ნაციონალები, ივანიშვილი, არჩევნები და ქართული კანონმდებლობა

ნაციონალები, ივანიშვილი, არჩევნები და ქართული კანონმდებლობა

საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ სააკაშვილი თავისი გუნდისგან ითხოვს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოხვდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ 150 კაციან პარლამენტში 115 ადგილი მაინც უნდა აიღონ, რადგან მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა 2/3-ის ნაცვლად უკვე 3/4 იქნება.

რას ფიქრობენ ამაზე უმრავლესობის წევრები და აპირებენ თუ არა სააკაშვილის ამ სურვილის შესრულებას და რა მოლოდინი აქვთ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

NDI კვლევები თუ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოხვალთ?

ნუგზარ წიკლაური: ეს კვლევები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ დავინახოთ, რა არის მთავარი გამოწვევები და მთავარი პრობლემები ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა იყოს პრიორიტეტი. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ პრიორიტეტები დაემთხვა იმ პრიორიტეტებს, რასაც მოსახლეობა აყენებს.

რაც შეეხება ამ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კვლევებს ვენდობით და სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია და ეს კვლევები ჩვენ გვავალებს, რომ ვიყოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით აღჭურვილები სამომავლოდ ჩვენი ქმედებებისას და გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რომელიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს.

გარკვეული მოლოდინები ხომ გაქვთ, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ნაციონალებს რა შედეგი გექნებოდათ?

- ჩემი მხრიდან კონკრეტულ შედეგზე ლაპარაკი ძალიან არასერიოზული იქნებოდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს გამოკვეთილი ეკონომიკის განვითარების ათპუნქტიანი გეგმა, საგარეო და საშინაო პრიორიტეტები არის მკაფიოდ განსაზღვრული. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს მოქალაქეებთან და ძალიან კარგად ვიცნობთ იმ პრობლემებს, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კარგად გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს, რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში.

საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს შენებასა და რუსეთის მიერ მართულ პოლიტიკურ ძალას შორის და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის აირჩევს შენებას და განვითარებას.

არის იმის საშიშროება, რომ უმრავლესობით ვერ მოხვიდეთ?

- ახლა ამაზე რა გითხრათ?

კულუარებში იმაზე საუბრობენ, რომ სააკაშვილმა მოითხოვა, ნაციონალები ორი მესამედით კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოვიდნენ. ეს მართალია?

- შემდეგი პარლამენტისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4 იქნება და ახლა ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. მე არა ვარ პროგნოზისტი. პროგნოზებს აკეთებენ „ქართულ ოცნებაში“, მაგალითად იმას, რომ ხელისუფლების სათავეში ორი მესამედით მოვიდოდნენ, დააკომპლექტებდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და შემდეგ თვითონვე გააკონტროლებდნენ ამ მთავრობას.

თუ რამდენად არასერიოზული აღმოჩნდა ამ პოლიტიკური ძალის განცხადებები, ჩვენ ამას უკვე ყველანი ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი არის ორიენტირებული არა კონკრეტულ კვლევებზე, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან სანდო კვლევებზე, არამედ ორიენტირებულია იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას.

ივანიშვილისთვის მოქალაქეობის საკითხი 5 აპრილს გადაწყდება თუ ხელისუფლებას დამატებითი ვადის აღება დასჭირდება, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა პარლამენტში ყოფნისას?

- გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანონმდებლობის სრული დაცვით და იმ ვადების გათვალისწინებით, რაც ევალება ამ ორგანოს გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაღაც ირაციონალურ მუქარას ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ეს არ არის ახალი და, თუ რამდენად მყარია ასეთი მუქარის საფუძველი, ძალიან კარგად დაადასტურა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებმა და იმ შედეგებმა, რომელიც მათ აქვთ.

ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ორიენტირებული იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. მათი პოლიტიკური ძალა კი ცდილობს, რომ პოლიტიკური სპეკულაციებით და ასეთი მუქარებით შეიქმნას რაღაცა რეიტინგი და რამდენად წარმატებულია ასეთი მცდელობები, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგად გამოჩნდა ამ კვლევებით.

რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ვადამ 5 აპრილის შემდეგ კიდევ გადაიწიოს?

- არ ვიცი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და იმ ვადებში, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი.

თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული?

- პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, რადგან მე არა ვარ პოლიტიკური მიმომხილველი. გადაწყვეტილება იქნება კანონის დაცვით მიღებული და ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არამედ ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილთან ერთად თუ ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკური მიმართებები მკვეთრად არის განსაზღვრული და ესენი არიან რუსული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები საქართველოში და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ძალას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს.

საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას არ ურჩევს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტოს?

- უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ხელისუფლებაზე არავითარი ზეწოლა არ არსებობს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, კანონით ეკუთვნის ივანიშვილს მოქალაქეობა?

- გამოქვეყნდება გადაწყვეტილება და ის იქნება კანონთან შესაბამისობაში.