9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას ამავდროულად „ჩვენი სულის ზეიმი“ და „ჩვენი სულიერი ამაღლება“ პირველად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ უწოდა. ეს მოხდა 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან მეორმოცე დღეს, სიონის საკათედო ტაძარში - მისმა უწმინდესობამ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპული მამულიშვილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მრევლს მიმართა, რაც სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანეთ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ვიდეო-არქივიდან, რისთვისაც მასpresage.tv მადლობას უხდის.
ტრაგედიიდან ორი წლისთავზე - 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას მთავრობამ (იმავე წლის 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური ნივთიერება და ნიჩბები, რის შედაგადაც ასობით ადამიანი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ:
22 წლის აზა ადამია, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი, 23 წლის ნატო გიორგაძე, 28 წლის თამუნა დოლიძე, 70 წლის თინა ენუქიძე, 25 წლის ნინო თოიძე, 61 წლის ზაირა კიკვიძე, 33 წლის მანანა ლოლაძე, 50 წლის თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, 22 წლის მამუკა ნოზაძე, 41 წლის ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, 31 წლის მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 25 წლის ელისო ჭიპაშვილი, 16 წლის თამარ ჭოველიძე, 40 წლის ნოდარ ჯანგირაშვილი, 43 წლის მზია ჯინჭარაძე და 23 წლის ანანა მელქაძე. ტრაგედიის მეორე დღეს, 1989 წლის 10 აპრილს კომენდანტის საათის დროს ტყვიის მსხვერპლი გახდა 25 წლის გია ქარსელაძე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მეორმოცე დღეს სომხეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა (წითელი „იკარუსებით“, მსუბუქი მანქანებით) ჩვენთვის თანაგრძნობის გამოსახატად და იმის სათქმელად, რომ იმ მძიმე დღეებში სომხეთი ჩვენს გვერდზე იყო - სომხები ქართველებთან ერთად გლოვობდნენ და თანადგომას გვიცხადებდნენ. სომხური ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში, ქართველი „არაფორმალების“ ორგანიზებით გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე. ანუ იმ ადგილზე, საიდანაც მსვლელობით დაიწყო 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია.
მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობდა რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედია ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის გადაებრალებინა და საბჭოთა ჯარების სისასტიკე ამით გადაეფარა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ოპტიმისტური სიტყვით მიმართა, რომლის შინაარსი ჩვენი თანამემამულეების უდიდესმა უმრავლესობას არ იცის, რადგან მაშინდელი ერთადერთი ცენტრალური არხი, ანუ პირველი არხი მისი უწმინდესობის ქადაგებას ტელევიზიით არ გადასცემდა.
ილია II: „დღეს არის ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი. დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება. მრავალგზის უნახავს განსაცდელის დღეები საქართველოს, მრავალგზის შემოსევია მტერი საქართველოს, მრავალჯერ უნდოდა გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენი მფარველი იყო და მარად იქნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, რომლის წილხვედრი არის ღვთივკურთხეული საქართველო. საქართველო უძლეველია. ნუ იფიქრებს მტერი, რომ დღეს არის საქართველოს ტრაგედია. დღეს არის ჩვენი სულიერი ზეიმი.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენში ძლიერად ყოფილა ძალა, სულიერი ძალა ჩვენი დიდი წინაპრებისა - დავით აღმაშენებლისა, თამარ მეფისა, დიმიტრი თავდადებულისა, არჩილ და ლუარსაბისა, დავით და კონსტანტინესი, ქეთევანისა, ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა და სხვათა ჩვენთა წინაპართა. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ძმებისა და დებისათვის, რათა უფალმა დააწესოს მათი ნათელი და უკვდავი სულები ზეციურ საქართველოში, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდი წინაპარნი. შეგვეწიოს მათი ლოცვა, შეეწიოს მათი ლოცვა სრულიად საქართველოს. ამინ“.