შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ოფიცერი გია დგებუაძე, მეტსახელად მასტერა, რომლის სახელიც სანდრო გირგვლიანის და სხვა არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, 1989 წლის 9 აპრილის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ ბესო ტაბატაძეს დაემუქრა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. Presage.tv-ი წერდა, რომ „მასტერა“ ერთი პერიოდი შს სამინისტროდან ბაჩო ახალაიას უწყებაში გადაიყვანეს, რაც გამოცემის ჟურნალისტს თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემაც დაუდასტურა. თუმცა, ჩანს მერაბიშვილის უწყებას მისი „სამსახური“ ისევ დაჭირდა და დგებუაძე კვლავ კუდ-ში დააბრუნეს.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მოძრაობის წევრები და „სახალხო კრების“ წარმომადგენლები ყვავილებითა და სანთლებით მიდიოდნენ. მათ შორის 9 აპრილის ღამეს დაშავებული ბესო ტაბატაძეც იყო. მისულებს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ,,დემოკრატიული მოძრაობისა“ და ,,სახალხო კრების“ წევრებს გზა გადაუკეტეს.
გზის გადაკეტვის შემდეგ 26 მაისს დაშავებული ბესო ტაბატაძე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილეა, დაინტერესდა, რატომ არ უშვებდნენ მას დაღუპულთა მემორიალთან, რამაც ძალოვანები გააღიზიანა.
„როდესაც ბესო დაინტერესდა ვინ იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, ვინც მემორიალთან მოქალაქეების მისვლას ახერხებდა, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მობრუნდა და ბესო ტაბატაძეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს აქ იდგა და რომელსაც 26 მაისს ჩვენი ხელისუფლების ზონდერებმა თვალი დააკარგვინეს უთხრა - "კიდევ უარეს დაგმართებთ, კიდევ გადაგივლითო“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაკურ ბაკურაძე.
მისივე განცხადებით, ძალოვანებმა „დემოკრატიული მოძრაობის“ და „სახალხო კრების“ წარმომადგენლები 40 წუთის განმავლობაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააყოვნეს და მოძრაობის წევრებმა ამოიცნეს ის პირი, ვინც ბესო ტაბატაძეს დაემუქრა. ბაკურ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი გია დგებუაძე, მეტსახელად მასტერა იყო.
"როდესაც დავიძარით გზა პოლიციამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა გადაგვიკეტა. 40 წუთის მანძილზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ გვიშვებდნენ. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ერთადერთი ახსნა-განმარტება მოგვცა, რომ ეს სამთავრობო ღონისძიებაა და შემდეგ მიგიშვებთო. ჩვენ პოლიციას დავემორჩილეთ, შემდეგ უცებ მობილიზება მოხდა და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის უამრავი თანამშრომელი გაჩნდა. მათ გზა ელიზბარ ჯაველიძეს, რეზო ესაძეს, სოსო ჯაჭვლიანს, ნინო ბურჯანაძეს, გია ბურჯანაძესა და ბესო ტაბატაძეს გზა გადაუკეტეს“, -განაცხადა ბაკურაძემ.