ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატს 9 აპრილის შემდეგ სისხლი სდის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ღვთისმშობლის ხატი რეპროდუქციაა, ამიტომ მის ჩამოხსნასა და ხელით ნაწერი ხატით ჩანაცვლებას აპირებდნენ, როცა სასწაული იხილეს. სწორედ ამ განწყობით შევიდა ადგილობრივი მრევლის წევრი ბელა სტეფნაძე ეკლესიაში, რომ ხატი უნდა ჩამოებრძანებინა, თუმცა რაც იქ იხილა, მისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა.
მრევლის მეორე წევრი იზა სტეფნაძე კი აცხადებს, რომ ხატზე შენიშნა მუქი ფერის ჩამონადენი: „თავზე არის ბადისებური გარსი, მერე იშლება და ბოლოს წვეთების სახით მთავრდება. ეს არის პოლიგრაფიული ხატი. იმის ალბათობაც კი არ არის, რომ საღებავისგან იყოს ჩამონადენი. ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სერგიმაც აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი მადლი, რომელიც დიდ სასწაულს და იშვიათობას წარმოადგენს ქრისტიანულ სამყაროში“.
„თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ ესაა სასწაული, რომელიც, ალბათ, ამ დრომდე არავის უნახავს.
„მე ასეთი სასწაული ნანახი არ მქონდა... სისხლდენა დაეწყო რამდენიმე დღის წინ, 9 აპრილს...თვითონ ეკლესიის მსახურნი იძახიან, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ. ესაა უჩვეულო სასწაული, ხატს თვალებიდან სდის სისხლი...“
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღვთისმშობლის ხატი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 2011 წლის დეკემბერშიდააბრძანეს. ეკლესიაში ამ დროისთვის წირვა-ლოცვა არ აღევლინება და მისი გახსნა 22 მაისს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე იგეგმება.ტაძრის მშენებლობა კი ოთხი წლის წინ დაიწყო.
დეკანოზ ბადრის განცხადებით, უფალმა ეს სასწაული ხალხს იმისთვის მოუვლინა, რათა მის გზას შეუდგნენ. მისი აზრით, უფალს სურს, ამ მარხვის მიწურულს, აღდგომის წინ, ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს სასწაული. დეკანოზი ბადრი იხსენებს, თუ როგორ სთხოვდნენ ადამიანები უფალს, სასწაული გვაჩვენე და ვირწმუნებთო. მისთვისაც არაერთხელ უკითხავთ, მამაო, ახლა სასწაულები თუ ხდებაო, ეს კი ნამდვილი სასწაულია.
რატომ სდით ხატებს მირონი, სისხლი ან ცრემლი? სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მირონი შესაძლოა, კატასტროფაზეც მიანიშნებდეს და მოსალოდნელ სიხარულზეც. ერთ-ერთი მოსაზრებით, მირონმდინარე ხატები ბედნიერების მაუწყებელია, ხოლო ცრემლ და სისხლმდინარე ხატები უბედურებისა და განსაცდელის წინ გამაფრთხილებელ დატვირთვას იძენს. მაგალითად, როცა სერბეთი იბომბებოდა, მაცხოვრის ხატს სისხლი წამოუვიდა, ანალიზიც ჩაატარეს და ტურინული სუდარის სისხლის ჯგუფს დაემთხვა, სადაც თავის დროზე ჯვარცმული მაცხოვარი იყო გახვეული.
მამა თეოდორე გიგნაძე აცხადებს, რომ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში რუსთაველის ფრესკა ტიროდა, სანამ მას წაშლიდნენ. ეს ინფორმაცია ქართველმა სასულიერო პირებმა ბერძენი სასულიერო პირისგან შეიტყვეს, რომელმაც მათ გაანდო, რომ წელიწადში ერთხელ შოთა რუსთაველის ფრესკას ცრემლები სდიოდა. მამა გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, ათონის მთაზე, ივერთა მონასტერში სასწაულთმოქმედი კანკელი საქართველოში განვითარებული მოვლენების შესაბამისად მოძრაობს. ამის მიხედვით, ბერებმა იციან, რა ელის საქართველოს– კარგი თუ ცუდი მოვლენები. მცხეთის დედათა მონასტერში დაბრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის ხატს მოსალოდნელი უბედურების შესახებ ქართველები არაერთხლ გაუფრთხილებია. ხატს ერთხელ მეორე მსოფლიო ომის დროს (41-45 წლებში) უტირია, მეორედ კი 9 აპრილის წინა დღეს იტირა.
როდესაც ქართველ მეცნიერებს ამ სასწაულის შესახებ მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ, მათ აღნიშნეს, რომ მეცნიერულად ხატების სასწაულის ახსნა შეუძლებელია, ეს საოცრება ბუნების კანონებს არ ექვემდებარება. ურწმუნოთა თვალში ხატი უბრალო ფიცარია, ამიტომ მირონი ხიდან გამომავალი სითხე ჰგონიათ, მაგრამ საინტერესოა, რას იტყვიან მაშინ, როცა ამდენი მირონი ჩამოსდის ერთ ბეწო ხატს, ფურცელზე დახატულ წმინდანთა გამოსახულებას, ფოტორეპროდუქციას?! ღვთისმშობლის ხატებს 20 ლიტრიანი ჭურჭელიც აუვსიათ მირონით. როგორც ჩანს, ბუნების კანონებზე ზევით კიდევ სხვა ძალა არსებობს, რომლისგანაც დაშვებულია საოცრებები დედამიწაზე.
მოძღვრების თქმით, მირონმდინარე ან სისხლმდინარე ხატების ხილვა წმიდა მამებს ნაკლებად სჭირდებათ, ეს უფრო ჩვეულებრივი, ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვისაა საჭირო.
საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დეკანოზის, მამა უშანგი ჩარკვიანის თქმით, ცრემლმდინარე და სისხლმდინარე ხატები უბედურებას არ უნდა გვაუწყებდნენ, პირიქით, ბედნიერების მანიშნებელი უნდა იყოს. მაგალითად, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში პანტანასას ხატმა – ივერიის ღვთისმშობელმა კიბოსგან განკურნა ადამიანები, რაც ისეთივე სასწაულია, როგორც სხვა დანარჩენი ყოველდღიური სასწაულები, რომელსაც ადამიანები ვერც კი ვამჩნევთ. ბოლოს და ბოლოს, ბერი გაბრიელი სასწაული არ იყო?!
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ჯვრის მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე აცხადებს, რომ 1992 წელს მძიმე მარხვის პირველ ოთხშაბათს მცხეთაში, სამთავროს მონასტრის კანკელის ოთხივე ხატიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მირონი წამოვიდა. გარდა ამისა, მირონდენის ფაქტები რამდენიმე წლის წინ ხანგრძლივად გრძელდებოდა მამა დავითზე, წმინდა ნიკოლოზის ხატიდან. სასწაული სიონში არსებულ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ათონურ ასლსაც დაუკავშირდა, როცა ხატის გამოსახულება დამცავ შუშაზე გადავიდა. ეს შუშა ახლაცაა ჩამოკიდებული სიონის ტაძარში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკვდერში. სასწაული ქაშუეთის ტაძარშიც მოხდა, როდესაც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება დამცავ შუშაზე გადავიდა.
შეკითხვაზე – რამდენად მართალია, თითქოს მირონმდინარე ხატები მადლსა და ბედნიერებას მოასწავებენ, ხოლო ცრელმმდინარე და სისხლმდინარე ხატები – უბედურებას, დეკანოზი ზურაბი მიიჩნევს, რომ ამგვარი კლასიფიკაცია ცოტა საშიში რამაა.
„რა სასწაულიც უნდა მოხდეს ხატიდან – მირონდენა, ცრემლდენა, პირის სასწაულებრივი გადასვლა თუ ნათება, – ყველა შემთხვევაში, ესაა ღვთის წყალობა, რისთვისაც უფალს უნდა ვმადლობდეთ. ამით უფალი გვეუბნება, რომ ხატებს უდიდესი ძალა აქვთ. თუ რას ნიშნავს ხატიდან მომდინარე ესა თუ ის სასწაული, ამის გარკვევა ცოტა ძნელია. შესაძლოა, ეს იყოს განსაცდელის მოახლოებასთან დაკავშირებით ჩვენი ნუგეში, ან სულაც სიხარულის გამოხატულება ან სხვა რამ. მთავარია, რომ ეს მოწოდებაა სინანულისკენ, ცოდვების მონანიებისკენ“.