14 აპრილს საქართველოში „დედაენის“ დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციასთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობას.
1801 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, აკძალულად ითვლებოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე საქართველოს ყველა სასწავლებელში, მათ შორის, სასულიერო სასწავლებლებში, სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ენამ აღიდგინა სახელმწიფო ენის სტატუსი, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი არსად დაფიქსირებულა. იგი მხოლოდ 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუციით განისაზღვრა.
1978 წელს ამ გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და შუააზიის რესპუბლიკები ხელისუფლების გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 ათასამდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა მმართველობამ უკან დაიხია. კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. presage.tv-მ ამ მოვლენების უშუალო მონაწილეს, პროფესორ ლევან ღვინჯილიას სთხოვა, 33 წლის წინანდელი მოვლენები გაეხსენებინა:
- საყოველთაო პროტესტი მოჰყვა იმას, რომ იმ პერიოდში იღებდნენ საქართველოს ახალ კონსტიტუციას, რომლის პროექტიდანაც ამოღებული იყო მანამდელ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რითაც ქართულ ენას მინიჭებული ჰქონდა „საქართველოს სახელმწიოფო ენის“ სტატუსი, რამაც, რასაკვირველია, ქართული საზოგადოებრიობის, სტუდენტებისა და ინტელიგენციის საფუძვლიანი უკმაყოფილება და მღელვარება გამოიწვია და, რასაც მოგვიანებით ლამის მთელი ერი შეუერთდა, რაც, საბედნიეროდ, დამთავრდა იმით, რომ კონსტიტუციაში ეს მუხლი აღდგა.
1978 წლის 14 აპრილს საპროტესტო აქცია წამოიწყო 15 ათასმა კაცმა, მათ გზადაგზა რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ და საქართველოს დედაქალაქში 100 ათასკაციანი აქცია გაიმართა, რაც მაშინდელი საბჭოთა კავშირისთვის საკმაოდ უჩვეულო მოვლენა იყო, მაგრამ ფაქტია, ხალხმა დაძლია შიში. თუ გაიხსენებთ როგორი განწყობა იყო მაშინდელ საზოგადოებაში?
- მაშინ უმთავრესი იყო ეროვნული თავმოყვარეობის დაცვა. თავისთავად მხოლოდ ჩანაწერი ბევრს არაფერს ნიშნავს. თავად განსაჯეთ: როგორც კი გამოცხადდა, რომ კონსტიტუციაში რჩებოდა ის მუხლი, რასაც ითოვდნენ, ამას მომიტინგეები ოვაციით შეხვდნენ. ბუნებრივია, არავინ დაინტერესებულა იმით, რაც კონსტიტუციის ამ მუხლის შემდეგ აბზაცში ეწერა. იქ კი მითითებული იყო, რომ არ დაიშვებოდა არც ერთი ენის უპირატესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერით არსებითად ბათილდებოდა სახელმწიფო ენის უპირატესი სტატუსი. ამ ე.წ. წარმატებას, რომელიც თითქოს საზოგადოებრივი მღელვარების შედეგად იყო მოპოვებული, უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე - პრაქტიკული, რამდენადაც ამის შემდეგაც პარტიული, სახელმწიოფო თუ სამეურნეო ორგანიზაციები, რომლებიც მანანდე რუსულ ენაზე მუშაობდნენ, კვლავ რუსულად აგძელებდნენ საქმის წარმოებას.
ასე რომ, საკონსტიტუციო ჩანაწერს რეალური შედეგები პრაქტიკულად არც მოჰყოლია. დღესაც კი გვიწერია კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ტერიტორტიაზე კი, აგრეთვე - აფხაზური, მაგრამ ეს ჩანაწერი ფაქტობრივად მიწასთანაა გასწორებული, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არ უწევს მას ანგარიშს. დედაქალაქში არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ობიექტების უმრავლესობა მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერებით არის გაფორმებული და ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, ფაქტობრივად იგნორირებულია.
რამდენადაც ცნობილია, საბჭოთა ხელმძღვანელობისგან გაიცა ბრძანება, რომ მომიტინგეებს გასწორებოდნენ, როგორც ამბოხებულებს, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თუ გაიხსენებთ, რა ხდებოდა 33 წლის წინ, 14 აპრილს?
- ეს იყო იმ მოლაპარაკებების შედეგი, რაც მაშინ იმართებოდა თბილისსა და მოსკოვს შორის. მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ხელმძღვანელობდა ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ჰუმანურობითა და კაცთმოყვარეობით. არ იყო მაინც და მაინც აგრესიული ადამიანი. ამის გარდა, ის საკმაოდ ხანში შესულიც იყო და, როდესაც აცნობეს, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოს დედაქალაქში, როგორც ჩანს, შესაძლებლად ჩათვალეს, რომ ვითარება არ გაემწვავებინათ და დაეტოვებინათ ის მუხლი, რომელიც კონსტიტიუციაში მანამდეც არსებობდა. თუმცა, ამის პარალელურად, ხალხის იძულებით დასაშლელად მზადყოფნა არსებობდა. სხვადასხვა ადგილას განლაგებული იყო ძალოვანი სტრუქტურების შენაერთები და მხოლოდ და მხოლოდ ნიშნის მიცემა იყო საკმარისი, რომ ხალხი ძალით დაეშალათ. მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ თბილისშიც და მოსკოვშიც კეთილგონიერება გამოიჩინა.
ამას მოჰყვა შევარდნაძის ჩასვლა მომიტინგეებთან და მათთან ერთად თბილისის ქუჩებში გასეირნება. შევარდნაძის გამოჩენამ გამოიწვია ის, რომ მას გაჰყვა მომიტინგეების უმეტესობა და ქვაშუეთის ეკლესიისა და სამხატვრო გალერიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაემართნენ კოლმეურნეობის მოედნისკენ, რასაც პრაქტიკულად, მიტინგის დაშლა მოჰყვა. ეს იყო ერთობლივი მსვლელობა გამარჯვებული მომიტინგეებისა და ხელისუფლებისა, რადგან მთავრობაცა და ხალხიც ერთნაირად იყო დაინტერესებული, რომ ამ ვითარებას სავალალო შედეგები არ მოჰყოლოდა.
თუმცა ამ მოვლენიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო პროცესი, რასაც შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობა მოჰყვა. ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულებაც მშობლიური ენისადმი... დღეს თქვენი შეფასებით, რა ადგილი უკავია ქართულ ენას საზოგადოების, გნებავთ ხელისუფლებისთვის?
- ამის შესახებ ბევრი დამიწერია, გამომითქვამს საკუთარი აზრი. დღეს ქვეყნის ხელისუფლების, მმართველი ელიტის მხრიდან სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი არის მთლიანად იგნორირებული, რადგან ყველა ინსტიტუციონალური წარმონაქმნი, რაც „ვარდების რევოლუციამდე“ არსებობდა საქართველოში, გააუქმეს. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი პარლამენტში, პრეზიდენტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია, რომლის მსგავსი ინსტიტუტიც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველთვის არსებობდა საქართველოში სხვადასხვა ფორმით. მას საბჭოთა პერიოდში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ედგა სათავეში. კომისია არსებობდა დამოუკიდებლობის პერიოდში, ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდა. მასთან ერთად ლიკვიდირებულ იქნა ენის სახელმწიფო პალატაც, რომლის თავმჯდომარეც მე გახლდით. იგი შეიქმნა 1997 წელს და 2004 წლის ოქტომბერში შეწყვიტა არსებობა.
ბატონო ლევან, თუ გახსოვთ რა განმარტება გააკეთეს, როდესაც ენის პალატის ლიკვიდაცია მოხდა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი რა არგუმენტით გაამართლა?
- გინახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაიმე გადაწყვეტილების დროს განმარტებები გაეკეთებინოთ? რაც გააკეთეს, იმ განმარტებაზე ლაპარაკიც კი უხერხულია. მაშინდელმა განათლების მინისტრმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ თურმე ჩემი და ენის სახელმწიფო პალატის „დამსახურება“ იყო ის, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა 70 წლის განმავლობაში ქართული ენა ვერ ისწავლეს. ეს იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ბრიყვული განცხადება, რადგან ამ ადამიანს ვერ გაეაზრებინა, რომ ენის სახელმწიფო პალატა იყო მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო ენის სწავლება განათლების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება. ენის სახელმწიფო პალატის უმთავრესი ამოცანა იყო „ენაში მოძრაობის წესების დაცვა“,ისევე როგორც ავტოინსპექცია იცავს ქუჩაში მოძრაობის წესებს, მაგრამ მძღოლებს ავტომანქანის მართვას არ ასწავლის.
მაგრამ ენის სახელმწიფო პალატის საქმე რომც ყოფილიყო სწავლება, ფაქტობრივად 2003 წელს (ამ დროს ჩამოყალიბდა მისი საბოლოო სტრუქტურა) შექმნილი სამსახური ასე უცებ ვერ მოხსნიდა პრობლემას, რომელიც მთელ საბჭოთა პერიოდში გროვდებოდა.
ბოლოს, როდესაც პარლამენტის გადაწყვეტილებით ტელეკომპანმიებისთვის სავალდებულო გახდა ფილმების უცხოურ ენაზე, მხოლოდ ქართული ტიტრებით გაშვება, ამას არ მოჰყოლია მასობრივი პროტესტი. ცალკეული ადამიანები კი აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ იმის საჩვენებლად მაინც, რამდენ ადამიანს არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ერთი საათითაც არ შეკრებილა ხალხი, როგორ ფიქრობთ, რატომ შეეგუა საზოგადოება ამას უსიტყვოდ?
- განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. ქართველი ხალხი ნელ-ნელა შეეჩვია იმას, რომ ყველა სიმახინჯეს, რომლის დამკვიდრებასაც ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი განიზრახავენ, კიდევაც ახორციელებენ და, როგორც ჩანს, წინააღმდეგობის გაწევა აზრს კარგავს. თუმცაღა კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ნეგატიური ხასიათის მასალა გამოქვეყნდა, მათ შორის, მეც გამოვთქვი ჩემი თვალსაზრისი, მაგრამ პროტესტის გამოხატვას, ანუ განსხვავებული აზრის გამოთქმას ამათი მმართველობის პირობებში აზრი არ აქვს, რადგან მათი მხრიდან განსხვავებული აზრები სრულად იგნორირებულია. არავინ არ გამოვა და არანაირ კომენტარს არ გაააკეთებს, თუ რამდენად სწორია ან რა საფუძველს ემყარება ასეთი გადაწყვეტილება.
ამ ხელისუფლების რამდენიმე მხარდამჭერმა თითქოს ახსნა, რატომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, მათთან დებატებს აზრი არც აქვს. როცა ადამიანი სპეციალისტი არ არის და არაფერი არ იცის განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მას როგორ უნდა ეპაექრო? მაგალითად, როგორ უნდა ეკამათო ენობრივ საკითხებზე, ვთქვათ, მაია ორჯონიკიძეს, რომელიც, თუ არ ვცდები, მხატვარია. თანაც ცოტა უხერხულია, საკუთარ თავს ოპოზიციონერს რომ ეძახიან, გია თორთლაძის პარტიაზე ვამბობ, ტელეეკრანებთან კი თავგადაკლულნი იცავენ ხელისუფლებას. როცა ქვეყანაში ძაღლი პატრონს ვერ სცნობს, იქ რაიმე სერიოზული, კორექტული თვალსაზრისის გამოთქმა უაზრობაა.
თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა გააკეთა განმარტება, რატომაც იყო საჭირო ფილმების უცხოურ ენაზე ჩვენება, რომ ქართული ენა კი კარგია, მაგრამ მარტო საქართველოში ლაპარაკობენ ქართულად და ამიტომ დანარჩენ მსოფლიოსთან, რომელიც ინგლისურად საუბრობს კონტაქტი ძნელია...
- რომ ამით ყური გაიხედნება არა? ეს არის უბადრუკი აზროვნების მაგალითი, არაფრიცმცოდნე ადამიანის მიერ გამოთქმული. მხატვრული ნაწარმოები, კონკრეტულად ფილმები, არ იქმნება იმისთვის, რომ ვინმეს სწავლაში დაეხმაროს. ამისთვის სპეციალური ფილმები, სპეციალური ვიდეომასალა იქმნება. რაც შეეხება მხატვრულ ნაწარმოებს, აქ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაცა ინლისურს მოჰკრავს ყურს, არამედ ის, თუ რამდენად სასიამოვნოა ამ ფილმის, როგორც ხელოვნების ნიმუშის, აღქმის პროცესი. არავინ არ დაეკითხა არც ოფთალმოლოგებს, არც ლინგვისტებს, არც ფსიქოლოგებს, არც სხვა დარგის წარმომადენლებს, რიგით ადამიანებს, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც უყურებენ ეკრანზე რაღაც ამბავს და იმავდროულად ამ ამბის შესაბამისი ტექსტი უნდა იკითხონ იმავე ეკრანზე. ერთსა და იმავე სიბრტყეზე რამდენად შესაძლებელია ერთდროულად ორი სხვადასხვა საქმის კეთება? იმიტომაც არის საჭირო ფილმის გახმოვანება მაყურებლისთვის გასგაებ ენაზე,რომ ერთდროულად აღქმის პროცესში იყოს ჩართული თვალიც და ყურიც. ამ შემთხვევასი ყური გამოთიშულია და ორივე ფუნქციას - თვალისასაც და ყურისასაც - თვალი ასრულებს, რაც ერთდროულად თვალს არ შეუძლია.
იმასაც ამბობენ, რომ თურმე ეს ყოფილა ჩეხეთში გავრცელებული პრაქტიკა. ამ შემთხვევაში არც ერთი სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა არ არის საჭირო არგუმენტად. ალბათ, ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ ქართულად ტექსტის წაკითხვა შემიძლია, მაგრამ ვერ ვუყურებ ქართულტიტრებიან ფილმებს, ამიტომ იძულებული ვარ, ან სხვა არხზე გადავრთო ან საერთოდ გამოვრთო ტელევიზორი, რამდენადაც ასეთი ფილმების ყურების პროცესი მიქმნის ერთგვარ დისკომფორტს. ტექსტის წაკითხვას მირჩევნია იგი მოვისმინო და ფილმში მიმდინარე მოქმედებას თვალი ვადევნო. წარმოიდგინეთ იმათი მდგომარეობა, ჩემზე ცუდად ვინც კითხულობს ან საერთოდ უჭირს ქართულად კითხვა. ასეთი კი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია. კითხვა უბრალო საქმე არ არის და გარკვეული ვარჯიში სჭირდება.
პრაქტიკული საქმეებით დაკავებული ადამიანები, რომლებიც შრომით პროცესში არიან ჩართული დილიდან საღამომდე, გაზეთის წაკითხვასაც ვერ ახერხებენ, არათუ ტიტრების სხაპასხუპით კითხვას, განსაკუთრებით თუ დაძაბული დიალოგია ან ეკრანზე კონფლიქტური ვითარებაა შექმნილი. ამ დროს ტექსტის წაკითხვაც მოასწრონ და მოვლენებსაც თვალყური ადევნონ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ეს არ არის მთავარი.
რას გულისხმობთ?
- მთავარი ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფალს აკვიატებული აქვს ასეთი მარტივი პოზიცია: უნდა გაკეთდეს ის, რაც მას უნდა. მოუნდება ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის აშენება და იწყებს ამის პროპაგანდას. არავის არ უკითხავს მისთვის, რატომ ჰქვია ამ ქალაქს მაინც და მაინც ლაზიკა,მაგრამ რომც ეკითხათ, არც უპასუხებდა. ისტორიული ეგრისის სამეფოს დედაქალაქს ერქვა ეგრისი. ამ სამეფოს ნაწილი, დღევანდელი გურია-აჭარის ტერიტორია იწოდებოდა, მაგრამ არავინ იცის, რატომ ვარქმევთ ქალაქს ამ ბერძნულად გაფორმებულ სახელს და არა, მაგალითად, ეგრისს?
წარმოიდგინეთ თურქეთის ტერტორიაზე, სადაც დღეს ლაზები ცხოვრობენ, რომ მოინდომოს თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქის აშენება, რომელსაც დაარქმევს გურიას, კახეთს ან ხევსურეთს, ხომ გაჩნდება კითხვა - რატომ, რის გამო? და როცა ამ კითხვის პასუხის ძებნას დავიწყებთ, არც თუ სასიამოვნო თემები ამოტივტივდება და არცთუ დასამშვიდებლად უნდა გვქონდეს საქმე. აქ არ არის საუბარი მარტო ამ ქალაქის ფინანსურ უზრუნველყოფაზე. ნახევარმილიონიან ქალაქს როცა აშენებ დასავლეთ საქართველოში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ვინ დასახლდება ამ ქალაქში, როგორ გაივსება იგი ხალხით და ვინ ჩამოვა იქ საცხოვრებლად?
ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასვა მოსაზრება გამოითქვა, ამბობენ რომ ამერიკელი სამხედროების საცხოვრებლად შემდება, სხვა ვერსიით, ჩინელები უნდა ჩამოასახლონ, თუმცა სააკაშვილს უცხოელები არ უხსენებია. რას ფიქრობთ, თუ მართლაც აშენდა იქ ვინ იცხოვრებს?
- მთელი დასავლეთ საქართველო იქ რომ გადაასახლო, მაინც არ იქნება საკმარისი. თუკი თავისუფალი ეკონომიკური ზონა გაკეთედება, უპირველეს ყოვლისა, ეს ტერიტორია აივსება ჩინელებით, ე.წ. „თურქი მესხებით“ და თურქეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობით. არაფერი ამაში მოულოდნელი და ამოუცნობი არ არის..
თუმცა ეჭვი შეაქვთ, რამდენად მოხერხდება ამ ქასლაქის აშენება, რადგან ჭაობის დაშრობა არც ისე მარტივია...
- ახლანდელი პეტერბურგი ჭაობზეა აშენებული. ჭაობზე ქალაქის აშენება შეუძლებელი არ არის, მაგრამ აქ კომპეტენტური ეკოლოგიური დასკვნებია გასათვალისწინებელი. ამასწინათ გამოქვეყნდა კიდეც ინფორმაცია, რომ ეს პროექტი ეკუთვნოდა კონკრეტულ კომერციულ ჯგუფს და იქ აპირებდნენ ხამანწკების მოსამრავლებელი ფერმების აშენებას და ამასთან დაკავშირებით იქ 30-40 ათასი ადამიანის ჩასახლება იგეგმებოდა, რომლებიც ამ ზღვის პროდუქტის მომრავლებით იქნებოდა დაკავებული.
ანუ, შესაძლოა ლაზიკაში ქართული ენა გასაგებიც კი არ იყოს იქაური მოსახლეობისთვის?
- ხშირად სინგაპურს ახსენებენ და ამბონენ, რომ მსგავსი განვითარებული ქვეყნების ანალოგიური ქალაქი უნდა გაშენდეს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური აღორძინების გარანტი და საფუძველი გახდებაო.
სააკაშვილი ასე ამბობს, რომ სინგაპურის ტიპის სახელმწიფოს აშენებს, სულ პირზე აკერია ეს სიტყვა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, რა ტიპის სახელმწიფოა ეს სინგაპური და რა აქვს მას ჩვენთვის მისაბაძი, ის, რომ მდიდრები არიან? დიახ! ეს ასეა, მაგრამ 30 წელია, ერთი და იგივე ხელისუფლება მართავს სინგაპურს, 17 პროცენტია ძირითადი მოსახლეობა და სახელმწიფო ენა არის ინგლისური.
სინგაპურის პრეზიდენტი, ბატონი კუანი, ასეთია მისი გვარი, ამბობს, რომ მთავარია ყველამ ისწავლოს ინგლისური, ხოლო მშობლიური ენა იყოს მეორე პლანზე გადატანილი. ასეთივე ტექსტები ისმის აქაც. ანუ გზა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, სინგაპურუსკენ მიმავალი, ფუნქციის დაკარვით და გადაგვარებით ემუქრება საქართველოს სახელმწიფო ენას. თუ ერს მშობლიური ენა არა აქვს სახელმწიფო ენად, ამ შემთხვევაში ეს ენა კარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას და, შესაბამისად, ეს იწვევს ამ ერის კვდომას.
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“, ეს მხოლოდ პოეტის მხატვრული გამონათქვამი კი არ არის, არამედ, თუ დეტალურად განვიხილავთ, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა ერსა და მის სახელმწიფო ენას შორის, ადვილად შეიძლება დავასაბუთოთ, რომ გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი ადგას, არის ის, რომ საქართველო გახდეს სხელმწიფო, რომელიც, სინგაპურის მსავსად, ინლისურად ილაპარაკებს. ინლისური იქნება საქართველოში მცხოვრებ სხვა ერის წარმომადგენელთა ურთიერთშორის სასაუბრო ენაც.
ამ ფუნქციას თავის დროზე რუსული ენა ასრულებდა, ახლა რუსული იცვლება ინგლისურით. ამიტომაც საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობაც ირჩევს პირდაპირ ინგლისურ ენას დაეუფლოს, ვიდრე ჯერ საქართველოს სახელმწიფო ენას დაეუფლოს, შემდეგ კი დამატებით უცხო ენაც შეისწავლოს. ეს გზა მიგვიყვანს იქამდე, რომ შესაძლოა, ქართველობა, ამ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის სახით, მხოლოდ ქვეყნის დასახელებაში იყოს წარმოდგენილი და რეალურად ქვეყნის ძირითად მოსახლეობას სხვები წარმოადგენდნენ.