საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ქრონიკული ხასიათი მიიღო. საუბარი შეთანხმებაზე უმეტესად გაზაფხულზე იწყება და ყოველთვის კეთდება მინიშნება, რომ რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ზაფხულში გადაიდგმება. ანალოგიური ხასიათის განცხადებებს უკვე 3 წელიწადზე მეტია ვისმენთ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის სექტემბერში ბრიუსელმა გააკეთა განცხადება , რომ მზად იყო საქართველოსთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემორების თაობაზე.
რატომ დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას სამწელიწადნახევარი, რომ ბრიუსელი განცხადების გაკეთების შემდეგ დამჯდარიყო ოფიციალურად მოლაპარაკების მაგიდასთან - Presage.tv ეკონომიკის ექსპერტ, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
ორიოდე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს?
რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სამწუხაროდ, დიდი დრო დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბრიუსელის მინიმალური მოთხოვნები მაინც შეესრულებინა, რომ ეს მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
მინდა მკითხველს შევახსენო, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში ბრიუსელმა გააკეთა განცხადება , რომ მზად იყო საქართველოსთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის“ რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა სამწელიწადნახევარი, რომ ბრიუსელი განცხადების გაკეთების შემდეგ დამჯდარიყო ოფიციალურად მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა ფუჭად.
პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და რეალურ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ. როგორ ფიქრობთ რატომ?
პროცესის შეფერხება გამოიწვია იმან, რომ რასაც ბრიუსელი ითხოვდა საქართველოსგან ეს იყო ისეთივე ტიპის რეგულაციების შემოღებას, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის ბაზრისათვის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება პრინციპულად უარს ამბობდა. ამან გამოიწვია ეს დაგვიანება.
რა მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებული GSP+ რეჟიმის დაწესებამ, აისახა თუ არა ეს ქართულ ეკონომიკაზე და კერძოდ ქართულ ბიზნესზე?
საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ის შეღავათები, რაც ევროკავშირმა გამარტივებული ვაჭრობის GSP+ რეჟიმის ფარგლებში დაუწესა ჯერ-ჯერობით რეალურად გამოყენებული არ არის. სამწუხაროდ იმიტომ , რომ თვითონ ბიზნესი არ შეხვდა მომზადებული ამ პროცესს, რომ შესაბამისი ცვლილებები აესახა თავის საქმიანობაში, ანუ ვერ შეხვდა იმ ხარისხის პროდუქციით, რომლითაც მას შეეძლო ევროპულ ბაზარზე გასვლა.
ქართული პროდუქტი რეალურად შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ევროპის პროდუქციას?
კონკურენციას თავი რომ დავანებოთ, ქართული პროდუქცია უნდა პასუხობდეს ევროკავშირის სტანდარტებს. როდესაც შესაბამისი სტანდარტები ქვეყნის შიგა ბაზარზე არ არის, ბუნებრივია, რომ ქართველ ბიზნესმენს დიდი ინტერესი არ აქვს ევროსტანდარტების შესატყვისი პროდუქციის წარმოების.
როგორია საქართველოში ბიზნესის წარმართვის პირობები?
დამოკიდებულია ბიზნესის წარმართვაში რა იგულისხმება - ბიზნესის დაწყება და რეგისტრაციის გავლა ადვილია, მაგრამ შემდეგ ბიზნესის წარმართვა, როგორც ასეთი საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ თუ ბიზნესი წარმატებულია მერე ჩნდება სხვდასხვა დაინტერესებული ძალები, რომლებიც მოითხოვენ არა ფორმალურ გადასახდელებს, სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებების დასაფინანსებლად, ან მოითხოვენ წილში ჩაჯდომას. ბიზნესის წარმართვა რთულია, მაგრამ უფრო რთულია ბიზნესიდან გამოსვლა - ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ რომელიმე ფირმას აღარ უნდა რომ ბაზარზე იყოს და უნდა გასვლა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ძალიან ბევრი ფირმაა რეგისტრირებული, თუმცა ამ ფირმებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი არ მუშაობს, შეწყვეტილი აქვს საქმიანობა, მაგრამ ბაზრიდან ვერ გადის, რადგან ბაზრიდან გასვლის პროცედურები საკმაოდ გართულებულია საქართველოში.
რა ღონისძიებები უნდა გაატაროს საქართველომ, რომ რეალურ შედეგს მიაღწიოს?
პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს გააზრებული ხედვა საითკენ უნდა წაიყვანოს ქვეყანა. თუ მიჰყავს ევროკავშირისკენ, მაშინ ევროკავშირის რეგულაციებსა და სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს. თუ მიჰყავს სინგაპურისკენ, რაზედაც ხშირად აპელირებს ხელისუფლება, მაშინ სულ სხვა რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი ქმედებანი სამწუხაროდ არ არის თანმიმდევრული. ერთი მხრივ, იქმნება იმიჯი რომ ნეოლიბერალური რეფორმების გამტარებელი მთავრობის, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურად ხდება მთავრობის მხრიდან კანონგარეშე ჩარევა ბიზნესში. რასაც ნეობოლშევიზმის სუნი სდის. ასე, რომ დღეს საქართველოს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა. ეს არის სიმბიოზმი ნეოლიბერალიზმისა და ნეობოლშევიზმის. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება...