საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ლამის, ნახევარ მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილებს უტარებს, კიდევ ერთი საინტერესო გამოსვლა შემოგვთავაზა. ბიძინა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად უარი უთხრა. იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალური დასკვნა სამინისტროს ვებგერდზე განათავსა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. საქართველოს კანონმდებლობა კი სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილს, იმასაც კარნახობს, თუ რა გზით შეიძლება მოქალაქეობა მიიღოს და ამბობს, რომ მას, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. ივანიშვილს კი მსგავსი თხოვნით შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.
იუსტიციის სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში.
ივანიშვილის იურისტები ამბობენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.
„თუ სურვილი აქვთ, ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე მიანიჭონ მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს. ჩენ გვაქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში და დააკმაყოფილონ ეს სარჩელი, ისევე როგორც დააკმაყოფილეს ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში და ამით აღდგება სამართლიანობა. ამიტომ, ეს არის საბაბი და არა მიზეზი“- ამბობს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს სწორედ ორმაგი მოქალაქეობის გზით ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა მიღებული, რომელიც ჩამოართვეს.
Presage.tv შეეცადა კონსტიტუციონალისტებთან ერთად გაერკვია, ვინ და რა ნაწილში დაარღვია კანონმდებლობა, ეკუთვნის ივანიშვილს იყოს საქართველოს მოქალაქე თუ - არა.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს საკითხი სამწუხაროდ არ არის მხოლოდ სამართლებრივი სფერო.
„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიზირებული საკითხი, მას შემდეგ რაც ივანიშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა და საკითხავია ისიც, რამდენად სამართლებრივად ჩამოართვეს. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლება აპირებდა დროის გაწელვას და ყველანაირად ეცდებოდა, მოენახა ისეთი არგუმენტი, რომ მოქალაქეობა არ მიეცა“, - ამბობს ძაბირაძე.
ექსპერტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებითაც, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა არსებული პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტა, რადგან სარჩელით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში იყო შეტანილი, ივანიშვილი და მისი მეუღლე ასაჩივრებდნენ მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტას იმ მიზეზით, რომ ეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო.
„ხვედელიძის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა, ივანიშვილისა - არა. ხვედელიძის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხარემ არ გაასაჩივრა, ანუ ის გადაწყვეტილება შევიდა ძალაში და გაუქმდა პრეზიდენტის განკარგულება მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ხვედელიძის ნაწილში. რაც შეეხება ივანიშვილს, მის თაობაზე სააპელაციო სასამართლოშია სარჩელი შეტანილი და ელოდება განხილვას. ანუ სასამართლოს შეუძლია, პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება და ივანიშვილს დაუბრუნდება მოქალაქეობა“, - აცხადებს ხმალაძე.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, ვახტან ხმალაძე ამბობს, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ განცხადების მეორე ნაწილს, სადაც წერია: „იმის გამო, რომ ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიღება ვერ მოხერხდება, რადგან კანონს ეწინააღმდეგება, ვურჩევდით მიემართა ორმაგი მოქალაქეობის ფარგლებში მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით“. ხმალაძის შეფასებით, ეს არის იმ გზაზე დაყენება, რომელიც ჩიხში შედის.
„ჩვენ ხომ ასე მოგვაწიოდეს ინფორმაცია, სხვა რა გზა ჰქონდა პრეზიდენტს, დაარღვია ივანიშვილმა კანონი და რა უნდა ექნაო. ჩემი და კიდევ არაერთი კონსტიტუციონალისტის შეფასებით, თვითონ მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო ანტიკონსტიტუციური. თუკი პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ის კიდევ ითხოვს მესამე ქვეყნის მოქალაქეობას, თითქოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის მოქალაქეობა უნდა შეეწყვიტათ, ასეთი რამ კანონში არ წერია.
თუკი პირი, როგორც საფრანგეთის მოქალაქე, მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობასაც, საქართველოს პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, უარი უთხრას მოქალაქეობის მინიჭებაზე და ამას ივანიშვილი ვერსადაც ვერ გაასაჩივრებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ჩიხი“, - აცხადებს ხმალაძე.
რაც შეეხება სამინისტროს შეფასებას, რომ ივანიშვილი მოქალაქედ ვერ იქნება მიღებული იმიტომ, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხმალაძის შეფასებით, აქ უკვე საქმე გვაქვს აშკარა ცუღლუტობასთან.
„საქმე ის არის, რომ საქართველო, ისევე როგორც საფრანგეთი არის იმ საერთაშორისო კონვენციის წევრი, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ პირი, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, არ იქცეს მოქალაქეობის არმქონე პირად. ეს რომ არ მოხდეს, ამის უზრუნველსაყოფად მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთშიც და საქართველოშიც კანონში ჩაიწერა შესაბამისი ნორმები. 2010 წელს საქართველოს „კანონში მოქალაქეობის შესახებ“ ჩაიწერა, რომ თუ საქართველოს მოქალაქე ითხოვს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლას, ეს თხოვნა დაკმაყოფილდება და ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პირი საქართველოს სახელმწიფოს წარუდგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელ საბუთს, ან სახელმიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ ცალსახა გარანტიას, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მას მიენიჭება იმ ქვეყნის მოქალაქეობა. მსგავსი წესი მოქმედებს საფრანგეთშიც და როდესაც ივანიშვილმა ითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის წესით, ბუნებრივია, მან საფრანგეთის სახელმწიფოს მიმართა თხოვნით, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. მან მიიღო შესაბამისი პასუხიც საფრანგეთიდან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საფრანგეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიც გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის დააკმაყოფილებს ივანიშვილის თხოვნას საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, თუ ივანიშვილი მიიღება საქართველოს მოქალაქედ, ან თუ ამის გარანტია იქნება გაცემული. ახლა იუსტიციის სამინისტრო რას გვეუბნება? - ვერ გავცემთ საქართველოს მოქალაქეობას, იმიტომ რომ საფრანგეთის მოქალაქე არისო და საერთოდ, არაფერს არ ამბობს იმ საერთაშორისო კონვენციასა და საფრანგეთის წერილის თაობაზე და ამით, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკითხის გადაწყვეტა შეჰყავს ჩიხში“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე შეფასებით, სამართლებრივი გამოსავალი არის ერთადერთი - ან საქართველომ უნდა თქვას, რომ ის უარს ეუბნება ივანიშვილს საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე იმიტომ, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქეა, რასაც ხმალაძის აზრით, ვერ იტყვის, რადგან არსებობს საფრანგეთის წერილი, ამიტომ, სხვა, კანონში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძველი უნდა მიუთითოს. ხმალაძე ამბობს, რომ ასეთი საფუძვლები უბრალოდ, არ არსებობს.
„არც ერთი პირობა, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე სახელმწიფოს უარის თქმის მიზეზს მისცემს, უბრალოდ არ არსებობს. ან მეორე - საქართველომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილი მიღებულია საქართველოს მოქალაქედ და ეს ამოქმედდება იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილს შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა. ან მეორე სახის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ივანიშვილს მიიღებს მოქალაქედ, როგორც კი შეუწყდება საფრანგერთის მოქალაქეობა. ეს იქნება გარანტია საფრანგეთისთვის, რომ ის არ დარჩება მოქალაქეობის არმქონე პირად. ის შეუწყვეტს და საქართველო უკვე მიანიჭებს მოქალაქეობას. ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - ამბობს ხმალაძე.
შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ეს იყო იუსტიციის სამინისტროს განცხადება, გადაწყვეტილება კი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნის დაკმაყოფილებაზე, ან უარზე უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა.
ვახტანგ ხმალაძე ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ სააკაშვილი სწორედ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ივანიშვილისთვის მოაქალაქრობის მინიჭებაზე უარს იტყვის.
ვახტანგ ხმალაძის ვარაუდით, ყველაფერი შესაძლებელია. „შეიძლება სააკაშვილმა ცუდი და კარგი პოლიციელის როლი შეასრულოს, მიანიჭოს ივანიშვილს მოქალაქეობა და თქვას, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის მიუხედავად, იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას და ივანიშვილს მოქალაქეობას ანიჭებს. გამოვა, რომ იუსტიციის სამინისტრო ცუდია და პრეზიდენტი კარგი, მაგრამ ალბათობა ჩემი აზრით, უფრო ის არის, რომ პრეზიდენტი უარს იტყვის და მერე უკვე ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“, -ამბობს ხმალაძე.
ვადა განცხადების შეტანიდან სამ თვეში, 5 აპრილს იწურება თუმცა სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა განაცხადა, რომ იყო რაღაც ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც დასჭირდა 3-4 დღე და ესეც დაემატება იმ სამთვიან ვადას. ამიტომაც ხმალაძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, ეს ვადა იყოს არა 5, არამედ 8, ან 9 აპრილი და ეს არის უკიდურესი ვადა.
ვახტანგ ძაბირაძე ამბობს რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„მას შემდეგ რაც სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში ვნახე „ქართული ოცნების“ კლიპი, სადაც აქტუალური თემა იყო, რამდენი დღე დარჩა ივანიშვილიშთვის მოქალაქეობის მინიჭებამდე, დამრჩა შთაბეჭდილება, ხელისუფლებას მისთვის მოქალაქეობის მინიჭება რომ სდომოდა კიდეც, უკვე თავს შეიკავევბდა. მითუმეტეს, მას ეს არ უნდოდა, მაგრამ პირდაპირ ამას ვერ იტყოდა, ამიტომაც გამოიყენა ვითომდა არგუმენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დროის შემდეგ ის იძულებული გახდება, მისცეს მოქალაქეობა. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემდა, იმიტომ, რომ ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნაბიჯი“, - ამბობს ძაბირაძე.
თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ამ კლიპების მეშვეობით დამატებით ხაზი რომ არ გაესვა საკითხის პოლიტიზირებულობისთვის, მაშინაც კი გართულდებოდა მისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ამ კლიპების შემდეგ კი ხელისუფლებას უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდა, უარი ეთქვა.
„აქ საკითხი განიხილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარე როგორც ხელისუფლების, ასევე ივანიშვილის მხრიდანაც. ამ კლიპებით, იგივე, ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით, როდესაც ამბობდა, რომ აბა, გაბედოს და არ მომცეს მოქალაქეობა, ეს თემა საჯილდაო ქვა გახდა. კოალიციამ ეს თემა სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდა და ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემდა, რადგან ხელისუფლება და სხვათა შორის, საზოგადოებაც ასე ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილს მისცემს მოქალაქეობას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია“, -ამბობს ძაბირაძე.
მისივე შეფასებით, ასეთ პრეცედენტს ხელისუფლება არ დაუშვებს და დანარჩენი, ანუ იურიდიული მხარე ხელისუფლებისთვის მეორეხარისხოვანია. როგორც ძაბირაძე ფიქრობს, ხელისუფლება ეცდება, რომ გააჯანჯლოს და არ ათქმევინოს მოწინააღმდეგეს, რომ გაიმარჯვა.
„ჩვენს რეალობაში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არ არის საკითხი, რომ თუ ხელისუფლებას სურდა, კანონმდებლობა მისთვის პრობლემა გამხდარიყო. კიდევ ვიმეორებ, ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პრობლემა. თუ დაირღვა კანონი, მერე რა? თუ არ დაირღვა, მერე რა? - არც არაფერი“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი აზრით დავა, ალბათ, გაგრძელდება, არგუმენტები ექნება ორივე მხარეს, საქმე სასამართლოში წავა და ვნახოთ რა იქნება.
შანსი კიდევ არის, სააკაშვილი თუ ივანიშვილს მოქალაქეობას მიანიჭებს, ის მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში დემოკრატი ლიდერის იმიჯს კიდევ უფრო გაიმყარებს და არაერთხელ გვიხილავს, როგორ ამაყობს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით საკუთარი რეფორმატორობითა და დემოკრატობით, თუმცა ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილს მსოფლიოს აზრი რამედ უღირს.
ვახტანგ ძაბირაძე: „მსოფლიო ამ შემთხვევაში გვერდზე გავწიოთ. ხელისუფლებას იმ ხალხზე მეტად, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, აღელვებს საკუთარი ჩინოვნიკები. თუ სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები იგრძნობენ, რომ თუ ხელისუფლებამ შეიძლება რაღაც-რაღაცეები დათმოს, დაიწყება ჯაჭვური რეაქცია, ურღვევი პროცესი. მერე ამას ხელისუფლება ვერაფრით ვერ გააჩერებს. ამ ტიპის სახელმწიფოებში ასე ხდება-ხოლმე, ამიტომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ არ უნდოდეს, იძულებულია დაარწმუნოს თავისი ქვეშევრდომი, რომ ის იბრძოლებს და უკან დამხევი არ არის, ხელისუფლება ამას აკეთებს იმის შიშით, რომ ეს ქვეშევრდომები არ გაექცეს. საქართველოში დღეს უკვე ის სიტუაციაა, როდესაც დაბალი თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შორის უკვე არის სხვაობა. თუ 5-6 წლის წინ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები ვერ ხვდებოდნენ, სინამდვილეში რა ხდებოდა, დღეს ეს რგოლები ხედავენ, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ქვეყნის პირველი პირები ლაპარაკობენ.
იქ ბზარი გაჩენილია და ხელისუფლება იძულებულია რაღაცით დაიჭიროს, დაამაგროს თავისი ჩინოვნიკები. ეს რითი უნდა გააკეთოს? - ერთი არის, ხელფასი, ფული, რაღაცით დაშინება და ა.შ. და მეორეა რწმენა ამ ხალხისთვის, რომ ესენი არ დათმობენ და უკან არ დაიხევენ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დღევანელი ხელისუფლებისთვის. ამას გრძნობს „ქართული ოცნებაც“ და ამიტომაც აქციეს მოქალაქეობის საკითხი პოლიტიკურ თემად, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ადრესატები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად განსხვავებულები არიან. დასავლეთი და დემოკრატიული წრეები რას იტყვიან - ამაზე თამაშობს „ქართული ოცნება“, რომელიც იტყვის, რომ „აი, ნახეთ მოქალაქეობა არ მისცა“. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის შიგნით საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს და ქვეყნის შიგნით ხმებზე ნადირობა არ სჭირდება.
ხელისუფლების ობიექტი ამ შემთხვევაში ძირითადად მისი მხარდამჭერებია, ის კლანი თუ ბიუროკრატია, რაც გნებავთ ის დაარქვით და მთელი სახელისუფლო სტრუქტურა. ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ“ ამიტომაც აირჩია ეს გზა. რეალურად მოუგო ხელისუფლებას, არ მისცა საშუალება, დასავლეთის წინაშე ლამაზ პოზაში გამოჩენილიყო, ისე, რომ ქვეყნის შიგნით თავის მხარდამჭერებში წონა შეენარჩუნებინა“.