„ავლაბარი“... შემდეგი გაჩერება – სტეფანწმინდა

„ავლაბარი“... შემდეგი გაჩერება – სტეფანწმინდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ქალაქის „ლაზიკას“ მშენებლობისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შემდეგ კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტზე იწყებს საუბარს. როგორც თავად სააკაშვილმა განაცხადა, ეს იქნება დიდი გვირაბი, რომელიც ყაზბეგს დანარჩენ საქართველოსთან დააკავშირებს. სააკაშვილმა ისიც გაამხილა, რომ გვირაბის პროექტირება უკვე მიმდინარეობს.

უახლოეს მომავალში სააკაშვილი მხოლოდ გვირაბის გაჭრას კი არა, მთელი საქართველოს სასწრაფოდ აყვავებას გეგმავს:

„რომელი ადგილები იყო ბოლო წლებში ყველაზე მიტოვებული და შორს წასული? მესტია, რომელიც დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ადგილია, ყაზბეგი, რომელიც ჩიხად იყო ქცეული და საიდანაც ხალხს გასაქცევად ჰქონდა საქმე. თქვენ ნახეთ როგორი იყო რუსეთის მთავრობის ჩანაფიქრი – სად დაგვარტყეს მათ ყველაზე მეტად? - ეს არის კახეთი, რომელსაც ჩაუკეტეს ღვინის წარმოება და საერთოდ სოფლის მეურნეობის ექსპორტი რუსეთში. მათ ჩათვალეს, რომ კახეთი განადგურდებოდა, საქართველოს ხერხემალში გადატეხავდნენ. ჯავახეთის, შემთხვევაში კი თვლიდნენ, რომ რეგიონიდან პროდუქტის რუსულ ბაზარზე გაუსვლელობა ხალხის აჯანყებას გამოიწვევდა.

სტეფანწმინდაში ჩაკეტეს საბაჟო და ჩათვალეს, რომ აქაურობა საერთოდ გაცამტვერდებოდა. რომელია სამი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონი საქართველოში? ეს არის ჯავახეთი, კახეთი და ახლა, ამ ყველაფრის დასაგვირგვინებლად აქაურობა ისეთ მაგარ ადგილად უნდა ვაქციოთ, რომ ვერავინ წარმოიდგინოს, აქ ოდესმე სიღარიბე რომ არსებობდა. ყაზბეგი არის მთავარი სატრანზიტო პუნქტი, სადაც წელს ჩვენ ვაპროექტებთ და იმედია, მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში დიდი გვირაბის მშენებლობას დავიწყებთ, რომელიც სტეფანწმინდას დანარჩენ საქართველოსთან შეაერთებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა დაბა სტეფანწმინდაში გააკეთა, სადაც ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. პრეზიდენტი მოულოდნელად ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც ეწვია, სადაც რუსეთიდან საქართველოში შემოსულ სტუმრებს პირადად ხვდებოდა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, გვირაბის გაჭრის შემდეგ ადამიანი ყაზბეგიდან თბილისში საათნახევარში მოხვდება.

როკის გვირაბი კავკასიონის მთებში გაიჭრა რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს.
გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო და მისი სიგრძე 3 660 მეტრია.

გვირაბს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ-ოსურ კონფლიქტში. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა გვირაბს აკონტროლებს და მასზე საკუთარ ბაჟს აწესებს, რაც რეგიონის ძირითადი შემოსავალია. საქართველოს მთავრობა კონფლიქტის პერიოდში მოუწოდებდა გვირაბზე საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესებას. 
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის პერიოდში რუსეთი ამ გვირაბს იყენებს სამხედრო ამუნიციის შემოსაზიდად. 9 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ცნობით გვირაბი დანგრეული იყო, თუმცა ამ ცნობას უარყოფს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როკზე სამანქანო გვირაბის გაჭრა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში იგეგმებოდა. არსებობდა ასევე ოსი ეროვნების ინჟინრის რუტენ გაგლოევის პროექტი, რომელშიც აღწერილი იყო 5,5 კმ სიგრძის გვირაბის ტექნიკური პარამეტრები. მეტიც – 1930 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაწყებულიც ყოფილა სამხრეთ პორტალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

თუ რა შენიღბული ჩანაფიქრი იყო ჩადებული კავკასიონის ქედზე გვირაბის გაჭრაში, ამას მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებაც ხვდებოდა. 1972 წელს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ როკის გვირაბის მშენებლობის საწინააღმდეგო წერილიც გაგზავნა მოსკოვში, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო.

„სოიუზდორპროექტმა“ გადაამუშავა რუტენ გაგლოევის 1920-იანი წლების პროექტი და გასაჭრელი გვირაბის ადგილის გადატანით თავად გვირაბის სიგრძე 5, 5კმ-დან 3, 66 კმ-მდე შეამცირა. როკის გვირაბის გაჭრა კი „თბილგვირაბმშენს“ დაევალა.

1975 წელს „თბილგვირაბმშენის“ მუშაობა სამხრეთის მიმართულებიდან, ხოლო 1976 წელს - ჩრდილოეთიდან დაიწყო. მძიმე და შეუწყვეტელი სამუშაოების შედეგად 1983 წელს სამხრეთი და ჩრდილოეთი გვირაბები შეერთდა. როკის გვირაბი ოფიციალურად 1986 წელს გაიხსნა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 58-ე რუსული არმიის 250-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა სწორედ როკის გვირაბით შემოიჭრა.

აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა როკის გვირაბის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაეწყო. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, როკის გვირაბის სრულ რეკონსტრუქციას დაახლოებით 23 მილიარდი რუბლი ანუ 822 მილიონი დოლარი დასჭირდება.

მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ვასილ მაღლაფერიძე თვლის, რომ ყაზბეგისა და როკის გვირაბების თემას ერთ კონტექსტში ვერ განვიხილავთ, რადგან როკის გვირაბი საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს ერთმანეთთან, ხოლო გვირაბი, რომელიც სააკაშვილმა უნდა გაჭრას, ერთმანეთთან ქვეყნის შიდა ტერიტორიებს აკავშირებს.

ვასილ მაღლაფერიძე: “ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ეს გვირაბი სოფელ კობიდან უნდა გამოვიდეს და მას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.უღელტეხილზე გადასვლა აღარ იქნება საჭირო, ზვავები ხელს არ შეუშლის მიმოსვლას. ეს იდეა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არის დამუშავებული და არანაირი სიახლე არ არის ამაში. რა მნიშვნელობა აქვს – მტერს თუ შემოსვლა უნდა, უღელტეხილით შემოვა თუ გვირაბით, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

მართალია, სააკაშვილს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორიტეტად არ მიაჩნია, მაგრამ მაინც ამ სასწავლებლის პროფესორებთან შევეცადეთ გავერკვია, რამდენად რეალურია პროექტი, რომლის შესახებ ინიციატივაც საქართველოს პრეზიდენტისგან ორიოდე დღის წინ მოვისმინეთ.

ბორის წულუკიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: „ასეთი მასშტაბის პროექტის არც საბჭოთა კავშირის დროს შეჭიდებია ვინმე, მათაც კი გაუჭირდებოდათ. უზარმაზარი პროექტია, უზარმაზარი თანხა და ალბად ძალიან დიდი ვადა დასჭირდება. მეჩვენება, რომ არარეალურია, თუმცა, ეს ჩემი პირადი აზრია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საავტომობილო გვირაბზეა საუბარი, რკინიგზა რომ ყოფილიყო, სხვა იქნებოდა, რადგან რკინიგზის გვირაბს სხვა სპეციფიკა აქვს, ვენტილიაციაც იმდენი არ ჭირდება, რამდენიც საავტომობილო გვირაბს. ლაპარაკია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გრძელი გვირაბზე. ევროპაში ყველაზე გრძელი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი იქნება საავტომობილო გზების ნუსხაში. ასეთი გვირაბის მშენებლობა ურთულესია და ჩემთვის გაუგებარია, ამას ვინ და როგორ გააკეთებს.

რატომ არის ასეთი რთულიშეგიძლიათ განგვიმარტოთ, რომ საზოგადოებისთვის უკეთ გასაგები გახდეს.

- ჩვენთან ყველაზე გრძელი გვირაბი არის რიკოთის გვირაბი და როკი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რიკოთის გვირაბი არის დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძის. ეს გვირაბი უნდა იყოს შვიდი-ათი კილომეტრი მაინც, თუმცა არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბია. საავტომობილო გვირაბს სჭირდება ვენტილაცია, რომელიც ერთ-ერთი რთული საკითხია. მეორეა უსაფრთხოება და ა.შ. სხვაა, როცა რკინიგზაზეა ლაპარაკი, რელსებზე მიდის მატარებელი, აქ ავტომანქანით მოძრაობაზეა ლაპარაკი, რაც ნიშნავს, რომ ამ გვირაბის უსაფრთხოება ძალზე მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული.

ჩამონგრევის საფრთხეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

- მე ვიცი, რომ ეს გვირაბი უნდა იყოს ძალიან გრძელი. ჩვენთან გაკეთდა დაახლოებით რვაასმეტრიანი გვირაბი, გორის გვირაბზეა ლაპარაკი. ერთ კილომეტრამდე რომ არის გვირაბი, საავტომობილოზე მაქვს ლაპარაკი, ეს პრობლემა არ არის. როცა გრძელ გვირაბთან გვაქვს საქმე, უკვე არის გარკვეული პრობლემები და თანაც ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს. ასეთი გრძელი გვირაბი საბჭოთა კავშირშიც კი არ განიხილებოდა.

რამდენადაც ცნობილია, კომუნისტების დროს ყოფილა მსგავსი იდეარომ ყაზბეგი დაეკავშირებინათ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან...

- დიახ მაგრამ ყველა ხედავდა, რომ იყო ურთულესი საქმე და ძალიან ძვირად ღირებული. დაახლოებით 20 000 დოლარი ღირს ერთი გრძივი მეტრი გვირაბის მშენებლობა. გაამრავლეთ რა სიგრძისაც უნდა იყოს ეს გვირაბი და მიიღებთ თანხას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება.

ბორის წულუკიძე ამბობს, რომ ევროპაში უფრო გრძელი გვირაბებიც არსებობს, მაგრამ სულ რამდენიმეა. „ევროპაში არის ორმოცდაათკილომეტრიანი გვირაბებიც ოღონდ იქ ძირითადად სარკინიგზო გვირაბები აქვთ. საავტომობილო გვირაბები ძალიან ცოტაა. შემიძლია დაგისახელოთ შვეიცარია, ესპანეთი“ - განმარტავს წულუკიძე.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბორის მაისურაძე კი თვლის, რომ მსგავსი გვირაბის მსენებლობა სირთულეს არ წარმოადგებს, რადგან დღეს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ.

„20 და 30-კილომეტრიანი გვირაბებია ევროპაში გაყვანილი და დღევანდელი ტექნიკის პირობებში არც ვენტილაცია წარმოადგენს პრობლემას

ფასი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ქანები იქნება, რა ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, რა ტექნიკური საშუალებებით იქნება აღჭურვილი ეს გვირაბი. უამრავი სახეობის სავენტილაციო დანადგარებია არსებობს და რომელს გამოიყენებენ, ეს ყველაფერი პროექტის საბოლოო ღირებულებაზე აისახება“ - ამბობს მაისურაძე. მისივე განმარტებით, ასეთი პროექტის განხორციელებას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება. აქედან ერთი წელი პროექტის მოსამზადებლად არის საჭირო. ორი-ორწელიწადნახევარი კი – სამუშაოების შესასრულებლად.

როდესაც საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი ღარიბად ითვლება და ქვეყანაში არსებობს ოფიციალურ ღატაკთა მილიონნახევრიანი სია, ასეთ გრანდიოზულ პროექტებზე ლაპარაკი არც ისე სერიოზულია. ქვეყნის სიღარიბესაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ჩინოვნიკთა გამოსვლებს სერიოზულად თუ აღვიქვამთ, დღეგამოშვებით რუსეთთან ახალი ომის დაწყების საფრთხე არსებობს.

რამდენად გონივრულია თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ასეთი პროექტის განხორციელება უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ვთხოვეთ საზოგადოებისთვის აეხსნა.

„პოლიტიკურად ეს არის გაკოტრება. სამედიცინო ტერმინებით ვერ ვილაპარაკებ ფსიქოლოგიაზე, მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. ზედაპირულად, ძალიან დილეტანტის ხედვიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ალბათობით, სერიოზულ სულიერ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ეს სულიერი აშლილობა ჩვენი სამშობლოსთვის უმძიმესი შედეგებით რომ არ დამთავრდეს, ეს ადამიანი სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი ხელისუფლებას“ - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

თუ რუსეთთან ომის საფრთხე რეალურია, ადვილი წარმოსადგენია, ერთი მხრივ როკის გვირაბიდან, ხოლო მეორე მხრივ ლარსის უღელტეხილიდან გადმოსული რუსის ჯარი, რომელიც საათნახევარში თბილისში იქნება, რა ამბებს დაატრიალებს. თუმცა ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ისეთი ლიდერის ხელში როგორიც სააკაშვილია, ასეთი სერიოზული თემების განხილვა უაზრობაა.

ლაშა ნაცვლიშვილი: “კი ვართ საომარ რიტორიკაში, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ადამიანები, ჯარისკაცები ომობენ, იხოცებიან, სამშობლოს თავს სწირავენ. სახელმწიფო ტერიტორიებს კარგავს, ესენი მოუწოდებენ ჩანგლებით და დანებით იბრძოლოს ხალხმა და წითელი ხიდთან დიდ რიგებს ატარებენ. ვიდრე ასეთი ხელისუფლება გვყავს, სახელმწიფო უსაფრთხოება თავისი ფართო გაგებით, ისე არის მოფარღალავებული ამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამო, რომ როგორც ზღვისთვის ერთი პეშვი წყალი მიგიმატებია ან ამოგიკვლია, ისე არ ცვლის, არ ამცირებს, არ ზრდის საფრთხეებს ასეთი ტიპის გვირაბები. ვიდრე მთავარი საფრთხე ქვეყნის ცივილიზაციის, წინსვლის, მიხეილ სააკაშვილი და მისი ანომალიური ხელისუფლება არის იქ, სადაც არის.

ამიტომ გვირაბის საკითხი, გეოპოლიტიკური იქნება ეს თუ პირდაპირი უსაფრთხოება, იქნება ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებული, რუსეთთან დაკავშირებული, ტერორიზმითან და ნარკოტიკთან, იარაღთან დაკავშირებული, ყველა ეს საკითხი სრულმასშტაბიან აქტუალიზაციას მაშინ შეიძენს, როდესაც ამ ქვეყანას ეყოლება ადეკვატური, არა იდეალური, არა უნაკლო, არა გადასარევი, არამედ ადეკვატური და ჯანსაღი ხელისუფლება. რომლის პირობებშიც ყველაფერი იქნება, სიხარულიც გაჭირვებაც, სიღარიბეც მაგრამ არ იქნება ფსიქიატრიული საავადმყოფო. როგორც კი დამთავრდება ფსიქიატრიული საავადმყოფო, გამოვალთ პალატიდან, დავიწყებთ ჯანსაღ ცხოვრებას, ყველა საფრთხეს შევაფასებთ ადეკვატურად. ახლა ძლიერი, მძიმე სულიერი აშლილობის ფონზე ასეთ საფრთხეებზე ლაპარაკი, საფრთხეების მატებაზე ან მათ კლებაზე აზრს მოკლებულია“.