ბიძინა ივანიშვილი: აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!

ბიძინა ივანიშვილი: აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დედოფლისწყაროში კოალიციის ოფისის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „სიცრუის ჩემპიონი“ უწოდა. ოფისის გახსნას კოალიციის წევრები ირაკლი ღარიბაშვილი, კახა შარტავა, გივი ბერიკაშვილი და ნინელი ჭანკვეტაძე დაესწრნენ.

ოფისის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლილას ივანიშვილმა სოფლის მეორნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით კოალიციის ხედვაზე ისაუბრა.

„ეს ჩვენ ქვეყანაში უძველესი დასახლებული ადგილია და ულამაზესი სახელი აქვს. ამ სახელს საკუთარი ფასი დაედება. თქვენი სახელი დედოფლისწყარო, თამარ მეფის დროიდან მომდინარეობს. აქ სოფლის მეურნეობა დასაბამიდან აღიარებული იყო და რაღაც დროს ამ მხარეს ქვეყნის ბეღელსაც უწოდებდნენ. დღეს აქ რაც ხდება, კარგად ვიცი. აქ ისე როგორც მთელ საქართველოში, სოფელი ჩამკვდარია, დაცლილია ახალგაზრდობისგან და წელში გაწყვეტილ გლეხს საკუთარი თავის რჩენაც კი უჭირს.

როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ ჩვენი პრიორიტეტია სოფელი გავმართოთ, ასევე განათლება და ჯანდაცვაც. ჩვენ კარგად გაწერილი პროგრამები გვაქვს. პირველივე პროგრამა იქნება, როგორ გახდეს საფერმე მეურნეობა პოპულარული.

გლეხს, რომელიც ფერმერად უნდა გადაიქცეს, სჭირდება ხანგრძლივვადიანი, უპროცენტო ფული, რომლის საშუალებითაც მან ძირითადი საჭირო ნივთები უნდა შეიძინოს. პირველ ეტაპზე დახმარება დასჭირდება კარგი, ჯიშიანი თესლებითაც, რაში გამოცდილებაც ჩვენ უკვე გვაქვს და რამდენიმე წელია, საუკეთესო თესლების გამოყვანას ვცდილობთ. დასჭირდება სასუქი და ა.შ. ასევე აუცილებელია ბაზარიც გამოვნახოთ, რათა ჭარბი პროდუქციის რეალიზება იოლად მოხდეს. ასევე მივხედავთ ჯანდაცვას. მე კარგად ვიცი, დღეს რამდენი ადამიანი უსახსროთ იღუპება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლებაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგი განათლება მიიღოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

დღესვე მან დედოფლისწყაროელებს ოფისის ხელმძღვანელი წარუდგინა. „ქართული ოცნების“ ოფისს აქ თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, ალექსანდრე თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.

„დედოფლისწყაროს ოფისის ხელმძღვანელი ლექსო თამაზაშვილი იქნება. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია, ის განცხადება არ გავიხსენო, რომელითაც პოლიტიკაში შემოვედი. პირველი, რაც რამდენიმე დღეში მოახერხეს მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო და მეორე, თამაზ თამაზაშვილი დაიჭირეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ჩემს მარჯვენა ხელად მოიხსენიებოდა. ბატონი თამაზის დაჭერით ირაკლის აიძულებდნენ, ჩემს გვერდით აღარ ყოფილიყო. არ დაგიმალავთ და მე და ირკლის რამდენიმე დღე საკმაოდ რთული ჰქონდა. მე მას ვუთხარი, შენი მამა რომ იყოს კიდევ კი, მაგრამ ნუნუკას მამაა, ის ქალია და იქნება ჯობდეს, წახვიდე, მე გაგებით მოვეკიდები. ირაკლი შეწუხდა, თუმცა მე ვაიძულე, რომ ერთი დღე ეფიქრა. ირაკლი ოჯახსაც შეხვდა და თამაზისგან ინფორმაციაც მიიღო. მან შემოუთვალა, რომ მე მედგრად ვარ და არც გაბედო და არც იფიქრო ამის მსგავსიო. დღეიდან ჩვენს შტაბს ასეთი კაცის შვილი მიხედავს. ჩვენს ქვეყნაში, სადაც უამრავი უკანონო პატიმარია, შეგიძლია, კაცი მოკლა, შემდეგ კი ფული გადაიხადო და გამოგიშვან.

ეს საპროცესო გარიგება, რომელიც ამერიკიდან აიღეს, აბსოლუტურად დაამახინჯეს და რაღაც უმსგავსობად გადააქციეს. მას ხალხის გაღატაკების საშუალებად იყენებენ. ვისაც ფული აქვს, შეუძლიათ, დააკავონ, ფული გადაახდევინონ და გამოუშვან. ისინი გასაგები მიზეზების გამო თამაზ თამაზაშვილთან საპროცესო გარიგებას არ დასთანხმდნენ. თამაზმა საკუთარი პოზიციით გმირობის მაგალითი გვიჩვენა.

დღესაც ცდილობენ, რომ ნებისმიერი გზით ჩამომიშორონ. ეს არის საკააშვილის სამართლიანობა. იცით, ბანკზე როგორ თავდასხმებიც განახორციელეს. ესაა სააკაშვილის დემოკრატია. ის ძალიან ბევრს ცრუობს. ის სიცრუის პროფესიონალია შეიძლება, მას სიცრუის ჩემპიონი დავარქვათ. ის დიდხანს ახერხებდა, რომ როგორც საქართველო, ისე ევროპა და ამერიკა სიცრუეში ემყოფებინა. ჩვენ მოვახერხეთ და რეალურად ვაჩვენეთ მას მისი სახე, მისეული დემოკრატია. დღეს ვეღარ ახერხებს და მალე მას საქართველოდან გასვლაც კი მოერიდება. ის კარგად გააცნოებიერებს, როგორია მისი სამართლიანობა და დემოკრატია. აბა, გაბედოს და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ბავშვთა, მოზარდთა, დედათა სიკვდილიანობითა და პენსიების რაოდენობითაა.

„მე პირობას გაძლევთ, რომ ის სიცრუის მანქანა ნელ-ნელა უკან დაიხევს და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქართული სულისკვეთება ამოვწიოთ. თუ როგორი უსაფრთხო ქვეყნაა საქართველო მსოფლიოში, ამის მაგალითები ჩემს თავზეც კარგად გამოვცადეთ. ის ცდილობს აღმშენებლობის მხრივაც პირველობა აჩვენოს და შედარებებს აკეთებს, რომ ჩვენი პირველობა აჩვენოს, აი, ყველაზე სასაცილო ტყუილი.

ჩვენთან იმის მეათედი შენდება, რაც უნდა შენდებოდეს. ჩვენ რეგიონში და სხვაგანაც გაცილებით მეტი შენდება. არ შეუძლია, რომ რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში მშენებლობის კუთხით პირველობით დაიკვეხნოს, მან ასეთი რამ მოიფიქრა. როდესაც მოვიდა, პარალელებს ავლებდა აღმაშენებელთან და რაღაც ეტაპზე მსგავსი ეიფორია გვქონდა. შემდეგ ეს დაიმსხვრა. სააკაშვილი მიხვდა, რომ იმ კაცს არ უნდა შედარებოდა და ასეთი ხრიკი მოიფიქრა. ერთ-ერთი საავადმყოფოს გახსნაზე, რომელიც მან მესამე კუთხიდან გახსნა, მოგვახსენა, რომ ყველანი აღმაშენებლები ვართო.

საუბედუროდ, დღეს ჩვენ რეგიონში პირველები მოზარდთა, დედათა, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით ვართ. ესაა სააკაშვილისეული პირველობა. ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ სიცოცხლის ხანგრძლივობით და ასევე პენსიების ოდენობით. ესაა ჩვენი რეალობა.

ჩვენ გვქონდა კარგი სპორტი, თეატრი, კინო. ვიყავით წარმატებულები იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობდით. მართლაც ვიყავით და ვართ პირველები თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამისთვის შემიძლია, უახლესი ისტორიიიდან ორი მაგალითი დავასახელო, რადგან სააკაშვილმა ძველი ისტორია არ იცის. 1989 წლის 9 აპრილი მოგეხსენებათ, ქართველებმა პირველებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ნაბიჯი გადადგეს და ამით ერთგავარად საბჭოთა გაურკევევლი მანქანის დაშლის პროცესი დავაჩქარეთ.

2003 წლის „ვარდების რევოლუციასაც“ გავიხსენებ. ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ, რადგან სამართალი და თავისუფლება გვინდოდა. შევცდით, მაგრამ ჩვენ იგივე ხალხი ვართ. ჩვენ იმ შეცდომებსაც გავითვალისწინებთ, რაც ასეთი სისწრაფის გამო მივიღეთ, ახლა უფრო გონიერებით მივუდგებით ამ საქმეს. რელური დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩავატაროთ და ეს ხელისუფლება არჩევნების გზით მოვიშოროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა