული“, ამბობს სიმონიძე და დასძენს: „ჩვენი ჭაობების უმეტესობა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზეა, სწორედ ასეთ ჭაობებს განეკუთვნება“.
„აქვე ძალიან მარტივს მაგალითს მოგიყვანთ. ამ ჭაობებს წლების განმავლობაში აშრობდნენ კომუნისტები, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა ხელმეორედ დაჭაობდა, ანუ ისეთი ბუნებრივი მდგომარეობა აქვს ამ ადგილს, რომ მან ეს უნდა შეინარჩუნოს. მეორეც, ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები არის უმნიშვნელოვანესი ადგილი გადამფრენი ფრინველებისთვის, სადაც ისინი ისვენებენ. თავისთავად ცხადია, ამ ჭაობების ამოშრობა, მათთვისაც შექმნის სერიოზულ პრობლემას. და საერთო, ძალიან მაინტერესებს რა საჭიროა მაინცდამაინც ამ ადგილას ქალაქის მშენებლობა და ჭაობების დაშრობა, როდესაც სხვა უამრავი ადგილებია. ჭაობებს ეკოლოგიური თავლსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მთელი მსოფლიო იბრძვის მათ დასაცავად. მიმაჩნია, რომ სტრატეგიულად უნდა შეფასდეს, რისთვის შენდება ეს ქალაქი, რა დადებით და უარყოფით როლს შეასრულებს იგი საქართველოს ცხოვრებაში და ამაში ჩართული უნდა იყოს ფართო საზოგადოება, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი“, - აცხადებს რუსუდან სიმონიძე presage.tv -სთან საუბარში.
„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ისეთი ტიპის განცხადებაზე, რაც გოგა ხაჩიძემ გააკეთა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზული იქნებოდა. გარემოსდამცველის თქმით, ეკოლოგური პრობლემა წარმოიქმნება თუ არ წარმოიქმნება, დამოკიდებულია გარემოს შესწავლის მასალებზე და აქედან გამომდინარე, გატარებულ შესაბამის ღონისძიებებზე. ირაკლი მაჭარაშვილიც ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ არაერთ სახელმწიფო უწყებას მიმართა იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად სად აშენდება ლაზიკა, მაგრამ ყველა პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამდენად, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხაჩიძის განცხადებს, რომ ლაზიკის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს არ გამოიწვევს, არის უბრალოდ დასაბუთებული კრიტიკისგან თავის დაძვრენის მცდელობა.
„როგორც წესი, დემოკრატიულ ქვეყნებში (და საქართველოშიც კანონით ასეა გაწერილი) მშენებლობებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხდება ასე - არსებობს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, რომლის ნაწილი არის ეკოლოგიური ექსპერტიზა. ეს გულისხმობს გარკვეულ ეტაპებზე საზოგადოების მონაწილეობას. სწორედ ასეთი ტიპის ნებართვის გაცემის პროცესში ხდება ცხადი, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს გარემო პირობებს ამა თუ იმ პროექტზე და პირიქით, გარემოზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პროექტმა. ამის შემდეგ მიიღება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები. ამ მშენებლობასთან დაკავშირებით კი, არც ერთი მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს, ამას თავი რომ დავანებოთ, ადგილს ვერ გვითითებენ, სად უნდა დაიწყოს მშენებლობა. მთავრობის წარმომადგენლის ზედაპირული განცხადება, რომ ეს არაფერს გააფუჭებს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებლად გააფუჭებს.
ასეთი კომეტარიც წავიკითხე - ჩასაძირად არავინ ააშენებსო ქალაქს. მინდა შეგახსენოთ, რომ გარკვეული დროის წინ იმავე ტერიტორიაზე ააშენეს განმუხური - ანაკლიის საფეხმავლო ხიდი. ალბათ, არც ის ხიდი აუშენებიათ ქარის წასაღებად, მაგრამ ქარმა წაიღო. ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ გამოვიდა მთავრობის სპეციალური დადგენილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამ ხიდის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, განთავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ არავინ დაფიქრებულა, რომ იმ ადგილას ქარი იცის. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად რაღაც კატაკლიზმა მოხდება, მაგრამ როდესაც ჯერ ღებულობენ გადაწყვეტილებას, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს და შემდეგ იწყებენ ფიქრს, სად უნდა გაკეთდეს და როგორ, ეს არასწორია“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი presage.tv -სთან საუბარში.
აქვე მას მოჰყავს გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამსახურების ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ანაკლია არის კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ადგილი და იქ ხმელეთს ზღვის შემოტევისგან იცავს სწორედ ეს ჭაობი, რომელიც მაჭარაშვილის თქმით, ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ღრუბელი წყლის შესრუტვის დროს.
„გაერთიანებულ საემიროებში შუა ზღვაში გააკეთეს კუნძული, პეტრე პირველის დროს სანკტ-პეტერბურგი ააშენეს ჭაობში, მაგრამ იქ უღირდათ მისი აშენება. აქ რა მიზანი აქვს, რით უნდა იცხოვროს ამ ქალაქმა, იმასაც ვერ განმარტავენ. ინვესტიციებზე გვესაუბრებიან, მაგრამ ჯერ თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიარონ და ნანგრევებად რომ არის ქცეული ცენტრალური ქუჩა დაწყებული ცეკავშირის შენობიდან და იმელით დასრულებული, ჯერ იმას მიხედონ. აქ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და ჭაობში როგორ აპირებენ ინვესტიციების მოზიდვას?!“ - უკვირს მაჭარაშვილს.
რაც შეეხება ეკოლოგიურ მნიშვნელობას, მისი თქმით, ჭაობი არის ისეთივე ეკოსისტემა, როგორიცაა ტყე, მაღალმთა, სუბალპები და ა.შ. მაჭარაშვილი ამბობს, რომ იგივე შეიძლება თქვა, - ჩვენ გავჩეხავთ ტყეს და გავაშენებთ ქალაქს, რაც სრულიად ვანდალური გაცხადებაა.
„როდესაც ხაჩიძე მოხსენებებს აკეთებს ხოლმე კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, რა ვალდებულებებს იღებს საქართველო? იმ ანგარიშში თუ ჩაწერენ, რომ ჭაობს აშრობენ? - რა თქმა უნდა, ვერ ჩაწერენ, რადგან არ შეიძლება. ჭაობი ზღვასა და ხმელეთს შორის არის განლაგებული და ხმელეთს იცავს ზღვის შემოტევისგან, რადგანაც კლიმატის ცვლილებების შედეგად ზღვის დონზე მუდმივად იწევს მაღლა. ამასთანავე, კიდევ ბევრი სხვა ეკოლოგიური ფუნქცია, ანუ როგორც თანამედროვე მეცნიერება ამბობს, ეკოსისტემის სერვისი გააჩნია ამ ჭაობს“, - აცხადებს გარემოს დამცველი.