„სამოქალაქო სოლიდარობის აქცია“ გუდიაშვილის მოედანზე დასრულდა

„სამოქალაქო სოლიდარობის აქცია“ გუდიაშვილის მოედანზე დასრულდა

„სამოქალაქო სოლიდარობის აქცია“ 17:00 საათზე გუდიაშვილის მოედანზე დასრულდა. მანამდე თბილისის ექვს მოედანზე ერთდროულად სამოქალაქო სოლიდარობის ექვსი ჯაჭვი შეიკრა და აქციის მონაწილეებმა საქართველოში შელახული ადამიანის უფლებების, განათლების, უსაფრთხო გარემოს, თავისუფალი მედიის, სამართლიანი არჩევნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორთა გარდა, გუდიაშვილის მოედანზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, ხელოვანი ადამიანები, სტუდენტები, „ლაბორატორია 1918“-ის წევრები, ჩვეულებრივი მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, გართობის მოყვარული ახალგაზრდები, რომლებიც ამ მოედანზე აჟღერებულ მელოდიებს რიტმულად ყვებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ მოსახლეობას უამრავი სატკივარი დაუგროვდა და მათი პრობლემები ზემოთნახსენებ ექვს თემატურ პრობლემას სცილდებოდა. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტები გოდერძი ჩოხელის „დარდების შემგროვებლის“ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დღევანდელ შეკრებას თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი მოქალაქეების აქციად მიიჩნევს.

„ვითხოვთ სივრცეს, რათა საზოგადოება მონაწილეობდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, რათა ის ერთპარტიული დიქტატი არ იყოს, რაც დღეს არის. რაც მთავარია, ბოლო წლებში სააკაშვილის ხელისუფლებამ მოქალაქეებს საკუთარი თავის რწმენა დააკარგინა. რწმენის დაბრუნება სწორედ ასეთი სამოქალაქო აქტიურობით შეიძლება. ამიტომაც მე, როგორც ერთ-ერთი თავისუფალი მოქალაქე, შევუერთდი ამ აქციას“, - გვითხრა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება ზემოთჩამოთვლილ პრობლემებს, ირაკლი ალასანია პრიორიტეტს ვერც ერთ მათგანს ვერ ანიჭებს, რადგან მისთვის მთავარი თავისუფალი მოქალაქეების ქვეყნის შექმნაა.

„ბუნებრივია, უნდა არსებობდეს თავისუფალი გარემო არჩევნებისთვის, მსჯელობისთვის, გადაწყვეტილების სწორად მიღებისთვის. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო მოხელეების სივრცე უნდა შევქმნათ, რაც საპირისპირო მიმართულებით წაიყვანა ხელისუფალმა,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარემ, მაგდა პოპიაშვილმა, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად მოსულიყო, აღნიშნა, რომ მანამდე კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციები მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ და ტრადიციულად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს.

„ის ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ჩვენთან გრძელვადიანი კონსულტაციების შემდეგ იღებს, თავისთავად პოზიტიურია, რადაგან კანონი „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ პოზიტიურისკენ იცვლება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს პრობლემები არ რჩება. შესაცვლელია საარჩევნო კოდექსი, განსახორციელებელია მონიტორინგი კონტროლის პალატის საქმიანობაზე, ადმინისტრაციულ რესურსთა გამოყენებაზე, მედიაგარემოსთან მიმართებით. მისასალმებელია, რომ ჩვენს შეკრებას დადებითად შეხვდა მრგვალ ბაღში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა და მათაც სურვილი გაუჩნდათ, ჩვენს მიერ შეკრულ ჯაჭვს შეერთებოდნენ“.

კოალიცია „არჩევნების თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარის, ირაკლი მელაშვილის თქმით, გუდიაშვილის სკვერში შეკრების მონაწილეებს სურდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ ის პრობლემატიკა, რომელიც სამოქალაქო სექტორს აქვს წამოწეული.

„ერთმანეთის მხარდაჭერით ვცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა მთავარია, საზოგადოების გააქტიურება. მხოლოდ მათი ერთიანობაა იმის საფუძველი, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ეს მხოლოდ პარტიების, ორგანიზაციების გასაკეთებელი არაა“.

ირაკლი მელაშვილის თქმით, სხვადასხვა ტიპის აქციები კვლავაც გაგრძელდება, რისთვისაც სამოქალაქო საზოგადოება „ფეისბუქსა“ და სხვა საშუალებებს გამოიყენებს.

„აქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა აპოლიტიკურია. ადამიანები იკრიბებიან, რადგან არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება მიხვიდე, შენი პოზიცია დააფიქსირო და გარკვეულ აქტივობაში ჩაერთო“.

„თბილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, დღეს ქართული სტერეოპტიპის დამსხვრევის დღე იყო.

„სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი“ - ეს სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიოთ. უკვე ხელი მოაწერეს და გუდიაშვილის მოედანი გადავიდა „ირაო მაგნატ გუდიაშვილის“
საკუთრებაში. აქამდე მერია ირწმუნებოდა, რომ მოედანს არ გაასხვისებდა, მაგრამ ერთი კვირაც არ არის გასული, რაც გაასხვისეს, ინვესტორს გადასცეს. ახლა ჩვენ თითოეულ შენობასთან დაკავშირებით პროექტების მოწოდებას ვითხოვთ. ეგებ, ძალიან კარგად აკეთებენ გუდიაშვილის მოედანს, მოგვაწოდონ პროექტები. ახლა დაიწყება ეტაპი, როცა თითოეულ შენობასთან დაკავშირებით ბრძოლა მოგვიწევს. ამ შენობების ბედი უნდა გაიტანონ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოზე, რომელზეც მივალთ და გავაპროტესტებთ უკანონობას“.

პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტიურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, რადგან ქართველი ერის მოთხოვნა ძალიან მკაფიო და სამართლიანია - საქართველოს მოქალაქეები სამართლიან არჩევნებს, უსამართლოდ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ.

„გარემოს დაცვა, საუნივერსიტეტო პრობლემები, მედიის განთავისუფლება საჭირბოროტო საკითხებია, მაგრამ ძირითადი მაინც არჩევნების მოახლოებაა, რადგან საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაიბრუნოს ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებული ძალაუფლება და სამართალმა იზეიმოს“, - გვითხრა დავით მაღრაძემ.

მწერალ ნაირა გელაშვილის სიტყვით, ამ აქციებზე მოსულ ადამიანებს ერთი იმპულსი აერთიანებდა - თუ მაინც არაფერი გამოგვივა, ხელისუფლება იმას მაინც არ იფიქრებს, რომ ყველანი მკვდრები და სულელები ვართ.

„მართლა სასიცოცხლო სივრცე მოუსპეს დედაქალაქს და ერთი ციცქნა სკვერიც ვერ გადაგვირჩენია. 1989 წლიდან გარემოს დაცვის სასიცოცლხლო სივრცის გადარჩენაში ვიყავი ჩაბმული, მეგონა, რაღაცები გადარჩენილი იყო, რომ ძირითად ღირებულებებზე შეთანხმებულები ვიყავით. კერძოდ, რომ არ შეიძლება გიგანტური მშენებლობები, უზარმაზარი კაშხლები, ჰესები. არ შეიძლება, ყველა მდინარე დააგუბო და ფულის გულისთვის წუმპედ და გუბედ გადააქციო. ფულზე ხომ არ იყიდება სიცოცხლე და ბუნება?! როგორც სულიერი, ისე სასიცოცხლო სივრცის განადგურებას ცდილობენ. ასეთი სასიცოცხლო უჯრედებია გუდიაშვილის სკვერი, ვაკის პარკი, მოსკოვის პროსპექტზე განადგურებული ნაძვნარი, დიღმის ტყე-პარკი. ეტყობა, თვითონ ცხოვრებას მთვარეზე აპირებენ ან სხვა ქვეყანაში გადასახლდებიან. ჩვენთის კი საქართველოსა და თბილისში მალე ცხოვრება შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა ნაირა გელაშვილმა.

ჟურნალიასტი ია ანთაძე, სტუდენტებთან ერთად, განათლების ხელმიუწვდომლობასა და დაბალ ხარისხს აპროტესტებდა. მისი აზრით, სისტემა დახურულია.

„ყველაფერი, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამ სისტემაში ხდება, მიუთითებს სისტემის ავტორიტარიზაციას და დეჰუმანიზაციას. მაშინ, როცა სისტემა ჰორიზონტალურად უნდა იმართებოდეს. განათლების მინისტრის №837-ე ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ნებართვის გარეშე სკოლაში ფიზიკური და იურიდიული პირების შესვლა იკრძალება. ეს ბრძანება მავნეა და ამის გამო სკოლები საზოგადოებისგან იზოლირებულ ინსტიტუციად გადაიქცნენ“.

„საქართველოს გზის“ თავმჯდომარე კახა სეთურიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ვალია, დაიცვან თავიანთი ქალაქი და ქვეყანა, რადგან ამას მარტო პოლიტიკოსები ვერ გააკეთებენ.

„უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია, მაგრამ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოხატა საკუთარი პოზიცია და მიესალმა დღევანდელ აქციას“.

შეგახსენებთ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები იყვნენ - „მედია კლუბი“ და „ტფილისის ჰამქარი“, ხოლო თანაორგანიზატორები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კამპანია – „ეს შენ გეხება“ და სხვები.