ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ამ შინაარსის ინფორმაცია ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება უქმნის.
წერილში ვახო კომახიძე ზურაბ ჟვანიას, რაულ უსუფოვის და ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის „გამოუძიებელ საქმეებსაც“ იხსენიებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკუთარ ვარაუდს გადაჭარბებულად არ თვლის და წყაროს სანდოობაც არ აეჭვებს. მისი თქმით, იგი ამ ინფორმაციის უბრალოდ გამტარია და მისთვის საინტერესო იყო ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ინფორმაცია გარკვეული პირისგან მიიღო.
„ეს, შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასეთი განცხადება წარმოშობს. მაგრამ, ვალდებული ვარ, ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტია, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში, დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან და არ შეილახება წყაროს უფლებები და უსაფრთხოება“, - აცხადებს ვახო კომახიძე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ვახტანგ კომახიძე სტუდია „რეპორტიორში“ მოღვაწეობის განმავლობაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის არაერთი სიუჟეტის ავტორია (რომელსაც ეკუთვნის გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ჟვანიას იდუმალებით მოცული სიკვდილის შესახებ), მის ინფორმაციას, ალბათ, გარკვეული საფუძველი აქვს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ასეთი იყო - ივანიშვილი გამოვიდეს თავისი „შუშის სასახლიდან“ და იქიდან დირექტივებს ნუ იძლევა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მას „შუშის სასახლიდან“ გასვლა არ აშინებს, რომ იგი პერიოდულად საპატრიარქოსაც სტუმრობს, საქართველოსთვის დამსახურებული ცნობილი ადამიანების დაკრძალვასაც ესწრება და მეუღლითურთ მათ პატივს მიაგებს, არც პრესკონფერენციებსა და პრეზენტაციებზე მისვლას უარობს, ცხადია, ხელისუფლების ამ არგუმენტმაც აზრი დაკარგა. ის კი არა, „რეალ-ტივის“ ჟურნალისტის შეთავაზებას მათ ტელეკომპანიაში სტუმრობის შესახებ ხუმრობით უპასუხა: პინგვინებით მოვიდე თუ პინგვინებს გარეშე?!
თანაც, ბიძინა ივანიშვილი არა მარტო დედაქალაქს, პერიოდულად რეგიონებსაც სტუმრობს და თანდათან, მისი ტონი ხელისუფლების მიმართ ბევრად შემტევი ხდება.
სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლიდან“ გამოყვანის არგუმენტი მარტო ხელისუფლების სალაპარაკო თემა არ ყოფილა, მსგავს შეხედულებას იზიარებდნენ ლეიბორისტები და ბიძინა ივანიშვილის მისამართით „კომპლიმენტებს“ არ იშურებდნენ: „გამოვიდეს ივანიშვილი „შუშის სასახლიდან“ და შალვა ნათელაშვილს პირდაპირ ტელედებატებში დაუჯდეს“.
ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლებისა და ზოგიერთ ოპოზიციონერთა მხრიდან, ამ დროს კი საქართველოს პატრიარქი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას პირდაპირ აცხადებდა - „ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის“. ცხადია, რომ უწმინდესის ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებასაც ეხებოდა, რადგან პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ მისი სიცოცხლის დაცვა გაცილებით გართულდებოდა. სხვათა შორის, პოლიტიკაში მისი გამოჩენისთანავე სამების საკათედრო ტაძარში „ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მოსახლეობის“ სახელზე პარაკლისი აღევლინა. მართალია, მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურებაში საჯანმრთელო პარაკლისი მიღებული ფორმაა, თუმცა, როგორც წესი, ის ღვთისგან კონკრეტული ადამიანისთვის ჯანმრთელობის გამოსათხოვად, ან პირთა ჯგუფისთვის, კრებითი მასისთვის ჯანმრთელობის სავედრებლად ტარდება. პირველად ხდება, როცა ერისგან გამოიყო იმავე ეროვნების პირი, რომელ ერსაც მასთან ერთად აღუვლინეს ლოცვა. როგორც წესი, ქართული ეკლესია ასეთ გამონაკლისს მხოლოდ მაშინ უშვებდა, როცა საქმე მეფეებს ეხებოდა. ისტორიაში ცნობილია „მეფისა და ქართველი ერისთვის“ გადახდილი პარაკლისები და აღვლენილი ლოცვები. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს ქართულმა ეკლესიამ მეფეების შესაფერისი პატივი ალბათ, განსაკუთრებულ მიზეზთა გამო მიაგო.
„ქართულ ოცნებაში“ ვახტანგ კომახიძის ინფორმაცია სერიოზულად აღიქვეს და დევნილობაში მყოფ ჟურნალისტთან საკუთარი წარმომადგენელიც გაგზავნეს. კოალიციის პრეს-სპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, კომახიძის მიერ გავრცელებული განცხადება სერიოზულ სიგნალებს შეიცავს, რაც მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს.
Presage.tv-სთან საუბარში „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამ სახის ყველა ინფორმაცია სერიოზულად მისაღებია. თუმცა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამის შეფასება მისთვის რთულია.
„ჩვენ ვაპირებთ, გავგზავნოთ ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი ვახტანგ კომახიძესთან შესახვედრად, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
თუკი ვახტანგ კომახიძის ინფორმაცია დამაჯერებელი აღმოჩნდება და ბიძინა ივანიშვილს საფრთხე მართლაც ელის, ეს ხომ არ დაადასტურებს, რომ ბადრი პატარკაციშვილიც რეალურად მოკლულია?! - ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაია ფანჯიკიძეს უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მან არ იცის, რა მოხდა წარსულში, არამედ იმედი აქვს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდება.
„თქვენ იცით, რომ რამდენიმე შემთხვევაში, ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა. მომავალშიც გამორიცხული არაფერი არ არის. თავად ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დაგებადათ, მოწმობს იმას, რომ ამ ხელისუფლებისგან, შეიძლება, ადამიანი ყველაფერს ელოდოს“.
ამასთან, მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არაფერს არ შეუშინდება და კვლავაც განაგრძობს იმ გეგმით მოქმედებას, რომელიც მანამდე ჰქონდა შემუშავებული. მათ შორის, რეგიონებში ჩასვლაზე უარს არ იტყვის.
ვახტანგ კომახიძის ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა შეფასებები. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ივანიშვილის სიცოცხლის ხელყოფა ყველაზე საშინელ სიზმარშიც არ უნდა აწყობდეს.
„რა თქმა უნდა, როგორც პატარკაციშვილისა და ჟვანიას შემთხვევაში მოხდა, ისე აწყობს, მაგრამ თავისი ხელების სისხლში გასვრა არ აწყობს“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი და ჟურნალისტისგან მეტ მტკიცებულებებს მოელის.
ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით შვეიცარიაში მყოფ ჟურნალისტს, რომელმაც შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა იგი მიუწვდომელი აღმოჩნდა.
Presage.tv ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. მამუკა არეშიძის თქმით, ვახტანგ კომახიძე მას სამი წელიწადია არ უნახავს. ამდენად, ვერ დააზუსტებს, რამდენად რეალურ ინფორმაციას ფლობს იგი. თუმცა, ექსპერტი იხსენებს, რომ ცნობილი ადამიანების მოშორების გამოცდილება საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებას არ აწყობს და ხელს უშლის პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში.
„დიდია ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ამას ირიბად ადასტურებს უცხოელი გამომძიებლების მიერ გაცემული დასკვნა და, ასევე, ამას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრები. ასევე, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უფრო დაბალი რანგის პოლიტიკოსებისა თუ ჩინოვნიკების სხვა არაერთი ფაქტი არსებობს, რომლებმაც სიცოცხლე საეჭვო ვითარებაში დაასრულეს“.
ამ მაგალითების გათვალისწინებით, მამუკა არეშიძე არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებას ივანიშვილის წინააღმდეგ ღია ტიპის ქმედება არ აწყობდეს, მაგრამ, ექსპერტი საუბრობს იმ უამრავი მეთოდის შესახებ, რომელიც თავის კვალს არ ტოვებს და პირდაპირ მინიშნებას ვერ გააკეთებ გამოძიების შემთხვევაში. ამის დასტურად ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი მოჰყავს.
„შესაძლოა, მიზნის მისაღწევად ისეთი პროცესი შექმნან, პირდაპირ ვერავინ იეჭვოს, რომ ეს ხელისუფლების ნამოქმედარია თუ არა და ამის პირდაპირი კვალი არ ჩანდეს. ამდენად, სისხლში გასვრილ ხელებზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. ის, რომ საქართველოში პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოშორების ასეთი ტრადიცია არსებობს, ახალი არ არის. დაწყებული გია ჭანტურიას მკვლელობიდან (როდესაც პირდაპირ და სააშკარაოდ მოხდა ყველაფერი), დამთავრებული ზოგიერთი სხვა ლიდერის სიკვდილით, - ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ამიტომ ასეთი ტიპის წასვლა ცხოვრებიდან ყოველთვის საზოგადოების ეჭვს იწვევს. ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, დადასტურებულიცაა, რომ ესა თუ ის პიროვნება ხელოვნურადაა ჩამოშორებული პოლიტიკურ სარბიელს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
უნდა შეწყვიტოს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებში გასვლა? ამასთან დაკავშირებით, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რთული სათქმელია, მაინცდამაინც რეგიონებში გასვლა აღმოჩნდეს მისთვის საშიში.
„თუ ქიმიურ იარაღზეა საუბარი, რომელიც გამოყენებული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, აქ რეგიონებიც და თბილისიც ერთნაირად სახიფათოა. უამრავი დახვეწილი მეთოდოლოგია არსებობს, როდესაც ადამიანის ორგანიზმში მოწამვლის შემთხვევაშიც კი, ვერანაირ კვალს ვერ მიაგნებ. ამიტომ, ვერ ვხედავ, რა განსხვავებაა რეგიონსა და თბილისს შორის. ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღებაა გამოსაჩენი. ბიძინა ივანიშვილს გვერდით ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც ამ მეთოდოლოგიაში ერკვევიან. ისეთი ადამიანებიც უნდა იყვნენ მის გარემოცვაში, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან რადიაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების საქმეში. გამახსენდა ლიტვინენკოს სიკვდილის ამბავი. ის მეთოდი, რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს, დახვეწილი იყო, ოღონდ, შესრულების დონე გახლდათ იმდენად უხეში, რომ შედეგები თვალსაჩინო გახდა და ამის გამო უამრავი ეჭვი გაჩნდა, რაც მოგვიანებით გამოძიებამ დაადასტურა.
მეთოდი, რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს, აპრობირებულია სხვა პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ, როცა ვერ მიაგნეს ვერანაირ კვალს და გენერალური ეჭვი, რომ ესა თუ ის ადამიანი ლიკვიდირებულია, ვერ შეიტანეს. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში, ხშირად გამოიყენება რადიაქტიული ნივთიერება,“ - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ვახტანგ კომახიძის ინფორმაციასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი სრულ ინფორმაციას ფლობს და ამ მიზნით მასთან გაგზავნა კიდეც თავისი წარმომადგენელი.
„ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხს უსაფრთხოების სპეციალისტები სჭირდება, რამდენად სერიოზულია საფრთხე, როგორ უნდა იქნას ეს საფრთხე აცილებული. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი უკან არ დაიხევს იმ ბრძოლაში, რომელშიც იგი შესულია. რაც შეეხება ხელისუფლების განზრახვებს, არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, და ეს მე თვითონაც კარგად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა და, თუ საჭირო იქნება, კიდევ უფრო გაძლიერდება. არა მგონია, რომ ეს პროცესებზე პოლიტიკურ ზემოქმედებას მოახდენს“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა Presage.tv-სთან კომენტირებისას.