ეუთოს მისიის ჩამოსვლა - არ ჩამოსვლის საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეუთოს მისიის ჩამოსვლა - არ ჩამოსვლის საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ ქვეყნებს სთხოვა, საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოგზავნონ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად, ნატო-ს შტაბბინაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც იცით, წინ არჩევნები გველოდება და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთო-ს, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს – მათ შორის ალიანსის წევრებს მოვუწოდეთ, გამოგზავნონ არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები. მათ უნდა გამოიკვლიონ მთელ ამ პერიოდში ხალხის აზრი, დააკვირდნენ ქართულ მედია-გაშუქებას, პარტიების დაფინანსების მექანიზმს საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთელი პროცესი გამჭვირვალე, გათვლადი, ასევე გარე ძალებისგან თუ ნებისმიერ მხრიდან ზეწოლისგან თავისუფალია“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მის ამ განცხადებას საქართველოში კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „როგორც ცნობილია, კამპანიის - „ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციებმა:

„ა.წ. 9 მარტს საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში მოეწვია ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ე.წ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში“, - ნათქვამია „ეს შენ გეხება“-ს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ეს შენ გეხება“ მიესალმება პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ინიციატივას და იმედს გამოთქვამს, რომ ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ოფიციალურ მიმართვას გაუგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა დროულად დაიწყონ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება საქართველოში.

საინტერესოა თავად ის ფაქტი, რას მოგვცემს ეუთოს გრძელვადიანი მისიის არსებობა საქართველოში იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აღარ ერიდებიან ღიად კრიტიკულ განცხადებებს, თუნდაც, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დიპლომატი აფიქსირებს კრიტიკულ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ. რას მოგვცემს ეუთოს მისიის არსებობა, ჩამოიყვანს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ მისიას ჩვენს ქვეყანაში და გაითვალისწინებს თუ არა მის შეფასებებს, ამასთან დაკავშირებით presage.tv-ს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება.

ვახტანგ ხმალაძე: „თუ პრეზიდენტს ეს მართლაც სურს, კეთილი ინებოს და ოფიციალური მიმართვა გაუგზავნოს ეუთოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ნათქვამი არ დარჩეს სიტყვებად. თუ ასეთი მიმართვა იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს მისია ჩამოვა და იქნება გრძელვადიანი დაკვირვება.

რისი გარანტია შეიძლება იყოს საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლა?

- გარანტიაზე საუბარი, ალბათ, ცოტაოდენ აღმატებულია. სადამკვირვებლო მისია ობიექტურად შეაფასებს არსებულ სიტუაციას, მათ შორის, ყველაფერ იმას, რაც ხდება ე.წ. საარჩევნო ველის სისუფთავის თვალსაზრისით. ეს არის მედია, ხელისუფლების მონაწილეობა მედიაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვის თუ მოქმედების თავისუფლების თაობაზე და ა.შ. ეს არის შანსი იმისა, რომ გაკეთდეს სიტუაციის ობიექტური შეფასება, თუმცა იმის გარანტია, რომ ეს მართლაც ასე მოხდება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ჩვენ გვინახავს არაერთი შეფასება, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ხელისუფლება რაღაც ისეთ ქმედებებს სჩადის, რასაც შემდეგ დემოკრატიულობის მანტიაში ახვევს. როგორ ფიქრობთ, ეუთოს გრძელვადიანი მისიის ჩამოყვანა საქართველოში ხომ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან მორიგი ასეთი ნაბიჯი და სინამდვილეში მან ამ ქმედებით არჩევნების შედეგების „გაპრავება“ ხომ არ სურთ?

- პრეზიდენტის ასეთი სიტყვიერი განცხადებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოფიციალურ მოთხოვნას. გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლისთვის აუცილებელია გაკეთდეს ოფიციალური მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან. ასე რომ, კეთილი ინებოს სააკაშვილმა და თავისი ეს განცხადება დაადასტუროს დოკუმენტურად. ეს ერთი და მეორეც, ეს მოთხოვნა და თუნდაც გრძელვადიანი მისიის ყოფნა ქვეყანაში არ არის იმის გარანტია, რომ ისინი ყველაფერს ობიექტურად შეაფასებენ, მაგრამ ეს სერიოზული შანსია. თუ გავითვალისწინებთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი საფუძველი ვთქვათ, რომ ეს მისია გააკეთებს ობიექტურ შეფასებას. დანარჩენზე უკვე ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რას გააკეთებს და როგორ შეაფასებს არსებულ ვითარებას ის სადამკვირვებლო მისია, რომელიც იმედი მაქვს რომ ჩამოვა.

დღეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამკვირვებლები ჩამოვლენ. შესაძლებელია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსის მოთხოვნის საფუძველზე ქვეყანაში მართლაც გამოიგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია?

- კი ეს სრულიად შესაძლებელია. აქამდე რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის საკითხი ეხებოდა ეუთოს და მისი გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლისთვის საჭიროა ხელისუფლების მიმართვა. რაც შეეხება სხვა სადამკვირვებლო მისიებს, იქ ასეთი მკაცრი რეგლამენტაცია არ არის. შესაძლოა, ამგვარი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა მოხდეს როგორც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის თხოვნის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.

ეუთოს მისია საქართველოში იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ მას ჩვენს ქვეყანაში ყოფნის ვადა არ გაუგრძელდა. რატომ მოხდა ეს?

- ამ შემთხვევაში საუბარია არა არჩევნებთან დაკავშირებულ მისიაზე, არამედ ზოგადად ეუთოს ყოფნაზე საქართველოში. ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებს და ამასთან არის დაკავშირებული. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეუთოს მუდმივმოქმედი მისიის არსებობა საქართველოში მრავლმხრივი ასპექტით იქნებოდა სასარგებლო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, სააკაშვილმა თავისი ეს განცხადება საქმით გაამყაროსო და ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობამ ეს მოთხოვნა ოფიციალურად არ დააყენოს?

- მე ასე ვიტყოდი - თუ გვინდა, რომ სიტყვა და საქმე ერთი იყოს, მაშინ ეს მიმართვა უნდა გააკეთოს და არა მხოლოდ გამოიყენოს ეს განცხადება პიარ კამპანიისთვის.

ჩვენ ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ამა თუ იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუდიათ საკმაოდ მკაცრი დასკვნები საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ დოკუმენტებს სრულ იგნორირებას უკეთებს. შესაძლებელია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის არსებობის შემთვევაშიც ასე მოხდეს?

- რასაკვირველია შესაძლებელია. არის ასეთი რუსული ანდაზა - „а Васька слушает да есть“, ამდენად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას რაიმე დადებითი არ მიუღია ასეთი მისიების შეფასების უგულებელყოფის ხარჯზე, ანუ ასეთ შემთხვევაში, ყველას წაუგია. ხელისუფლების გრძელვადიან ინტერესებში ნამდვილად არ შედის, რომ ასეთი დასკვნები არ გაითვალისწინოს და მოკლევადიან მიზნებთან დაკავშირებით ხომ იცით როგორ არის - „თუ გამივიდა, გავიტანო“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოიგებს ასეთი დამოკიდებულებით.