პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა სისხლის სამართლის დანაშაულია

პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა სისხლის სამართლის დანაშაულია

ალბათ, კოშმარულ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „რევოლუციურ საქართველოში“ ადამიანის ელემენტარული უფლებები ასე ფეხქვეშ გაითელებოდა. საუბარია მოქალაქეების სახელმწიფო სამსახურებიდან პანტა–პუნტით გაყრაზე იმ მოტივით, რომ ისინი ან მათი ოჯახის წევრები პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. სააკაშვილის მმართველობის მეცხრე წლისთავზე, ქვეყანაში ისეთი რამეები ხდება, დემოკრატიულ პრინციპებთან საერთო რომ არაფერი აქვს.

ბოლო სამარცხვინო შემთხვევა აქვე ყურის ძირში, ბოლნისში დაფიქსირდა. პატარა ქალაქის მესამე საჯარო სკოლის სიმღერის მასწავლებელი თამარ ასპანიძე დირექტორმა სამსახურიდან იმიტომ გაუშვა, რომ მისი ძმა რაიონში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. თუმცა, „ამა ქვეყნის ძლიერთათვის“ მოულoდნელი რამ მოხდა და უკანონოდ განთავისუფლებულმა პედაგოგმა შელახული უფლების დასაცავად ხმა ამოიღო.

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ ჩაწერილ კადრებში კარგად ჩანს ის სამარცხვინო რეალობა, რაშიც ხელისუფლება რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებას ამყოფებს. „ყარაული“ კარებს „ოპერატიულად“ კეტავს და ჟურნალისტ–ოპერატორებს შენობის შიგნით არ უშვებს. დირექტორი იმალება, ხოლო სხვა პასუხისმგებელი პირები გარეთ არ გამოდიან. მასწავლებლები შურაცხყოფილ კოლეგას ეზოში შორიდან ესალმებიან და ახლოს მისვლას ვერ ბედავენ. ერთადერთი თამარ ასპანიძის მოწაფეები გულწრფელ ემოციას ცრემლებით გამოხატავენ.

ეს არის ის საქართველო, რასაც ცხრა წლის წინ გვპირდებოდნენ? ნამდვილი „საჩუქჩეთი“ უნდა მოეტანა ვარდების რევოლუციას? ვის სჭირდება შენი ლაზიკა, სადაც დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ადამიანებს, როგორც საქონელს ისე ეპყრობიან? რამ დაგაყრუათ და დაგაბრმავათ „სახელისუფლებო ბატონებო“, ყველანი ერთ ენაზე რომ „ქადაგებთ“? ეს ის კითხვებია, რასაც პასუხები ჭირდება. თუმცა საეჭვოა, ამას მოქმედმა მთავრობამ პასუხი გასცეს. ინიციატივა საზოგადოებამ უნდა აიღოს – ისეთმა ადამიანებმა, როგორიც თამარ ასპანიძეა. სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა ბოლომდე ჩაეფლობა ჭობში, საიდანაც გამოსვლა ყველა ჩვენთგანს მაგრად გაუჭირდება.   

მანამდე კი დავუბრუნდეთ არსებულ მძიმე რეალობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოლნისელი პედაგოგის თამარ ასპანიძის საქმის გამოძიება სამართალდამცველ ორგანოებს სთხოვა:

„ასპანიძის თქმით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. დირექტორმა აღნიშნა, რომ თუკი თამარ ასპანიძე სამუშაო ადგილს საკუთარი ნებით არ დატოვებდა, მაშინ ის იძულებული იქნებოდა გათავისუფლების საფუძველი მოეძებნა და შრომითი ურთიერთობა ვადაზე ადრე შეეწყვიტა ან საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა თავადვე დაეტოვებინა. დირექტორის განცხადებით, ასპანიძის როგორც პედაგოგის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ არსებობდა, თუმცა ის იძულებული იყო  ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრიდან მიღებული მითითება შეესრულებინა.

თავის მხრივ, ბოლნისის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ასპანიძესთან საუბარში პედაგოგის გათავისუფლების სურვილი არ უარყო და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ის ფაქტი იყო, რომ ქალატონი თამარი „ქართული ოცნების“ ოფისთან არაერთხელ „დაუფიქსირებიათ“. თამარ ასპანიძე ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგად ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში მის მიმართ პრეტენზიები ადმინისტრაციის მხრიდან არასდროს გამოთქმულა“.

ახალგაზრდა იურისტების განცხადებით, ბოლო პერიოდში ასოციაციას პედაგოგები ხშირად მიმართავენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების საბაბი პოლიტიკური შეხედულებებია:

„ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მიხედვით, ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულებების გამო სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მოცემული ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი დასვან“.

ამასთან, საია-მ საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პერიოდში მოქალაქეთა სამსახურებიდან გათავისუფლების არაერთი ფაქტი დააფიქსირა. ორგანიზაციის თამჯდომარის თამარ ჩუგოშვილმა განმარტებით, აღნიშნული ფაქტები, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივს უკავშირდება: „ასეთ ფაქტებზე სათანადო გამოძიება არ დაწყებულა მაშინ, როცა პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს“.

„პედაგოგების სამსახურიდან განთავისუფლების თითქმის ყველა შემთხვევაში განთავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, შრომითი ხელშეკრულების მოშლა. თუმცა, როგორც განთავისუფლებული პედაგოგები აცხადებენ, განთავისუფლების რეალური მიზეზი მათი და მათი ახლობლების პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით ხელმოწერების შეგროვება გახდა“.

საია-მ კვლევა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში ჩაატარა.

ამ ფონზე შეგახსენებთ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის ცნობილ განცხადებასაც, რომ სახელმწიფო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თითოეული ადამიანის უფლება სასამართლოს გზით იქნება დაცული. ხიდაშელის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მაქონრე პედაგოგებს სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლიდან  დირექტორის ბრძანების ან ზეპირი განცხადების საფუძველზე ათავისუფლებენ. პედაგოგები უარს აცხადებენ განცხადებების დაწერაზე, რის შემდეგაც ბრძანებების საფუძველზე თანამშრომლებს ითხოვენ სამსახურებიდან.

„ყველა მსგავსი საქმე პირველ რიგში წავა სასამართლოში და ყველა ეს ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას ყველა იმ პრობლემისთვის, რომელსაც უქმნის დღეს საქართველოს ხელისუფლება“.

ხიდაშელისვე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შედეგად შეშინებულმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აპრობირებული – დაშინების და დაშანტაჟების კამპანია დაიწყო.