როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოში

როგორ ხვდებიან აღდგომას მსოფლიოში

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15.23 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეთათვის მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების ნიშანია. წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ღამით, 23.00 საათისთვის ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ჩამოაბრძანებს.

წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნეები დღეს დილიდან ელოდებოდნენ, მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა, რომელიც აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, 15.18 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე კი პატრიარქი, რომელსაც, წესისამებრ, ხელში აუნთებელი სანთლები უჭირავს (და არც ასანთი აქვს და არც სანთებელა) სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმაც. 

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა , კანდელები აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას წინ უსწრებს იერუსალიმის ძველ უბანში, „ვია დოლოროსას" (გზა ტანჯვისა) გზაზე წითელ პარასკევს მოწყობილი მსვლელობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქრისტიანები მონაწილეობენ. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე სწორედ „ვია დოლოროსას" გზა გაიარა. გზა ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით, მაცხოვრის აღდგომის ტაძართან მთავრდება.

როგორც წესი, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები ჯერ კიდევ წითელ პარასკევს იკრიბებიან, მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, თითოეულ კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც სიმბოლურად ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შევარდებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. მართალია, ხმაურიანი ლოცვა-ვედრება უჩვეულოა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. ბრიტანეთის ბატონობისას ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, ეს ველური როკვა აელაგმა, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი მანამ არ გარდმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით, ტაძარში ისევ არაბებმა არ აღავლინეს ხმაურიანი ლოცვა.

აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითლად შეღებილი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და, რასაკვირველია, წითელი ღვინო. მართალია, ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სუფრა მეტად მოკრძალებული იქნებოდა, მაგრამ მისთვისაც აღდგომა რომ განსაკუთრებული დღესასწაული იყო, ამას მის მიერ შექმნილი ტილოები - სააღდგომო ბატკნების სერია ადასტურებს. განსაკუთრებულად ხატავდა ბატკნებს, თუმცა ორი ერთნაირი ბატკანი არასდროს დაუხატავს. მის ტილოებს კი, ბატკანთან ერთად, პასკა და წითელი კვერცხები ამშვენებს, იქვე ანგელოზები ტრიალებენ, სხვა სურათზე კი ბატკანი ნაღვლიანია, წინ პასკა უდევს, უკან – კახური ღვინით სავსე ბოთლი და ერთი კვერცხი, აქვეა ბატკანი გაფართოებული თვალებით...

სააღდგომო ტრადიციებს შორის საქართველოში გამორჩეული იყო ჭონა, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი (მეჭონეები) მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილითა და ფულით ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.

წითელი კვერცხი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლის აღსანიშნავად. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი იცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა და მას საქართველოში ენდროთი ღებავენ, რაც კვერცხს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

სიმბოლურად, პასკა გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. სააღდგომო პასკა ფორმით არტოსს წააგავს - სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომიდან ერთი კვირის თავზე, კვირაცხოვლობას არიგებენ. თუმცა, მისგან განსხვავებით, პასკა ტკბილია. სააღდგომო პასკაში აუცილებლად უნდა იყოს ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი.

როგორ ზეიმობენ აღდგომას მსოფლიოში?

საფრანგეთში ეკლესიის ზარები ხუთშაბათიდან ვნების შაბათამდე დადუმებულია, რითაც იესო ქრისტეს წამებისა და სიკვდილის მწუხარებას იზიარებენ. თუმცა, აღდგომა დღეს ზარები კვლავაც რეკავენ, ქრისტეს აღდგომის სიხარულის გამოსახატად.

როგორც კი ფრანგები ზარების ხმას გაიგებენ, ისინი ერთმანეთს გადაეხვევიან და ულოცავენ აღდგომას. ისინი შოკოლადის კვერცხებს ამზადებენ, რომლებსაც ბავშვებს უმალავენ. ბავშვები მიაგნებენ თუ არა სააღდგომო კვერცხებს, მათ ჰაერში ისვრიან. პირველი, რომლის კვერცხიც მიწაზე დაენარცხება, წაგებულად ჩაითვლება.

 

შვეიცარიაში სააღდგომოდ უამრავი ტრადიცია აქვთ. ქვეყნის დასავლეთში წითელ პარასკევს ქრისტეს წამების იარაღებსა და წმიდა ვერონიკას თავსაბურავს დაატარებენ. წინათ, ვნების პარასკევ დღეს, შვეიცარიის ქუჩებში მხოლოდ ფეხშიშველნი უნდა გასულიყვნენ, დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა. შვეიცარიის ზოგიერთ მხარეში ცეკვით ეგეგებებიან მზის ამოსვლას, როგორც ქრისტეს აღდგომის სიმბოლოს. ზოგან კი მზის სხივების გამოსახულების წყალში დაჭერის ტრადიცია აქვთ.

შვეიცარიის ფრანგულ ნაწილში წყაროების მორთვის სააღდგომო ტრადიცია აქვთ. წყაროებს ალამაზებენ გირლიანდებით, რომელიც წითელი კვერცხებით, ტოტებითა და ბაფთებითაა მორთული.

ესპანეთში პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა, სადაც პატარა ბიჭებს პალმის რტოები უჭირავთ, ხოლო გოგონები ტკბილეულით არიან მორთულნი. წესისამებრ, მღვდელმსახური ამ ბავშვებს ლოცავს.

ყველაზე ცნობილი სააღდგმომო მსვლელობა სევილიაში ეწყობა. პალმა-დე-მაიორკაში, ტაძრის წინ, აღდგომა დღეს ქრისტეს ვნებას გადმოსცემენ. ყველაზე საშიში წარმოდგენა კი ჟირონაში თამაშდება. იქ მეტად პოპულარულია ჩონჩხების ცეკვა. მამაკაცები ე.წ. ჩონჩხების კოსტიუმებით იმოსებიან და გამვლელებს აშინებენ.

ტრადიციულად, იტალიაში ვნების პარასკევს ქუჩებში ჯვარს ეზიდებიან. მსვლელობა ვატიკანში იწყება და კოლიზეუმის (რომაული ამფითეატრის) კედლებთან მთავრდება. პროცესიის მონაწილეები შავებით არიან შემოსილნი, ჩაბნელებულ ქუჩებს მიუყვებიან და გზას სანთლებით ანათებენ. ირგვლივ მდუმარება მეფობს.

უკვე საუკუნეებია, კათოლიკე ქრისტიანების მთავარ სააღდგომო კერძად ცხვარი ითვლება. ნეაპოლიტანელებმა კი სააღდგომო გარნირად განსაკუთრებული რეცეპტი მოიგონეს - შემწვარი ტოპინამბური (მიწავაშლა), რაც შესანიშნავ გემოს აძლევს შემწვარ ბატკანს.

საბერძნეთში, როგორც მართლმადიდებელ ქვეყანაში, მორწმუნეები წინასააღდგომო საღამოს ლოცვაზე ანთებული თეთრი სანთლებით მიდიან, შუაღამისას კი ყველა სანთელი ქრება. ანთებული სანთელი ქრისტეს აღდგომას განასახიერებს, რაც მორწმუნეების ერთი სანთლიდან მეორეს გადაეცემა.

ჩვეულებისამებრ, ამერიკულ ეკლესიებში სააღდგომო მსახურება დილით კოლექტიური გალობის თანხლებით მიმდინარეობს, რის შემდეგაც ოჯახი სააღდგომო სადილზე იკრიბება. ბავშვები, გერმანელი თანატოლების მსგავსად, საჩუქრებს იღებენ, რომლებსაც, მათი რწმენით, სააღდგომო კურდღელი გადასცემს. ამერიკაში ჩვევად აქვთ დაქანებულ გაზონებზე კვერცხების დაგორება. გართობის ამ სახეობის ყველაზე მეტ მონაწილეს თეთრი სახლის გარშემო შეხვდებით. ამერიკის მთავარ ქალაქებში ხალხმრავალი მსვლელობები ეწყობა. ყვავილებით მორთული მანქანები და ექსტრავაგანტურ ქუდებსა და ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები მანჰეტენის ბულვარზე ჩაივლიან. მსვლელობა კვირა დილის 10.00 საათზე მეხუთე ავენიუდან იწყება.

ავსტრალიაში სააღდგომო დღესასწაულის მთავარი მშვენება შოკოლადისგან დამზადებული სააღდგომო კვერცხია. სააღდგომო საუზმეზე კი ჯვრის გამოსახულებიან ფუნთუშებს ამზადებენ. ამ დღის საზეიმო სუფრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრალიური ტორტია, სახელწოდებით „პავლოვა“, რაც ცნობილი რუსი ბალერინას -ანა პავლოვას საპატივსაცემოდაა. ტორტი თოვლივით ქათქათა ბეზეთი მზადდება, რაც ბალეტის ჰაეროვნებას მოგვაგონებს და გაწყობილია მარწყვით, კივით, ანანასითა და მანდარინებით. აღდგომა დღეს შეყვარებული ავსტრალიელი წყვილები სააღდგომო გამდინარე წყალს იღებენ და მას ქორწილამდე ინახავენ. სწამთ, რომ, თუ ამ წყალს ერთმანეთს ჯვრისწერის წინ შეასხამენ, შეუღლება მტკიცე გამოვა.

ბერმუდის კუნძულებზე თეთრი ლილია „სააღდგომო ლილიის“ სიმბოლოდ ითვლება. მოგვიანებით, ეს სიმბოლო ბერმუდიდან ამერიკაშიც გავრცელდა. მას შემდეგ სააღდგომო მორთულობაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება.

ბულგარეთში დიდ ხუთშაბათ დღეს კვერცხებს ღებავენ. ოჯახის ყველაზე ხანდაზმული დიასახლისი კი ყველაზე პირველად შეღებილი კვერცხით ჯვარს პატარა ბავშვებს შუბლზე გადასახავს. მოგვიანებით ამ კვერცხს სახლში დაბრძანებული ხატების წინ დებენ.

ბრაზილიის მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა. მათთვის აღდგომა დიდ დღესასწაულად ითვლება. საუკუნეების წინ გერმანელმა ემიგრანტებმა ბრაზილიაში სააღდგომო ტრადიცია გაავრცელეს, მათ შორის, სააღდგომო კურდღელი, სხვადასხვა ფერად შეღებილი კვერცხები და სხვა.

დიდ ბრიტანეთში აღდგომას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს მიღებულია, რომ ქუჩაში შემხვედრ ბავშვებს კანფეტები და სათამაშოები დაურიგონ. ბრიტანელი ბავშვები მოუთმენლად ელიან აღდგომის კვირა დილას, როცა გაიღვიძებენ და სააღდგომო კურდღლისგან მათთვის დატოვებულ კალათებს იპოვიან.

ასეთივე განწყობაა გერმანიაში, სადაც ბავშვები ყველგან დაეძებენ სააღდგომო კვერცხებს, მათ შორის, სახლში, ეზოში, ბალახებში. გერმანიაში აღდგომა დღეს წესად აქვთ ყვავილებით, შოკოლადებით, ხილითა და ბაფთებით შემკული გვირგვინების ჩამოკიდება სახლის შესასვლელ კარებსა და ფანჯრებზე.

ირლანდიაში წითელი პარასკევი ძალიან წყნარი დღეა. მორწმუნეები შუადღემდე არაფერს მიირთმევენ. შაბათ დღეს კი ასობით სანთელი ინთება. ირლანდიელები აღდგომა დღეს მწვანე ხახვისა და ბატკნის სუპს შეექცევიან. ქუჩებში საცეკვაო შეჯიბრება იმართება, გამარჯვებულს კი ნამცხვრით ასაჩუქრებენ.

მექსიკაში აღდგომის დღესასწაულს 14 დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ვნების კვირა სევდიანი განწყობის უნდა იყოს, მექსიკაში ამ დროსაც საკარნავალო მხიარულებაა - ფოიერვერკები, მსვლელობები, ქუჩის კარნავალები ტარდება.

მექსიკის სოფლებში სააღდგომო თამაშები ეწყობა. ადგილობრივები ამ ტრადიციას უკვე კარგა ხანია, იცავენ. ქოლერის ეპიდემიის შემდეგ, რამაც არაერთი მექსიკელი შეიწირა, 1833 წელს სასწაულით გადარჩენილმა მექსიკელებმა გართობის მიზნით თამაში გადაწყვიტეს. თამაშის სახელწოდება იყო: „მადლობა თქვი“. რეალურად, ეს გახლდათ ქრისტეს უკანასკნელი დღეების თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც საიდუმლო სერობით იწყებოდა, ამას მოსდევდა იუდას მიერ ქრისტეს გაცემა, მაცხოვრისთვის განაჩენის გამოტანა, ჯვარზე გაკვრამდე ტანჯვის გზის პროცესია, ჯვარცმა და ბოლოს, აღდგომა. ამ წარმოდგენისთვის მექსიკელები სპეციალურად იკერავენ კოსტიუმებს და თითქმის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან საკუთარი როლის განსასახიერებლად. ეს წარმოდგენა, რომელსაც ადგილობრივები თამაშს უწოდებენ, წელიწადში ერთ მილიონზე მეტ დამთვალიერებელს იზიდავს.

ფინელები აღდგომის დღესასწაულს ოჯახთან ერთად, ბუნების წიაღში ატარებენ. დიდ ხუთშაბათს ყველა ფინელი ნაადრევად ამთავრებს სამუშაოს და სააღდგომო საყიდლებზე მიეშურება, შემდეგ კი აცხობენ კულიჩს და ღებავენ კვერცხებს.

წითელ პარასკევსა და შაბათს ფინეთში კოცონებს ანთებენ. მათი რწმენით, ცეცხლი და კვამლი ბოროტ ძალას დევნის. ქრისტეს ტანჯვის გასაზიარებად ფინელები მსვლელობასაც აწყობენ, რომელიც შაბათ საღამოს ჰელსინკის ქუჩებში ტარდება. მათი აზრით, აღდგომა დღისთვის ყველა ბოროტი ძალა უკვე დამარცხებული და განდევნილია. ფინელებს უყვართ გამოთქმა, რომ აღდგომა დღეს სიხარულისგან მზეც კი ცეკვავს, ამიტომ აღდგომასთან ერთად ისინი მზის ამოსვლასაც ეგეგებიან. ტრადიციული კერძი აქაც კულიჩი და ჭვავის პუდინგია. ბავშვებისთვის კი შოკოლადის კვერცხებსა და შოკოლადის სააღდგომო კურდღლებს ამზადებენ.

ლეგენდის თანახმად, ერთხელ, როცა სააღდგომოდ ბატკნის ფიგურის მქონე ნამცხვრის გამოცხობას აპირებდნენ, ბატკანი გრძელყურებიანი გამოუვიდათ. მას შემდეგ ფინეთში სააღდგომო კურდღელი პოპულარული გახდა.