გასულ კვირაში, ქართულ პოლიტიკაში განვითარებულმა რამდენიმე მოვლენამ, ამ ქვეყანაში ახალი დინამიკის არსებობა ცხადყო. პირველი – კონტროლის პალატის მხრიდან იმ მოქალაქეების დევნა, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, ოპოზიციურ „ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ დაკავშირებულნი, როგორც ჩანს შეწყდა, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის. მარტში, კონტროლის პალატამ დაკითხვის მიზნით უამრავ ასეთ მოქალაქეს უწყისები დაუგზავნა, რაც მოგვინებით შეფასდა როგორც დაშინება და დევნა. მეორე, ქართულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წამყვანი ოპოზიციური ფიგურა ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად მას ეკრძალება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. თუმცა, მალევე, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია შეცვალა იმისთვის, რომ ივანიშვილმა არჩევნებში კენჭისყრა შეძლოს.
ამ მოვლენებთან დაკავშირებული დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის დაპირება, რომ ის სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს ოქტომბერში, როდესაც ქვეყანამ პარლამენტი და პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს, უპირობოდ სარწმუნო ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა დევნა ის მოდელია, რომელიც საქართველოში წარსულში ჩატარებული რამდენიმე არჩევნების დროს დამკვიდრდა და რომლის დროსაც თავად არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე, ოპოზიციის მხარდამჭერებს მკაფიოდ აგრძნობინებენ იმას, რომ მთავრობისთვის შესამჩნევ წინააღმდეგობას შეიძლება შედეგები მოჰყვეს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ძალიან ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ხალხს ოპოზიციის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინო და ხელი შეუწყო მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შთამბეჭდავ გამარჯვებას. ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული შემთხვევა იმ სამართლებრივი პიროტექნიკის დემონსტრირებაა, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობა“ სიამოვნებით გამოიყენებდა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არჩევნებში არ მოუწევდა არანაირ ძლიერ ოპოზიციასთან დაპირისპირება. ივანიშვილი ძალიან მდიდარი ქართველი ბიზნესმენი და ქველმოქმედია. მან პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო, თუმცა ის მალევე ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა რომ პოლიტიკაში მონაწილეობა გადაწყვიტა. მართალია, საქართველოს მთავრობამ ამ გაწყვეტილებას და შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბუნდოვანი და სუსტი სამართლებრივი ახსნა მოუძებნა, თუმცა რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოართვეს მოქალაქეობა ივანიშვილს, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოში და ბოლო ათი წლის განმავლობაში იქ ცხოვრობს, იმაში მდგომარეობს, რომ მან საარჩევნო საფრთხე შეუქმნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. გასულ კვირაში კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის ქმედებები, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით, იმაზე მიუთითებს, რომ ქართული რეჟიმი, რომელიც ბუნებით ნახევრად ავტორიტარულია, მაგრამ რიტორიკის დონეზე დემოკრატიის ერთგული, სინამდვილეში ცდილობს თავისი ქმედებები რიტორიკას დაუახლოვოს. მაგრამ, ასეთი ანალიზი, არ ითვალისწინებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ღიად უკავშირდება დასავლელ, კერძოდ, ამერიკელ პოლიტიკოსებს. ბოლო რამდენიმე კვირაა, შეერთებული შტატები, დაწყებული მისი რეაქციით კონტროლის პალატის ქმედებებზე, აკეთებს საჯარო და კონკრეტულ განცხადებებს, არწმუნებს რა საქართველოს მთავრობას დემოკრატიის საკითხებს სერიოზულად მოეკიდოს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ქართული რეჟიმის სულ უფრო ნაკლებად დემოკრატიული ბუნების გამო (რაც ვაშინგტონში დაახლოებით 2008 წლისთვის შეამჩნიეს) წუხილი ყოველთვის პრივატული განხილვის საგანს წარმოადგენდა. ამერიკელი ჩინოვნიკის თბილისში მოგზაურობა მოიცავდა ხოლმე საქართველოს მთავრობის საჯარო ქებას დემოკრატიისადმი ერთგულებისთვის, მაშინ როდესაც შეშფოთება დაკავშირებული მედიის თავისუფლების დეფიციტთან, ბოლოდროინდელ საარჩევნო ან სამართლებრივ მაქინაციებთან, ან პოლიტიკური ძალაუფლების მზარდ ცენტრალიზაციასთან, გამოითქმებოდა ხოლმე პრივატულად და შეუმჩნევლად. ანალოგიურად, ვაშინგტონში სტუმრად მყოფ ქართველ ჩინოვნიკებს საჯაროდ ბანალურად უწონებდნენ ხოლმე ქართული დემოკრატიის სიძლიერეს, მაშინ როდესაც, შეშფოთება, კვლავ, პირად საუბრებში გამოითქმებოდა. როგორც წესი, ამ გაფრთხილებებს საქართველოს მთავრობა თავაზიანად ყურადღების მიღმა ტოვებდა, განაგრძობდა რა საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებას და ცდილობდა ქართველი ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ სააკაშვილი ერთადერთია, რომელმაც საქართველოსთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა ეს დინამიკა იცვლება. საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოსმენებზე, მალევე მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ მოქალაქეების დაკითხვა დაიწყო, ორმა სენატორმა ბენ კარდინმა და ჯინ შაჰინმა მკაფიო გახადეს ის ფაქტი, რომ სენატი დემოკრატიის პრობლემებს საქართველოში სერიოზულად ეკიდება. ნორლანდის პასუხებმაც ამ შეკითხვებზე აჩვენა, რომ ის ამ წუხილს იზიარებს. ანალოგიური დინამიკა შეიმჩნეოდა გასულ კვირაში, როდესაც მას შემდეგ, რაც ქართულმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძველი გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილს მოქალაქეობას არ დაუბრუნებდნენ, უმალ, ამერიკელი ჩინოვნიკების, განსაკუთრებით კი საქართველოში აშშ-ს დღევანდელი ელჩის ჯონ ბასის, მტკიცე და საჯარო განცხადებებმა საქართველოს პარლამენტს ამ მოუქნელი და ერთგვარად უხერხული გადაწყვეტილებისკენ უბიძგა, რომელიც რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება დემოკრატიის გამარჯვებად საქართველოში. ეს ახალი ტონი აშშ-საქართველოს დიალოგში იმის ვარაუდს აჩენს, რომ შეერთებულ შტატებს, რომელიც საქართველოს ყველაზე მსხვილ და ფასეულ პატრონად რჩება, ჯერ კიდევ შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ის ცხადყოფს ასევე სხვაობას პირად საუბრებს, რომელსაც იოლად არად აგდებდნენ, და მტკიცე საჯარო განცხადებებს შორის, რაც რეალურ ზეწოლას ახდენს საქართველოს მთავრობაზე, რომ ეს უკანასკნელი შეესაბამებოდეს მის საჯარო და ხშირად წარმოთქმულ განცხადებებს დემოკრატიისადმი ერთგულებაზე. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მნიშვნელოვანია აშშ-მ განაგრძოს და გააძლიეროს ეს ახალი მიდგომა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ. foreignpress.ge |