მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ პეტიცია

საქართველოში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას კვლავ სერიოზული საფრთხე ემუქრება. საქართველოს სამაუწყებლო ბაზარზე თითქმის, აღარ დარჩა სამაუწყებლო კომპანია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას  ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწვდის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირეების დარეგულირების ნაცლად, თავისუფალ ტელევიზიებზე ზეწოლის მექნიზმად ჩამოყალიბდა, რომლის პერმანენტული ზეწოლის გამო, ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს.

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ თვლის, რომ მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელმძღვანელობს. იგი არ ინტერესდება იმ მაუწყებლებით, რომლებიც ხელისუფლებას ემსახურებიან, თუმცა, აქტიურად ახორციელებს თავისუფალ მაუწყებლებზე ზეწოლას.

ცოტა ხნის წინ, მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია „თრიალეთი“ სიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა, თუმცა კომისიას ამის არგუმენტირებული დასაბუთება არ წარმოუდგენია.

მედიაგაერთიანება მარეგულირებელი კომისიისაგან მოითხოვს,  ჟურნალისტების და ექსპერტების თანდასწრებით შემოწმდეს „თრიალეთის“ მიერ ლიცენზიით მინიჭებულ სიხშირეებზე მაუწყებლობა!

მედიაგაერთიანება ასევე აპროტესტებს ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „მე-9 არხზე“ განხორციელებულ ზეწოლას. კერძოდ, ხელისუფლება ცდილობს ტელეკომპანიის გავრცელების არე მაქსიმალურად შეზღუდოს. ამისთვის, მიმდინარეობს იმ საკაბელო ქსელების ოპერატორებზე ზეწოლა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ რეტრანსლაციის განმახორციელებლები. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“.

შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“  წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და უფლებამოსილების გარეშე ზღუდავს საკაბელო ქსელის ოპერატორს და აიძულებს ქსელიდან გათიშოს უცხოური პოპულარული ტელემაუწყებლები.

მედიაგერთიანებას მიაჩნია, რომ კომისია გასცდა მისი რეგულირების სფეროს და მისი მოთხოვნები სცილდება მარეგულირებელი კომისიის იურისდიქციის ფარგლებს.

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მოითხოვს, შეწყდეს ზეწოლა თავისუფალ  მედიაზე, შეწყდეს  კონკრეტული მედია საშუალებების დისკრიმინაცია და მოხდეს მათი თანაბარუფლებიან პირობებში ჩაყენება.

მოვითხოვთ, დამთავრდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უკანონო მოქმედებები და თავისუფალი ტელევიზიების ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევისთვის ზეწოლა!