საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გვარწმუნებს ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც, რომ ქართული ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. თუმცა მიუხედავად სწრაფი ტემპებით „განვითარებისა“, რატომღაც ეს არ აისახება რიგითი ქართველის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მაინც ვერ ვახერხებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ვერც ამერიკასთან და ვერც ევროკავშირთან. ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ „ბლუმბერგი“-ს უკანასკნელი კვლევის შედეგებში საქართველო იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს განაცხადის გაგზავნა დაუგვიანდა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-ში (აბფა) ვერა ქობალიას ამ განცხადებას ცინიკურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ რეიტინგში მოსახვედრად ქვეყნის მიერ განაცხადის გაგზავნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში „ბლუბერგი“ თვითონ აწარმოებს ქვეყნების ეკონომიკის კვლევას და ამ კვლევის შედეგების მხიედვით ადგენს რეიტინგებს.
საქართველო ამ რეიტინგში 50 ქვეყანას შორისაც კი ვერ მოხვდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა საჭიროებს დაუყვნებელი რეფორმების გატარებას. „აფბა“-ში მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს მსხვილი ბიზნესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას არაფერი უშლის ხელს, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ხიხაძე აცხადებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტორი შემოვიდეს, მას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, ინვესტორი უნდა გრძნობდეს, რომ დაცულია მისი უფლებები და კაპიტალი. საქართველოში კი ამის საპირისპირო მაგალითები მრავლად გვაქვს, რაც თავისთავად ცუდ გავლენას ახდენს ბიზნეს-გარემოზე.
ხიხაძის თქმით, ასევე ძალიან რთულია ბიზნესისთვის ის გარემო, სადაც საგადასახადო კოდექსში ასე ხშირად შედის ცვლილებები. ამის გამო ბიზნესმა აღარ იცის, როგორ აწარმოოს ბიზნესის აღრიცხვა და აუდიტი. ვითარებას ისიც ართულებს, რომ საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი ისეთი მუხლია, რომელიც მინიმუმ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამდენად, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული ამ მუხლების განმარტება და პრაქტიკაში გამოყენება. ყველაფერი ეს კი, „აფბა“-ს წარმომადგენლის თქმით, დიდ სირთულეებს უქმნის ბიზნესს, რადგან რთულია გადაწყვეტილებების მიღება მუშაობის პროცესში.
რა თქმა უნდა, ამ გარემოში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოს ისედაც მცირე ბაზარს ემატება ქვეყანაში ისეთი ორგანოს არარსებობა, რომელიც კონკურენციას უზრუნველყოფს. იმ ფონზე კი, როდესაც ბიზნესის მწარმოებლები მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, ეს თავისთავად არის იმის გარანტი, რომ სერიოზული ინვესტორი არ მოისურვებს საქართველოში თავისი ბიზნესის წარმოებას. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ არც ევროკავშირი და არც ამერიკა ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას არ გააფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე აქტიურად საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
„აფბა“-ში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნეს - გარემოს მიმზიდევლობის მხოლოდ ზედაპირული და ფასადური კომპონენტებით იწონებს თავს და ძირეული პრობლემები, რომლებიც ხშირ შემთვევაში, სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება, კვლავ გადაუჭრელია. ყველაზე მყარი არგუმენტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ხშირად იყენებს იმის დასამკტიცებლად, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ბიზნესის კეთებისათვის, არის მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი რეიტინგი - Doing Business. 2011 წელს საქართველო ამ რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფებოდა. „აფბა“-ში კი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ წლიური რეიტიგნების გარდა, მსოფლიო ბანკი აქვეყნებს მიმდინარე რეიტიგნებსაც, რომლებშიც გათვალისწინებულია იმ დროისთის არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებების გათვალისწინებით. Doing business არ არის შედგენილი ერთი რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით და ქვეყნის რეიტინგის დადგენა ხდება რამდენიმე მაჩვენებლის საფუძველზე.
„აფბა“ -ს პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, საბოლოო რეიტინგის გამოყვანაში გათვალისწინებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შემდეგი მიმართულებების მიხედვით, - ბიზნესის დაწყება (დრო, დანახარჯები, პროცედურები), სამშენებლო ნებართვები, ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა (ქსელზე მიერთების დრო, დანახარჯები, პროცედურები), საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტების ხელმისაწვდომობა, ინვესტორთა დაცვის დონე, გადასახადების ადმინისტრირება, საგარეო ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება და ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოს პირველ 20 ქვეყანას შორის მოხვდა, თუ მაჩვენებლებს ჩავუღრმავდებით, აქაც ბევრი ისეთი პუნქტის აღმოჩენა შეიძლება, რომელთა მიხედვით საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, აუტსაიდერის მდგომარეობაში გვევლინება. მაგალითად, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველო 183 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა, გადასახადების ადმინისტრირების კუთხით - 42-ე ადგილზე, კონტრაქტების აღსრულების თავლსაზრისით 41-ე ადგილზე, საგარეო ვაჭრობის განვითარებით 54-ე ადგილზე, ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურების და ხანგრძლივობის მიამრთულებით საქართველო 183 ქვეყანას შორის 109-ე პოზიციას იკავებს. ამასთანავე, იმასაც გეტყვით, რომ ბოლო რეიტინგის მიხედვით, საქართველოს პოზიციები Doing Business-შიც გაუარესდა და ქვეყანა ამჟამად მე-16 ადგილზეა“, - აცხადებს „აფბა“-ს პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, არა მხოლოდ ბიზნესის წარმოწყება უნდა იყოს ქვეყანაში გამარტივებული (რითაც ხელისუფლება თავს იწონებს, რომ 15 წუთშია შესაძლებელი საწარმოს რეგისტრაცია), არამედ მისი წარმოება და ბიზნესის დაცვა ასევე უმნიშვნელოვანესია.
„როგორც კარგია ბიზნესის დაწყება, ასევე სასურველია მისი დროულად გაუქმება - ლიკვიდაცია, რაც თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო პროცესია, რეალურად კი საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია“ - ამბობს ჭიჭინაძე.
მისი თქმით, „ბლუმბერგი“-ს კვლევაში წმინდა ეკონომიკური საკითხებია გათვალისწინებული, ხოლო თუ ამას დაემატება ის პოლიტიკური ფაქტორებიც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, ამ რეიტინგში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო მცირდება.
შესაძლოა, ვერა ქობალიასთვის ეს კვლევა იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას თურმე განაცხადის გაგზავნა დაავიწყდა, მაგრამ როდესაც ქვეყანას პრეტენზია აქვს იმაზე, რომ უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს, ამ რეიტინგში არ მოხვედრა საქართველოსკენ ინვესტიციების მოდინებას გზას უკეტავს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი სერიოზული ინვესტორისთვის, „ბლუმბერგი“-სნაირი კომპანიის რეიტინგი ერთგვარი სახელმძღვანელოა. როდესაც ინვესტორი რომელიმე ქვეყანაში შესვლას გეგმავს, სწორედ ამგვარი კვლევები ხდება მისთვის ქვეყნის გაცნობის საშუალება. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ იმის მტკიცებაშია, რომ რუსეთთან ომი არ დასრულებულა, საფრთხე კვლავ არსებობს და ა.შ. ამ ფონზე კი არავის ექნება სურვილი თავისი ინვესტიცია ჩადოს ქვეყანაში, რომელიც პრაქტიკულად ნაღმზე ზის.
და ბოლოს, ყველაფერს ართულებს ისიც, რომ საქართველოში საარჩევნო წელია და ეს არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში ამ არჩევნების შემდეგ, ამის პროგნოზირება ექსპერტებსაც კი უჭირთ. ხოლო სერიოზული ინვესტორისთვის კი ამგვარი გაურკვეველი სიტუაცია კიდევ ერთი ფაქტორია იმისა, რომ თავისი კაპიტალის ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება არ მოახდინოს.
„აფბა“-ში ასევე აცხადებენ, რომ სწორედ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრის ხშირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ინვესტიციები უწყვეტ ნაკადად შემოდის, სიმართლეს არ შეესაბამება. ეკონომისტების თქმით, ყველაზე დიდი წილი საქართველოში დაბანდებული ფულისა შემოდის რუსული ბაზრიდან და ოფშორული ზონებიდან. ეს უკანასკნელი კი პრაქტიკულად, ქართული ფულია, რომელიც ქვეყნიდან გადის და შემდეგ, ამ ინვესტიციების სახით ბრუნდება, რადგან ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა საკუთრებაა.