„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 35%; კოალიცია „ქართული ოცნება“ - 31%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 35%; კოალიცია „ქართული ოცნება“ - 31%

დღეს საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია „სოცილოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ. საგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის შედეგები ასეთია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 35%; კოალიცია „ქართული ოცნება“ - 31%; ყველა სხვა პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ბარიერს მიღმა აღმოჩნდა.

„პირველი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის პარალელურად, საზოგადოებრივი განწყობები „სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში შეისწავლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით presage.tv „სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, იაგო კაჭკაჭიშვილს დაუკავშირდა. მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით, საქმე ეხება შიდა კვლევას და თუ ამას დამკვეთი მოისურვებს, მხოლოდ მას აქვს ამ ინფორმაციის გავრცელების უფლება.

„კვლევითი ორგანიზაციისთვის ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ჩვენ ვატარებთ კვლევებს და ამჟამად საქმე ეხება შიდა კვლევას. ამდენად, მე არ მაქვს უფლება ამ კვლევის შედეგები საჯარო გავხადო, ამის უფლება მხოლოდ დამკვეთს აქვს“,- განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა presage.tv-სთან საუბარში.

მან არც დაადასტურა და არც უარყო სააგენტო „პირველი“-ს მიერ გავრცელებული მონაცემების სისწორე.

Presage.tv-ს კითხვაზე ემთხვევა თუ არა „სოციოლოგიური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები NDI-ს კვლევის შედეგებს, იაგო კაჭკაჭიშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.

შეგახსენებთ, რომ NDI -ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?“, გამოკითხულთა იმ ნაწილს შორის, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 47%; მეორე არჩევანი - 2%; „კოალიცია ქართული ოცნება“ - 10%; მეორე არჩევანი - 3%; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 3%; მეორე არჩევანი - 8%;