ამბობენ, მითიური იაზონი, ოქროს საწმისის ხელში ჩაგდების გარდა, ლითონის დამუშავების ტექნოლოგიის შესასწავლად მოადგა კოლხეთის სანაპიროს. მეფე აიეტს სპილენძის ჩლიქებიანი ხარები ჰყავდა, რომელთაც სპილენძისავე პირიდან ცეცხლი ამოსდიოდათ. სწორედ მათი მოთვინიერება ევალებოდა იაზონს, რაც, მის მიერ სამჭედლო (მეტალურგიული) ხელოვნების დაუფლებაზე უნდა მეტყველებდეს. ეს ხელოვნება იაზონმა მანამდე არ იცოდა. ასე რომ, ლითონის დამუშავების ხელოვნება მან მედეასგან ისწავლა.
დღეს მეტალურგია საქართველოში ისე არ ვითარდება, როგორც გასულ საუკუნეში. მეტალურგიული ქარხნების უმეტესობა გაჩერებულია. თუმცა სულ ახლახანს დარგის სპეციალისტებისთვის ექვსენოვანი ორტომეული ლექსიკონი გამოიცა, რაც მსოფლიოში უპრეცენდენტოა. Presage.tv ესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილს.
კავკასია რკინის დამუშავების უძველეს კერად მიიჩნევა. ქართველური ტომები - ხალიბები, თუბალები, მუსკები (მოსხები), მაკრონებიმელითონეობით იყვნენ განთქმულნი, რასაც ანტიკური ავტორებიც ადასტურებენ. ხალიბები (იგივე ხალდები) ლითონის დამუშვებისხელოვნებით გამორჩეულ უძველეს კოლხურ ტომს მიეკუთვნებოდნენ, რასაც ბერძნული სიტყვა „ხალიუფიც“ ადასტურებს. როგორმოვიდა ქართული მეტალურგია დღემდე?
- ქართველობა, ქართული ტომები რკინისადმი და რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიისადმი დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ. როგორც ქართული, ისე მეზობელი ქვეყნების წერილობითი წყაროები მოწმობს, რომ ხალიბების ნახელავი განთქმული იყო. მომდევნო საუკუნეებში ამ კვალის დადასტურება, სამწუხაროდ, ნაკლებად ჩანს. ის კი არა, ჩემში პიროვნულად ყოველთვის გაოცებას იწვევდა, რომ ჩვენ ფრანგულ ხმალს უფრო ვანიჭებდით უპირატესობას და უფრო მეტად ფასობდა ჩვენში, ვიდრე -ადგილობრივი წარმოების იარაღი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მეტალურგიული წარმოება ჩვენში სხვაზე ნაკლებად არსებობდა. როგორც ჩანს, ისტორიულმა ძნელბედობამ განაპირობა, რომ ჩვენ ტექნოლოგიებში ცოტა ჩამოვრჩით.
თუმცა მეტალის, ფოლადის მიმართ ინტერესი შემოგვრჩა. ეს საგვარეულო ძირებშიც გამოიხატება - ფოლადაური და სხვა. ასე რომ, რკინა ქართველი კაცის ცნობიერებაში მისი არსებობის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. საქართველოში მეტალურგიული წარმოების განვითარებას დავით აღმაშენებელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ერეკლე მეორეს კი ქალაქური ტიპის დაბები ჰქონდა შექმნილი ალავერდის ტერიტორიაზე (რომელიც ახლა სომხეთის სახელმწიფო საზღვარშია მოქცეული), სადაც მან სპეციალურად საბერძნეთიდან ჩამოიყვანა მეტალის ჩამომსხმელი ბერძენი ოსტატები და ისინი მეტალურგიულ პროცესებს უძღვებოდნენ. ძირითადად აქ მზადდებოდა იარაღი, ქართული ჯავარდნები და არმიისთვის საჭირო თოფ-იარაღი.
სულ ახლახანს კოლხეთის ტერიტორიაზე რკინის იარაღის გამოსაწრთობი უძველესი ღუმელები აღმოჩნდა...
- რა თქმა უნდა, ტრადიცია არსებობდა. ამ ტრადიციის კვალი სხვადასხვანაირად გახლდათ დაფიქსირებული ჩვენს საისტორიო წყაროებში, ზოგიერთი მათგანი ზეპირ გადმოცემას შემორჩენია. ჩვენი ისტორიული ძნელბედობის გამო ბევრი რამ გზადაგზა გვეკარგებოდა, საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცი საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, ამიტომ ევოლუციური განვითარების პირობები, რაც ნებისმიერი ტექნოლოგისთვის აუცილებელია, ჩვენში არ იყო. წყვეტილობამ ერთგვარი ჩამორჩენაც შვა, მაგრამ ის, რომ კულტურა გადარჩა, ბევრის მთქმელია. ერმა არ დაივიწყა და ტრადიციებში შემოინახა რკინის დამუშავების ძველთაძველი ტრადიცია. ჩემი დაკვირვებით, ეს იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ყველა სოფელს ერთი ან ორი სახელოვანი მჭედელი ჰყავდა, რომლებიც შესანიშნავად ამუშავებდნენ რკინას, ცხელი დამუშავებით, ცეცხლში ამზადებდნენ ძირითადად ბარებს, თოხებს, გუთნის პირებს.
თუკი ჩვენგან ოქროს საწმისად წოდებული ოქროს რეწვის ტექნოლოგია გაიტანეს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ანალოგიურად გაიტანეს თუნდაც რკინის წრთობის, ფოლადის დამზადების ტექნოლოგიაც?! ამის კვალი მითებშიცაა შემორჩენილი, წერილობით წყაროებშიც და ალბათ, თავის დროზე ამის გამოძახილი იყო, რომ აღორძინდა ქართული მეტალურგია, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სახით. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ახლა იმ მასშტაბის საწარმოს აღარ წარმოადგენს, მაგრამ იმედია, ახალ ვითარებაში კვლავ აღორძინდება.
რაც შეეხება რკინის ჭედვის, წრთობისადმი ინტერესს, ამის გამოძახილია, რომ ჩვენ არა მარტო ქარხნები გვქონდა და გვაქვს, არამედ ჩვენში მზადდებოდნენ მეტალურგი ინჟინრები, ფოლადის წარმოების სპეციალისტები, შავი მეტალურგიის, ფერადი მეტალურგიის, ფხვნილოვანი მეტალურგიის სპეციალისტები. უკვე განვლილი ისტორიის კუთვნილებად რჩებოდა ის დრო, ქართველმა მწერალმა რომ გვიამბო, თუ როგორ ჩამოვიდა ვეფხია ხალიბაური მთიდან და როგორ გახდა პროფესიონალი მეტალურგი რუსეთის მეტალურგიულ ქარხანაში პრაქტიკის გავლის შედეგად. მოგვიანებით, უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა ასეთი ვეფხია ხალიბაურების სამჭედლო და იგი ამზდებდა ინჟინერ-მეტალურგებს.
სურთ კი თანამედროვე ახალგაზრდებს ამდენი საათის განმავლობაში იდგნენ მარტენის ღუმელთან, თანაც საშინელ სიცხეში?
- ალბათ, ამაში არის გარკვეული რომანტიკა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის, ანუ „გეპეის“ ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო დრო, როდესაც მეტალურგიული ფაკულტეტი ძალიან პრესტიჟული გახლდათ და აქ მოსახვედრად ოქროს მედალოსნები მიილტვოდნენ.
ალბათ, ამ რომანტიკას საბჭოურმა ფილმებმაც შეუწყო ხელი?
- ცხადია, ყველაფერმა იმოქმედა. ეს იყო დიდი რომანტიკა - ვაჟკაცური, კაცური პროფესია იყო, გარკვეულ სიძნელეებთან და ამტანობასთან დაკავშირებული.
მანდილოსანი მეტალურგებიც თუ იყვნენ?
- იშვიათად, მაგრამ მე რამდენიმე მეტალურგი ქალბატონი ვიცი, რომელიც პროფესიონალი, უმაღლესი განათლების მქონე მეტალურგია. თუმცა, ყველა მეტალურგი მარტენის ღუმელთან ხომ არ იდგა?! იქ ლაბორატორიები იყო, ქიმიური სინჯის აღება, დამუშავება ხდებოდა. მე ფილოლოგი გახლავართ და იმას გიამბობთ, რაც მინახავს. ამ საგნისადმი ინტერესი დღესაც შენარჩუნებულია. როდესაც მისაღები კონტინგენტი მოდის, მეტალურგიის ფაკულტეტი სტუდენტთა ნაკლებობას მაინცდამაინც არ განიცდის. იმის მიუხედავად, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დიდი რომანტიკა მოაკლდა, ინტერესი მაინც შენარჩუნდა. ამის გამოძახილია, რომ შეიქმნა ძალიან დიდი ლექსიკონი - ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომელიც არა მხოლოდ მეტალურგიის სფეროს მოიცავს. აქ არის სამთო გეოლოგია, სამთო წარმოება, თქვენ წარმოიდგინეთ, მარკშეიდერებისთვისაც საჭიროა.
ეს არის რთული ერთიანი საწარმოო კომპლექსი, სადაც გეოლოგები, სამთოელები, მადნის მომპოვებლები არიან დაკავებულნი, საინტერესოა უშუალოდ მეტალურგიული პროცესების, რკინის დამუშავების თვალსაზრისით. ამ ლექსიკონის გამოცემას ხელს აწერენ ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, ყოფილი მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ქიმია-მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ წერეთელი და თქვენი მონა-მორჩილი თემურ ჯაგოდნიშვილი.
რამდენი ხნის მანძილზე იქმნებოდა ეს ორტომეული, რომელიც საკმაოდ ტევადია?
- პატარა ისტორია რომ გავიხსენოთ, მეტალურგიისა და ტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხებზე მუშაობა ჩვენში უკვე მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და მის სათავეებში ორი პიროვნება იდგა - გიორგი ნიკოლაძე, ჩვენი ტექნიკური მეცნიერების სამყაროსთვის დიდი სახელი, და ნიკოლოზ ქაშაკაშვილი, პრაქტიკოსი მეტალურგი და თეორეტიკოსი, რომელიც პირველი გახლდათ, ვინც რუსეთში დიდი მეტალურგიული გიგანტები აამუშავა და მის გენერალურ დირექტორად მოგვევლინა. შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და აქაც პრაქტიკულ თუ სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა.
20-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა ქართულ-რუსული ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი წიგნაკები. შემდეგ 1939 წელს, მოგვიანებით კი 1957 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად (რომლის სამეცნიერო ტერმინოლოგიურ განყოფილებასაც შესანიშნავი სპეციალისტი როგნეტა ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა) დამუშავდა და გამოიცა ცხრა ათასი სიტყვის შემცველი ლექსიკონი. ბოლო, ყველაზე სერიოზული გამოცემა, ხუთენოვანი ლექსიკონი იყო, რომლის რედაქტორი, ხელმძღვანელი და გამომცემელი, პროფესორი გურამ ქაშაკაშვილი გახლდათ. ამ პიროვნებამ ღრმა კვალი დატოვა ქართული მეტალურგიის სფეროში და იგი წარმატებით აგრძელებს დიდი წინაპრის ტრადიციას.
რაც შეეხება ახლანდელ გამოცემას, იგი უნიკალურია, რადგან ექვსენოვანი ლექსიკონი ჯერ არ გამოცემულა. იგი მეტალურგიით დაინტერესებული სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი. აქ შერჩეულია ქართული, (რადგან ლექსიკონი საქართველოში მომზადდა), უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ანუ ექვსი ძირითადი ენა.
რატომ – უკრაინული ენა? რუსული საკმარისი არ იქნებოდა? თუ, უკრაინას მდიდარი მეტალურგიული გამოცდილება აქვს?
- უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა და თანამედროვე მსოფლიო მეტალურგიულ წარმოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამასთან, ყოფილ საბჭოურ სივრცეში, რუსეთის შემდეგ, მეორე ქვეყანაა, თავისი მნიშვნელობითა და ფოლადის წარმოების მოცულობით. ეს ლექსიკონი უნიკალური სწორედ იმიტომაცაა, რომ უკრაინული ენისთვის პირველად დამუშავდა მეტალურგიული ტერმინოლოგია, რაც მანამდე უკრაინელებს არ ჰქონიათ. უკვე 1929 წლიდან მოყოლებული, ქართველებს ტექნიკურ-ტერმინოლოგიური ლექსიკონები გვქონდა, სადაც მეტალურგიაც შედიოდა, მაგრამ უკრაინაში ეს პირველი შემთხვევაა. ამ ლექსიკონში, მთლიანობაში, 110 ათასზე მეტი ტერმინია ექვსივე ენაზე და ამ მოცულობამ განსაზღვრა ლექსიკონის ის სტრუქტურა, რის გამოც ზოგიერთებმა საყვედურიც გამოთქვეს.
თქვენ ფილოლოგი ბრძანდებით და მიმიხვდებით რაზეა საუბარი, აქ კონტექსტურ მასალას შეგნებულად ავარიდეთ თავი. როდესაც ტერმინი განიმარტება, იგი არ არის წარმოდგენილი ერთი სიტყვით, არამედ იგი შესიტყვებაში, მთლიანად ფრაზეოლოგიაში, კონტექსტშია მოქცეული. კონტექსტური მასალა მეტალურგთა შრომებიდან რომ ამოგვეღო და ყველაფერი აქ დაგვერთო, მოცულობა წარმოუდგენლად გაიზრდებოდა და უსარგებლოც იქნებოდა. მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონი გათვლილია პრაქტიკოსებზე, დოქტორანტებზე, მაგისტრანტებზე, სტუდენტებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ სფეროში ენობრივ-კულტურულ საქმიანი ურთიერთობებით არიან დაინტერესებულნი.
ცხადია, ამ მიზანდასახულობამ განსაზღვრა ლექსიკონის მეორე სპეციფიკა, კერძოდ, რომ დარღვეულია ბუდობრიობის პრინციპი. აქ არ არის გატანილი ერთი ძირითადი სიტყვა და მერე მისი ყველა შესაძლო ფორმა არ გახლავთ დაფიქსირებული. პირიქით, ყველა გამოთქმას, შესიტყვებას ავტონომიურობა აქვს მინიჭებული. შემდგენელთა რწმენით, ლექსიკონის გამოყენებითი ასპექტებით მისი ღირებულება ერთი-ორად იზრდება. რასაკვირველია, ბუდობრივ პრინციპს თავისი უპირატესობა აქვს და ჩვენ კარგად ვიცით, ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის, როგორც ენათმეცნიერების თვითმყოფადი დამოუკიდებელი დარგების, ღირებულება, მაგრამ პრაგმატიკა განსაზღვრავს, რომ ზოგჯერ ეს წმინდა აკადემიურ-მეცნიერული პრინციპი განზე გადაიდოს.
იქნებ, დრომაც მოიტანა პრაგმატულობა?
- თქვენ დამასწარით, სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. კარგად მოგეხსენებათ, საზოგადოდ, საით წავიდა ლინგვისტიკა, განსაკუთრებით, კომუნიკაციური და ტექსტის ლინგვისტიკა. წარმმართველი გახდა სემანტიკა - სიტყვის მნიშვნელობა, სინტაქტიკა (სიტყვის კონტექსტური კავშირები) და პრაგმატიკა, მისი გამოყენებითი ასპექტებით. ჩვენს ლექსიკონს უკვე დიდი გამოხმაურება ხვდა წილად, მათ შორის, დასავლეთიდან, აშშ-დან, არის შეძენის შემთხვევებიც. უკრაინაში განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა. სხვათაშორის, იქ არის ასეთი საინტერესო დაწესებულება - უკრაინული ენის ენობრივ-საინფორმაციო ფონდი, რომელიც უკრაინული ენის გრამატიკის ელექტრონულ-კომპიუტერულ ვერსიებს ამუშავებს და გამოყენებითი ლინგვისტიკის თანამედროვე კვლევებს უძღვება. ამ დაწესებულების ხელმძღვანელი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული აკადემიის წევრი ვლადიმერ შიროკოვი გახლავთ. მასთან მეგობრობის შედეგად საქართველოში ქართული ენის ენობრივ-საინფორმაციო ფონდი დავაარსეთ, რომლის ხელმძღვანელიც გურამ ქაშაკაშვილია. მე ამ ფონდის სწავლული მდივანი გახლავართ. ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენი ერთ-ერთი ასპირანტი გიორგი კოხრეიძე (რომელიც მიზნობრივი ასპირანტია კიევში) ამჟამად ქართული ელექტრონული გრამატიკის შექმნითაა დაკავებული. უკვე მისული ვართ იმ დონეზე, რომ ჩვენი პროგრამის დახმარებით, ქართულის არმცოდნე პირი სწავლობს, თუ როგორ იბრუნვის ქართული სახელები, ზედსართავი, როგორ იწარმოება ნაცვალსახელები, რა თავისებურებაა ბრუნების დროს და როგორ იუღლება ჩვენი ზმნები. ოღონდ ამ ეტაპზე ეს პროგრამა მოქმედებითი გვარის ზმნებსა და ე.წ. წესიერ ზმნებს მოიცავს. ასეთმა კონტაქტებმაც განაპირობა, რომ ჩვენ უკრაინული მეტალურგიული ტერმინოლოგიის მესაძირკვლენი გავხდით და შიროკოვისგანაც მივიღეთ მხარდამჭერი წერილი, რომელიც აღიარებს ლექსიკონის მეცნიერულ ღირებულებას და ქართველი მეტალურგების, თეორეტიკოსების დამსახურებას ამ ლექსიკონის შექმნაში.
ლექსიკონისთვის ორი ვერსია მომზადდა, გვაქვს ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები. გარდა ამისა, არსებობს პროგრამა, რომელიც ძალიან მოკლე დროში გადააწყობს ლექსიკონს იმ ენობრივი პრივილეგიის დომინანტობის ნიშნით, რასაც მისი მომხმარებელი მოინდომებს. ვთქვათ, არის ჯერ ქართული და მერე სხვა ენები. თუ უკრაინელს დასჭირდება, ის გადააწყობს და ჯერ იქნება უკრაინული, შემდეგ კი მისი შესატყვისები.
უკვე ძალიან მზარდი ენებია თურქული, ჩინური. ამ ენებზეც თუ აპირებთ მეტალურგიული ლექსიკონის განვრცობას?
- დღის წესრიგში უკვე დადგა მეშვიდე ენა - ჩინური. სხვათაშორის, იაპონიაში ხუთენოვანი ლექსიკონია გამოცემული (ჩვენს მსგავსად, ის ექვსენოვანი არ არის). დღესდღეობით ჩინეთი თურმე იმდენად დაწინაურდა მეტალურგიულ პროცესებში და იმდენ ფოლადს ადნობს, რომ მსოფლიოში ლამის წამყვანი ადგილი უჭირავს. მოგეხსენებათ, მე ამ ლექსიკონის ქართული ენის რედაქტორი გახლავართ და ქართულ-რუსული ენების რედაქციულ სისწორეს ვამოწმებდი. ინიციატივა კი მეტალურგებისგან მოდის. მათ უკვე დაიწყეს განმარტებითი ლექსიკონის შედგენა, სადაც თითოეული ტერმინი პროცესუალურად იქნება განმარტებული. ამის შემდეგ უკვე ჩინურ ენაზე ლექსიკონის შედგენას დაიწყებენ, რადგან ჩინეთი, პრაქტიკულად, აიძულებს მომხმარებელს, ანგარიში გაუწიონ.
ყველა ტერმინს თავისი წარმომავლობა, ეტიმოლოგია აქვს. ამ ლექსიკონზე მუშაობის დროს თქვენთვის აქამდე უცნობი რა იყო დაყველაზე მეტად რამ დაგაინტერესათ?
- რა თქმა უნდა, ძნელია რომელიმეს გამოყოფა. გამაოცა ერთმა გარემოებამ, რომ სასაფუძვლო ტერმინების ძალიან დიდი რაოდენობა ჩვენს სულმნათ სულხან-საბას უკვე გამოყენებული აქვს. ეს იმდროინდელი ცოდნის გამოძახილი გახლავთ. შესაძლოა, ტერმინოლოგიური სიზუსტით სხვაობა იყოს, მაგრამ არსებითია, რომ ცოდნაა დაფიქსირებული. თანაც, გამაოცა ტერმინოლოგიურმა სიუხვემ. გასაოცარია, 18 600 ორიგინალური ტერმინი ადამიანის საქმიანობის ამ კონკრეტულ სფეროში - მეტალურგიაში. ეს სასწაულებრივი ლექსიკაა.
ეს ტექნიკური სფერო, ერთი შეხედვით, ჩაკეტილი გვგონია და ამ დროს ასე მრავალრიცხოვანი ტერმინოლოგია?!
- დიახ, ეს ჩვენი ენის სიმდიდრის, ენობრივი ცნობიერების სასწაულებრივ დონეს წარმოაჩენს.
რადგან სულხან-საბას ლექსიკონში აღმოჩნდა ქართული მეტალურგიის წინარე ტერმინოლოგია, ესეც ხომ ადასტურებს, რომ მართლაცხალიბები იყვნენ ქართველთა წინაპრები?
- რასაკვირველია.
საუკუნეების მანძილზე ცალკეული ენები ერთმანეთს სიტყვებს ასესხებდნენ ხოლმე. მეტალურგიაშიც თუ დაფიქსირდა ნასესხებისიტყვები და მეტალურგიულ ტერმინთა სიუხვით ყველაზე მდიდარი რომელი ენა აღმოჩნდა?
- ტერმინოლოგია მარტო ეროვნულ ნიადაგზე წარმოუდგენელია. ცხადია, ამ სფეროში ნასესხები ლექსიკა დომინანტობს. მეტალურგიულ ტერმინთა თვალსაზრისით, ინგლისურენოვან ლექსიკას საკმაოდ დიდი ნაირფეროვნება მოაქვს. თავისთავად, რუსული ენაც გამოირჩევა, მაგრამ რუსული უფრო დეტალიზაციისკენაა მიდრეკილი, ინგლისური კი უფრო სივრცობრივი პარამეტრებით გამოირჩევა და მრავალი ქვეყნის გამოცდილებას მოიცავს.
ავტომანქანის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ სფეროში სასაცილო ჟღერადობის ტერმინოლოგიებიც მოიპოვება. მეტალურგიაშიცთუ იყო უცნაური დასახელებები?
- აქაც არის ტერმინოლოგია, რომელმაც ზოგიერთების გაღიზიანება გამოიწვია. მაგალითად, ასეთი ტერმინი „სასაპნე“, ღიმილის ქვეტექსტიც სწორედ ამაშია და ამ ტერმინთან მიმართებით ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. ჩვეულებრივ შემთხვევაში, სასაპნე პირდაპირი დანიშნულებით სასაპნეა, მაგრამ მეტალურგიაში მისი მოხმარების არეალი განსხვავებულია. მეტალურგებისთვის კარგად ნაცნობი სასაპნე (პადონნიკ) მაგიდაზე დიდია და საამქროს გარკვეული ნაწილია.
როდესაც საჩამომსხმელო პროცესები მიმდინარეობს და მეტალურგებს ხელები გამურული აქვთ, ამ სასაპნეზე ისუფთავებენ ხელებს. ზუსტად საპონი ჰქვია იმ ნივთიერებას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ და, რომელიც მთლად კლასიკური საპონი არ არის, არამედ გამოიყენება, როგორც საპოხი, საზეთი და სხვა. მაგრამ სახელწოდება ითარგმნება „სასაპნედ“. ვინც ამაში მხოლოდ პირადი ჰიგიენის საშუალებას დაინახავს, ცხადია, სწორი არ იქნება. სკოლის პერიოდში მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო პრაქტიკა გამივლია, რადგან საშუალო სკოლა რუსთავში დავამთავრე და მეტ-ნაკლებად ამ სფეროს ვიცნობ. თუმცა ამ ლექსიკონის შედგენაში სამუშაოს ძირითადი წარმმართველები მეტალურგები გახლდნენ.
ჩემი ამოცანა, როგორც ფილოლოგის, ამ ლექსიკონის ქართულად თარგმნის სიზუსტის განსაზღვრით შემოფარგლებოდა, თუ რამდენად ზუსტად შეესაბამებოდა ტერმინი რუსულენოვანს. ლექსიკონის შედგენაში მონაწილეობდნენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ზემოთ ჩამოთვლილ უცხო ენებს, ასევე, მონაწილეობდნენ უცხოელი მეტალურგებიც. უკრაინელი ქალბატონი, ქართველების რძალი, ოლღა როშკო-მეტრეველი მეტალურგიული ქარხნის კოქსოქიმიური ლაბორატორიის გამგე გახლდათ და, როგორც ეროვნებით უკრაინელმა, ძირითადად მან დაამუშავა უკრაინული ტერმინოლოგია. მოგვიანებით ეს გადაამოწმა ვლადიმერ შიროკოვმა და ხელს აწერს უკრაინის მენიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პატონი. ეს ის ლეგენდარული პატონია, რომელმაც ელექტროშედუღების ტექნოლოგია გამოიმუშავა.
დღემდე ჩვენს მეტალურგიულ ქარხნებში საურთიერთოდ, ქართულთან ერთად, რუსულსაც იყენებდნენ?
- ცხადია, ქართველები ხშირად თავს ვიწონებთ უცხო ენის ცოდნით. მით უმეტეს, რუსული ენა ყოფაშიც იყო შემოჭრილი. ჩვენი ლექსიკონის მიზანიც ესაა, რომ ქართველი მეტალურგები ქართულად ამეტყველდნენ და თავადვე დაინახონ, რა ტერმინოლოგიური სიმდიდრეა ქართულ ენაში.